Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო ბლოკი, მოჭრილი ხეები, დაკარგული სამხედროების ძებნა


სამხედროების ძებნის ოპერაცია
სამხედროების ძებნის ოპერაცია

ორშაბათს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ორი საკონსტიტუციო ინიციატივა უნდა განეხილათ - პირველი: კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი ქვეყნის უბლოკო სტატუსის შესახებ (ამ მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას აპირებს „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე), და მეორე: კონსტიტუციის პრეამბულას, სადაც ქართველი ხალხის სურვილზეა საუბარი, დაემატოს ფრაზა: ”დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოების და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში”. ეს ინიციატივა ეკუთვნის დავით უსუფაშვილს. სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.

ბიუროს სხდომა ხელახლა 17 აგვისტოს გაიმართა და გადაწყდა საპროცედურო საკითხთა კიმიტიტეტს დაევალოს იმ საინიციატივო ჯგუფის დარეგისტრიტება, რომელმაც 200 ათასი ხელმოწერა უნდა შეაგროვოს უბლოკო სტატუსის მოთხოვნით. თავის მხრივ, 19 აგვისტოს დანიშნული კომიტეტის სხდომაც ჩაიშალა ისევ კვორუმის არარსებობის გამო.

სამშაბათს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტები“. ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას, შესაბამის განკარგულებას საფუძვლად დაედო საჯარო რეესტრის ინფორმაცია, რომ პარტია „ცენტრისტებს“ არ ჰყავს ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.

საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი მაინც აპირებს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვოს იმ პარტიის აკრძალვა, რომლის საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტები,“საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაშვებული სარეკლამო კლიპის შესაბამისად, ამომრჩეველს ჰპირდებოდაა რუსულ პენსიას, ორმაგ მოქალაქეობას და რუსული სამხედრო ბაზების დაკანონებას, რაც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წარმომადგენლის, ნინო რიჟამაძის, თქმით, ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის იმ ნორმას, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო რეკლამის სტანდარტს უდგენს:

ვლადიმერ ბედუკაძე, პოლიტიკური გაერთიანება "ცენტრისტების" ლიდერი
ვლადიმერ ბედუკაძე, პოლიტიკური გაერთიანება "ცენტრისტების" ლიდერი

„ეს არის მოწოდება არსებული წყობილების დამხობისკენ, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფისკენ, ეთნიკური, რელიგიური და ა.შ. შუღლის გაღვივებისკენ - ეს ყველაფერი აკრძალულია და მიგვაჩნია, რომ ამ პარტიის მიერ გამოქვეყნებული რეკლამა და წინასაარჩევნო დაპირებები სწორედ ამ მოთხოვნებს ეწინააღმდეგება და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეკლამის შინაარსთან დაკავშირებით აქვს კომპეტენცია განიხილოს, რამდენად ეწინააღმდეგებოდა რეკლამის შინაარსი საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებს და ამ შემთხვევაში მოახდინოს მასზე რეაგირება“.

კვირის სხვა ამბებს რაც შეეხება, შაბათს, დილის 7 საათიდან, თურქეთის სასაზღვრო ძალების სამძებრო ხომალდმა, რომელიც სიღრმეში ძებნა-გადარჩენის ოპერაციებზეა გათვლილი, გონიოს სანაპიროზე წვრთნის დროს ზღვაში გაუჩინარებული ორი ქართველი ჯარისკაცისსამძებრო სამუშაოები დაიწყო. საქართველოს სამხედრო უწყების ინფორმაციით, სპეციალური ოპერაციის ძალების ორმა სამხედრო მოსამსახურემ, რომლებიც შავ ზღვაზე მებრძოლ მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ ვეღარ შეძლო წყლის ზედაპირზე ამოსვლა.საქართველოს სამხედრო პოლიციამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 116-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც „ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს“.

თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას განცხადებით, სამძებრო ხომალდი გონიოში სამ დღეზე მეტხანსაც შეიძლება დარჩეს.

ლევან იზორია
ლევან იზორია

„ეს არის ძალიან მაღალკვალიფიციური ეკიპაჟი. ხომალდი ასევე აღჭურვილია მაღალი ტექნოლოგიების აპარატურით, რაც შესაძლებელს ხდის ამ ოპერაციის ეფექტიანად განხორციელებას. ისინი ჩამოსულები არიან მინიმუმ სამი დღით, თუმცა იმის პირობასაც იძლევიან, რომ თუ არ გვექნა კონკრეტული შედეგი, გახანგრძლივდება პერიოდი და მაქსიმუმს გააკეთებენ. განწყობა არის ისეთი, რომ სანამ არ იქნება კონკრეტული შედეგი, ისინი მუშაობას არ შეწყვეტენ. თუ არ დადგება შედეგი, გვეტყვიან, თუ რა არის კონკრეტული მიზეზი. გარკვეული მეთოდოლოგია სჭირდება სამძებრო სამუშაოებს. უკვე განსაზღვრეს, თუ რა რადიუსში უნდა იქნეს მოძებნილი ობიექტი და შეუდგნენ მუშაობას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

მანამდე გონიოში საქართველო პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც იმყოფებოდა, ის დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს შეხვდა.

გასული კვირის ხუთშაბათს პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ საარჩევნო ბლოკ „ახალი არჩევანის“ მიერ წინასაარჩევნოდ ძალთა გაერთიანების შეთავაზებას გამოეხმაურა და, რამდენიმესაათიანი კონსულტაციის შემდეგ, შეიქმნა ახალი პოლიტიკური პლატფორმა „პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ბლოკში გაერთიანდნენ პარტიები „გირჩი“, „ახალი საქართველო“, „ახალი მემარჯვენეები“ და თავად პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვის“. ბლოკის მთავარ ამოცანად პაატა ბურჭულაძე და გიორგი ვაშაძე, თავმჯდომარე პარტიისა „ახალი საქართველო“, სწრაფ ეკონომიკურ ზრდას ასახელებენ:

„ჩვენ იმედის თვალით შემოგვცქერის საქართველოს 80 %, ვისაც უჭირს, და ჩვენ ვიძლევით პირობას, რომ როგორც კი მოვალთ ხელისუფლებაში, ჩვენ მათ ცხოვრებას შევცვლით უკეთესობისკენ, საგრძნობლად უკეთესობისკენ და არა 4 წლის შემდეგ, არამედ პირველივე თვეებში ისინი იგრძნობენ ამას“, ამბობს პაატა ბურჭულაძე.

„ჩვენი გუნდების გაერთიანებით ჩვენ ვქმნით რეალურ ძალას, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის 8 ოქტომბერს, ძალას, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ მოვიდეს ხელისუფლებაში არა, უბრალოდ, იმიტომ, რომ ხელისუფლებაში იყოს, არამედ იმიტომ, რომ აქვს ღირებულებები და ფასეულობები და უნდა, რომ საქართველო იყოს მართლაც წარმატებული“, აცხადებს გიორგი ვაშაძე.

„ეროვნულ- დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავას თქმით, არ არის გამორიცხული კოალიცია კიდევ გაფართოვდეს, ამის თაობაზე ბლოკთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

მოჭრილი ხეები
მოჭრილი ხეები

შაბათს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ10-დღიანიმორატორიუმი გამოაცხადათბილისში ხეების ჭრაზე. მერის ეს გადაწყვეტილება პასუხია იმ პროცესზე, რომელიც უფრო ადრე განვითარდა თბილისში. კერძოდ, „პარტიზანი მებაღეები“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და თბილისის მერია პროკურატურას მიმართავენ ყაზბეგის 22 ნომერში ხეების მოჭრის გამოძიების მოთხოვნით. 17 აგვისტოს სამშენებლო კომპანია „ორბი ჯგუფის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ათზე მეტი ხე მოიჭრა. გარემოს დამცველები, ისევე როგორც ქალაქის მერია, ეჭვს გამოთქვამენ, რომ ტერიტორიაზე, შესაძლოა, საღი ხეები მოჭრეს. კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ ხეები მოიჭრა კანონის სრული დაცვით, ლეგიტიმური დასკვნის საფუძველზე. თბილისის მერიასთან კი შიმშილობას განაგრძობს პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე. მისი თქმით, ის მანამდე გააგრძელებს შიმშილობას, სანამ თანამდებობიდან არ გადადგება მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე. ნატა ფერაძის მტკიცებით, ათზე მეტი ხე, რომლებიც ყაზბეგის 22 ნომერში მოიჭრა, არ იყო დაავადებული:

​„იყო არაერთი საღი კედარი და ვერცხლისფერი ნაძვი მოჭრილი. ეს იყო ნამდვილად საღი და ნამდვილად არ იყო ამორტიზებული. ვერხვები, როგორც ყველა ვერხვი თბილისში, იყო სიბერეშესული, თუმცა ამ ვერხვებს განსაკუთრებული ამორტიზება არ ეტყობოდა. ძირითად პრობლემას მაინც საღი წიწვოვანი ხეების მოჭრა წარმოადგენდა“.

თბილისის პროკურატურამ 19 აგვისტოსყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის საქმეზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო, რაც ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხას გულისხმობს.

20 აგვიტოს საპროტესტო აქციები გაიმართა თბილისში, სახელმწიფო კანცელარიასთან, და სამტრედიაში - პოლიციის შენობის წინ, სადაც შეკრებილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტი და მიმართვა გაუგზავნეს პრემიერ-მინისტრს, რომლისგანაც რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლა და დამნაშავე პოლიციელების დასჯა მოითხოვეს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG