Accessibility links

გასულ კვირაში საგანგებო ყურადღება იყო მიმართული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისკენ. 15 მარტს საინფორმაციო ინტერნეტპორტალმა „InformNapalm“-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში საზენიტო-სარაკეტო სისტემის დამატებითი საშუალებების შეტანის თაობაზე. გამოქვეყნებული ტექსტის თანახმად, ლაპარაკია საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-300-ზე. წყაროდ სახელდება საერთაშორისო სადაზვერვო საზოგადოება „InformNapalm“-ის მოხალისეთა ჯგუფი და სტატიას დართული აქვს ვიდეომასალაც.

როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ივარაუდა სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარმა რედაქტორმა ირაკლი ალადაშვილმა, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 2008 წელს შეტანილ საზენიტო-სარაკეტო სისტემის სულ მცირე 16 დანადგარს შეემატა სარკინიგზო ეშელონით ტრანსპორტირებული სულ მცირე რვა დანადგარი, რომელიც შეიძლება განთავსდეს სწორედ ოკუპირებულ გალის რაიონში, „უფრო ახლოს ფოთისა და ბათუმის პორტებთან“. ანალიტიკოსის აზრით, რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში შეიტანა ის სამხედრო ტექნიკა, რომელიც ახლით ჩაანაცვლა რუსეთის სამხრეთ ნაწილში და ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე. შეკითხვას, რატომ სწორედ ახლა, ირაკლი ალადაშვილი ასე უპასუხებს:

„რადგანაც ნატომ განაცხადა, რომ გააქტიურდება შავი ზღვის რეგიონშიც და, ასევე, საქართველოს ხელისუფლებამაც გამოთქვა სურვილი, რომ ფოთთან და ბათუმთამ მოხდეს სანაპირო დაცვის განთავსება, რუსეთმა წინასწარ გადაითამაშა და გამოაგზავნა ეს სისტემები, რომლებიც გააძლიერებენ საჰაერო სივრცის კონტროლს“.

C-300
C-300

ირაკლი ალადაშვილის განმარტებით, C-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა შორი მოქმედების სისტემაა და მისი დახმარებით შესაძლებელია თითქმის მთელი დასავლეთ საქართველოს საჰაერო სივრცის გაკონტროლება, თუკი დანადგარები ოკუპირებულ გალის რაიონში განთავსდება. თუმცა, ანალიტიკოსის აზრით, რუსეთის ინტერესს ამ ეტაპზე შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს უკეთ გაკონტროლება წარმოადგენს.

გავრცელებულ ინფორმაციას აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების შესახებ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად აფასებს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, თბილისს კვლავ საერთაშორისო თანამეგობრობის იმედი აქვს:

„რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა ორიენტირებული არის მშვიდობის უზრუნველყოფაზე, კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე და მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ფედერაცია იყოს შესაბამისობაში საერთაშორისო ნორმებთან, საერთაშორისო პრინციპებთან და ჩვენ, ჩვენი პარტნიორების და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო სამართლისა და პრინციპებისადმი პატივისცემა იყოს უზრუნველყოფილი“.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასულ კვირაში დაგმო რუსეთის ფედერაციის მხრიდან გამოვლენილი კიდევ ერთი უკანონო სვლა, რაც ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად შეფასდა. საუბარია მოსკოვის გადაწყვეტილებაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შეიყვანოს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შეიარაღებული ძალების რამდენიმე შენაერთი. რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი განკარგულება სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტპორტალზე 14 მარტს გამოქვეყნდა და ის ეყრდნობა შეთანხმების პროექტს, რომელსაც რუსეთის მთავრობამ 13 მარტს დაუჭირა მხარი. ოფიციალური ინფორმაციით, ახალი შეთანხმების პროექტის შინაარსზე წინასწარ ილაპარაკეს მხარეებმა, თუმცა დეტალები ჯერ ისევ დასაზუსტებელია. წინასწარი ინფორმაციით, ლაპარაკია რუსეთის სამხედრო ბაზის პირობებში ყველაზე უფრო უკეთესად გაწვრთნილ შენაერთზებზე - სადაზვერვო ქვედანაყოფზე, სპეციალური დანიშნულების სამთო რაზმსა და სნაიპერთა ქვედანაყოფზე.

„კომსომოლსკაია პრავდის“ სამხედრო მიმომხილველ ვიქტორ ბარანეცის ინფორმაციით, საუბარია სულ 150 სამხედროზე, რომლებიც დატოვებენ სამხრეთ ოსეთის ე. წ. შეიარაღებულ ძალებს და, კონტრაქტების საფუძველზე, უფრო მაღალი ანაზღაურებით დაიწყებენ მუშაობას რუსეთის არმიაში. ბარანეცი ლაპარაკობს სარგებელზე, რომელსაც მოსკოვი და ცხინვალი მიიღებენ:

„მოსკოვის მხრიდან, უპირველეს ყოვლისა, ეს პოლიტიკური ნაბიჯია, რომელიც გააღრმავებს სამოკავშირეო ურთიერთობებს რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის და, ცხადია, ეს გააძლიერებს ჩვენს სამხედრო „მუშტს“ რეგიონში... ეს შეთანხმება სამხრეთ ოსეთს, ერთი მხრივ, უკეთესად დააზღვევს შესაძლო თავდასხმისგან საქართველოს მხრიდან და, მეორე მხრივ, რაც უფრო უკეთესი იქნება სამხედრო სამსახურში ფულადი და საბრძოლო უზრუნველყოფა, თუნდაც, სამხრეთ ოსეთის ნაწილისთვის, ეს უკეთესი იქნება ცხინვალისთვის... და კიდევ, სამხრეთ ოსეთი არ მალავს, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე ოცნებობს და მოსკოვთან ნებისმიერი სახის დაახლოებას, თუნდაც, სამხედრო თვალსაზრისით, სამხრეთ ოსეთში ოვაციებით ხვდებიან“.

სამხედრო შეთანხმება ეყრდნობა ე. წ. ხელშეკრულებას „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“, რომელიც მოსკოვმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან 2015 წელს გააფორმა. მსგავსი შინაარსის ე. წ. ხელშეკრულება („მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“) მოსკოვს ოკუპირებულ აფხაზეთთან 2014 წელს აქვს გაფორმებული, რაზე დაყრდნობითაც, აფხაზეთის შემთხვევაში სამხედრო შეთანხმების გაფორმების პროცესი უფრო ადრე დაიწყო და რუსეთის დუმამ ამ დოკუმენტის რატიფიცირება 2016 წელს მოახდინა. ეს ფაქტები არაერთხელ დაგმო საერთაშორისო თანამეგობრობამ და დოკუმენტებს აბსოლუტურად უკანონო უწოდა.

არჩევნები აფხაზეთში
არჩევნები აფხაზეთში

საქართველოს პარტნიორი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები მიმდინარე კვირაში კატეგორიულად გმოდნენ, ასევე, ე. წ. საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც 12 მარტს ჩატარდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში. კენჭისყრის პროცესს უკანონო უწოდა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა, მაგალითად: აშშ-მა, ევროკავშირმა და ნატომ. 12 მარტს ჩატარებულმა ე.წ-მა არჩევნებმა ბევრი ადგილობრივისთვის მოულოდნელი შედეგი გამოავლინა: ხელისუფლებაში ბრუნდება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი, ალექსანდრე ანქვაბი. უკვე ცნობილია, რომ ანქვაბი იმ 12 დეპუტატს შორის მოხვდა, რომლებმაც 50 %-იანი ზღვარი პირველსავე ტურში გადალახეს და რომლებიც ნამდვილად შევლენ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახალ პარლამენტში. დანარჩენი 23 დეპუტატის ვინაობა 26 მარტისთვის დაგეგმილი ხელახალი კენჭისყრის შედეგად გაირკვევა.

მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით გამოცხადდა ძებნა აფხაზ მესაზღვრე რაშიდ კანჯიოღლიზე, რომელიც დაუსწრებლად გასამართლდა გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის ბრალდებით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ რაშიდ კანჯიოღლის პატიმრობის ვადა 14 წლამდე გაუხანგრძლივა. გასული წლის შემოდგომაზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინტერპოლის არხებით მისი ძებნის დაწყებას საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა. როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განაცხადა გიგა ოთხოზორიას მეუღლემ, ნინო მატკავამ, მკვლელის დასჯასთან დაკავშირებით ის იმედიანად არ არის განწყობილი:

„თუნდაც, ერთი წელი მაინც რომ ჩამჯდარიყო ციხეში. ქართულმა მხარემ გინდაც 14 წელი მიუსაჯოს, გინდაც 30 და გინდაც სამუდამო, თუ ის დაკავებული არ იქნება, რა აზრი აქვს ასეთ მისჯას. რაც შეეხება ინტერპოლს, თუკი ეს ადამიანი აფხაზეთში იქნება, ამ ცირკულარით ძებნას რა აზრი აქვს, რუსეთი კი მას ქართულ მხარეს არასდროს გადმოსცემს. ეს მკვლელობა არ მოხდა პირადი კონფლიქტის საფუძველზე, ეს იყო სახელმწიფოს ღირსების დაცვა... ფაქტია, რომ (მკვლელი) დაკავებული არ არის“.

გიგა ოთხოზორია რაშიდ კანჯიოღლიმ გასული წლის მაისში საოკუპაციო ხაზზე იმ დროისთვის ჯერ ისევ მოქმედი ხურჩა–ნაბაკევის საკონტროლო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლა. სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული ვიდეომასალა მოწმობს, რომ ოკუპაციის ხაზის მხრიდან დადევნებულმა პირმა გიგა ოთხოზორიას რამდენიმე ტყვია ესროლა და საკონტროლო გასროლით მოკლა.

დაბოლოს, გასული კვირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ. 13 მარტს ბრიუსელში გაიმართა ნატოს გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია. ანგარიში მედიის წარმომადგენლებს თავად იენს სტოლტენბერგმა წარუდგინა. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, რამაც ნატოს გარდაქმნის საჭიროება განაპირობა, სახელდება რუსეთის აგრესია. მართალია, დოკუმენტში არ არის ლაპარაკი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაგრამ მასში ხაზგასმულია საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები, ნატო-საქართველოს მტკიცე პარტნიორული ურთიერთობები და ალიანსის მზაობა სამომავლო დახმარებისთვის. 120-გვერდიან დოკუმენტში საქართველო არაერთგან არის ნახსენები და მას, როგორც ნატოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორს, სპეციალური ქვეთავიც ეძღვნება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG