Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ურთიერთპატივისცემა, განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად


ერევანი
ერევანი
ერევანში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ქართულ-ოსური დიალოგი „თვალსაზრისი“. დასაწყისში შეხვედრის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი კონფლიქტოლოგის, გოგი ხუციშვილის, ხსოვნას - კაცისა, რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო ამ დიალოგის შექმნაში. ერევანში მე-15 შეხვედრა გაიმართა. ეს პროცესი 2008 წლის დეკემბრიდან დაიწყო და მის მიმართ სულ უფრო იზრდება საერთაშორისო ორგანიზაციების ინტერესი. დიალოგში მონაწილეობენ ქართული და ოსური სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. „ურთიერთპატივისცემა, განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად“ - ესაა დიალოგის მთავარი პრინციპი და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც ამ პრინციპს მუდამ იცავენ. ქართულ-ოსურ სამოქალაქო დიალოგს პირველად დაესწრო შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი. წინა ხელისუფლების მმართველობის დროს იგი “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი იყო. მისი აზრით, სამოქალაქო დიალოგის მონაწილეები უფრო გულწრფელები არიან, ეს კი ურთიერთგაგების კარგი წინაპირობაა.

დიალოგის მონაწილეებმა შეხვედრის პირველ დღეს გაცვალეს ინფორმაცია საქართველოსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ პოლიტიკურ-სოციალურ მდგომარეობაზე, რასაც დისკუსია მოჰყვა. ოსური საზოგადოების წარმომადგენლებს აინტერესებდათ საქართველოს ახალი ხელისუფლების ხედვა კონფლიქტების მოგვარების თაობაზე, მათი ქართველი კოლეგები კი სამხრეთ ოსეთში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებით, ადგილზე პოლიტიკურ-სოციალური ვითარებით, სამოქალაქო სექტორისა და მედიის მდგომარეობით დაინტერესდნენ. ერთ-ერთმა ცხინვალელმა მომხსენებელმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მედიაში სამოქალაქო აქტივისტებს ნაკლები წვდომა აქვთ. თვითონ სამოქალაქო საზოგადოებაც ძალიან სუსტია. ხელისუფლება კი სულ უფრო იკეტება.

ცხინვალელი პოლიტოლოგი დინა ალბოროვა ამბობს, რომ 5 წლის განმავლობაში დიალოგის პროცესი სულ უფრო ვითარდება:

ყოველ ჯერზე ვიგებთ რაღაც ახალს. ვიღებთ ინფორმაციას, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ქართველებისა და ოსების ურთიერთობის აღდგენას, ყოველგვარი გამრუდების გარეშე...
რობერტ გაგლოევი
“მონაწილეებს უკვე სურთ უფრო ღრმა ანალიზი და ძალიან კონკრეტული თემები, რომლებიც შესაძლოა იყოს მტკივნეული, მაგრამ ორივე მხარისთვის საინტერესო. ეს კი უკვე კარგი შედეგია, რადგან თუ ასეთი თემების განხილვის გზით წავალთ, შესაძლებელი იქნება გარკვეული დასკვნების გამოტანა”.

„კონფლიქტების და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის“ წარმომადგენლის შორენა ლორთქიფანიძის აზრით, დიალოგი უფრო თემატური უნდა გახდეს, მისი წინსვლა კი პირდაპირაა დამოკიდებული როგორც საქართველოში, ისე სამხრეთ ოსეთში დემოკრატიული პროცესების განვითარებასა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასთან.
ისტორიკოსი რობერტ გაგლოევი მიიჩნევს, რომ დიალოგი, პირველ რიგში, პირველწყაროებიდან ინფორმაციის გაცვლის კარგი საშუალებაა. გარდა ამისა, ხდება ურთიერთობის განახლება, რაც, საბოლოოდ, ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს:

”ყოველ ჯერზე ვიგებთ რაღაც ახალს. ვიღებთ ინფორმაციას, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ქართველებისა და ოსების ურთიერთობის აღდგენას, ყოველგვარი გამრუდების გარეშე. ამ პროცესში უდიდეს როლს საზოგადოება ასრულებს”.

საერთაშორისო ორგანიზაციებს დღემდე არ ეძლევათ ცხინვალში შესვლის საშუალება. შეხვედრაზე მყოფმა საქართველოში ამერიკის, ბრიტანეთისა და შვედეთის საელჩოების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მზადყოფნა დახმარება გაუწიონ ოსურ საზოგადოებას, თუ სამხრეთ ოსეთში გაჩნდება პოლიტიკური ნება იქ საერთაშორისო ორგანიზაციების დასაშვებად.
დიალოგის ორგანიზატორია ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორი სიუზან ალან ნანი. მისი აზრით, სამოქალაქო დიალოგი, მართალია, პატარა ნაბიჯებით, მაგრამ მაინც წინ მიიწევს:

”ამჯერადაც მხოლოდ ერთი პატარა ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ ეს ნაბიჯია. ამიტომ საჭიროა დაფასება და გაგრძელება”.

ერევანში ქართულ-ოსური სამოქალაქო დიალოგის - „თვალსაზრისის“ - გამართვა შესაძლებელი გახდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და „კონფლიქტების ტრანსფორმაციის ალიანსის“ პარტნიორობით.
XS
SM
MD
LG