Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსწავლეები „მოსწავლის საშვის“ მოლოდინში


ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვარი და მოსწავლეები „საშვების“ მოლოდინში
please wait

No media source currently available

0:00 0:03:03 0:00
გადმოწერა
სოფელ ხურჩაში მცხოვრებ ბავშვებს მოსაზღვრე სოფლის, ოკუპირებული ნაბაკევის სკოლაში წასვლის უფლებას რუსეთის სამხედროები არ აძლევენ. ისინი მოზარდებისგან სოხუმის მიერ დამტკიცებულ „მოსწავლის საშვს“ ითხოვენ, რომელიც დე ფაქტო მთავრობას ჯერ არ გაუცია.

ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ სკოლის მოსწავლეებს ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების პრობლემა ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან შეექმნათ და, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გაძლიერებული კონტროლის გამო, საზღვარზე გადასვლას ვეღარც ნაცადი ხერხებით - შემოვლითი გზით - ახერხებენ.

„ბავაშვები ჩუმად მიდიოდნენ სკოლაში რამდენიმე დღის წინ, დაინახეს რუსებმა და როგორც ყაჩაღებს, ისე გამოეკიდნენ. ნუ გეშინიათო, არაფერს დაგიშავებთ, მაგრამ მარტო რატომ დადიხართ, მშობლები რატომ არ მოგყვებათო. უფროსკლასელი ბავშვებიც არიან, რუსული რომ ესმით, ისეთი, და უთქვამთ, ჩვენს მშობლებს საბუთები არა აქვთო. აწი რომ გნახავთ, დაგიჭერთ და სანამ მშობლები არ მოვლენ, არ გაგიშვებთო, მშობლებს ჯარიმასაც გადავახდევინებთო. მას შემდეგ ერთი კვირაა, არ წასულან. რა ვიცი, საბუთებს აკეთებენო და ველოდებით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თეონა ნარმანიამ, რომლის შვილებიც ნაბაკევის სკოლაში მეოთხე კლასში სწავლობენ.

რუსეთის სამხედროების ბლოკ-პოსტი ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვარზე
რუსეთის სამხედროების ბლოკ-პოსტი ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვარზე
„მოსწავლეთა საშვის“ მოლოდინშია მანანა ბასარიაც. მისი შვილები ცხრა წელია სასწავლებლად ნაბაკევში დადიან და სხვა სკოლაში გადასვლის სურვილი არ აქვთ.

„ახალი სია უნდა შექმნან ბავშვების, რუსულ ენაზე, რომელიც შემდეგ გალის უშიშროების სამსახურმა უნდა დაამტკიცოს. ეს რო ექნებათ, მერე ალბათ გაუშვებენ. რა ვიცი...“ - ამბობს მანანა ბასარია.

ხურჩას, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის უბანია, ოკუპირებული ნაბაკევისგან ღელე - ხურჩია - აშორებს. მოსწავლეები იმისათვის, რომ ერთ კილომეტრში მდებარე სოფელ ნაბაკევის სკოლაში მისულიყვნენ, ხშირად ადიდებული ღელის გადალახვასაც არ ერიდებოდნენ.

არსებული სირთულეების გამო ჩვიდმეტმა მოსწავლემ ნაბაკევის სკოლა დატოვა და სასწავლებლად სოფელ კოკში, დასახლებიდან ხუთ კილომეტრში მდებარე სკოლაში გადავიდა. ის ბავშვები, ვისაც სხვა სკოლაში გადასვლის სურვილი არ აქვს, - და ასეთი თერთმეტია, - ახალი საშვების შემოღებას შინ ელოდებიან.

ხურჩის მკვიდრი, ნაბაკევის სკოლის მასწავლებელი, რომელსაც სამსახურში წასასვლელად ყოველდღიურად ადმინისტრაციული საზღვრის გადალახვა უწევს, გვეუბნება, რომ სკოლაში ამჯერად სწავლა ქართულ ენაზეა, თუმცა, გალის სკოლების მსგავსად, იქაც განათლების მიღება რუსულ ენაზე იგეგმება. შუახნის მამაკაცი, რომელიც, უსაფრთხოების მიზნით, ჩაწერასა და საკუთარი ვინაობის დასახელებაზე უარს ამბობს, ასევე განმარტავს, რომ, სკოლების მსგავსად, სიახლე შეეხო ოკუპირებულ რეგიონში განთავსებულ საბავშვო ბაღებსაც, კონკრეტულად კი, იმ აღსაზრდელებს, რომლებსაც მოწმობაში დაბადების ადგილად საქართველო აქვთ მითითებული, მოუწევთ საბუთების განახლება, სადაც დაბადების ადგილად ოკუპირებული რეგიონი იქნება ჩაწერილი.
ჩვენ, გარდა საერთაშორისო თანამეგობრობისა, სხვა მექანიზმები არ გაგვაჩნია. საგარეო საქმეთა სამინისტროა ამ საკითხებით დაკავებული. 22-ში ევროპელები - საგარეო საქმეთა მინისტრები - ჩამოდიან და იქაც მოხდება ამ საკითხების განხილვა...
გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის წევრის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის ცნობით, ადმინისტრაციულ საზღვარზე მოსწავლეთათვის შექმნილი შეზღუდვების შესახებ საუბარს თბილისი ჟენევის მოლაპარაკებებზე აპირებს:

„აუცილებლად განვიხილავთ ამ საკითხს ჟენევის მოლაპარაკებაზე, რომელიც 5 ნოემბერს არის ჩანიშნული. ჩვენ, გარდა საერთაშორისო თანამეგობრობისა, სხვა მექანიზმები არ გაგვაჩნია. საგარეო საქმეთა სამინისტროა ამ საკითხებით დაკავებული. 22-ში ევროპელები - საგარეო საქმეთა მინისტრები - ჩამოდიან და იქაც მოხდება ამ საკითხების განხილვა“.

დეპუტატმა დაადასტურა ინფორმაცია ოკუპირებული რეგიონის საბავშვო ბაღებში ახალი დაბადების მოწმობის შემოღების შესახებ:

„დიახ, ჩვენც გვაქვს ასეთი ინფორმაცია. ნუ, საოკუპაციო რეჟიმია, ეს ის ხომ არ არის, ჩვენ რამე ჩვენი ადმინისტრაციული რესურსი გაგვაჩნდეს იქ, რომ რაიმე ზემოქმედება მოვახდინოთ“.

გიორგი ვოლკის განცხადებით, საერთაშორისო დონის შეხვედრებზე ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების პრობლემასთან ერთად ინტენსიურად განიხილება საბავშვო ბაღების საკითხი და, ზოგადად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული მდგომარეობა.

სექტემბრიდან მოსწავლეთა გადაადგილება აიკრძალა ფახულანი-საბერიოს ე.წ. საზღვარზეც.

ოკუპირებულ საბერიოში მცხოვრებ 40-მდე მოსწავლეს რუსეთის სამხედროებმა აქაც მოსწავლის საშვი მოსთხოვეს. ქართულ სკოლებში სწავლის მსურველებს და მათ მშობლებს განუცხადეს, რომ განათლების მიღება აფხაზეთშიც არის შესაძლებელი და ამ მიზნით ე.წ. საზღვრის გადაკვეთა საჭირო არ არის.
XS
SM
MD
LG