Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”კაზანტიპი” და საქართველოს ტურიზმის გამოწვევები


ანაკლია
ანაკლია

20-დან 30 აგვისტოს ჩათვლით შავი ზღვის სანაპიროზე, ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი - ”კაზანტიპი” - გაიმართება, რაც ამ რეგიონში ტურისტული ნაკადის საგრძნობ ზრდას გამოიწვევს. ”კაზანტიპის” ყირიმიდან კურორტ ანაკლიაში გადმოტანას დიდი ძალისხმევა შეალია გიორგი სიგუამ, რომელიც ორიოდე დღის წინ გაათავისუფლეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან. რა მოვლენები უძღოდა წინ სიგუას განთავისუფლებას?

ელექტრონული მუსიკის ფესტივალის - ”კაზანტიპის” - მსვლელობისას ანაკლიაში 20-დან 40 ათასამდე სტუმარს ელოდებიან. საშუალო სტატისტიკური მონაცემებით, ფესტივალის ერთი მონაწილე 3 ათას აშშ დოლარს ხარჯავს, ეს კი კარგი მოგების მიღების საშუალებას აძლევს ანაკლიის მოსახლეობას, რომელიც დაახლოებით 2 500 კაცს ითვლის. თუმცა შემოსავლის ამ წყაროს საფრთხეს უქმნის ”კაზანტიპის” ფესტივალის შესახებ საქართველოს საზოგადოების ნაწილში გავრცელებული აზრი, რომლის მიხედვითაც, ფესტივალის მონაწილეთა ქცევის თავისუფალი წესები გარყვნილებასთანაა გაიგივებული. ფესტივალის ჩატარების წინააღმდეგ 26 ივლისს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა. მისმა ერთ-ერთმა აქტივისტმა, მწერალმა ვაჟა ოთარაშვილმა ანაკლიაში დაგეგმილი ღონისძიება ქრისტიანულ ცოდვას შეადარა:

”ღიად უნდა ითქვას, რომ ეს არის სოდომ-გომორის ცოდვა და ამ ფესტივალის ჩატარება მარიამობის მარხვის დროს ქვეყნისთვისაც, ერისთვისაც და მათთვისაც დამღუპველია”.

ამგვარ ვითარებაშიც კი ,,რეალობის ანტირეალობა - კაზანტიპი” მკვეთრად განსხვავებული მოვლენაა, რადგან გარყვნილების ასეთი მასშტაბური ფორმა არასდროს მოუფიქრებიათ...
საქართველოს საპატრიარქო

”კაზანტიპის” ფესტივალის მოწინააღმდეგეთა არგუმენტები ძირითადად საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას ეფუძნება, რომელიც გამოთქმულია მის მიერ 25 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში. ფრაგმენტი ამ განცხადებიდან:

”არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ცოდვა ყველა დროში არსებობდა, მაგრამ დღეს მისი არათუ ლეგალიზება, შეიძლება ითქვას, იძულებითი დანერგვა ხდება როგორც სარწმუნოების, ისე ზნეობისა და ეროვნული ფასეულობის დამცირების ფონზე. ამგვარ ვითარებაშიც კი ,,რეალობის ანტირეალობა - კაზანტიპი” მკვეთრად განსხვავებული მოვლენაა, რადგან გარყვნილების ასეთი მასშტაბური ფორმა არასდროს მოუფიქრებიათ. ასეთი უზნეობა ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი სარწმუნოების ადამიანისათვის.

ჩვენი აზრით, ჩვენს საზოგადოებას ხმა არ მიუცია საქართველოს სახელმწიფოს ამ მიმართულებით განვითარებისათვის. საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა და იგი არ შეიძლება გახდეს აღვირახსნილობის ხელშემწყობი”.

საპატრიარქო აფრთხილებს ყველას, რომ ”ამ ფესტივალში ნებისმიერი სახით მონაწილეობა და მისი მხარდაჭერა უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება”.

ანაკლია
ანაკლია

ამგვარ პოზიციას არ ეთანხმება ანაკლიის მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელმაც 26 ივლისს საპროტესტო აქცია მოაწყო და ”კაზანტიპის” ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციების დაცვას შეეცადა. რამდენიმე ფრაგმენტი ინტერნეტის სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეომასალიდან:

”ყველას აღებული გვაქვს სესხები. ვაკეთებთ რაღაცას, ორი კაპიკი რომ შემოგვივიდეს, ეკონომიკურად რომ ცოტა გავძლიერდეთ”.

„სამუშაო არ არის. აი, ამით იცხოვრებს ერთი წელი ეს ხალხი. ხალხს ამდენი ფული აქვს გამოტანილი. სად იყო ეს სარწმუნოება მაშინ, რომ ვკიოდით და ვწიოდით?“

„აქ არავითარ გარყვნილებს მე არ ვხედავ. უკვე ორმოცდაათია შემოსული და ყველა არის ჩვენზე უკეთესი და განათლებული“.

ამ და სხვა მოქალაქეების აზრის ჩამოსაყალიბებლად როგორც ”კაზანტიპის” ორგანიზატორებმა, ასევე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ ძალა და მონდომება არ დაიშურეს. ანაკლიის მოსახლეობასთან გიორგი სიგუას ერთ-ერთი შეხვედრა ინტერნეტგამოცემა ”ლაივპრესმა” გადაიღო:

გიორგი სიგუა
გიორგი სიგუა

გიორგი სიგუა: „როდესაც ვინტერესდები, კონკრეტულად რაზეა საუბარი, მე ვერ ვღებულობ კონკრეტულ პასუხს. აი, თქვენ, კონკრეტულად რას გულისხმობთ? თავისი სახელი დაარქვით ყველაფერს და ისე მესაუბრეთ”.

მოქალაქე: „სექსი პლაჟზე. უკაცრავად, ბოდიშსს ვიხდი საზოგადოებასთან. ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ეს არის სექსი პლაჟზე, ორგია“.

გიორგი სიგუა: „სექსი პლაჟზე რაღაც სასწაული გგონია? შენ გქონია სექსი პლაჟზე?“

თუ მე მექნება არჩევანი „კაზანტიპსა“ და თანამდებობას შორის, მე ავირჩევ „კაზანტიპს“...
გიორგი სიგუა

ამ გამონათქვამების გამო პარლამენტში გამოსვლისას ბოდიში მოიხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. სწორედ მისი სამინისტროს დაქვემდებარებაში იმყოფება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. რამდენიმე დღის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ 4 აგვისტოდან გიორგი სიგუას თანამდებობიდან განთავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. თავად სიგუა თავდაპირველად უარყოფდა გავრცელებულ ინფორმაციას, მაგრამ მოგვიანებით ჟურნალისტებისთვის გაკეთებულ კომენტარში ასეთი რამ განაცხადა:

”თუ მე მექნება არჩევანი „კაზანტიპსა“ და თანამდებობას შორის, მე ავირჩევ „კაზანტიპს“. მე აქამდე მეგონა, რომ ჩვენს ქვეყანაში სექსი იყო და თუ არ არის და თუ შევცდი, კი ბატონო...”

თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გიორგი სიგუას „კაზანტიპის“ პრეზიდენტი ფესტივალის ვიცე-პრეზიდენტობასა და 100 ათასევროიან ხელფას ჰპირდება.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ორგანიზების გარდა, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა გიორგი სიგუამ ტურიზმის სტრატეგიის ცვლილებით გაითქვა სახელი. ამ სტრატეგიის მიხედვით, საქართველომ უარი თქვა აგრესიულ რეკლამაზე და ყურადღება ტრადიციულ ბაზრებზე შეაჩერა. შედეგად, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტთა ნაკადმა მხოლოდ 2 პროცენტით მოიმატა. გასულ წლებში კი საქართველოში სტუმრობის მსურველთა რაოდენობა 10 პროცენტზე მაღალი ზრდის მაჩვენებლებით გამოირჩეოდა.

XS
SM
MD
LG