Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროტესტი მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად


გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევა გააპროტესტეს სტუდენტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებმაც დევიზით „არა ოკუპაციას, რუსეთი ოკუპანტია“ საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს ცენტრალური მაგისტრალიდან სოფელ ბერშუეთამდე, სადაც რამდენიმე დღის წინ რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი 400 მეტრით გადმოსწიეს. აქციის მონაწილეებმა დაგმეს რუსეთის ქმედება, საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო თანამეგობრობას კი მეტი აქტიურობისკენ მოუწოდეს.

პროტესტი მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად
please wait

No media source currently available

0:00 0:04:50 0:00
გადმოწერა

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ცოცხალ ჯაჭვში ჩამდგარი ახალგაზრდები სკანდირებდნენ: „რუსეთი ოკუპანტია!“, „ჩვენ არ შევეგუებით ოკუპაციას!“. აქციის მონაწილეებმა საოკუპაციო ზოლიდან რამდენიმე ათეულ მეტრში საქართველოს ეროვნული დროშა გაშალეს და ჰიმნი შეასრულეს.

„გვართმევს ქვეყანას, მეტი რაღას უნდა ველოდოთ? ნებისმიერი ქვეყანა, ერთი მეტრით რომ გადაუწიო საზღვარი, ომს გამოგიცხადებს, ეს არის დაუწერელი კანონი! რაღა პროვოკაციაზეა საუბარი! ღიად და აშკარად გადმოაქვს ეს სასაზღვრო ბანერი და ერთ მშვენიერ დღეს დაგირჭობს ცენტრალურ მაგისტრალზე და გაგწყვეტს წელში, ამიტომ რადიკალური ქმედებებია საჭირო“, განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც სხვა თანამოაზრეებთან ერთად ითხოვდა უშუალოდ საოკუპაციო ხაზის აღმნიშვნელ ბანერთან მისვლას, რაც, ადგილზე მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, უსაფრთხოების თვალსაზრისით დიდი რისკის შემცველი იქნებოდა. აქციის მონაწილეთა ერთმა ნაწილმა კარვები გაშალა და განაცხადა, რომ ადგილზე დარჩებოდა იმის საჩვენებლად, რომ ოკუპანტების მიერ შევიწროებული ადგილობრივი მოსახლეობა ამ განსაცდელში მარტო არაა. როგორც საპროტესტო მსვლელობის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თემურ ნაფეტვარიძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, აქციის ერთ-ერთი მიზანი საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მიპრყრობაცაა:

„სათქმელი გვაქვს ყველასთვის, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ, რომ ასეთ რთულ დროს მხარში დაუდგნენ საქართველოს, რადგანაც ასეთი პატარა ქვეყნები ძალიან იჩაგრებიან ისეთი ვეშაპი სახელმწიფოების მხრიდან, როგორიც რუსეთია. ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწებს, ჩვენი ტერიტორიის დაცვა არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ჩვენი ანექსია, მცოცავი ოკუპაცია უნდა შეწყდეს და, რაც მთავარია, ჩვენ ვიბრძვით სუფთა გულით“.

სტუდენტების პატრიოტიზმი და „სუფთა გული“ ოკუპაციის შესაჩერებლად არასაკმარისად მიაჩნიათ პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტებს. 7 ივლისს უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ საჭიროა სპეციალური ანტიანექსიური სტრატეგიის შემუშავება:

„ფაქტია, რომ საქართველოს სჭირდება ახლებური მიდგომა, რომ უფრო ეფექტურად დაუპირისპირდეს ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ ქმედებას“.

საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული მორიგი ქმედება რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე დღის წინ ჩაიდინეს, როცა საოკუპაციო ხაზი გადმოსწიეს გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში, სადაც საზღვრის აღმნიშვნელი ახალი ბანერის დადგმის შემდეგ ერთ-ერთი ადგილობრივი ფერმერის, გია ხოდელის, ათი ჰექტარი მიწის ნაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა, რამაც საქართველოს ბევრი მოქალაქე განარისხა. ამასთან, ოკუპანტების გარდა, საზოგადოების რისხვა ასევე დაიმსახურა საქართველოს მთავრობამ, რომელსაც ოკუპაციის შესაჩერებლად არაჯეროვანი ძალისხმევის გამო უსაყვედურეს. აღნიშნული ბრალდების პასუხად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა, განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მარტო არ დარჩეს რუსეთის პირისპირ:

„ბოლო დღეების განმავლობაში ეუთოში, ევროკავშირში, გაეროში, ევროპის საბჭოში ჩვენმა მისიებმა დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია ოკუპაციის ხაზის გასწვრივ მიმდინარე უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით და ჩვენი პარტნიორები არიან ინფორმირებული. გარდა ინფორმირებულობისა, ბოლო პერიოდში ჩვენ გვქონდა უპრეცედენტო აქტივობა ამ მიმართულებით და მოვიპოვეთ სერიოზული მხარდაჭერა“.

თუმცა ეს მხარდაჭერა ჯერჯერობთი ვერავითარ გავლენას ვერ ახდენს რუსეთის მთავრობაზე, რომლის წარმომადგენელი, გრიგორი კარასინი, საქართველოს მთავრობას ურჩევს შექმნას ცხინვალის ხელისუფლებასთან ერთობლივი კომისია, რომელიც საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციაზე იმუშავებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია როგორც ოფიციალური თბილისის, ასევე სოფელ ბერშუეთთან, ოკუპაციის მცოცავ ხაზთან, შეკრებილი ახალგაზრდებისთვის.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG