Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაბა დიასამიძე - მომთვინიერებელი


3 ნოემბერი, კვირა
დილით ადრე გამეღვიძა მიუხედავად იმისა, რომ ღამით თითქმის არ მძინებია. ბოლო პერიოდში ხშირად ვხდები ავად და ამის გამო უძილობა მაწუხებს. თანამშრომელს დავურეკე და ვუთხარი, რომ სამსახურში გასვლას ვერ ვახერხებ.

ბათუმის დელფინარიუმში ვმუშაობ მწვრთნელად. დღეს 5 საათზე შოუ გვაქვს. ჩვენი წამყვანი შვებულებაში გავიდა და შოუს წამყვანად მე მოვიაზრები, მაგრამ რამდენად შევძლებ ამ მდგომარეობაში სამსახურში გასვლას, არ ვიცი.

ბერდიამ დარეკა და როცა გაიგო, რომ შეუძლოდ ვარ, მითხრა, შოუს დღეს თვითონ წავიყვანო. გამოჯანმრთელებაც მისურვა. შვება ვიგრძენი. საშუალება მომეცა, ჯანმრთელობას მივხედო.

მოგვიანებით მამამ მთხოვა, ჩემს ძმასთან მანქანით გამეყვანა. ძალიან მომერიდა, მაგრამ მაინც უარი ვუთხარი. მიზეზი არ მითქვამს - არ მიყვარს ჩემი მდგომარეობის გამო სხვისი შეწუხება და არ მინდოდა, ენერვიულა. დედა მაინც გამიბრაზდა: მთელი ცხოვრება თავს გევლებათ შვილებს და უარი როგორ აკადრეო! სამწუხაროდ, არც დედამ იცოდა, რომ ავად ვარ. სერიოზულად ვიკამათეთ. ალბათ, უკეთესი იქნებოდა, ყველაფერი ამეხსნა მაგრამ მაინც ვამჯობინე, დამემალა ჩემი ავად ყოფნა.

4 ნოემბერი, ორშაბათი
გავიღვიძე თუ არა, მობილურზე საათს დავხედე: 15:45-ია. კარგი დასვენება გამომსვლია! მიყვარს, როცა დასვენების დღეს ვზარმაცობ ხოლმე. ავდექი, თავი მოვიწესრიგე და ვიფიქრე, ცოტა ხნით ტელევიზორს შევხედავ-მეთქი, მაგრამ არ დამცალდა. გიორგი მიქაძემ დამირეკა და მთხოვა, მასთან გავსულიყავი. რამდენიმე კვირის წინ კუჭის ოპერაცია გაიკეთა და ფიზიკურ დატვირთვას ერიდება, რის გამოც მეგობრებს ხშირად გვიწევს მისი მონახულება. თან სახლში მარტოა და ეტყობა, ძალიან მოიწყინა.

ნახევარ საათში უკვე გიორგისთან ვიყავი. ცოტა ვისაუბრეთ, ყავაც დავლიე. საუკეთესო ყავას აკეთებს გიორგი! შემდეგ ფილმს ვუყურეთ. დრო ისე სწრაფად გავიდა და ფილმი ისე დასრულდა, ვერც კი შევამჩნიეთ. მეგობრებს დავურეკე და ვისაც დრო ჰქონდა, ყველას მოსვლა ვთხოვე, ცოტა უფრო ხალისიანი რომ ყოფილიყო საღამო. თითქმის ყველა მოვიდა. 8 საათი იქნებოდა, ჯოკერის თამაში რომ დავიწყეთ. ძალიან პრიმიტიული თამაში კია, მაგრამ გართობის კარგი საშუალებაცაა. დიდი ხანია, არ მეთამაშა, თანაც ბანქოში არასოდეს მიმართლებდა და, როგორც თავიდანვე ვივარაუდე, ჩემი თამაში წაგებით დასრულდა. მთელი თამაშის განმავლობაში ჩემს ყურადღებას ბაჩანა იქცევდა. რაღაც გაურკვეველ ენაზე ლაპარაკობდა და ძალიან სახალისოდ მომეჩვენა. მოკლედ, კარგი დღე იყო - მეგობრებთან ერთად კიდევ ერთი დღის გატარების საშუალება მომეცა.

5 ნოემბერი, სამშაბათი
დილით სამსახურში ცოტა დამაგვიანდა, ისევ შეუძლოდ ვგრძნობ თავს, მაგრამ სხვა გზა არა მაქვს... დელფინარიუმის ბინადრების საკვები რაციონი მზად დამხვდა და სანამ უშუალოდ სამუშაოდ გავიდოდით, თითქმის საათი გვქონდა დრო.

საკმაოდ რთული სამსახურია. ძალიან გაწონასწორებული უნდა იყო და ნერვებიც ძლიერი უნდა გქონდეს. მუშაობა აქტიურობას მოითხოვს. არის მომენტები, როცა გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღო, განსაკუთრებით შოუს დროს.

დელფინებთან ურთიერთობა შეუდარებელია, ძალიან ჭკვიანები და, ამასთანავე, ძალიან ცელქები არიან. ხშირად ცდილობენ თავიანთ ჭკუაზე გატარონ, მაგრამ კარგი მწვრთნელი არასოდეს დაუშვებს ამ შეცდომას. თენგო წეროძე გვეუბნება, თქვენ უნდა გაწვრთნათ დელფინი და არა პირიქითო. ამ სფეროში რა ცოდნაც გვაქვს, ბატონი თენგოს დამსახურებაა. ბევრი რამ ვისწავლეთ მისგან და, დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ კიდევ ასათვისებელი დაგვრჩა.

შესვენებაზე ქალაქში გასვლა გადავწყვიტე, თან მანქანის მოწესრიგება მინდოდა. მამამ დამირეკა და მითხრა, რომ მისი უფროსი აპირებს ჩემთან სამსახურში მოსვლას და მთხოვა, უყურადღებოდ არ დამეტოვებინა. სტუმრებს გავაცანი ჩვენი დელფინარიუმი, ბატონი ზურაბი ძალიან კმაყოფილი დარჩა, როცა დელფინებს მოეფერა. ემოციას ვერ მალავდა! მოგვიანებით ერთ-ერთმა სტუმარმა აღნიშნა, რომ ის იუბილარი იყო და დელფინებთან მისი დღევანდელი ურთიერთობა ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარი იყო მის ცხოვრებაში. დიდი მადლობა გადაგვიხადა.

6 ნოემბერი, ოთხშაბათი
დღეს სამსახურში შედარებით ცოტანი ვართ და, შესაბამისად, საქმეც მეტი იქნება. სამსახურში რომ მივედი, ბინადრების რაციონი უკვე გამზადებული იყო.

მუშაობა ზღვის ლომებთან დავიწყეთ. რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ მათგანს პატარა შეეძინა და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. როგორც კი პატარა დაიბადა, უსაფრთხოების მიზნით დედა და პატარა ცალკე გადავიყვანეთ. დღეს საშუალება მიეცა, რომ თავისი მეგობრები ენახა. პედრო განსაკუთრებით ემოციურად შეხვდა. ძალიან გაეხარდა! მთელი დღე გვერდით ეწვა და არავის აკარებდა. მიუხედავად იმისა, რომ ლაპარაკი არ შეუძლიათ, ემოციას კარგად გამოხატავენ. ვფიქრობ, ადამიანებმა ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ მათგან.

შესვენებაზე უნივერსიტეტში წავედი. ორწლიანი პაუზის შემდეგ გადავწყვიტე, დოქტორანტურაში გავაგრძელო სწავლა და შესაბამისი ინფორმაციის მისაღებად ჩემს ძველ პედაგოგს, ქეთევან დოლიძეს მივმართე. როგორც მან მითხრა, მისაღები გამოცდები სექტემბერში იქნება. ასე რომ, სათანადოდ მოსამზადებლად დრო საკმარისი მაქვს.

ისევ სამსახურში დავბრუნდი. დღეს ბატონი თენგო ლექციას ატარებს. ლექციის თემაა „ორგანული და არაორგანული ნივთიერებები, ნივთიერებათა შემადგენლობა და ზოგადად ქიმია“. საინტერესო ლექცია გამოვიდა. ბევრი რამ გავიხსენეთ სასკოლო პროგრამიდან, ბევრი რამ ახალიც ავითვისეთ. ასე რომ, ლექცია შედეგიანი გამოდგა და ერთგვარად სახალისოც იყო.

ლექციის შემდეგ სამუშაო პროცესს დავუბრუნდით. დელფინებთან მუშაობა იმდენად საინტერესო და მრავლისმომცველია, რომ ამ ემოციის გადმოცემა მარტივი სიტყვებით შეუძლებელია. არის შემთხვევები, როცა ცხოველი არ გემორჩილება და ამის გამო უბრაზდები, მაგრამ ის არასოდეს გაგიბრაზდება და შენ მიმართ ყოველთვის დადებითად არის განწყობილი. ვფიქრობ, ხანდახან მათაც აქვთ უფლება, ცოტა წაიზარმაცონ.

სამსახურის შემდეგ სახლში დავბრუნდი. სოციალური ქსელის დიდი მოყვარული არა ვარ, მაგრამ მაინც მიწევს მისით სარგებლობა. გვიანობამდე საყვარელ ადამიანს ვესაუბრე ფეისბუკით. გული მწყდება, რომ ჩვენი ურთიერთობა ჩვენივე სურვილის შესაბამისად ვერ აეწყო. ხანდახან საუბარში ვამჩნევ, რომ საკუთარ თავს ადანაშაულებს ამაში. შეიძლება მეჩვენება კიდეც, მაგრამ თუ ოდესმე ამ დღიურებს წაიკითხავს, მინდა იცოდეს, რომ ის არაფერშია დამნაშავე. უბრალოდ, ასე მოხდა - გულს ვერაფერს უბრძანებ.

7 ნოემბერი, ხუთშაბათი
დღე, როგორც ყოველთვის, სამსახურით იწყება. დილით თევზს ვამზადებ, შემდეგ ცარიელ ჭურჭელს ვრეცხავთ და სამზარეულოს ვაწესრიგებთ. ავდივართ ჩვენს ოთახში და ცოტა ხნით ვისვენებთ. 12 საათისთვის ვიწყებთ ვარჯიშს დელფინებთან. ვასწავლით და ვხვეწთ ახალ ნომრებს, ამასთანავე აუცილებლად ვამეორებინებთ ძველებს. როგორც ნებისმიერ ჩვენგანს, დელფინსაც შეიძლება დაავიწყდეს, გამეორება აუცილებელია. მუშაობის პროცესში ხშირია, როცა დელფინი თვითონ გთავაზობს სიახლეს, ამიტომ ყოველთვის ყურადღებით უნდა იყო, რომ არაფერი გამოგრჩეს. თავისუფალ დროს მათ ქცევას ვაკვირდებით.

დღეს სამსახურიდან ცოტა ადრე გავითავისუფლე თავი - ისევ ჩემი ჯანმრთელობის გამო. ვხვდები, რომ ჩემი მდგომარეობა ნორმალურად მუშაობის საშუალებას არ მომცემს. ასეთ დროს უკეთესია, თუ თავს მოარიდებ დელფინებთან მუშაობას. შენი გუნებ-განწყობა მათზე მოქმედებს და, შესაბამისად, როგორი გუნებითაც გადიხარ მათთან სამუშაოდ, ისინიც იმავე გუნებითა და ხალისით მუშაობენ.

სამსახურიდან სახლში დავბრუნდი. ძალიან სუსტად ვგრძნობდი თავს და დასვენება ვამჯობინე. გვიან ღამით ხმაურმა გამაღვიძა. ჩემი ფანჯარა სახლის უკანა მხარეს სასტუმროს გადაჰყურებს. ორი ქალი კამათობდა საკმაოდ ხმამაღლა. და ერთმანეთს ძალიან უხეშად მიმართავდნენ. ამჯერად თავი შევიკავე. თუმცა, რამდენიმეჯერ სასტუმროს მეპატრონეებთან ჩხუბიც კი მომივიდა. საინტერესოა, რომ უბნის პოლიცია ან თვითონ მოსახლეობა არასოდეს არ ინტერესდება ამ პრობლემით.

როგორც იქნა, მორჩა მათი კამათი, მაგრამ მე ვეღარ დავიძინე. სამი საათი ჭერს ვუყურებდი იმის იმედით, იქნებ როგორმე ჩამძინებოდა. ვეღარ მოვითმინე. ავდექი, ჩავიცვი და სამსახურში წავედი. იქ მაინც იქნება ჩემი უძილობისგან რაიმე სარგებელი.

8 ნოემბერი, პარასკევი
შვიდის ნახევარზე უკვე სამსახურში ვიყავი, თევზის გამზადება დავიწყე. როცა სამზარეულოში საქმეს მოვრჩი, უკვე ცხრის ნახევარი იყო და დათოც მოვიდა. დარწმუნებული ვარ, დღეს მძიმე დღე მექნება. უძილობა ყოველთვის ცუდად აისახება ხოლმე ჩემს გუნებაზეც და მუშაობაზეც. დრო ძალიან ნელა გადის და ეს ძალიან მაღიზიანებს. თან დღეს შოუა და წამყვანი უნდა ვიყო, ეს კი ორმაგად მთრგუნავს. ძალიან რთულია წამყვანობა, დიდი პასუხისმგებლობაა. მაგრამ პირველად არ ვაკეთებ ამას და, ვფიქრობ, დღესაც გავართმევ თავს...

ერთი საათის დასვენების შემდეგ სამსახურში დავბრუნდი და თან ზღვის ლომებთან მუშაობის დროს დავამთხვიე. პედრო ჯერ კიდევ არავის აკარებს თავის ნაშიერს - კონის. არავისთვის ემეტება. დიდი სიფრთხილით ვიმუშავეთ. ასეთ პერიოდში ფრთხილად უნდა იყო. შენი ნებისმიერი წინდაუხედავი მოქმედება მისი მხრიდან შეიძლება აგრესიით დასრულდეს. ვარჯიში კარგად და შედეგიანად დასრულდა. ყოველ შემთხვევაში, პედრო ძალიან კმაყოფილი იყო!

17 საათია. შოუს დროც დადგა. პუბლიკას მაშინვე შევატყვე, რომ მასთან მუშაობა გამიჭირდებოდა. ზოგჯერ მაყურებელი იმდენად გაფანტულია ან ემოციისგან იმდენად არის გაოგნებული, რომ ტაშის დაკვრასაც ვერ ახერხებს - ნანახისაგან შოკურ მდგომარეობაშია. მაქსიმალურად ვცდილობ, ხალხი გამოვაცოცხლო, მაგრამ ზოგიერთს არაფერი შველის. საერთო ჯამში, ყველას კმაყოფილი და ღიმილიანი სახე აქვს. მთავარია, კმაყოფილი იყოს პუბლიკა და კეთილი განწყობით დატოვოს დელფინარიუმი.

მაყურებლის ასეთ სიხარულსა და დადებით მუხტში ლომის წილი მიუძღვით კახა ახალაძეს, გიორგი კირვალიძეს, ლაშა ხარატს, ზაალ ანდღულაძეს, ეკატერინე წეროძეს, ანა ჩულკოვას, დავით ძნელაძეს, ირაკლი გოგრიჭიანს... ამ ვირტუოზებს სათავეში უდგას თენგიზ წეროძე და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ბათუმის დელფინარიუმს ასეთი კარგი პროფესიონალები ჰყავს მწვრთნელებად. ეს არის ჩემი მეორე პატარა ოჯახი და ყველა მათგანის მიმართ დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვარ განწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვკამათობთ: კამათში ხომ საღი აზრი იბადება!

შოუს დასრულების შემდეგ ვინახულე ნატა და შევუთანხმე დეტალები თავისუფლების დღიურების ხვალინდელ ჩაწერასთან დაკავშირებით.

9 ნოემბერი, შაბათი
საკმაოდ რთული გამოდგა ეს ყველაფერი... დღიურების წერას რომ თავი დავანებოთ, რადიოშიც პირველად მაქვს ჩაწერა. ძნელი საქმე ყოფილა. ვისაც გამოუცდია, იცის.
XS
SM
MD
LG