Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპელი მინისტრებისა და ასირიელი ბავშვების კვირა


მიმდინარე კვირაში საქართველოს ერთად ესტუმრნენ დანიის, შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და ეს ვიზიტი დასახელდა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის გამოვლინებად აღმოსავლეთის პარტნიორობის რიგის სამიტის წინ. მართალია, ჯერჯერობით დანამდვილებით არავინ იცის, აისრულებს თუ არა საქართველო უახლოესი მომავლის მთავარ სურვილს და მიიღებს თუ არა მაისის სამიტზე ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ნებართვას, მაგრამ სტუმარმა მინისტრებმა გამოთქვეს იმედი, რომ როგორც მოლდავეთს აუნთო მწვანე შუქი ევროკავშირმა ვილნიუსის სამიტზე, იგივე მოხდება საქართველოსთან მიმართებით. აი, რა განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გჟეგოჟ სხეტინამ 14 აპრილს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე:

„ვიმედოვნებთ, რომ საქართველო იმავე გზას გაივლის, რაც მოლდავეთმა გაიარა. ეს სწორი გზაა. ჩვენგან იქნება დახმარება, მაგრამ შედეგი ძირითადად დამოკიდებულია საქართველოს აქტიურობაზე. ჩვენ საქართველოს ყველაფრის ორგანიზებაში დავეხმარებით. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ვიმედოვნებთ, რომ რიგის სამიტი გადამწყვეტი მნიშვნელობის მოვლენა იქნება აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის და განსაკუთრებით – საქართველოსთვის“.

ოპტიმისტური განწყობისა და მტკიცე მხარდაჭერის სურვილის გარდა, ევროპელ მინისტრებს საქართველოსთვის მოთხოვნებიც აქვთ. ამის შესახებ სამშაბათის პრესკონფერენციაზე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც ილაპარაკა.

„იმედია, ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის გადადგმული ნაბიჯები და რეფორმები იგულისხმებს იმას, რომ თქვენ უფრო მეტად გაიხედავთ მომავლისკენ, ვიდრე წარსულისკენ... და რომ თქვენ გააგრძელებთ ყველა თქვენს მნიშვნელოვან ძალისხმევას, რაც ნიშნავს დემოკრატიული, გამჭვირვალე და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული ინსტიტუტების მშენებლობას. ჩვენ ასევე ვისურვებდით სასამართლოს რეფორმირებას“, – აღნიშნა მარგოტ ვალსტრომმა და ამ კონტექსტში მიანიშნა, რომ რიგის სამიტს „რეალისტური მოლოდინები“ უნდა დაუკავშირდეს.

ვიზების ლიბერალიზაციის პერსპექტივასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი. როგორც მან განაცხადა, საქართველო პრაქტიკულად ფინალშია გასული, დამთავრდა შემფასებელი მისიები და ახლა მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყნის რეფორმები სრულყოფილად აისახოს ევროკომისიის ანგარიშში. მინისტრს იმედი აქვს, რომ ეს ანგარიში პოზიტიური იქნება.

ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, ევროპელი მინისტრები ოპოზიციური სპექტრისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება გამახვილდა ევროინტეგრაციის საფრთხესა და პრორუსული ჯგუფების გააქტიურებაზე.

რიგის სამიტის კონტექსტში განისაზღვრა ასევე საქართველოს პრეზიდენტის ლატვიაში ვიზიტის მნიშვნელობაც. გიორგი მარგველაშვილი რიგას 15-17 აპრილს სტუმრობდა და, ქვეყნის სხვა უმაღლესი პირების გარდა, თავის ლატვიელ კოლეგას ანდრის ბერზინშს შეხვდა. სწორედ მაისის სამიტის პერსპექტივები წარმოადგენდა ამ შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემასაც. ოფიციალურ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საუბრისას „განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების ეფექტიანი იმპლემენტაციის მნიშვნელობას.“ ამავე წყაროს ცნობით, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ლატვიელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერის გამო. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და რეგიონის უსაფრთხოებას.

მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან ამოიღო ყოფილი მთავარი პროკურორი ზურაბ ადეიშვილი. როგორც მთავარმა პროკურატურამ 14 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, ინტერპოლმა გადაწყვეტილება ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად მიიღო და ის მხოლოდ ფაქტის წინაშე დააყენა 9 აპრილით დათარიღებული წერილით მას შემდეგ, რაც ძებნა შეწყვიტა. სამშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში მთავარი პროკურატურა ძებნის შეწყვეტის ძირითად საფუძველსაც ასახელებს:

„ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ზ. ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გაუქმების ძირითად საფუძვლად მიუთითა ქართული მხარისათვის უცნობი ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ ზ. ადეიშვილისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი“.

რამდენიმე საქმეში ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილზე წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შუამდგომლობით მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლს 2013 წლის 10 იანვარს მიმართა. შუამდგომლობა 2013 წლის 14 ნოემბერს დაკმაყოფილდა და ზურაბ ადეიშვილი საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდა. ყოველივე ამის შემდეგ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპოლის მიერ გადადგმული ნაბიჯი აკვირვებს:

„ჩვენმა მთავრობამ, რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გააკეთა. ადეიშვილიც მივეცით პასუხისგებაში – იყო ძებნაში, არის ძებნაში და რჩება ძებნაში და ასევე ყველა ის დამნაშავე, რომლებმაც წლების განმავლობაში შექმნეს დანაშაულებრივი სისტემა. ეს რომ ყოფილიყო არასაკმარისი ან არაარგუმენტირებული, ინტერპოლი, რა თქმა უნდა, არ დასვამდა ადეიშვილს წითელ ცირკულარზე“.

ხელისუფლებისგან განსხვავებით, მომხდარს მთავარი პროკურატურის უუნარობითა და არაკომპეტენტურობით ხსნიან პოლიტიკური ოპონენტები. ისინი ლაპარაკობენ ასევე პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ მართლმსაჯულებაზე და თვლიან, რომ ინტერპოლის გადაწყვეტილებამ საქართველოში პოლიტიკური დევნის არსებობა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მართალია, წითელი ცირკულარის გაუქმება ამა თუ იმ პირის გამართლებას არ ნიშნავს, მაგრამ, როგორც საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, იურისტი დავით ჯანდიერი აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, ინტერპოლის გადაწყვეტილება ძირითადად პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს ეფუძნება. ამ პრინციპის მტკიცედ დაცვას ინტერპოლის კონსტიტუციის მე-3 მუხლი მოითხოვს. დავით ჯანდიერის თქმით, პროცესი დინამიკურია და ინტერპოლი აკვირდება ყველაფერს მას შემდეგაც, რაც ამა თუ იმ პირის მიმართ ის წითელი ცირკულარით გამოაცხადებს ძებნას. მათ შორის, ექსპერტის თქმით, ყურადღება ექცევა ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკას ამა თუ იმ საქმესთან ან ბრალდებულთან მიმართებით.

„წითელ ცირკულარში ჩასმა არ ნიშნავს იმას, რომ ეს სამუდამოა. მისი მოხსნა შესაძლებელია არა მხოლოდ იმავე თხოვნის გამგზავნი სახელმწიფოს მიმართვის საფუძველზე, – თუკი, ვთქვათ, პირი დაკავებულ იქნა, -არამედ ასეთი გადაწყვეტილების საფუძვლად ჩაითვლება, თუკი შესაბამისი პირის საკითხი აღარ აკმაყოფილებს პირობებს, რომლებიც არსებობდა ძებნის გამოცხადების დროს... არ არის პირდაპირი მითითება ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ჯდება იმ ზოგად კონტექსტში, რომელსაც ინტერპოლი აფასებს“, – უთხრა რადიო თავისუფლებას დავით ჯანდიერმა.

შეეძლო თუ არა ხელისუფლებას გაეკეთებინა მეტი იმისათვის, რომ ასეთი შედეგი არ დამდგარიყო? ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად დავით ჯანდიერი დამატებით ინფორმაციას საჭიროებს, კერძოდ: იყო თუ არა სათანადო კომუნიკაცია ინტერპოლთან და რამდენად აქტიურად და დამაჯერებლად ცდილობდა ხელისუფლება დაეცვა თავისი პოზიციები.

მიმდინარე კვირაში საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ასირიელი ბავშვების დახოცვის ფაქტს, რომლის ამსახველი შემზარავი კადრები ინტენსიურად ვრცელდებოდა სოციალურ ქსელ ფეისბუკში. სწორედ მიმდინარე კვირაში გადაწყვიტეს საქართველოს მოქალაქეებმა 19 აპრილს შეკრება და სოლიდარობის გამოხატვა საქართველოს მასშტაბით, თუმცა სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის სოლიდარობის აქციები მთელი კვირის განმავობაში იმართებოდა. მართალია, ასირიელი ქრისტიანი ბავშვების ჟლეტის ფაქტი თანაბრად შემზარავია ყველასთვის, მაგრამ ბევრისთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ სოლიდარობა ძირითადად მხოლოდ ქრისტიანი ბავშვების მიმართ გამოიხატება, მაშინ როცა „ისლამური სახელმწიფო“ ერაყსა თუ სირიაში სხვა ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების ადამიანებსაც ხოცავს. ამ ფაქტის გათვალისწინების აუცილებლობაზე შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმაც ილაპარაკა 18 აპრილს გაკეთებულ კომენტარში, რომელშიც ის ასევე მიესალმება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან გამოხატულ ძლიერ სურვილს შეიფარონ და დაიცვან ასირიელი ბავშვები.

ასევე „ისლამური სახელმწიფოსგან“ მომდინარე საფრთხეების კონტექსტში, მიმდინარე კვირაში კვლავაც აქტუალური იყო ახალგაზრდების გადაბირებისა და საქართველოდან საომრად წაყვანის საკითხი. მას შემდეგ, რაც პანკისის ხეობის მკვიდრი ორი მოსწავლის – 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილისა და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილის - სირიაში ყოფნის ფაქტი დადასტურდა, 16 აპრილს გავრცელდა ცნობა კიდევ ერთი პანკისელი ახალგაზრდის, 19 წლის ჯამლეტ ბორჩაშვილის, გაუჩინარების თაობაზე. შინაგან საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ არავის აქვს უფლება, რომ საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეები არ გაატაროს საზღვარზე, ხოლო რაც შეეხება არასრულწლოვნებს, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ამისათვის კონკრეტულ მესაზღვრეს გენერალური ინსპექცია დასჯის:

„საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, რომელიც ამოწმებდა ამ ბავშვს, შეცდომა დაუშვა. ის მიიღებს შსს-ს შიდადებულებით დადგენილ ადმინისტრაციულ სასჯელს. პანკისის ხეობაში მოკვლევა დაწყებულია, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, თუ ვინ მოუწოდებს ახალგაზრდებს სირიაში წასვლისკენ“.

გადამბირებელთა გამოსავლენად სპეცსამსახურების გააქტიურების გარდა, ექსპერტები ასევე ლაპარაკობენ რეგიონის ეკონომიკურად გაძლიერების აუცილებლობაზე იმისათვის, რომ ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობების საქართველოში რეალიზების საშუალება მიეცეთ და აღარ მიიჩნიონ საჭიროდ საომრად წასვლა სხვა ქვეყნებში.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG