Accessibility links

ნათია კაპანაძე - აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი 


ნათია კაპანაძე

18 დეკემბერი, კვირა

ვიწყებ და დავფიქრდი ჩანაწერების შესაბამისობაზე, თან - ძალიან დავფიქრდი. მე და მარინა ვაშაყმაძე შევთანხმდით - თავისუფლების დღიურებში კონკრეტული დღეების საქმიანი ამბები უნდა იყოს. ჩემი დღეები და ღამეები კი, კარგა ხანია, საქმიანად აირია. თუმცა წესი წესია - მით უფრო, როცა იურისტი ხარ.

ბათუმში ვარ და ჩემი თავისუფლების დღიურები აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ცხოვრების ნაწილია, ისევე როგორც მე. ახლა ამ ორგანიზაციის არჩეული დირექტორი ვარ და მალე ჩემი უფლებამოსილებაც დაიწყება.

ალეპოში აფეთქებებია. სოციალურ ქსელებში ტრიალებს გარდაცვლილი ბავშვებისა და განადგურებული ოჯახების ფოტოები.

ჯერ არაფერი გვეშველა.

ამხელა დარდს ისევ საკუთარი საქმეებისათვის სწორი გზების ძიებით თუ მოერევა ადამიანი. ტელევიზიაში ადრე უნდა მივიდე. მეორე დღეა, სერგი გვარჯალაძე ჩვენს შემოქმედებით გუნდთან ერთად მუშაობს. 26 დეკემბრიდან განახლებულ ეთერს ვიწყებთ და სერგიზე მეტად ვერავის ვენდობით. ხან მგონია, რომ ადამიანები თავიანთი არსებობით არიან უკვე დიდი საჩუქრები. სერგი კრეატივით, ენთუზიაზმით და ადამიანური თვისებებით, მართლაც, დიდი საჩუქარია ჩვენი საზოგადოებისთვის.

ვცდილობ მთელი დღე მასთან შეხვედრაზე დავრჩე, მოვინიშნო მისი და ჩემი თანამშრომლობის იდეები.

ბინის ნახვაც მოვასწარით. აქაური დღეების ყველაზე დიდი სირთულე საკუთარი სივრცის არარსებობა იყო. ყველა საღამოს წარმოვიდგენ ხოლმე თბილისში ჩემი ხელით მოხატულ ოთახებს და მხოლოდ ისე ვისვენებ. იმედია, ბათუმშიც მალე შევძლებ ასეთი სივრცის შექმნას.

კვირა დღე ტექნიკაზე დავით დაიწყო და დასრულდა. ჩემს 20-პუნქტიან დღის გეგმაში ბინის შეძენაზე ფიქრიც შედიოდა.

ვარკვევ თანამშრომელთა შრომით უფლებებს და დეკრეტული შვებულებების საკითხებს. აღმოჩნდა, რომ ბევრი რამ, მართლაც, გასარკვევია.

გასარკვევია ბრენდირების პროცესის დასრულების საკითხი. მგონი, ბერდია ყველა კაბინეტშია და ყველასგან დავალებების შესრულებას ითხოვს. ჩემს კაბინეტში სასაჩუქრე მასალები შემოხიზნა. ოთახი სავსეა ყუთებითა და პასუხისმგებლობით - 25 დეკემბერს 3 წელი ხდება, რაც ორგანიზაციას საზოგადოებრივი სტატუსი მიენიჭა. ერთი დირექტორი მიდის და მეორე მოდის, საზოგადოებას ანგარიში უნდა ჩავაბაროთ, რას და რატომ ვაკეთებთ. ეს პირველი შემთხვევაა ქართულ რეალობაში. ჩვენ განსხვავებულ ისტორიას ვქმნით. აბა რა, ამის სრული შესაძლებლობა გვაქვს.

დღე მთავრდება. გადავამოწმე და ფრიად საიმედო დღე ყოფილა. მე ხომ ყოველდღე წნევასავით ვიზომავ ოპტიმიზმს.

19 დეკემბერი, ორშაბათი

მრჩეველთა საბჭოს სხდომაა და მომავალი წლის ბიუჯეტი უნდა განვიხილოთ. მე ამ დოკუმენტის ავტორი არ ვარ, თუმცა შეძლებისდაგვარად მონაწილე გავხდი. 6 მილიონზე მეტია წარმატებისთვის და კიდევ - 309 ადამიანი. მე ვხედავ სრულ პასუხისმგებლობას ამ პროცესში და სრულ შესაძლებლობასაც. ეს ძალიან დიდი რესურსია საზოგადოებრივი სიკეთეების შესაქმნელად.

პარალელურად მესამე სართულზე ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები ტარდება. მესამე სართული ძველი ხისკედლებიანი სხვენია. კარლსონები არა, მაგრამ ორგანიზაციის მამოძრავებელი ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი იქაა დღე და ღამე. არადა, იქ ყოფნაც კი საშიშია. დამტკიცდება თუ არა ბიუჯეტი, მინიმუმ ხეები უნდა გამოვიტანოთ. კარგად დაემთხვევა დროში - იქნებ ეს მასალები გაჭირვებულ ოჯახებს გასათბობადაც მივცეთ.

17:45 წუთზე ყველაფერი დასრულდა - ბინა გადმოვიფორმე. მადლობა სანტა კლაუსებს და კრედიტ ოფიცრებს. ამ ფაქტს ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა - არ დავუშვებდი, ვინმეს ეთქვა, ეს მხოლოდ დირექტორობის გამო შეძლოო. ახლა ჩემს თავსაც ვუთხარი - ეს მოხდა იმიტომ, რომ ძალიან მჯეროდა.

ასეთივე რწმენით მჯერა ჩემი გუნდის წარმატების.

20 დეკემბერი, სამშაბათი

მოსაწვევები მზადაა. ძალიან დახვეწილია. მეგობრები მწერენ, რომ ჩემი ხელი ეტყობა. სინამდვილეში, ეს ბრენდმენეჯერის დამსახურებაა და ყველას ვუხსნი ამ ამბავს.

უცნაურია, მეგობრებს ჩემი დაბადების დღე ეგონათ და საჩუქრები მაქვს. ძალიან მჭირდებოდა ახლა ეს ენერგია.

მაღაზიაში უნდა შევიარო და ვიყიდო საჭირო წვრილმანები კაბინეტისთვის - ჩაის ტილოები, ხელსაწმენდების ჩასალაგებელი და ა.შ.... მირჩევნია თავად შევიძინო, რათა ეს დეტალები ახირებად არ ჩავუთვალო საკუთარ თავს.

ჭამა ისევ დამავიწყდა. რომ ვაკვირდები, ორი რამ სულ მავიწყდება დღის მანძილზე - ჭამა და პომადის წასმა. არადა, ორივე მნიშვნელოვანია.

21 დეკემბერი, ოთხშაბათი

მე სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ვარ - ამ დღეს მინიმუმ იმიტომ ვიწყებ ასე, ჩემს კოლეგას, მარი ბოლქვაძეს, რომ გაეღიმოს ყოველ ჯერზე. მარი ნიუსრუმიდან შემოქმედებაში ახლახან გადმოვიდა და ახალი გადაცემის აწყობაში მონაწილეობს. ზოგადად, ამ გადაცემისთვის ბევრმა დათმო ძველი საქმე. ალბათ, იმიტომ რომ ეს ფორმატი მომავლის ადამიანებისთვისაა. ასაკს და განათლებას მნიშვნელობა არ ექნება. აქ ადამიანები საკუთარ მომავალს დაინახავენ. მე ასე მგონია.

ჩემი მშობლების ზარის გამო ვწყვეტ მომზადებას. ვერ ვასწრებ და საუბარი სწრაფად უნდა დავასრულო. ამიტომ ვეუბნები დედას, რომ მისი გერმანული კაბა მაცვია დღესაც. ვიცი, ეს ჩემს მშობლებს თანამონაწილეობის შეგრძნებას უზრდით და უხარიათ.

სამსახურში განგებ ვიგვიანებ, ანუ 10:00 საათამდე არ მივდივარ. და ეს განგებ დაგვიანება ადვილი არ არის. ყველაზე საინტერესო სამსახურში დილით მისვლა და სამუშაოსთან სიჩუმიდან შეგუებაა.

1 წელია, ყავა მხვდება ხოლმე და, როგორც ზოგიერთები ამბობენ, ამ ყავას, ალბათ, ღმერთი მიგზავნის. ალბათ არა, ნამდვილად.

პირველივე დღეს მკვეთრი გადაწყვეტილების მიღება მიწევს - აღმოჩნდა, რომ ახალი ამბების გუნდიდან სამი ადამიანი თურქეთში ვიზიტს გეგმავდა იქაური საახალწლო ტრადიციების გადასაღებად. წინა დღეებში რუსეთის ელჩი მოკლეს. დაძაბულობაა ირგვლივ, რაც ნიშნავს, რომ თემის მნიშვნელობა და თანამშრომლების უსაფრთხოება უნდა შეუწონო ერთმანეთს. პირველი სწრაფი გადაწყვეტილება მიღებულია - სამუშაო გუნდი რჩება საქართველოში. სხვა საქმეებს ვტოვებ და ჩავდივარ ნიუსრუმში ამ გადაწყვეტილების ასახსნელად და დასაზუსტებლად.

22:45 წუთია და ვაპირებ გავიდე სამსახურიდან, მაგრამ ბერდო შემოდის და პრეზენტაციის დეტალებს აზუსტებს.

23:45 წუთზე ვაპირებ გავიდე სამსახურიდან, მაგრამ ყაჭეიშვილი და მურვანიძე შემოდიან ჩვეული - მე ვიტყოდი, „მჟავე“ - სახეებით. ამბობენ, რომ დასაზუსტებელია დეტალები, ჩასაწერია ახალი გადაცემის საცდელი ვერსია. ყველა დაღლილია და არავინ არ გასულა შესვენებაზე, ჩემი ჩათვლით. გამახსენდა, რომ ჩანთაში შოკოლადები და გემატოგენები მაქვს. თითქმის ყველას ეყოფა. მაგრამ ყაჭეიშვილი ამბობს, რომ თავის წილს ღლონტს წაუღებს. ღლონტი და ყაჭეიშვილი უფრო აქ ცხოვრობენ. ისეთი პერსონაჟები არიან, მედიაზე დაწერილ ყველა წიგნში რომ მოხვდებიან თავიანთი შრომისუნარიანობით.

22 დეკემბერი, ხუთშაბათი

დილა ეკა შაინიძის შეტყობინებით იწყება - მწერს, რომ აგვიანდება, რადგან ბავშვი ჰყავს ექიმთან. ვპასუხობ, რომ უთხრას, მალე გამოკეთდეს და გვესტუმროს - საჩუქარი კიდევ გვექნება მისთვის. ზოგადად, მგონია, რომ ბავშვებს აქვთ უფლება იცოდნენ, სად დადიან მათი მშობლები და ბავშვებს აქვთ უფლება იამაყონ თავიანთი მშობლების საქმეებით. ეს მშობლებისთვის პასუხისმგებლობაცაა - მუშაობენ კი ასე?

სტუდიების აწყობის გამო ღამისთევებმა თავისი გაიტანა - 09:45 წუთია და 10 წუთში სამსახურში ვარ. 10:10 წუთზე მმართველთა საბჭო იწყება. ეს დირექტორის საკონსულტაციო რგოლია და ყოველდღიურ რეჟიმზე გადავედით. უფრო სწორად, ჯერ 10:00 საათზე შევიკრიბებით და შემდეგ დღის ბოლოს შევაჯამებთ. ასე იქნება, ვიდრე არ დაიძვრება ყველა მნიშვნელოვანი საქმე.

საუბარს თიკო ბერძენიშვილის ზარი ცვლის - არ ვიცი, როგორ მოიცალა ჩემთვის. მეკითხება, რა შეიძლება გავაკეთოთ ერთად, როგორ მიდის ჩემი ამბები. სასწაულია.

აღმოვაჩინე, რომ „ახალი ამბების“ სამსახური 1 და 2 იანვარს მუშაობას არ აპირებს. მიზეზად ამ დღეებში ნიუსების ნაკლებობა სახელდება. აქაც მკვეთრი გადაწყვეტილების მიღება მიწევს - ჩვენ საზოგადოებისთვის ვმუშაობთ და გორში, რუსთავში, ქუთაისში... მყოფმა ჩვენმა მაყურებელმა ზუსტად უნდა იცოდეს, რა მოხდება აჭარაში ამ დღეებში. მოკლედ, ვმუშაობთ და ასე გამოვდივართ კომფორტის ზონებიდან.

კიდევ ერთი საკითხი დაისვა მწვავედ - აღმოჩნდა, განახლებული სეზონის ასაწყობად ადამიანები არ გვყოფნის. არადა, 309 ვართ. მეუბნებიან, რომ შკუბულიანი გარეგადაღებებზე არ უნდა გავუშვა და უნდა დავავალო შიდასამუშაოები. მე ვეთანხმები - თუ ასეა საჭირო, უნდა დაველაპარაკო შკუბულიანს და მის ხელმძღვანელს. ვიღაცამ დაამატა, რომ საერთოდაც შკუბულიანი შვებულებაშია, მაგრამ მაინც საჭიროა ასე მოვიქცეთ. გაოცებას ვმალავ.

მოგვიანებით, კიბეზე შკუბულიანი მხვდება და მეუბნება, რომ ახლა გარეგადაღებებში უფრო სჭირდებათ მისი დახმარება და იქნებ გავითვალისწინო ესეც. ვუყურებ შკუბულიანისა და მისნაირების დაღლილობისგან გადაცრეცილ სახეს, ვუყურებ შკუბულიანისა და მისნაირების სახელფასო მონაცემებს და ვხვდები, რომ ასეთი ადამიანების მოტივაციაზე დგას ორგანიზაციებიც, ქვეყნებიც და იქნებ მსოფლიოც. ჩვენ კი სამუშაოების ორგანიზებისა და ანაზღაურების სამართლიანობა შესასწავლი გვაქვს.

11:00 საათზე თაზო მჟავანაძესთან უნდა ვიყო. შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მხარდაჭერის გამო ორგანიზაციას ჯილდო ერგო. ეს ავანსია. სამომავლო ნაბიჯებისთვის. ახლა ჩვენი სტუდია ადაპტირებული უნდა გახდეს. 2017 წლის ბიუჯეტი დამტკიცდება თუ არა, რადიოს შენობის ადაპტირებას დავიწყებთ.. მომავალ წელს ჩვენი ხაზი განსხვავებული იქნება - ჩვენ არ ვზღუდავთ გარემოს. შეხვედრაზე ინგა შამილიშვილი და მერაბ ხალვაშია, ორივე უნივერსიტეტის განვითარების საკითხზე გავიცანი. ინგა შამილიშვილი ახლა განათლების მინისტრია, მერაბ ხალვაში - უნივერსიტეტის ხელმძღვანელი. როცა ამ ადამიანებს ვხედავ, მგონია, რომ პროგრესს ვხედავ აჭარაში და მიხარია.

შეხვედრიდან „ჰილტონში“ უნდა გავიქცე. კოლეგებიც მოვლენ და დავაზუსტებთ საჭიროებებს 25 დეკემბრის ღონისძიებისათვის.

ჩემს დღიურსაც ფოიეში ვწერ.

„ჰილტონში“ ყველაზე სასიამოვნო ხმის პატრონი ნატალია მეუბნება, რომ ტექნიკურ საკითხებზე ბაჩო დაგვეხმარება. ბაჩო 03 მაისის ღონისძიებაზე გვშველოდა. დღემდე გაოცებული ვარ მისით. ამ კარგი ადამიანის ჩართულობა და დახმარების მოლოდინი რაღაცნაირად მამშვიდებს. ვიცი, რომ ღონისძიება კარგად ჩაივლის.

პარალელურად ვფიქრობ, კიდევ ვინ შეიძლება მიშველოს სახლის სესხზე. ჩემი აივნის ქვეშ გადასახურდავებელი ჯიხურია. ხანდახან ღამით მეღვიძება და ტაბლოს გადავხედავ ხოლმე. ვფიქრობ ჩემს თავზეც და სხვებზეც. ეს წითელი ციფრები მნიშვნელოვნად ცვლის ჩვენს სიმშვიდეს და ცხოვრების ხარისხს.

საღამოს, ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, დაჯილდოებაა „ინტურისტ პალასში“ - ლეილა შავიშვილი ჯილდოვდება. საღამო ძალიან ლამაზ მარია აჭარელს მიჰყავს. ორივე ჩემი თანამშრომელია. რა საამაყოა! დღეს ჯილდოების დღეა. მე ყვავილები მერგო.

ისევ სამსახურში ვბრუნდები ჩვენს გადამღებ ჯგუფთან ერთად. უკანა გზაზე კოლეგებს ვუხსნი, რომ ჩვენ კონტრაქტების შინაარსი ერთად უნდა გავიაროთ - გადავხედოთ, რა მოგვწონს, რა არ მოგვწონს, ჩვენებურად შევასწოროთ, დავაზუსტოთ მოლოდინები და ისე ავიღოთ სამწლიანი კურსი და რომ ამ კურსს ერთი დანიშნულება აქვს - წარმატება.

სამსახურში ისევ გვიანობამდე ვრჩებით: რეჟისორი ამბობს, რომ დეკორის სურათი არ მოიტანეს, წამყვანი განაწყენებულია, რადგან 10:00 დან 18:00 საათამდე სამსახურში გამოცხადების საჭიროება დადგა დღის წესრიგში. ზოგიერთის წინადადებაა: დილით შემოვიდნენ, დაფიქსირდნენ, გავიდნენ და საღამოს ისევ აღრიცხონ გასვლაც - მე კი ვთავაზობ იანვრიდან აქციას „მოდი სამსახურში“. სხვაგვარად არ გვეშველება.

ახლა ყველაზე დიდი დახმარება Dave Brubeck-ს შეუძლია და Take Five საკმარისია. ვცდილობ, სიჩუმეში დავრჩე და დეტალურად მივაწოდო ჩემი მოსაზრებები საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს და მენეჯმენტს. მიუხედავად იმისა, რომ კანონის საფუძველზე შექმნილია ორი დამოუკიდებელი სამართლებრივი სუბიექტი (სსიპ), ვფიქრობ, ჩვენ უნდა ამოვიდეთ საერთო ბიუჯეტირებისა და პროგრამული შეთანხმებების პრინციპებიდან და ჩვენ შორის ნებისმიერი საქმიანი გადაკვეთის წერტილი არ უნდა იწვევდეს დამატებით ფინანსურ ხარჯებს ჩვენი ორგანიზაციებისათვის.

დროა შევცვალოთ დადგენილი პრაქტიკა. დროა კიდევ უფრო ახლებურად შევხედოთ ჩვენს მიზნებსა და საჭიროებებს.

23 დეკემბერი, პარასკევი

დილა მმართველთა საბჭოს შეკრებით იწყება. ერთმანეთს ვუცვლით დღის გეგმებსა და საჭიროებებს.

12:00 საათზე „ახალი ამბების“ სამსახურთან შეხვედრაა. ეს გუნდი რამდენიმე ადამიანმა დატოვა და უნდა შევათანხმოთ გაძლიერების საჭიროება.

14:00 საათზე უნივერსიტეტში უნდა ვიყო. „საერთო წარსულით საერთო მომავლისკენ“ - ასე ჰქვია ღონისძიებას და სოხუმს შეეხება. სიმბოლურია - სოხუმს მხოლოდ ჩემების ფოტოებიდან ვიცნობ და ჩემი მგონია.

...დღის ყველაზე რთული მომენტი მაინც მრჩეველთა საბჭოსთან ჰონორარების გადანაწილების, უფრო სწორად, გადაუნაწილებლობის თაობაზე შეხვედრის აუცილებლობაა. ამ ხათაბალას წინ კიდევ ბიუჯეტში მორჩენილი პრემიების გაცემაზე საუბრებიც ემატება. არაერთმა მიპასუხა, აბა, თანხას უკან ხომ არ დავაბრუნებთო. „უკან“ სახელმწიფო ბიუჯეტია, იმ სახელმწიფოსი, ყველას მხოლოდ სადღეგრძელოებში რომ გვხვდება ხოლმე ძირითადად. ეს ჩვეულებრივი „გრუზინული ტემპია“ და უნდა შევცვალოთ. დროა მივუბრუნდეთ ჩვენს ქვეყანას და ვკითხოთ მარტივად: „ჩვენო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია?.. აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია“, და შევქმნათ ეს სასურველი მომავალი დღესვე, გავამხნევოთ ერთმანეთი ასე მარტივად, პასუხისმგებლობით, კეთილშობილებითა და პროფესიონალიზმით... ხვალ ჩვენ ამ საკითხს დავუბრუნდებით და მჯერა, რომ ჩემი მრჩევლები ახალ პრეცედენტს შექმნიან ამ ჩვენს პირად სარგებელზე ორიენტირებულ საზოგადოებაში.

ჰო, კიდევ ყველაზე უმტკივნეულო იყო - დღეს წარმომადგენლობითი ხარჯი მოვუხსენი დირექტორს, ანუ საკუთარ თავს. საერთოდ, რატომ უნდა ვსვათ ყავა სხვების ხარჯზე?

საღამოს ზვიად სირაბიძის გადაღებაზე მივდივარ საზღვაო აკადემიაში. თოვლიან ეზოში ძალიან ცივა და მაინც, უკვე 4 საათია, მიდის ჩაწერა. არ მინდა პროცესს ხელი შევუშალო. გამოვდივარ. თან პრეზენტაცია ასაწყობი მაქვს. საღამოს ჩვენი დიზაინერი, მაკა მშვილდაძე, ჩამოდის. უცნაური ამბავია - ახლა მე ვარ მისი მასპინძელი. ამ ვიზიტის პატივსაცემად ბუხარს ვანთებ და ამ საოცარ გონიერ ადამიანთან ვაზუსტებ ჩემი მომავალი გეგმების მიზანშეწონილობას.

დღე 03:00 საათზე მთავრდება. მთავრდება სიმბოლური ამბით - ენგურის ხიდი 8 წლის შემდეგ გაიხსნა...კარგ ახანი აღარ მეძინება ამაზე ფიქრით. ძალიან დაღლილი რომ არ ვიყო, ალბათ, აფხაზეთში ჩემი საქმეები დამესიზმრებოდა, ნატყვიარი კედლები და კამკამა ზღვა. ძალიან დაღლილი რომ არ ვიყო, ჩემი აფხაზური სახლი დამესიზმრებოდა, მწვანე მანდარინის ბაღით...ისე, როგორც მანამდე ჩემი ბათუმური აივანი მესიზმრებოდა ხოლმე, ზღვის ხედით. ახლა ის მაიმედებს, რომ სამი წლის შემდეგ შეიძლება ისევ დავწერო თავისუფლების დღიურები აფხაზურ ცხოვრებასა და იქაურ ამბავზე.

24 დეკემბერი, შაბათი

როგორც ველოდი, ვერაფერიც ვერ დამესიზმრა. დილიდან ვცდილობ ძალები გადავანაწილო ისე, რომ ხვალ პრეზენტაციაზე კარგადაც გამოვიყურებოდე და შინაარსიანადაც.

მარინა და ეკა მახსენებენ - დღიურები დღეს უნდა მქონდეს მზად. ამიტომ გადავწყვიტე ბლოკნოტიდან ტექსტი სასწრაფოდ ავკრიფო და სახლში დავრჩე. მაგრამ არ გამოვა, მოვრბივარ სამსახურისკენ - აქვე ვცხოვრობ და შანსი მაქვს ფეხით ვიარო. თანაც პირადი მძღოლიც დასაწყისშივე მოვუხსენი დირექტორს.

ვხედავ ყველა საქმეშია:

­ტელევიზიის წინ მანქანებზე ლოგო იცვლება.

საინფორმაციო დაიჯესტი ჩავარდა სისტემის ხარვეზის გამო.

მრჩევლებს შევხვდი ჰონორარის გადანაწილებისა თუ გადაუნაწილებლობის გამო და ყველა მორჩენილ თანხას, მაღალი ალბათობით, დავუბრუნებთ ჩვენს ქვეყანას

გადაცემა ჰეშთეგის პირველი ჩაწერისთვის მზადებაა. სტუდიაში ვზივარ ჩემი ლეპტოპით. ასე უფრო ერთიანი იქნება ჩვენი საქმეები და, პარალელურად, გავხდებით ჩვენი წარმატებების თანამონაწილეები.

ნიუსრუმელები მწერენ, რომ სიახლეები მოსწონთ და ვინც ახლა სამსახურში არ არის, გული სწყდება. ზოგიერთი თანამშრომლისაგან უხუცესთა საბჭოს ვქმნი წარსულისა და მომავლის გამოცდილების გასაერთიანებლად.

დიზაინერი მუშაობს წამყვანების ვიზუალზე.

რეესტრიდან სმს მოდის, რომ მე უკვე სახლის მეპატრონე ვარ ბათუმში, ჩემი მეგობარი თანხმობას მწერს ბინის სესხზე საჭირო თანხის დამატებაზე და ანგარიში იცვლება.

ახალ სტუდიაში ავეჯი არაფრად ვარგა და სხვა გადაწყვეტილებებს ვიღებთ.

ჩემი რამდენიმე მეგობარი მიდასტურებს, რომ ხვალ ჩამოვა ბათუმში, მოისწრაფიშვილი დაუსრულებელ პრეზენტაციას მართმევს ავანსად.

ვიცლები და ვივსები ქაოსში. რაც მთავარია, ამ ქაოსში ჩანს სასურველი მომავლის სრული გარანტიები.

ხვალ ახალი დღეა.

მე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს, როგორც მედიამექანიზმის, მეთორმეტე ხელმძღვანელი ვარ - ცოტა არ იყოს, საკრალური ციფრიც კია ეს თორმეტი. - კალენდარზეც და საათზეც 12 აჯამებს მთელ ისტორიას. აქაც ასეა - ხვალ ჩვენ შევაფასებთ განვლილ პერიოდს, ანგარიშს ჩავაბარებთ საზოგადოებას, ყველა ყოფილ ხელმძღვანელს ვეტყვით მადლობას ისტორიისთვის და ხვალვე დავიწყებთ ახალი, სასურველი ისტორიის დაწერას. ტექსტის აკრეფას ვამთავრებ და ვატყობ, ბევრი ამბავი დამრჩა დღიურებს მიღმა, მაგრამ ტელევიზიით, რადიოთი და ინტერნეტით შეგვამჩნევს ყველა, რადგან ვმუშაობთ საზოგადოებისთვის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG