Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერი მადრიდში და საქართველოს ტურისტული იმედები


ესპანეთის დროშა
ესპანეთის დროშა

ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა სახელდება ერთ-ერთ მთავარ მიზნად საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის, ესპანეთის სამეფოში ვიზიტისა. პრემიერის პირველი სამუშაო ვიზიტის გრაფიკი დატვირთულია შეხვედრებით ესპანეთის მეფესთან, ესპანეთის სამეფოს მთავრობის პრეზიდენტსა თუ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან. გეგმა მოიცავს, ასევე, მონაწილეობის მიღებას ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში და საქართველოს საგამოფენო სივრცის დათვალიერებას. რა არის საქართველოს „სავიზიტო ბარათი“ და რა შედეგებს ელოდება ტურიზმის განვითარების კუთხით ქვეყანა, რომელიც, 2016 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, რეკორდულ მიღწევაზე ლაპარაკობს?

გადმოწერა

„ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი ვიზიტი იქნება, რომლის ფარგლებშიც მოხდება საქართველოს პრეზენტაცია, მათ შორის - ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე“, - განაცხადა 17 იანვარს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესპანეთის სამეფოში ზურაბ პოლოლიკაშვილმა. მადრიდში დაგეგმილ აქტივობებს სამომავლო იმედით უყურებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძეც და საკითხს უკვე მიღწეულის ჭრილში განიხილავს:

„2016 წელი რეკორდული იყო საქართველოში უცხოელი ტურისტების თვალსაზრისით და ამ წარმატებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა იმ საერთაშორისო აქტივობებმა, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა ყველა დონეზე აწარმოებდა“.

შარშან დამყარებული რეკორდი, რომელზეც გიორგი ჩოგოვაძე ლაპარაკობს, კონკრეტულ მაჩვენებლებში შემდეგნაირად გამოიყურება: საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 7,6 %-ით გაიზარდა და 6 მილიონს გადააჭარბა; მათ შორის - თითქმის ნახევარი მილიონით გაიზარდა უშუალოდ ტურისტების, ანუ იმ ადამიანების რიცხვი, რომლებმაც საქართველოში 24 საათი და მეტი დაყვეს.

უცხოელი ტურისტები თბილისში
უცხოელი ტურისტები თბილისში

მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებები რეალურად სასარგებლო რომ არის ტურიზმის განვითარებისთვის, ამაში ეჭვი არ ეპარება თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორს, ვახტანგ ჭარაიას. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ის სწორედ ასეთ მასშტაბურ ღონისძიებებად ასახელებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ მოწყობილ გამოფენებსა და ფორუმებს. ექსპერტი ფიქრობს, რომ საქართველომ ადეკვატურად უნდა გამოიყენოს შანსი, რომელსაც მას აძლევს მონაწილეობა ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში:

„რადგანაც ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა ესპანეთში ტარდება, ყველაზე მეტად ესპანურ კომპანიებს აქვთ იქ დასწრების შესაძლებლობა და, რა თქმა უნდა, ეს უფრო მეტ შანსს გვაძლევს, რომ ესპანეთიდან უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ... თუმცა ისევე, როგორც საქართველოდან არის იქ ჩასული წარმომადგენლობა, ასევე იქნება ათეულობით სხვა ქვეყნის წარმომადგენლობებიც, რომლებიც ასევე დაამყარებენ კონტაქტებს და იქნება შესაძლებლობა შეთანხმდნენ სამომავლო ურთიერთობებზე. შესაბამისად, ესპანეთი ერთ-ერთი იქნება იმ ქვეყანათა შორის, რომლებთანაც შესაძლებელი იქნება ამ ღონისძიებაზე ტურიზმის სფეროში ურთიერთობების დამყარება“.

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

პრემიერ-მინისტრის შეხვედრების განრიგში, ადგილობრივი ხელისუფლების უმაღლესი პირების გარდა, ვხვდებით გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ტალებ რიფაის, რომლის ორგანიზაციის უშუალო აქტიურობითა და ხელშეწყობით საქართველომ გასული წლის სექტემბერში ღვინის ტურიზმის პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობდა 42 ქვეყნის 250 დელეგატი და 150-ზე მეტი ორგანიზაცია. ითქვა, რომ საქართველოს, როგორც ღვინის უძველეს სამშობლოს, ღვინის ტურიზმის განვითარებისათვის უდიდესი პოტენციალი აქვს. კონფერენციის მონაწილეების წინაშე გამოსვლისას ტალებ რიფაიმ საქართველოს სტუმართმოყვარეობა შეუქო:

ჩვენ ვიმყოფებით მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქვეყანაში და მე ზუსტად იმას ვგულისხმობ, რასაც ვამბობ. საქართველო ძალიან ლამაზია არა მხოლოდ თავისი მთებით, თავისი მშვენიერი მემკვიდრეობით და ღვინის რვაათასწლიანი ისტორიით... საქართველოში ლამაზი ხალხია - თქვენ აქ შეხვდებით ყველაზე თბილ, ცოცხალ ხალხს, ვისაც კი ოდესმე შეხვედრიხართ თქვენს ცხოვრებაში“.

როდესაც ტურისტი ჩამოდის საქართველოში, ვთქვათ, საოჯახო სასტუმროში, ყოველთვის ასაჩუქრებენ მას მასპინძლები, ან ღვინოზე პატიჟებენ და ასე შემდეგ...
მერაბ ჯანიაშვილი

მართალია, ტურიზმის განვითარების გზაზე საქართველოში ექსპერტები არაერთ გამოწვევას ხედავენ, რაც, მაგალითად, არაადეკვატურ ინფრასტრუქტურას, არასათანადო ხარისხის სერვისებსა და ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ნაკლებობას გულისხმობს, მაგრამ, როგორც, მაგალითად, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი მერაბ ჯანიაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ტურისტებს საქართველოში, ხშირ შემთხვევაში, სწორედ სტუმართმოყვარეობა და თბილი დახვედრა იზიდავთ და ეს სავიზიტო ბარათი ადეკვატურად უნდა იქნეს გამოყენებული:

„როდესაც ტურისტი ჩამოდის საქართველოში, ვთქვათ, საოჯახო სასტუმროში, ყოველთვის ასაჩუქრებენ მას მასპინძლები, ან ღვინოზე პატიჟებენ და ასე შემდეგ... როდესაც ისინი ჩამოდის ევროპიდან, სადაც ასეთ მიდგომებს არ არიან მიჩვეული, მათთვის უჩვეულო თბილი გარემო ხვდებათ საქართველოში. შესაბამისად, უჩნდებათ სურვილი, რომ უკან დაბრუნდნენ. მე ბევრს შევხვედრივარ, ევროპელი მეგობარი მყავს და ძალიან უყვარს საქართველო ზუსტად ამის გამო, რომ ზოგჯერ, მაგალითად, როცა რესტორანში შევსულვართ, მარტო იმიტომ დაუსაჩუქრებიათ, რომ უცხოელი იყო...“

მართალია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2016 წელს შენარჩუნებული იყო პოზიტიური ტენდენცია ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების რიცხვის ზრდის კუთხით, მაგრამ ექსპერტები უფრო მეტის საჭიროებას ხედავენ. როგორც, მაგალითად, ვახტანგ ჭარაიამ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას, მეტი ტურისტი უნდა მოვიზიდოთ ევროკავშირის ქვეყნებიდან, რადგანაც ისინი უფრო მაღალბიუჯეტიან ტურისტებად ითვლებიან და საშუალოდ უფრო მეტ ფულს ხარჯავენ მასპინძელ ქვეყნებში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დელეგაციასთან ერთად ესპანეთიდან შვეიცარიაში გაემგზავრება და საკურორტო ქალაქ დავოსში მონაწილეობას მიიღებს ყოველწლიურ მასშტაბურ ღონისძიებაში - მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG