Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნანა დიმიტრიადი - პიანისტი


30 სექტემბერი, კვირა
ორი დღეა ბათუმში ვართ. სანდრო სულ სამი დღით არის ჩამოსული საქართველოში და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ერთადა ვართ. სამწუხაროდ, იშვიათად ვხედავ. პარასკევს ქუთაისში ვიყავით, სადაც სანდროს ლექცია ჰქონდა, როგორც NASA-ს თანამშრომელს. ძალიან გულისხმიერი შეხვედრა გამოვიდა. იმავე დღეს ჩამოვედით ბათუმში, რადგან შაბათს სანდროს უკვე ბათუმის უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაში უნდა მიეღო მონაწილეობა.

მე ვერ მოვითმინე და სანაპიროზე წავედი. ვიცურავე. ალბათ, ძალიან სასასიცილოდ გამოვიყურებოდი, რადგან ქვებმა ფეხები მატკინა და ზღვიდან ხოხვა-ხოხვით ამოვედი.

საღამოს სანდროსთან ერთად ბათუმის ქუჩებში ვისეირნეთ. ბულვარი ძალიან ლამაზია. მთელი ბავშვობა ბათუმში გავატარე, ბათუმი და გაგრა ჩემი უსაყვარლესი ადგილები იყო ყოველთვის.

ახლანდელი ბათუმი ძალიან ლამაზია. ბრწყინავს და ანათებს, მაგრამ მე ჩემი ბავშვობისდროინდელი ბათუმი უფრო მომწონდა. ალბათ, ეს ნოსტალგიის ბრალია.

საღამოს ჩემს ძმისშვილთან, ლიკასთან, და მის მეუღლესთან, ანდროსთან ერთად ვივახშმეთ. ძალიან მიყვარს ჩემი ძმისშვილები.

თავისუფლების დღიურები - ნანა დიმიტრიადი
please wait

No media source currently available

0:00 0:07:25 0:00
გადმოწერა

ეს ყველაფერი გუშინ იყო, დღეს კი, ძალიან ცოტა დრო გვაქვს. 2 საათზე მანქანა გამოგვივლის და თბილისში მივდივართ. დილით ზღვაზე წავედით. ფეხის გულები აღარ მტკიოდა - სანდრომ ზღვის ფეხსაცმელი მიყიდა და მე, ძალიან ბედნიერმა, დიდხანს ვიცურავე.

საღამოს უკვე თბილისში ვართ...

1 ოქტომბერი, ორშაბათი
არჩევნების დღე... ვნებათაღელვა!

სანდროს ეგონა რომ სამშაბათს დილით მიფრინავდა - 5 საათზე. თურმე, დრო შეშლია - 5 საათზე კი მიფრინავდა, მაგრამ საღამოს 5 საათზე. ცოტა ვინერვიულეთ, მაგრამ გაირკვა, რომ მოსამზადებლად და შვილიშვილთან სათამაშოდ დრო მაინც საკმარისი ჰქონდა.

რატომ დაემართა? ნუთუ მე დამემსგავსა?

მთელი დღე - დაძაბული ვნებები! უამრავი ხალხი იყო გამოსული ქუჩაში ხმის მისაცემად. მე ასეთი ხალხმრავლობის დროს ქუჩაში გასვლა არ მიყვარს, მაგრამ ხმის მისაცემად მაინც წავედი.

საღამოსთვის ყველაფერი მიწყნარდა. ჩვენც დავმშვიდდით და გავიხარეთ, რომ ყველფერმა ასე მშვიდობიანად ჩაიარა.

მადლობა ღმერთს!

2 ოქტომბერი, სამშაბათი
სანდრო გავაცილეთ. მე, რა თქმა უნდა, მოწყენილი ვარ. რა მეშველება, როცა ლევანი, თამუნა და საშკაც წავლენ?

დღეს მარინე იაშვილის დაბადების დღეა! ვერ ვეგუები მის გარდაცვალებას და ძალიან მტკივა გული. მარინე დიდი მუსიკოსი იყო, არ მეშინია ამ სიტყვის - გენიალური მევიოლინე! თითქოს ამ ინსტრუმენტისთვის იყო დაბადებული. მარინე იყო განათლებული, ჭეშმარიტი ინტელიგენტი და დიდი პატრიოტი. ჩვენ ძალიან ვმეგობრობდით, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მე ვიყავი მისი კონცერტმაისტერი. ეს უბედნიერესი წლები იყო ჩემს ცხოვრებაში...

3 ოქტომბერი, ოთხშაბათი
დღე ძალიან ცუდად დაიწყო - ქუჩაში წავიქეცი. ღმერთმა გადამარჩინა, რომ არაფერი მოვიტეხე. მაგრამ თავი მაინც ძალიან მაგრად მივარტყი და ამიტომ თითქმის მთელი დღეა, ვწევარ.

საშკა ჩემი შვილიშვილის შვილია. დღეს მაინც სულ გაგიჟდა - ცელქობს და ცუდად იქცევა. დიდი капризуля ბავშვია, თავისებური ხასიათით, მაგრამ უსაყვარლესია და მე მგონია, რომ ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერიც. მოკლედ, ძალიან აქტიური, ხმაურიანი და ცელქია საშკა, მაგრამ არ ვიცი, მის გარეშე, როგორ უნდა გავძლო.

4 ოქტომბერი, ხუთშაბათი
ვწევარ და ვერ ვშორდები ტელეფონს. ტელეფონით მუდამ მიგრძელდება ლაპარაკი. ლეო ყოველთვის ღიზიანდებოდა, ტელეფონით როცა ვსაუბრობდი და მეტყოდა ხოლმე: შენ რომ ნაკლები გელაპარაკა ტელეფონით, რამდენ საქმეს გააკეთებდიო!

ჰოროსკოპით ტყუპები ვარ და ერთ-ერთ ფრანგულ იუმორისტულ ჰოროსკოპში ასეთი რამ წავიკითხე ჩემს ნიშანზე: „ეს სუბიექტები ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ტელეფონით, შეიძლება ითქვას, რომ ისინი, ყურმილით ხელში არიან დაბადებული.“

დღეს დიდხანს ველაპარაკე ჩემს მეგობარს, ედიკო რუსიშვილს. მან ძალიან წვრილად მიამბო ელისო ვირსალაძის თელავის ფესტივალის შესახებ, რომლის პირველი ნაწილი 27-დან 30 სექტემბრის ჩათვლით გაიმართა. ედიკომ მითხრა, რომ ყველა კონცერტი ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა. ფესტივალის ბოლო დღეს დიდი ბანკეტი გაიმართა და ვაჟთა გუნდი ქართულ სიმღერებს ასრულებდა. წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინეს, თურმე, სტუმრებზე. მათ შორის ბევრი იყო უცხოელი მუსიკოსი, იყვნენ, ასევე, შესანიშნავი პიანისტი ბორის ბერეზოვსკი და მისი ქალიშვილი, რომელიც ელისო ვირსალაძის მოწაფეა. ქალიშვილს აღფრთოვენებისაგან ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა, თურმე, ცრემლები, მამა კი ეუბნებოდა: «Слушай, слушай, такого ты больше нигде не услышишь!»

ელისოს ფესტივალის მეორე ნაწილი 18 ოქტომბერს დაიწყება. მე, რა თქმა უნდა, ვაპირებ წასვლას. ელისოს მოსმენა ჩემთვის ყოველთვის ბედნიერი წუთებია.

5 ოქტომბერი, პარასკევი
ამაღამ ვაშინგტონში მიდიან ჩემი საყვარელი ადამიანები - ჩემი შვილიშვილი მეუღლით და შვილთაშვილი. მეშინია, ვაითუ ვეღარ მოვესწრო მათ ნახვას - რაც უნდა იყოს, 80 წლისა ვარ. განშორება ყოველთვის მძიმეა. მხოლოდ ის მამშვიდებს, რომ სანდროს და ნანას გვერდით იქნებიან. არაფერი გაუჭირდებათ, სანამ სამსახურს იშოვნიან. „გრინ კარდი“ მიღებული აქვთ, შესანიშნავად ფლობენ ინგლისურს გერმანულს და რუსულს. რა ვიცი... იმედი მაქვს, გაუმართლებთ.

დღეს დიდი ხმაური იქნება ჩვენთან, მოვლენ მათი ურიცხვი მეგობრები. სიხარულით და განშორების სევდით სავსე საღამო გველის...

6 ოქტომბერი, შაბათი
წავიდნენ! მორჩა! სევდა შემომაწვა! მაგრამ მე ნახევრად ბერძენი ვარ და მამაჩემს ვგავარ - ის იყო ძალიან ძლიერი პიროვნება და დიდი ოპტიმისტი. ვგრძნობ, რომ ყველაფერი კარგად ექნებათ ჩემებს. ღმერთმა ხელი მოუმართოს, ვენაცვალე მათ...

2 საათზე დიდუბეში ვიყავი, ვაჟა ჩაჩავას საფლავზე. ერთი წელი გავიდა, რაც წავიდა ჩვენგან. საშინელება მოხდა! აი, კიდევ ერთი მუსიკოსი, ვისაც უღრმეს პატივს ვცემდი და დღემდე ვეთაყვანები. ვაჟა იყო დიდი მუსიკოსი და დიდი პიროვნება. მასთან ურთიერთობა, ბედნიერება იყო ჩემთვის. ნათელში იყოს მისი სული...
XS
SM
MD
LG