Accessibility links

სოფლის განვითარების ადვოკატირების პროცესში აქტიურად მონაწილეობის 27 და 28 ნოემბერს ქუთაისში იმერეთის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების, ასოციაციებისა და თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული კომპანიების წარმომადგენლებისთვის შეხვედრები გაიმართა. მათი მიზანი იყო სოფლის განვითარების ადვოკატირების პროცესის ხელშეწყობა და სამოქალაქო აქტივობის გაზრდა. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ადგილობრივი განვითარებისთვის სოფლის განვითარების ეროვნული პოლიტიკისა და მისი მნიშვნელობის, ასევე ევროკავშირის მიდგომებისა და ევროპული პრაქტიკის საქართველოში დანერგვის შესახებ. რეგიონალური განვითარების ექსპერტ გიორგი წაქაძის განმარტებით, საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგია სამთავრობო დოკუმენტია, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს სამოქმედო გეგმას. შარშან შემუშავებული იყო 2017 წელს განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა, ამჟამად კი მიმდინარეობს სამწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების შექმნისა და მათი ფუნქციონირების შესახებ:

„ადგილობრივი განვითარების სტრატეგიას ქმნიან ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები, რომლებიც იქმნება აქტიური მოქალაქეებისგან. ისინი იკრიბებიან და ყალიბდებიან სტრუქტურაზე, გარკვეულ ორგანიზაციულ ფორმას იღებენ და ამის შემდეგ შეიმუშავენებ სტრატეგიას. ეს სტრატეგია არის ადგილობრივი საჭიროებებიდან გამომდინარე და ხდება პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და დროში გაწერა“.

პროექტში, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული, გაცილებით უკეთესი შედეგის მომტანია საბოლოოდ, რადგან პასუხისმგებლობა მის სწორად და კარგად განხორციელებაზე და შემდგომ განვითარებაზე ეკისრებათ თავად ადგილობრივებს...
მარიკა ვაჭარაძე

გიორგი წაქაძის ინფორმაციით, საქართველოს სამ მუნიციპალიტეტში - ყაზბეგში, ლაგოდეხსა და ბორჯომში - გასულ წელს შეიქმნა ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები, სათემო ორგანიზაციები, რომლებმაც უკვე შეიმუშაევს სოფლების განვითარების სტრატეგიები და მათი განხორციელების ეტაპზე გადავიდნენ. საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში კი - ახალქალაში, თეთრიწყაროში, დედოფლისწყაროში, ხულოსა და ქედაში - ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები მუშაობენ სტრატეგიაზე სოფლების განვითარებისთვის. გიორგი წაქაძეს იმედი აქვს, რომ მომავალი წლიდან საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მიეცემა საშუალება შექმნას სათემო გაერთიანება, შეიმუშაოს თავისი სოფლის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და ის სხვადასხვა სტრუქტურასთან თანამშრომლობით განახორციელოს. სამოქალაქო აქტივისტ მარიკა ვაჭარაძის განცხადებით, სოფლის განვითარება, სოფლის მეურნეობის განვითარებასთან ერთად, მოიცავს სხვადასხვა სერვისზე ხელმისაწვდომობას, კულტურული და ტურისტული ობიექტების კეთილმოწყობას, გადამამუშავებელი და სამაცივრე მეურნეობების შექმნას, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და იმ სხვა კომპონენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ეკონომიკურ განვითარებას. მარიკა ვაჭარაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია სოფლად მცხოვრებთა ინფორმირება სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი განხორციელებისთვის მოქალაქეთა შესაძლებლობის შესახებ:

„პროექტში, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული, გაცილებით უკეთესი შედეგის მომტანია საბოლოოდ, რადგან პასუხისმგებლობა მის სწორად და კარგად განხორციელებაზე და შემდგომ განვითარებაზე ეკისრებათ თავად ადგილობრივებს. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მივიღოთ სოფლის განვითარების კარგი შედეგი“.

საჭიროა კვალიფიციური კადრი და პრობლემაზე ურთიერთთანამშრომლობა როგორც სახელმწიფო, ასევე არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან.
რუსუდან კოვზირიძე

თერჯოლის მუნიციპალიტეტის „მოსწავლე -ახალგაზრდობის ცენტრის“ ხელმძღვანელის, რუსუდან კოვზირიძის, განცხადებით, იმერეთის სოფლების განვითარებისთვის ხელსაყრელია მათი გეოგრაფიული მდებარეობა, კლიმატი, ბუნებრივი რესურსები და ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. რუსუდან კოვზირიძემ განვთარებისთვის ხელშემშლელ ფაქტორებად დაასახელა მოუწესრიგებელი შიდასასოფლო გზები, კომუნალური სერვისების არარსებობა, სოფლის მეურნეობის დარგის ჩამორჩენა და ფერმრებში საჭირო ცოდნის არარსებობა. რუსუდან კოვზირიძის თქმით, სოფლის პოტენციალის გამოყენებას კომპლექსური მიდგომა სჭირდება:

„საჭიროა კვალიფიციური კადრი და პრობლემაზე ურთიერთთანამშრომლობა როგორც სახელმწიფო, ასევე არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჭიათურელთა კავშირის“ ხელმძღვანელის, შოთა გაფრინდაშვილის, განცხადებით, ბოლო ათწლეულებში მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობების გამო სოფლების მოსახლეობა თითქმის განახევრდა, ზოგიერთ სოფელში კი მხოლოდ ასაკოვანი ხალხი დარჩა:

„სოფლიდან წასული ახალგაზრდა უკან არ ბრუნდება. შესაბამისად, სოფელი დროთა განმავლობაში ცარიელდება, ძალიან დიდი რიცხვია პროცენტულად იმ სოფლებისა, რომლებიც, ფაქტობრივად, გაუდაბურებულია და იქ არავინ აღარ ცხოვრობს. 10–15 წელიწადში მაჩვენებელი გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება. ამას სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან სასწრაფო ჩარევა და სოფლის დახმარება“.

„ჭიათურელთა კავშირის“ ხელმძღვანელი შოთა გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ახალგაზრდების ხელშეწყობა და დაინტერესება, რათა მათ სოფლად ცხოვრება გააგრძელონ და შეჩერდეს ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ მიგრაციის პროცესი. ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის სამეზობლო პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და 2019 წლამდე მისი ბიუჯეტი 102 მილიონი ევროა. პროგრამის პირველი ეტაპის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, მეორე ეტაპი კი მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრებთა ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობის გაზრდას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG