Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოტე და სოსო წერეთლების სახლ-მუზეუმში


ცნობილი ქართველი ენათმეცნიერისა და არამეული დიალექტოლოგიის ფუძემდებლის, კოტე წერეთლისა და მისი ვაჟის, მხატვარ სოსო წერეთლის, ერთ-ერთი „თვითმფრინავის ბიჭის“ მემორიალურ ბინა-მუზეუმში თბილისის მუზეუმების გაერთიანება მალე სარემონტო სამუშაოებს დაიწყებს. დაგეგმილია მოეწყოს სამეცნიერო რეზიდენცია, რომელიც აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულებით საქართველოში პირველი სამეცნიერო რეზიდენცია იქნება, მუზეუმის ერთი ნაწილი კი სოსო წერეთლის ნახატების გალერეას დაეთმობა.

„დასამუშავებელია როგორც კოტე წერეთლის მიერ დატოვებული სამეცნიერო მემკვიდრეობა, ასევე, შესასწავლი და ეპოქის კონტექსტშია გასააზრებელი სოსო წერეთლის მხატვრობა. სევდიანია, რომ სოსო წერეთელს იცნობენ როგორც მხოლოდ „თვითმფრინავის ბიჭების საქმის“ მონაწილეს და არა როგორც გამორჩეული შემოქმედების მქონე მხატვარს“, - გვითხრა თბილისის მუზეუმების გაერთიანების დირექტორმა, ნინი სანადირაძემ.

სოსო წერეთელი იმ შვიდ ახალგაზრდას შორის იყო, ვინც 1983 წლის 18 ნოემბერს საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავით თურქეთში გაქცევას შეეცადა. თვითმფრინავის გატაცების მცდელობისთვის საბჭოთა ხელისუფლებამ ყველანი სასტიკად დასაჯა. სოსო წერეთელი ყელში დაიჭრა და მოგვიანებით სისხლისგან დაიცალა. ამბობდნენ, რომ მასთან ექიმიც კი არ მიუშვეს. მისი საფლავის ადგილმდებარეობა დიდხანს არ იყო ცნობილი. გია ტაბიძე თვითმფრინავშივე გარდაიცვალა. დათო მიქაბერიძემ თბილისის აეროპორტში მოიკლა თავი. ძმები ივერიელები, გეგა კობახიძე და მამა თეოდორე (რომელიც თვითმფრინავში არც იმყოფებოდა), სიკვდილით დასაჯეს. თინა ფეტვიაშვილს 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. იმ დღეს აეროპორტში 7 ადამიანი დაიღუპა.

1 მარტს სოსო წერეთლის დაბადების დღეა.

სოსო წერეთლის სამუშაო ოთახი. იქ ყველაფერი თითქმის ისეა, როგორც მისი ყოფნის ბოლო დღეს - მისი მოლბერტი, ფუნჯები, საღებავები, ხელჯოხი და მოხატული კედელიც.

სოსო წერეთლის ნივთები, ჩანახატები, ჩანაწერები.

ეს კი სოსო წერეთლის წიგნების კარადაა, მის მიერვე მოხატული.

წერეთლების მემორიალური მუზეუმის მისაღები ოთახი. სოსო წერეთლის ხელჯოხი, ოჯახის კუთვნილი სარკე, სოსოს სადიპლომო ნამუშევარი, რომელიც ლექტორებმა დაუწუნეს.

ეს ნახატი კი სადიპლომოს დაწუნების შემდეგ ლექტორების საპასუხოდ დაიხატა.

გეგა კობახიძის პორტრეტი.

კოტე წერეთლის კუთვნილი მე-19 საუკუნის თარო და ამავე პერიოდის ენციკლოპედიის ტომეული. მის სამუშაო კაბინეტში კოტე წერეთლის ავტორობით გამოცემული არაერთი წიგნი, უნიკალური ნაშრომი და ბიბლიოთეკაა დაცული.

ეს წერეთლების ოჯახის კუთვნილი პარიზიდან ჩამოტანილი ჭაღია, რომელიც დღესაც კიდია მათ სასტუმრო ოთახში

წერეთლების ოჯახის კუთვნილი მე-19 საუკუნის ბუფეტი.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

  • 16x9 Image

    მზია საგანელიძე

    მზია საგანელიძე არის რადიო თავისუფლების ფოტორეპორტიორი 2012 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG