Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თსუ, 8 მარტი, პანკისი... ერთ კვირაში


სტუდენტების საპროტესტო აქცია
სტუდენტების საპროტესტო აქცია

პანკისი - ეს ხეობა გასული კვირის დასაწყისშივე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ინტერესი პანკისის ხეობის მიმართ შუა კვირაში კიდევ უფრო გაღვივდა. თუმცა, თუკი თანმიმდევრულად მივყვებით მოვლენებს, ორშაბათისკენ უნდა გადავინაცვლოთ. 7 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა აიუფ ბორჩაშვილს, რომელსაც ბრალად ედება როგორც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება, ასევე პირთა გადაბირება. უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით, სასამართლომ დამნაშავედ ცნო კიდევ სამი პირი. გამოძიებამ დაადგინა, რომ სწორედ ბორჩაშვილმა გადაიბირა მასთან ერთად ბრალდებული პირები და ისინიც ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გააერთიანა. მასვე ბრალდება სკოლის მოსწავლეების – 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილისა და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილის - გადაბირება და სირიაში გაგზავნა.

სოფელ ჯოყოლოს მკვიდრი აიუფ ბორჩაშვილი სამართალდამცველებმა 2015 წლის ივნისში სოფელ გომბორის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. საქმის ოთხთვიანი განხილვისა და სასამართლო განაჩენის შემდეგ, უკმაყოფილება გამოთქვა ბორჩაშვილის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა. მისი სიტყვებით, განაჩენი არასათანადოდ იყო დასაბუთებული:

„განაჩენი არის სრულიად უკანონო... ზოგადად, უტყუარი მტკიცებულება ერთიც არ არსებობს, რომელიც მიუთითებს, რომ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაულებრივი ქმედება... რაც შეეხება აიუფ ბორჩაშვილს, მის მიმართ გარკვეული მტკიცებულებები არსებობდა, თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ არც ეს მტკიცებულებები იყო საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, თუმცა, ფირისებიასა და ხუტუნიშვილისგან განსხვავებით, აიუფ ბორჩაშვილის მიმართ მეტი საფუძველი ჰქონდა მოსამართლეს, რომ დაეყენებინა გამამტყუნებელი განაჩენი“.

თარხან ბათირაშვილი
თარხან ბათირაშვილი

თუკი თხრობას კვლავაც პანკისის ხეობით გავაგრძელებთ, მაშინ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ 8 მარტს ამერიკის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის პიტერ კუკის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად, მოკლულ იქნა ექსტრემისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ 13 მებრძოლი, მათ შორის, ომარ ალ შიშანი, პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანის მკვიდრი, 30 წლის თარხან ბათირაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებდა, დადასტურებული ცნობები თარხან ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ მიუღია. ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ არც მისმა მამამ იცოდა რაიმე. უკვე მომდევნო დღეს კი უცხოურმა მედიასაშუალებებმა, ლონდონში მდებარე ადამიანის უფლებათა დამცველი სირიული ობსერვატორიის წარმომადგენელზე დაყრდნობით, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პანკისის მკვიდრი თარხან ბათირაშვილი არ იყო მოკლული და მხოლოდ მძიმე ჭრილობები ჰქონდა მიღებული. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თარხან ბათირაშვილი არ მოუკლავთ, 11 მარტს გაავრცელა "ბიბისიმ", ერაყში განლაგებული აშშ-ის ძალების წარმომადგენელზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც, თარხან ბათირაშვილმა საჰაერო დარტყმებს თავი გაჭირვებით დააღწია.

გასული კვირის ერთ-ერთ აღსანიშნავ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს 8 მარტი, ქალთა საერთაშორისო დღე, რომელსაც საქართველო ორი აქცია-მსვლელობით შეუერთდა და რომელშიც ათობით ქალმა მიიღო მონაწილეობა. მეტი ქალი პოლიტიკაში და დაცული შრომითი უფლებები - სწორედ ამ ორი მთავარი ლოზუნგის ქვეშ გაერთიანდნენ 8 მარტს ქალთა აქტივისტები. საქართველოს პარლამენტთან მისულებმა კი მათ ყველა დეპუტატს გაუგზავნეს წერილი და გენდერული კვოტების შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერისაკენ მოუწოდეს.

„მე ვარ მაია. მე ვარ მარტოხელა დედა, ერთადერთი შემომტანი ოჯახში, და მე ვერ ვგრძნობ სახელმწიფოსგან თანადგომას!“ - თქვა მაიამ 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე.

შეძახილებისა და სასტვენების ხმის ფონზე მოითხოვდნენ პარლამენტის წინ შეკრებილი ქალები საკუთარი უფლებების დაცვას. პარლამენტის კიბეებზე 150 ყუთი იყო გამოფენილი - თითოეული, დეპუტატის ფოტომიკრული. მათში კი ის წერილები გროვდებოდა, რომლითაც „ქალთა მოძრაობის“ წევრები და სხვებიც დეპუტატებს კვოტების მხარდაჭერას სთხოვდნენ.

ამ პლაკატზე, რომელიც ხელში მიჭირავს, გამოსახულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გოგო, რომელიც ვერ აღწევს წარმატებას ამ ქვეყანაში, რადგან არ არის ადაპტირებული გარემო, არ არსებობს განათლების მიღების შესაძლებლობა...
სოფო ტაბატაძე

კიდევ ერთი აქციის ორგანიზატორები კი, „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის“ წევრები, ამბობდნენ, რომ 8 მარტის მსვლელობას ისინი სწორედ მარგინალიზებული ჯგუფების შრომით უფლებებს უძღვნიან - იქნება ეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმება, ლგბტ ქალების უფლებები სამუშაო ადგილებზე თუ სხვა. აქციის მონაწილეებს შორის იყო ფემინისტი სოფო ტაბატაძეც - პლაკატით ხელში, ისიც ქალთა არაერთი უფლების დაცვას მოითხოვდა:

„აი, ამ პლაკატზე, რომელიც ხელში მიჭირავს, გამოსახულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გოგო, რომელიც ვერ აღწევს წარმატებას ამ ქვეყანაში, რადგან არ არის ადაპტირებული გარემო, არ არსებობს განათლების მიღების შესაძლებლობა და, ზოგადად, ამ ქვეყანაში წარმატების მიღწევა მხოლოდ კაცებს შეუძლიათ. ამის შეცვლა გვინდა“.

კვლავაც ქალის შესახებ საუბრით უნდა გავაგრძელოთ კვირის მიმოხილვა - ამჯერად უკრაინელი სამხედრო მფრინავი ქალის, ნადეჟდა სავჩენკოს შესახებ საუბრით. 20 თვის წინ ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ნადეჟდა სავჩენკოს მხარდასაჭერად გამართულ აქციებს საქართველოც შეუერთდა. 9 მარტს ცნობილი გახდა, რომ უკრაინელი სამხედრო მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს, საქმეზე რუსეთის სასამართლო საბოლოო განაჩენს 21 მარტს გამოიტანს.

საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა თავისუფლების მოედანზე აქცია გამართეს, სადაც საერთაშორისო საზოგადოებისადმი მიმართული დეკლარაცია წაიკითხეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი გაბაშვილმა განაცხადა, საერთაშორისო საზოგადოება მოვალეა მეტად იაქტიუროს და გაზარდოს რუსეთზე ზეწოლაო:

„9 მარტს მთელ მსოფლიოში გაიმართება ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი აქციები. საქართველოს პარლამენტის ფრაქციები ვუცხადებთ მხარდაჭერას გმირ უკრაინელ მფრინავს, ნადია სავჩენკოს, მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მოვუწოდებთ მსოფლიო ლიდერებს მოახდინონ ზეწოლა რუსეთზე და აიძულონ რუსეთი გაათავისუფლოს უკანონო პატიმრობაში მყოფი ნადეჟდა სავჩენკო“.

სტუდენტობა დღეს არის შეურაცხყოფილი, რომ ვიღაც უკანონო საიდუმლო წარმომადგენელი არსებობს აქ და ადამიანებს ხელს უშლის დემოკრატიული ნების გამოხატვაში ზეწოლით და დარეკვებით...
ლევან ლორთქიფანიძე

დეკლარაციას, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და სხვა ოპოზიციური ფრაქციების წევრებიც. როგორც უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ, განაცხადა, ეს თემა ყველა საერთშორისო შეხვედრაზე უნდა დაისვას.

თავის ბოლო სიტყვაში ნადეჟდა სავჩენკო ამბობს, რომ არ აღიარებს დანაშაულს, არც განაჩენს და არც რუსულ სასამართლოს.

გასულ კვირაში დაიწყო და გრძელდება საპროტესტო აქციები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აქციების მიზეზად კი უნივერსიტეტში 10 მარტს კანცლერის არჩევნები იქცა. კანცლერობის ერთადერთი კანდიდატი გიორგი გაფრინდაშვილი სტუდენტთა ერთი ნაწილისათვის მიუღებელი აღმოჩნდა. სენატის სხდომაზე, სადაც გიორგი გაფრინდაშვილის არჩევა იყო დაგეგმილი, უნივერსიტეტის სტუდენტები არ შეუშვეს. გაძლიერდა უნივერსიტეტის დაცვა, მობილიზებულ იქნა საპატრულო პოლიცია. ხმაურიან შეხლა-შემოხლას მოჰყვა გადაწყვეტილება, რომ სტუდენტები ღამეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში გაათენებდნენ. ასეც მოხდა. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლევან ლორთქიფანიძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, პრობლემას მხოლოდ ერთი კონკრეტული სახელი და გვარი არ წარმოადგენს. მისი თქმით, კანცლერი, რომელიც უნივერსიტეტის ფინანსებს პრივილეგიების მიხედვით გაანაწილებს, დააზარალებს მთელ სტუდენტობას. ლევანის თქმით, პრობლემაც სწორედ იმაშია, რომ უნივერსიტეტის 70-მილიონლარიანი ბიუჯეტის ნაწილი კანცლერთან დაახლოებული სტუდენტური თვითმმართველობის ინტერესებს ხმარდება:

„ეს ხალხი კარგად რომ მუშაობდეს, 70 მილიონი ლარი, რომელიც არის ჩვენი ბიუჯეტი, უკეთ დაიხარჯებოდა - გვექნებოდა მეტი კვლევითი შესაძლებლობები, ლაბორატორიები, წრეები, პუბლიკაციები და ა.შ... მეტი სამაგისტრო კვლევები, მაგალითად. სტუდენტობა დღეს არის შეურაცხყოფილი, რომ ვიღაც უკანონო საიდუმლო წარმომადგენელი არსებობს აქ და ადამიანებს ხელს უშლის დემოკრატიული ნების გამოხატვაში ზეწოლით და დარეკვებით“.

საპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია

საპროტესტო აქციის მონაწილე თსუ-ს სტუდენტებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ: მოიხსნას კანცლერის პოზიციაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურა, დაიწყოს გამოძიება უნივერსიტეტში "ოდეერის" ინსტიტუტის არსებობის შესახებ, მოხდეს კანცლერის არჩევის სისტემის რეფორმირება, შეწყდეს თვითმმართველობის პრივილეგიების წახალისება ადმინისტრაციისა და რექტორატის მხრიდან. 11 მარტს მათ პროტესტს შეუერთდნენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებიც.

11 მარტსვე გავრცელდა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიმართვა. ექსცესების თავიდან აცილების მიზნით, პრემიერმა სთხოვა კანცლერობის კანდიდატ გიორგი გაფრინდაშვილს მოხსნას თავისი კანდიდატურა. გიორგი გაფრინდაშვილის თქმით, კანცლერობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ის ორშაბათს მიიღებს.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს 11 მარტს კიდევ ერთი განცხადების გავრცელება მოუხდა. ამჯერად საქმე ეხება, სავარაუდოდ, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერს: „ეს არის დარტყმა სახელმწიფოზე და ჩვენი პასუხი ამ დარტყმაზე იქნება უმკაცრესი“, - ასე გამოეხმაურა ის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების ფაქტს. გამოძიება საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფას და პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოქვეყნებასა და გავრცელებას გულისხმობს: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კი მიიჩნევს, რომ საჭიროა დაწესდეს მილიონი ლარი და კონსპირაციულობის დაცვის სრული გარანტია იმ პირებისათვის, ვინც გამოძიებას დამნაშავემდე მიიყვანს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG