Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეილა კასუმოვა - მსახიობი


22 აპრილი, კვირა
დღეს გენერალური რეპეტიცია გვაქვს. ხვალ პრემიერაა! ჩეხოვის „დათვი“ უნდა ვითამაშოთ. ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული თეატრისა და ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრის ერთობლივი სპექტაკლია. ჩვენი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი რეჟისორი გოჩა კაპანაძეა. ეს სპექტაკლი კი, ერთობლივი ძალებით დადგეს რეჟისორებმა თურგაი ველიზადემ და დიმიტრი სპორიშევმა.

პრემიერა მარჯანიშვილის თეატრის მცირე დარბაზში გვექნება, რადგან ჩვენი თეატრის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და იქ მხოლოდ რეპეტიციების ჩატარებას თუ ვახერხებთ. დღეს რეპეტიცია სწორედ ჩვენს თეატრში გვაქვს და საღამოს იქ უნდა ვიყო.

ჩვენი თეატრი აბანოთუბანშია, თბილისის ძალიან ლამაზსა და ჩვენთვის საყვარელ უბანში. მაგრამ შენობა ისეთ დღეშია, რომ სარეპეტიციოდ მისულებსაც კი გვიჭირს შესვლა. მთელ უბანში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს და კიბეც კი მონგრეულია.

შენობას ზემოდან მოვუარე და უკანა შესასვლელიდან შევედი. გოჩა უკვე იქ იყო, მსახიობებიც იკრიბებოდნენ. პრემიერისწინა დღე ყოველთვის მძიმე და დატვირთულია. რეპეტიციას დღეს სამხატვრო ხელმძღვანელიც ესწრება. უამრავი შენიშვნა ჰქონდა ჩვენთანაც და რეჟისორებთანაც. ცოტა დავიძაბეთ კიდეც...

მე ელენა პოპოვას როლს ვასრულებ. მთავარი როლია და თითქმის მთელი სპექტაკლის განმავლობაში სცენაზე ვარ. მთელი საღამო ვმუშაობდით! მძიმე იყო, მაგრამ ბოლოს ყველა კმაყოფილი დარჩა. რეპეტიცია გვიანობამდე გაგრძელდა. მერეც დავრჩით და ათას რამეზე ვიმსჯელეთ.

სახლში რომ დავბრუნდი, არაფრის თავი აღარ მქონდა. ერთი კოსტიუმი წამოვიღე, რაღაცის გადაკეთება მინდოდა ჩემი ხელით. კინაღამ ჩამეძინა ასე, ნემსით ხელში... მერე გამახსენდა, რომ გარეცხვაც მინდოდა... მოკლედ, კაბა გავრეცხე, გასაშრობად გავფინე და ძლივს მივაღწიე საწოლამდე.
თავისუფლების დღიურები - ლეილა კასუმოვა
please wait

No media source currently available

0:00 0:09:37 0:00

23 აპრილი, ორშაბათი
დილის 9 საათია და უკვე თეატრში ვარ.

გუშინ რომ კაბა გავრეცხე, ჯერ კიდევ ნამიანია და გაუთოება ვერ მოვასწარი. თეატრში თითქმის არავინ არის, მაგრამ მე ყოველთვის ასე ადრე მოვდივარ. უკვე ჩვევად მექცა - პრემიერის დღეს, დილიდან, თვითონ უნდა გადავამოწმო რეკვიზიტი. მით უმეტეს დღეს: ეს ყველაფერი ხომ მარჯანიშვილის თეატრში იქნება წასაღები! ჩემი ხელით ვალაგებ ყუთში ყველაფერს, რაც დამჭირდება: სათვალეს, სარკეს, მძივებს, ბეჭდებს, ჭიქას და რა ვიცი, რას აღარ! ათას წვრილმანს...

ამასობაში მსახიობებიც შეიკრიბნენ. მე კი უკვე გავრბივარ, რადგან სალონში უნდა მივიდე და ვარცხნილობა გავიკეთო. ვარცხნილობა მე მოვიფიქრე, თუმცა გოჩას რჩევაც გავითვალისწინე, რა თქმა უნდა.

სარკეში ვიხედები - მომწონს. „დიდი მადლობა!“ - ვამბობ და მარჯანიშვილის თეატრში გავრბივარ.

გოჩა კაპანაძემ ვარცხნილობა შემიქო.

იწყება „პრაგონი“, ანუ გენერალური რეპეტიცია. წესით, კოსტიუმი უკვე უნდა მცმოდა, მაგრამ ის ჩემი კაბა, რომელიც, როგორც იქნა, გაშრა, ახლა გასაუთოებელია და ვერ ვიცვამ. მე სცენაზე გავრბივარ, ქალბატონი ლალი კი მეუბნება, რომ სანამ რეპეტიციას გავივლი, კაბას ის გამიუთოებს. რა ბედნიერებაა, რომ არსებობს ქალბატონი ლალი! და, საერთოდ, მარჯანიშვილის თეა+ტრის თანამშრომლები ძალიან გვეხმარებიან. არაჩვეულებრივი ხალხია! ორშაბათობით თეატრი ისვენებს, მაგრამ ისინი მაინც მოვიდნენ ჩვენს გამო და ყველაფერში ხელს გვიწყობენ.

„პრაგონი“ დამთავრდა. სპექტაკლამდე ძალიან ცოტა დრო რჩება. წარმოდგენა 5 საათზე დავნიშნეთ, რადგან პრემიერაზე ველით მაყურებელს ბოლნისიდან, მარნეულიდან და სხვა რეგიონებიდან - მათ შინ დაბრუნება უნდა მოასწრონ.
ვემზადები: კოსტიუმი, გრიმი... და სცენაზე გავდივარ.

პრემიერას არაფერი შეედრება! ყველა სპექტაკლი ბედნიერებაა, მაგრამ პრემიერა მაინც სულ სხვაა. ვდგავართ სცენაზე და ტაშს გვიკრავენ! ტაში დიდხანს გაგრძელდა. ეს, რა თქმა უნდა, უკვე თავისთავად არის სპექტაკლის შეფასება, მაგრამ ჩვენ, მსახიობები, მაშინ უფრო ვაფასებთ მაყურებლის რეაქციას, როცა ტაშის დროს დარბაზში ვიყურებით და მაყურებლის თვალებს ვაკვირდებით. ყველაფერს ეს თვალები ამბობენ, თორემ ტაში შეიძლება ისედაც არ დაგამადლონ, ზრდილობისთვის...

სპექტაკლის მერე ჟურნალისტები გველოდებოდნენ. ინტერვიუები, საუბრები - მსახიობებს უყვართ მედია. მერე ცოტა ხნით შევიკრიბეთ, სპექტაკლი შევაფასეთ და ბოლოს, როგორც პრემიერის წესია, ყველამ ერთად აღვნიშნეთ დღევანდელი დღე.

24 აპრილი, სამშაბათი
არაჩვეულებრივ გუნებაზე გამეღვიძა. ფიქრით ისევ სცენაზე ვარ და ტაშის ხმა ჩამესმის.

მიყვარს პრემიერის მეორე დღე. მოლოცვებს ძირითადად მეორე დღეს იღებ. დღესაც ასეა.

დედასთან და ძმასთან ერთად ვსაუზმობ. ისევ თეატრზე ვლაპარაკობთ. მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ. მყავს დედა, და, და ორი ძმა. მამა ნაადრევად გარდამეცვალა და ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილია. ძალიან მიყვარდა და დღემდე მაკლია. მამაჩემს ყოველთვის უნდოდა, რომ აქტიურად მეცხოვრა და სასახელო ვყოფილიყავი ჩემი ერისა და ქვეყნისათვის, სადაც დავიბადე და გავიზარდე.

ახლა ერთად სამნი ვცხოვრობთ - მე, დედა და უმცროსი ძმა. ჩემი და სტამბოლშია გათხოვილი. უფროსი ძმა კი, თავის ოჯახთან ერთად, თბილისში ცხოვრობს.

ადამიანის სიყვარული ოჯახმა მასწავლა. ჩემთვის მთავარი ბედნიერება ადამიანებთან ურთიერთობაა და ეს ჩემს პროფესიაშიც ძალიან მეხმარება. რა არის მსახიობის ცხოვრება, თუ არა ადამიანებთან ურთიერთობა - სცენიდან თუ უსცენოდ?

დღეს მეორე სამსახურშიც მისასვლელი ვარ. თურქულ სამშენებლო კომპანიაში ვმუშაობ მენეჯერად. დღის პირველ ნახევარში იქ ვიყავი და მერე თეატრში წავედი.

გასტროლებთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხი გვქონდა გადასაწყვეტი. ახალი სპექტაკლი რეგიონებში უნდა გავიტანოთ და ამაზე ვილაპარაკეთ. ყველაფერი დავგეგმეთ.

25 აპრილი, ოთხშაბათი
დღეს მეორე სამსახურის დღეა და ხვალაც ასეთი განრიგი მელის. შეხვედრები მაქვს. თბილისში მიმდინარეობს საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმი, რომელსაც თურქეთის საელჩოს თანამშრომლებთან ერთად ვუძღვები. შევკრიბეთ ქართველი და თურქი ბიზნესმენები. დღეს მოლაპარაკებები გვაქვს სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“.

საღამოს მაინც შევიარე თეატრში. ისევ გასტროლებზე ვილაპარაკეთ.
ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანულ დრამატულ თეატრში მაშინ მივედი, როცა სამხატვრო ხელმძღვანელად გოჩა კაპანაძე დანიშნეს. ყველაფერს, რაც ჩემს სამსახიობო კარიერას უკავშირდება, სწორედ გოჩას ვუმადლი.

უკვე ცხრა წელია, თეატრში ვარ. უამრავი როლი მაქვს შესრულებული, მაგრამ თავისი სირთულით ყველაზე მეტად ქემალ აბდულას „ერთი, ორი, სამი...“ დამამახსოვრდა. რა თქმა უნდა, იმითაც, რომ ჩემი პირველი სპექტაკლი იყო. სულით ავადმყოფი ქალის როლი შევასრულე.

მსახიობის პროფესია ძალიან დიდ შრომასა და მოთმინებას მოითხოვს. ხშირად ისეთ პერსონაჟს თამაშობ, რომელიც, შეიძლება, სულაც არ იყოს შენთვის ახლობელი. მაგრამ როლი უნდა მოირგო, გაითავისო და მაყურებელს სწორად გადასცე შენი პერსონაჟის შინაგანი ბუნება. მსახიობობაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი, მაგრამ რამდენად რთული იყო ეს პროფესია, ვერ წარმომედგინა!

26 აპრილი, ხუთშაბათი
დილა ისევ ბიზნესფორუმით დაიწყო. დღეს მთელი დღე ამ ამბავს უნდა მოვანდომო.

ძალიან შედეგიანი დღე გამოდგა: უამრავი შეხვედრა, განხილვა, განსჯა, საქმიანი სადილები. ბევრმა თურქმა ბიზნესმენმა უკვე შეარჩია პარტნიორი საქართველოში. მოლაპარაკებებმა შედეგიანად ჩაიარა. ძალიან გახარებული ვარ, კარგი საქმე გამოვიდა!

მოკლედ, მთელი დღე ამ ამბავმა დაიკავა და თეატრში შერბენა ვეღარ მოვახერხე.

27 აპრილი, პარასკევი
დღეს ყველაფერი უნდა მოვასწრო...

ბიზნესფორუმი გრძელდება, თეატრშიც აუცილებლად უნდა მივიდე და სხვა საქმეც მაქვს: თურქეთის საელჩო დამიკავშირდა და თარჯიმნობა მთხოვა. ეს ხშირად ხდება ხოლმე, ასე რომ, თარჯიმნობა ჩემს კიდევ ერთ მუდმივ საქმიანობად იქცა. ვთარგმნი თურქულიდან ქართულად და პირიქით. ესეც საინტერესო საქმეა და თან ძალიან რთული. ხან ზეპირად თარგმნა მიწევს, ხანაც დოკუმენტებს ვთარგმნი. პასუხისმგებლობა დიდია და ეს საქმე დიდ ყურადღებას მოითხოვს. დღეს ნახევარი დღე ამან წაიღო, მერე კი თეატრში წავედი.

ცოტა გულდაწყვეტილები ვართ. მხოლოდ ერთი პრემიერა არასოდეს გვითამაშია. ყოველთვის რამდენიმე დღე გრძელდება ხოლმე საპრემიერო წარმოდგენები. თუ სხვა თეატრში დავდგამდით, მერე წარმოდგენებს ჩვენს თეატრში ვაგრძელებდით. მაგრამ ახლა, ჩვენი შენობის მდგომარეობის გამო, ეს ვერ მოხერხდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ახალი სპექტაკლი საგასტროლოდ წავიღოთ. ჯერ კვირის განმავლობაში ვგეგმავდით გასტროლებს, მერე - შაბათ-კვირას, მაგრამ ესეც ვერ მოხერხდა და ახლა, ალბათ, მომავალ კვირაში მოგვიწევს გასვლა.

მე ჩვენი თეატრის დასის მმართველიც ვარ. რთული საქმეა. მსახიობები ძალიან სათუთი და, ზოგჯერ, ჭირვეული ბუნების ხალხია და დასის მმართველმა უნდა იზრუნოს, რომ კოლექტივში კონფლიქტი და დაძაბულობა არ წარმოიშვას; და პირიქით, ურთიერთპატივისცემა და კეთილგანწყობა სუფევდეს. რა ვიცი, ვცდილობ...

28 აპრილი, შაბათი
დედა საუზმეს მიმზადებს. ყოველთვის ასეა: თუ დედამ საუზმე ვერ მომიმზადა, სახლიდან მშიერი გავდივარ.

ხალისიანი დილა გვქონდა. ჩემი და და დისშვილები ჩამოვიდნენ სტამბოლიდან და მხიარულად ვართ.

საუზმეზე რადიო თავისუფლების დღიურებზე ვლაპარაკობთ. დედას უხარია, რომ ამ პროექტში მონაწილეობა შემომთავაზეს. ჩემი დაც ძალიან დაინტერესდა.

მერე თეატრში მივდივარ. ახალ სპექტაკლს ვგეგმავთ. როლების განაწილება გვქონდა. თან პრემიერის ფოტოები შევკრიბეთ, რომ ჟურნალისტებს გადავცეთ. შესაკრები იმიტომ იყო, რომ ყველას თავისი ფოტოგრაფი ჰყავდა მოყვანილი და საუკეთესოები უნდა შეგვერჩია. მოკლედ, ფოტოებს ვარჩევდით. მე კი გონებით უკვე სხვაგან ვიყავი - რადიო თავისუფლების დღიურებზე ვფიქრობდი.
XS
SM
MD
LG