Accessibility links

გასულ კვირას რუსეთმა კიდევ ერთხელ გადმოსწია საოკუპაციო ზოლი საქართველოს ტერიტორიაზე, რითაც საქართველოს კიდევ ერთმა მოქალაქემ დაკარგა თავისი მიწის ნაწილი. საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებს ოკუპაციის წინააღმდეგ, სტუდენტები კი საოკუპაციო ხაზთან აქციას მართავენ და მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

3 ივლისს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველი გამოცდა აბიტურიენტებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარეს. ქვეყნის მასშტაბით მათ 22 საგამოცდო ცენტრი ემსახურებათ. 2017 წელს უმაღლეს სასწავლებელში გამოცდების ჩაბარებას 39 000 აბიტურიენტი აპირებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას წინ უძღოდა თბილისში, ელიავას ბაზრობის ერთ ნაწილში, გაჩენილი ხანძარი. 2 ივლისს მაღაზიები ათეულობით მოვაჭრეს დაეწვა. ორი დღის შემდეგ კი, 4 ივლისს, ელიავას ბაზრობის საინიციატივო ჯგუფსა და დედაქალაქის მთავრობას შორის შეხვედრა გაიმართა. დაზარალებულები მერიისგან დახმარებას ითხოვენ. მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ ქალაქის მთავრობა ზარალს ვერ აუნაზღაურებს მათ, ვისაც დაზღვევა არ ჰქონდა:

„დაზღვევა ერთადერთი მექანიზმია, როდესაც მსგავსი ტიპის შემთხვევისგან ყველა მეწარმემ უნდა უზრუნველყოს საკუთარი ფინანსური თუ ტექნიკური საფრთხეების დაზღვევა. რაც შეეხება ბანკებთან ურთიერთობას და საგადასახადო საკითხებს, მაგაზეც ვიმსჯელებთ“.

ელიავას ბაზრობა ხანძრის შემდეგ
ელიავას ბაზრობა ხანძრის შემდეგ

ირაკლი ლექვინაძის თქმით, მერია დაზარალებულებს დაეხმარება ბანკებთან ურთიერთობასა და საგადასახადო შეღავათების მიღების პროცესში.

4 ივლისს გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან რუსმა სამხედროებმა კიდევ ერთხელ გადმოსწიეს საოკუპაციო ხაზი, რის შემდეგაც ოკუპაციის ზონაში მოექცა ადგილობრივი ფერმერის, გია ხოდელის, მიწის ფართობის ნაწილი. ეს არ არის პირველი ასეთი შემთხვევა. ორგანიზაცია „სამოქალაქო ფორუმის“ თავმჯდომარე, თემურ არბოლაშვილი, ამბობს, საოკუპაციო ხაზის გადმოწევით რუსეთი ცდილობს მუდმივი დაძაბულობა შექმნას ქართულ და ოსურ მხარეებს შორისო:

„რეალურად ის ტერიტორია, რომელიც ე.წ. საზღვრის იქით მოექცა, უკვე შემოსაზღვრული ჰქონდათ, მაგრამ მავთულხლართები გავლებული არ იყო. ახლაც არ გაუვლიათ, ბანერი დაამონტაჟეს და მოსახლეობას, რომელიც ცდილობდა გამოეყენებინა სახნავ-სათესი სავარგულები, - დაახლოებით, 10 ჰექტარზეა საუბარი, -აუკრძალეს შესვლა. მე მაინც მგონია, რომ რეალურად ოსური ადმინისტრაცია არაფერს არ წყვეტს. ეს ყველაფერი კეთდება რუსეთის დავალებით. რაც რუსეთს სჭირდება, ეს არის ის, რომ საქართველო ამყოფოს დაძაბულობის ქვეშ“.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს, სათანადო შეფასება მისცენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას და მიიღონ ზომები რუსეთის უკანონო ქმედებების აღსაკეთად.

საქართველოს კონსტიტუცია
საქართველოს კონსტიტუცია

გრძელდება აზრთა სხვადასხვაობა კონსტიტუციის პროექტის გარშემო. 6 ივლისს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა, თქვა, რომ კონსტიტუციის პროექტის ახლანდელ ვარიანტთან მიმართებით შეთანხმება მხოლოდ მისი შეჩერებით ან პარლამენტიდან გამოწვევით შეიძლება იქნეს მიღწეული. ამით ის გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას:

„ბატონმა ჯანი ბუკიკიომ გამოხატა კმაყოფილება ჩვენი მზადყოფნის გამო, რომ გავაგრძელოთ დიალოგი, რათა ჩვენ მივიღოთ კონსტიტუცია, რომელიც ნამდვილად იქნება გამოხატულება ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის ნების. ეს არის მნიშვნელოვანი. შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, რამდენად არის მზადყოფნა პოლიტიკურ სპექტრში კონსენსუსის მიმართულებით. ჩვენ, ჩვენი მხრიდან, გადავდგით ძალიან დიდი ნაბიჯები, რომელზეც მე დეტალურად აღარ ვისაუბრებ და კიდევ ერთხელ ვამბობ, მზად ვართ გავაგრძელოთ და კიდევ მოვნახოთ ზომები, სადაც შესაძლებელი იქნება რაღაცებზე კიდევ შეთანხმება“.

ჯერჯერობით არ დაზუსტებულა, რა საკითხების შესახებ მსჯელობაზეა საუბარი ამ განცხადებაში. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მოითხოვს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, რასაც ეწინააღმდეგება პარტია „ქართული ოცნება“. კონსტიტუციონალისტების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ასეთ ვითარებაში, ვენეციის კომისიის პოზიციის მიუხედავად, ქართულ პოლიტიკურ ძალებს შორის, დიდი ალბათობით, შეთანხმება ვერ მოხერხდება.

7 ივლისს სოხუმს ეწვია სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა ბესელიამ, ეს სტუმრობა შეაფასა როგორც „საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ გადადგმული მორიგი ნაბიჯი“:

ბიბილოვის ვიზიტი აფხაზეთში
ბიბილოვის ვიზიტი აფხაზეთში

„ასეთი ვიზიტები, რომლებიც პირდაპირი დარღვევაა ნებისმიერი საერთაშორისო ვალდებულების, შეთანხმების თუ პრინციპის, ჩვენ ასეთ დროს ვრეაგირებთ არამხოლოდ პოლიტიკური შეფასებებით. ჩვენი ინსტრუმენტი არის დიპლომატიური მექანიზმები, საერთაშორისო ფორმატები და ყველა ის ფორუმი, სადაც საქართველოს სუვერენიტეტსა და საქართველოს ინტერესებზე შეიძლება იყოს მსჯელობა“.

8 ივლისს რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად სოფელ ბერშუეთში, რუსეთის საოკუპაციო ზოლიდან რამდენიმე მეტრში, აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილი სტუდენტები საერთაშორისო საზოგადოებასა და საქართველოს მთავრობას მომხდარ ფაქტზე უფრო მწვავე რეაგირებისკენ მოუწოდებენ. „ჩვენ არ შევეგუებით ოკუპაციას“, ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სტუდენტი თემურ ნაფეტვარიძე:

„სათქმელი გვაქვს ყველასთვის, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ, რომ ასეთ რთულ დროს მხარში დაუდგნენ საქართველოს, რადგანაც ასეთი პატარა ქვეყნები ძალიან იჩაგრებიან ისეთი ვეშაპი სახელმწიფოების მხრიდან, როგორიც რუსეთია. ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწებს, ჩვენი ტერიტორიის დაცვა არის ჩვენი პასუხისმგებლობა. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ჩვენი ანექსია, მცოცავი ოკუპაცია უნდა შეწყდეს და, რაც მთავარია, ჩვენ ვიბრძვით სუფთა გულით“.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა მარტო არ დარჩეს რუსეთის პირისპირ, თუმცა აქციის მონაწილეები არასაკმარის რეაქციაზე აკეთებენ აქცენტს. ისინი აქციას 2 დღის განმავლობაში, 8 და 9 ივლისს, მართავენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG