Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქვეყნის შიდა და გარე ვნებათაღელვის კვირა


ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე თბილისში
ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე თბილისში

კვირის ერთ-ერთი მთავარი ხმაურიანი მოვლენა უკავშირდება სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელსა და ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეს - ჰერბერტ ზალბერს. 16 მაისს, როცა ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარეები, მორიგი რაუნდისთვის მზადების პროცესში, ცხინვალში სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს შეხვდნენ, გერმანელმა დიპლომატმა ჰერბერტ ზალბერმა საჭიროდ ჩათვალა, რომ გაპრეზიდენტება მიელოცა დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერის, ანატოლი ბიბილოვისთვის:

გადმოწერა

„პირველ რიგში, მსურს მოგილოცოთ იმ არჩევნების შედეგები, რომელიც აქ ახლახან გაიმართა და მოგილოცოთ, რომ დაიკავეთ ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა, რომელიც თქვენ ახლა გაქვთ“.

ჰერბერტ ზალბერის ამ სიტყვებს კმაყოფილებით აღსავსე გამოხმაურება მოჰყვა დე ფაქტო რესპუბლიკის ადგილობრივ მედიაში, რადგანაც ბიბილოვისთვის გაპრეზიდენტების მილოცვა აღქმულ იქნა 9 აპრილს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების აღიარებად და, შესაბამისად, სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობის ხაზგასმად.

ფაქტის გამო აღშფოთება არ დამალა თბილისმა. 17 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებოდ დაიბარეს ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი. ელჩმა თავი აარიდა კომენტარს უშუალოდ ზალბერის სიტყვებთან დაკავშირებით, მაგრამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ევროკავშირი არ აღიარებს 9 აპრილს ცხინვალში ჩატარებული ე.წ. არჩევნების შედეგებს და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. იანოშ ჰერმანს სამინისტროში შეხვდა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას ჰერბერტ ზალბერის მიერ ცხინვალში წარმოთქმულ სიტყვებს „მიუღებელი და გაუგებარი” უწოდა:

ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ჩვენთვის ძალიან მკაფიო პრინციპია, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ და მეც, როგორც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ ამ პრინციპს. მე ამას განვმარტავ ყოველ ჯერზე...
ჰერბერტ ზალბერი

„ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ხელს არ უწყობს როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისთვის. ჩვენ კავშირზე ვართ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან და იმედი გვაქვს, რომ ამას სათანადო რეაგირება მოჰყვება ბრიუსელის მხრიდან“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, თუ რა იგულისხმებოდა ბრიუსელის ადეკვატურ რეაგირებაში - გაფრთხილება თუ მეტი, ვთქვათ, გერმანელი დიპლომატის გაწვევა ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარის პოსტიდან. თუმცა ჰერბერტ ზალბერის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადება მოითხოვა, მაგალითად, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა. ამასთან, სხვადასხვა სახის მკაცრი ზომების მიღების აუცილებლობაზე ლაპარაკობდა პოლიტიკური სპექტრის ძირითადი ნაწილი - როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში.

ასეა თუ ისე, როგორც ჩანს, კონფლიქტი თბილისის მიერ ამოწურულად იქნა მიჩნეული მას შემდეგ, რაც 19 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოცხადდა თავად ჰერბერტ ზალბერი. გერმანელმა დიპლომატმა პირდაპირი პასუხი არ გასცა მედიის შეკითხვას, თუ რატომ მიულოცა გაპრეზიდენტება ცხინვალის ლიდერს, ანატოლი ბიბილოვს, მაგრამ ზოგად განცხადებაში მან ჩამოაყალიბა ევროკავშირის უცვლელი პოზიცია:

„ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ჩვენთვის ძალიან მკაფიო პრინციპია, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ და მეც, როგორც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ ამ პრინციპს. მე ამას განვმარტავ ყოველ ჯერზე... რაც შეეხება საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, ჩატარებულ არჩევნებს, ევროკავშირმა მკაფიოდ განმარტა, რომ ის არ აღიარებს ჩარჩოებს, რომელშიც ეს არჩევნები გაიმართა. მე სრულად ვუჭერ მხარს ამ პრინციპს… ამავე დროს, ევროკავშირს აქვს პასუხისმგებლობა ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და ამიტომ ევროკავშირი და პირადად მე ჩართული ვართ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. ეს ჩემი მანდატის მთავარი არსია და გადაწყვეტილი მაქვს მისი შესრულება“.

ჰერბერტ ზალბერთან შეხვედრის შემდეგ გაცილებით შერბილებული იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას, კომენტარი. მან თქვა, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ „ჩრდილი არ მიადგეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფორმატებს, პროცესებს და ინსტიტუტებს, რომლებსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის და ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის“.

მიმდინარე კვირაში რუსეთის ფედერაცია საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს მიერ მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის, „შავ სიაში“ შეყვანის ფაქტს, რაც განპირობებული იყო „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით. ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო უწყება ქართულ სტუმართმოყვარეობას ბრჭყალებში მოიხსენიებს და რუს ტურისტებს საქართველოში გამგზავრებამდე დაფიქრებას ურჩევს. რუსეთის საგარეო უწყება მოუწოდებს თავის მოქალაქეებს ყურადღებით შეაფასონ რისკები, რომლებიც საქართველოში სტუმრობას უკავშირდება, და იქვე აღნიშნავს, რომ, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ბოლო წლებში რუსეთის მოქალაქეები არაერთხელ დაჯარიმდნენ და გამოვლენილია დაკავების ფაქტებიც.

„როგორც ვხედავთ, ოფიციალური თბილისი აგრძელებს სისტემატურ პროვოკაციებს, რაც ძირს უთხრის რუსეთთან ურთიერთობების გაჯანსაღების პროცესს. რთულია ასეთი ქმედების რაციონალურად ახსნა - რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზაციას ხომ ხელშესახები სარგებელი მოაქვს საქართველოს ეკონომიკისა და ხალხისთვის“, - ვკითხულობთ განცხადების ტექსტში.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები რუსი ტურისტების მიმართ პატივისცემას გამოხატავენ, მაგრამ მოითხოვენ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების დაცვას. 16 მაისს ამ თემაზე არაერთი კომენტარი გაკეთდა. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, ლუჟკოვის თემისადმი რუსეთის საგარეო უწყების საგანგებო ყურადღება წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციაზე მიანიშნებს:

„ლუჟკოვის ბედ-იღბლით რომ დაინტერესდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რა თქმა უნდა, ეს ერთხელ კიდევ ადასტურებს იმას, რომ ლუჟკოვი არ იყო აქ ჩამობრძანებული, როგორც კერძო პირი. მისი ვიზიტი აშკარად ქმნიდა პროვოკაციულ ფონს... ჩვენ ვითხოვთ კანონის პატივისცემას და არა ისეთ განცხადებებს, როგორიც ლუჟკოვმა გააკეთა: მე მესმის, დავარღვიე კანონი, მაგრამ მე ამისთვის მიმიფურთხებია... ეს იყო, რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელი“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 15 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ანალიტიკოსები მოსკოვის ბრაზს, ცინიკურ დამოკიდებულებასა და მუქარას ხედავენ.

17 მაისს თბილისში აღნიშნეს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. ლგბტქი აქტივისტებისა და თემის წევრების მიერ ფარულად დაგეგმილი აქცია უსაფრთხოების საგანგებო ზომების ფონზე ჩატარდა. ოთხშაბათს დილიდან იყო გადაკეტილი მთავრობის ადმინისტრაციასთან მისასვლელი გზები და ადგილზეც შეინიშნებოდა პოლიციელთა სიმრავლე. „თანასწორობის მოძრაობის“ ორგანიზებით დაგეგმილი აქციის 150-მდე მონაწილე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ოცამდე სამარშრუტო ტაქსით, შემოვლითი გზებით, პოლიციის დაცვის თანხლებით მიიყვანეს. ტერიტორიაზე შესვლა შეეძლოთ მხოლოდ აქციის მონაწილეებს, ჟურნალისტებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემდეგ. შექმნილ სიტუაციას „დამამცირებელი“ უწოდა აქციის ორგანიზატორმა გიორგი თაბაგარმა:

„შეზღუდულ პირობებში, ასე მალულად მოგვიწია აქ მოსვლა და სახელმწიფომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სახელმწიფოს არ აქვს იმის უნარი, რომ წინ აღუდგეს მოძალადეს. სახელმწიფო ჩვენზე ძალადობს, სახელმწიფო ძალადობს უმცირესობებსა და ჩაგრულ ადამიანებზე და ის აკეთებს ამას ყოველდღე“.

ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე თბილისში
ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე თბილისში

ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სპეციალური განცხადება გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანებამ „კოალიცია თავისუფლებისათვის“. მასში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ხშირად იგნორირებას უკეთებს ლგბტქი ადამიანების მიმართ ძალადობის გამოვლინებებსა და მათი უფლებების სისტემური დარღვევის პრაქტიკას. ამასთან, განცხადების თანახმად, სრულიად არაეფექტიანი პოლიტიკით სახელმწიფო ხელს უწყობს ძალადობისა და დისკრიმინაციის წახალისებას და მის მიზანს წარმოადგენს ლგბტქი პირთა უფლებების მოჩვენებითი დაცვის ხაზგასმა.

ინგოროყვას ქუჩაზე, ლგბტქი აქტივისტების აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე, 11 საათისთვის მოიყარეს თავი ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავი ღონისძიების რამდენიმე ათეულმა მონაწილემ და, მათ შორის, სასულიერო პირებმა. იყო განმარტებები, რომ ისინი „გმობენ ყოველივე სიბილწეს“ და იცავენ ოჯახის სიმტკიცეს. 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნა 2014 წლიდან დაწესდა, კათალიკოს-პატრიარქის ინიციატივით. ეს დღე ოთხშაბათს თბილისში შეუზღუდავი, თავისუფალი მსვლელობით აღინიშნა.

15 მაისს დაწყებიდან მალევე ჩაიშალა კონსტიტუციის საყოველთაო-სახალხო განხილვა, რომელიც თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, მიმდინარეობდა. მანამდე კონსტიტუციის პროექტის განხილვა 10 ქალაქში გაიმართა, მაგრამ ორშაბათს, დედაქალაქში ჩაშლილი შეხვედრის შემდეგ, გადაწყდა, რომ განხილვის პროცესი გაგრძელდება როგორც რეგიონებში, ისე თბილისში. გადაწყვეტილების თანახმად, დისკუსიების გამართვა დაიგეგმა რეგიონებში - დამატებით 10 მუნიციპალიტეტში, ხოლო თბილისში 10 შეხვედრა ქალაქის რაიონების მიხედვით უნდა შედგეს.

19 მაისს პირველი ნაბიჯები გადაიდგა თვითმმართველი ქალაქების სტატუსის გაუქმების მიმართულებით. რამდენიმე ქალაქის (მათ შორის - გორისა და თელავის) საკრებულოებმა მხარი დაუჭირეს თვითმმართველი ერთეულის გაუქმებას და სათემო მუნიციპალიტეტთან გაერთიანებას. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივაზე დაყრდნობით მიმდინარე პროცესებს კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევენ მესამე სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები. საზოგადების ნაწილი უკან დახევას არ აპირებს და, თვითმმართველი ქალაქების სტატუსის შენარჩუნების მიზნით, ხელმოწერების შეგროვებასაც გეგმავს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG