Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული „ბუკის“ ტრაექტორია


საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ რაკეტა
საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ რაკეტა

საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც ყოველმხრივ ერიდება მოსკოვის გაღიზიანებას, ამ ფაქტის გახმაურება, ალბათ, დიდად არ სურდა, მაგრამ, როგორც იტყვიან, წილი ნაყარია, თანაც, პერსპექტივაში ეს ყველაფერი ქვეყანას უფრო წაადგება სწორედ რუსეთისგან თავის დასაცავად.

საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ რაკეტა, რომელიც საქართველომ თავის დროზე უკრაინისგან მიიღო რუსეთის სამხედრო აგრესიისაგან საჰაერო სივრცის დასაცავად, თბილისს საიდუმლო ვითარებაში გადაუცია ნიდერლანდისთვის, რათა ამით ხელი შეუწყოს ბოლო დროის ერთ-ერთი საზარელი საავიაციო კატასტროფის გამოძიებას, რომელიც სამი წლის წინ სწორედ მსგავსი რაკეტის მოხვედრის შემდეგ დატრიალდა უკრაინის ცაში.

2014 წლის 17 ივლისს უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოვარდა მალაიზიის კუთვნილი „ბოინგ 777“-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელზეც 280 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა, ავიაკატასტროფის მიზეზებად კი დასახელდა აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიიდან გაშვებული რაკეტის მოხვედრა, რაშიც უკრაინელი სამხედროები და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ავიაკატასტროფის ადგილი
ავიაკატასტროფის ადგილი

დამოუკიდებელმა საგამოძიებო ჯგუფმა, „ბელინგეკტმა“, კატასტროფიდან ზუსტად ორი წლის თავზე წარმოადგინა კომპლექსური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად, დიდი სიზუსტით მტკიცდებოდა, რომ „ბოინგი“ აღმოსავლეთ უკრაინაში განლაგებულმა რუსეთის საზენიტო-სარაკეტო დანადგარმა ჩამოაგდო.

ამ ვერსიას იზიარებს გაერთიანებული საგამოძიებო ჯგუფი (JIT), რომელშიც ავსტრალია, მალაიზია, ბელგია, ნიდერლანდები და უკრაინაა გაერთიანებული. ჰოლანდიური გამოცემა “RTL Nieuws” მიუთითებს, რომ საქართველომ, რომელიც შეერთებულია გაეროს 2166 რეზოლუციას, 2017 წლის დასაწყისში, კერძოდ, 21 თებერვალს, გადასცა „ბუკის“ რაკეტა ნიდერლანდის სამხედრო-დაზვერვის წარმომადგენლებს, რომლებმაც საიდუმლო ვითარებაში უზრუნველყვეს საქართველოს დედაქალაქიდან რაკეტის გადატანა ჰოლანდიის „ჰილზე რეიენის“ სამხედრო ბაზაზე.

თუმცა ქართული „ბუკის“ რაკეტის ტრაექტორია მხოლოდ ამით არ ამოიწურება. იმავე გამოცემის თანახმად, საქართველოს შეიარაღებაში არსებული რაკეტა თურმე სხვა მხრივაც ყოფილა საინტერესო. კერძოდ, ჰოლანდიელი სამხედროები სწავლობენ, თუ რამდენად წარმოადგენს საფრთხეს მსგავსი საზენიტო რაკეტა ახალი თაობის, F-35 ტიპის, გამანადგურებელი თვითმფრინავისათვის, რომელსაც ცნობილი ამერიკული ავიაკომპანია „ლოკჰიდ მარტინი“ აწარმოებს. ოფიციალური ინფორმაციით, ნიდერლანდების შეიარაღებაში 37 ერთეული ასეთი მრავალფუნქციური გამანადგურებელ-ბომბდამშენი თვითმფრინავია.

ასეთი კლასის სამხედრო თვითმფრინავზე ჯერჯერობით მხოლოდ ოცნება თუ შეუძლია საქართველოს, რომელსაც საკუთარი მოღიავებული ცის დასაცავად ახლა უკვე ერთით ნაკლები რაკეტა აქვს. სამაგიეროდ, ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს იმ ქვეყნების თვალში, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოების მთავარ გარანტად მიიჩნევიან.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG