Accessibility links

14 მაისი, კვირა

კვირაა, მაგრამ გამოძინების შესაძლებლობა არ მაქვს. რამდენიმე დღეში 17 მაისია. ამჯერად თუ გადავრჩები ცოცხალი? არ ვიცი... ვიცილებ ამ აზრს და, ასევე, მის თანმხლებ აზრებს: შვილები მაინც მენახა ბოლო დღეებში წესიერად...

ნეტა, როგორი დავამახსოვრდები, რამე რომ მომივიდეს? გლოვის მდგომარეობიდან ხომ შეძლებენ ადვილად გამოსვლას? ვინ დაეხმარება მომავალში ჩემ მაგივრად?

მალე ვუბრუნდები მოქმედებას, რადგან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დიდი ხანია მიღებულია, საქმე კი ძალიან ბევრია. ყავას ვიდუღებ, კატას ვუყრი საკვებს და 17 მაისის კამპანიისთვის ჩემი სათქმელი ტექსტის წერას ვიწყებ. ჩემი, როგორც ლესბოსელის, ჩაგვრის ისტორია უნდა დავწერო. ვიწყებ და ვშლი. ისევ ვიწყებ და ისევ ვშლი. მინდა აღვწერო სიმარტოვის განცდა, რომელიც ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი მტანჯავდა. ოჯახთან, მეგობრებთან, ნათესავებთან და ნაცნობებთან მუდმივად სხვა ადამიანის როლის თამაშის აუცილებლობა და ამას მოყოლილი დაძაბულობა როგორ იღვრებოდა ცხარე ცრემლებად ძილის წინ, ისე, რომ მთელ ბალიშს ასველებდა, ვიდრე არ ჩამეძინებოდა. როგორ ვცდილობდი საკუთარი სხეულის მოწამვლას, დაზიანებას სხვადასხვა ხერხებით. როგორ მწარედ მძულდა საკუთარი თავი. როგორ დავწვი ერთხელ ყველა ჩემი ფოტო...

მინდოდა ამ ყველაფერზე საუბარი, მაგრამ არ გამომივიდა. ამის მაგივრად ჩემი დღევანდელი სულიერი მდგომარეობა და ჩემი ყოფა აღვწერე, რაც ძირითადად სხვა ადამიანების დახმარებას და სამოქალაქო აქტივიზმს უკავშირდება.

უცებ გამახსენდა, რომ 17 მაისის აქციის საორგანიზაციო შეკრება მაინცდამაინც იმ არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში იმართებოდა, სადაც თავად ამ ორგანიზაციის ადმინისტრაცია მიკრძალავდა მისვლას. ერთხელ მეგობარმა მითხრა, რომ თუ საკუთარი პრინციპების ერთგულება მინდოდა, მზად უნდა ვყოფილიყავი თავდასხმებისთვის ჩემით, რბილად რომ ვთქვათ, უკმაყოფილო ადამიანების მხრიდან.

შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, მივედი. ეგრე ადვილად რომ ვნებდებოდე, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ვერ ვიმუშავებდი.

შეხვედრა ეხებოდა თბილისში საჯარო შეკრების ორგანიზებას ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს. ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ აქტივისტები, ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ მხარდაჭერით, ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში ვგეგმავდით, წამოგვეწყო ფართომასშტაბიანი საჯარო კამპანია სახელწოდებით „მე გავდივარ რუსთაველზე“. კამპანიის დახმარებით ვაპირებდით საჯარო შეკრებისთვის რაც შეიძლება მეტი მონაწილის მობილიზებას. ხუთასიდან ათასამდე ადამიანის ჩართულობის იმედი გვქონდა. გვინდოდა, საზოგადოებას ენახა, რომ ლგბტ თემს ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

სამწუხაროდ, ეს იდეა აქტივისტებმა ვერ გავიტანეთ, რადგან დანარჩენი ორგანიზაციები წინააღმდეგი იყვნენ საჯარო შეკრების წინასწარ დაანონსებისა. მათი არგუმენტები, ძირითადად, უსაფრთხოების საკითხებს ეხებოდა. ამიტომ გადაწყდა, რომ საჯარო შეკრება არ იქნებოდა საჯაროდ გახმაურებული, დასწრების მსურველები კი გაივლიდნენ წინასწარ შემოწმებას და აქციას მხოლოდ ორგანიზატორთა თანხმობით დაესწრებოდნენ. შეკრების ადგილზე ყველა თანხმდებოდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო რუსთაველის გამზირი, თუმცა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, შეკრება ჩაგვეტარებინა მთავრობის კანცელარიასთან, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 17 მაისს რუსთაველზე შეიკრიბებოდა 10-დან 20 ათასამდე კონტრდემონსტრანტი.

დღევანდელ შეხვედრაზე გაიმართა მსჯელობა საჯარო შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოებაზე. გადაწყდა, რომ აქციის მონაწილეები კანცელარიასთან პოლიციის მიერ ორგანიზებული ტრანსპორტით მივლენ და აქციის დასრულებისთანავე ამავე ტრანსპორტით დატოვებენ ტერიტორიას. შინაგანი პროტესტის მიუხედავად, არაფერი მითქვამს საწინააღმდეგო. მით უმეტეს, რომ შეხვედრის მონაწილე ახალგაზრდები კმაყოფილი ჩანდნენ მიმდინარე მოვლენებით. მათი შემყურე ვფიქრობდი: „ნინო, აქ რომ შენი რომელიმე შვილი იყოს, რას იზამდი? შეეწინააღმდეგებოდი უსაფრთხოების ზომებს იმ მიზეზით, რომ ღონისძიება აზრს კარგავს და პრინციპულ პოზიციაზე დარჩებოდი?“

„ნუ მოკლავ ჯაფარას“ გამახსენდა...

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გავიარეთ ამ შეხვედრაზე: საჯარო შეკრების ხასიათი და საზოგადოებისადმი გზავნილები. ბოლო დროს სულ უფრო სკეპტიკური ხდება ჩემი დამოკიდებულება ცისარტყელისფერებიანი დროშის მიმართ. საქართველოში გეი თემის და, მით უფრო, ტრანსგენდერების ყოფა უმძიმესია. მას, ვისაც ყოველდღიურად გადარჩენისთვის უწევს ბრძოლა, მთელი სამყაროს მიმართ პროტესტის განცდა უჩნდება. ცისარტყელის ლაღი ფერები კი ჩვენი საზოგადოებისთვის, მგონი, სიხარულის განცდას უფრო უკავშირდება. შევეცადე, ეს ჩემი მოსაზრებები შეხვედრის მონაწილეებისთვის გამეზიარებინა.

დღის მეორე ნახევარი სასიამოვნოდ გავატარე მეგობრების წრეში. გავიცანი ახალი ადამიანები, დავტკბი მთაწმინდის კარგად ნაცნობი ატმოსფეროთი და სახლშიც საკმაოდ გვიან მოვედი. დღის განმავლობაში მიღებული სტრესიც სადღაც უკვალოდ გაქრა. სნიკერსს, ჩემს კატას, უხარია სახლში ჩემი დაბრუნება. ყოველთვის უხარია... მეც ხელში ვიყვან და ვეფერები.

15 მაისი, ორშაბათი

ძალიან მძიმე დღე მქონდა. ერთ-ერთი იმ დღეთაგანი, როდესაც ხვდები, რომ არც სახელმწიფოში ცხოვრობ, და არც ადამიანად გაღიარებს აქ ვინმე. დილის 11 საათზე მივედი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში, სადაც ხელისუფლების მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა უნდა გამართულიყო. ფილარმონიასთან უამრავი ხალხი დამხვდა. საკონცერტო დარბაზიც სავსე იყო. გამიმართლა და დარბაზში ერთ-ერთ მიკროფონთან დავიკავე ადგილი. ვაპირებდი ხელისუფლებისთვის მეკითხა, როგორ აპირებს ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების, ტრანსგენდერების დისკრიმინაციისაგან და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისგან დაცვას, დისკრიმინაციასთან ბრძოლისთვის ეფექტიანი მექანიზმების, ადამიანის უფლებების დაცვის რელევანტური სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის არარსებობის პირობებში, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც საქართველოს კონსტიტუციაში შეიტანენ დისკრიმინაციულ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც ქორწინება განისაზღვრება, როგორც ქალის და მამაკაცის კავშირი, რითაც კიდევ ერთხელ მოხდება ლგბტ თემის სტიგმატიზება.

დიდი იმედი მქონდა, რომ ამ კითხვის დასმის საშუალება მომეცემოდა, რადგან პირდაპირ მიკროფონთან ვიდექი.

როგორც იქნა, ხელისუფლების წარმომადგენლები სცენაზე გამოვიდნენ და სკამებზე დასხდნენ. იმავე წამს დარბაზში მყოფთა დიდი ჯგუფი ფეხზე ადგა და ხმაური დაიწყო. მალევე მივხვდი, რომ სტუდენტები „აუდიტორია 115“-დან აპროტესტებდნენ წინა დღეებში მაღაროში ოთხი მუშის გარდაცვალებისა და შრომითი ინსპექციის არარსებობის ფაქტს. თავიდან გამიხარდა, როგორც იქნა, სოციალურ საკითხებზეც გვეღირსა პროტესტი და დისკუსია-მეთქი, მაგრამ სულ ტყუილად. მალევე მივხვდი, რომ არავითარ დისკუსიას ადგილი არ ექნებოდა, რადგან დარბაზში მყოფი სხვა მცირე ჯგუფებიც მიზანმიმართულად მოქმედებდნენ განხილვის პროცესის ჩაშლისკენ. მათი მოთხოვნები აშკარად ამოვარდნილი იყო კონტექსტიდან, რეპლიკები ლოგიკურ იდეებს მოკლებული, ხოლო ქცევის მანერები - ხულიგნური. ვიღაც ქალმა მიკროფონი წამართვა და კითხვის მაგივრად, იგივე თქვა, რაც მანამდე ითქვა. დარბაზიდან სულ ოთხი კომენტარი გაკეთდა, რაც შრომის ინსპექციას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს ეხებოდა. შემდეგ დაახლოებით ათი წუთი ვიდექი აწეული მიკროფონით ხელში, გამიჭირდა მისი შენარჩუნება: გვერდით მდგომმა ქალებმა რამდენიმეჯერ სცადეს, ჩემთვის მიკროფონი წაერთმიათ. ცოტნე გამსახურდიამ მიკროფონი კინაღამ ხელიდან გამომგლიჯა, მაგრამ არ გამოუვიდა. კითხვის დასმის საშუალება მაინც არ მომეცა, რადგან მიკროფონი არ ჩამირთეს. შემდეგ განხილვა სულაც ჩაშლილად გამოცხადდა. რაღაც მომენტში ამოვისუნთქე, რადგან არ ვიცოდი, აგრესიულად განწყობილი, აღელვებული მასის შუაგულში მყოფს, რა მომივიდოდა, ლგბტ საკითხებზე რომ ამოვიღებდი ხმას. გვერდით მდგომები ისედაც ყვიროდნენ: „ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება უნდათ ამათ, პიდარასტებს იცავენ!“

„თანასწორობის მოძრაობის“ ოფისში მისულს, დამხვდა ამბავი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის, 17 მაისთან დაკავშირებით ჩვენთან გამართოს საბოლოო შეხვედრა, რომელზეც უსაფრთხოების საკითხებზე ვიმსჯელებთ. „თანასწორობის მოძრაობის“ გარდა შეხვედრას ესწრებოდნენ „იდენტობა“, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“, „თემიდა“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.

მინისტრის მოადგილემ შეხვედრა ჩვენი მხრიდან აუცილებლად შესასრულებელი პირობების ჩამოთვლით დაიწყო:

შეკრების შინაარსი მხოლოდ დისკრიმინაციას და ძალადობას უნდა უკავშირდებოდეს;

მთავრობის კანცელარიასთან შეკრების მონაწილეები უნდა მივიდნენ მხოლოდ სამინისტროს მიერ ორგანიზებული ტრანსპორტით;

მონაწილეების რიცხვი არ გადააჭარბებს 250-ს;

შეკრება გაიმართება დილის 10-დან 11 საათამდე;

მონაწილეები დაემორჩილებიან პოლიციის პირველივე მოთხოვნას შეკრების ადგილიდან მათი გაყვანის შესახებ.

თავისთავად ცხადი იყო, რომ ჟურნალისტების გარდა, შეკრების ადგილთან არავის მოუშვებდნენ და, რა თქმა უნდა, ამ ღონისძიებას აღარაფერი ექნებოდა საერთო საჯაროდ შეკრების თვისუფლების რეალიზებასთან. ასე ციხის ეზოშიც სეირნობენ ხოლმე პატიმრები...

ხელისუფლების წარმომადგენლები აშკარად კმაყოფილი ჩანდნენ მოლაპარაკების შედეგებით. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ნაწილი ენთუზიაზმით იყო განწყობილი სამომავლო მოვლენების მიმართ, თუმცა უმეტესობა დათრგუნვილი ჩანდა. მე კი ზუსტად ვიცი, რომ 17 მაისს ასეთ აქციაზე არ წავალ. ხომ ხდება ზოგჯერ, რომ რაღაცის გაკეთება არაფრით არ შეგიძლია. არანაირად! ფიქრი და წარმოდგენაც რომ გულს გირევს. ასე დამემართა ამჯერად.

სახლში ტაქსით წამოვედი. მძღოლმა რაღაცაზე გაიხუმრა. სარკიდან გამომხედა და საუბარი აღარ გაუგრძელებია.

სახლში მოსულმა, დღევანდელი შეხვედრის რამდენიმე მონაწილეს დავურეკე. ვეუბნებოდი, ასეთ გასვლას თუნდაც სხვა დღეს გასვლა ჯობია-მეთქი, მაგრამ მხარდაჭერა ვერ ვიგრძენი. ფეისბუკის საორგანიზაციო ჯგუფში უკვე ხდებოდა 17 მაისისთვის ხალხის მობილიზება. მე დავპოსტე, რომ ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობას არ მივიღებდი. არც ამას მოჰყოლია გამოხმაურება.

მინდოდა შვილებთან ტელეფონით საუბარი, მაგრამ გადავიფიქრე. ზედმეტად დაძაბული ვარ.

16 მაისი, სამშაბათი

„თანასწორობის მოძრაობის“ ოფისში მისულს, ჟურნალისტები დამხვდნენ. აქციის საორგანიზაციო ჯგუფი იკრიბებოდა და, როგორც ჩანს, მათი მუშაობის გადაღება უნდოდათ.

მაგიდას მივუჯექი, წერილების კითხვა დავიწყე. მერე თუთამ დამირეკა და რადიო „ფორტუნაში“ თემის იმ წევრების მობილიზება მთხოვა, ვინც კამპანიის ფარგლებში თავის ამბავს ჰყვებოდა. შემდეგ გვანცა შემოვიდა და აქციისთვის სლოგანების მოფიქრება მთხოვა, მარიამს კი სადმე ლანჩზე გასვლა უნდოდა. გამიხარდა, ოფისიდან გასვლა რომ შემომთავაზა. უსუსურობის განცდა მიტევდა აშკარად და გარეთ გასვლა კარგ იდეად მომეჩვენა. როდესაც გავდიოდით, სამუშაო ჯგუფში, რაღაც საკითხზე მსჯელობისას, ნაცმოძრაობა ახსენეს. ამ სიტყვებზე დერეფანში მარის გამოჩენამ ჯგუფში მხიარული სიცილი გამოიწვია. მე თავი ძალიან, ძალიან უხერხულად ვიგრძენი.

ფალიაშვილზე ჩავედით პიცერიაში. მექანიკურად ვჭამდი პიცას. მარის ველაპარაკებოდი რაღაც უმნიშვნელო თემებზე. უცებ მივხვდი, რა უნდა გამეკეთებინა: პერფორმანსი! პერფორმანსი, რომელიც მიმართული იქნება იმ ინსტიტუტებისკენ, რომლებიც ხელს უწყობენ ლგბტ პირთა ჩაგვრას.

პიცერიიდან რომ წამოვედით, დავურეკე სამ მეგობარს, საღამოს სოლოლაკში შეკრება შევთავაზე. არც ერთისთვის არ მიკითხავს, არიან თუ არა მზად, ხვალ თბილისის ცენტრში გამართონ პერფორმანსი, სადაც ერთი მონაწილე განასახიერებს ლგბტ თემის წევრებს, მეორეს გულზე ეწერება „მკვლელი საზოგადოება“, მესამეს „მკვლელი ეკლესია“, ხოლო მეოთხეს - „მკვლელი მთავრობა“. არც იმათ უკითხავთ, რისთვის ვიბარებდი. მიხვდნენ.

რადიო „ფორტუნაში“ ჩაწერის შემდეგ გავვარდი მარჯანიშვილზე და, სანამ მაღაზია დაიკეტებოდა, შავი ნაჭრის ყიდვა მოვასწარი. მე და კაკომ გზაში საშინლად მლაშე თონის პური ვიყიდეთ. გზაშივე ვუამბე პერფორმანსის იდეა.

ასათიანზე მარიამი და ლადო უკვე გველოდებოდნენ. გავუზიარე იდეა და, რა თქმა უნდა, მათ თვალებშიც დავინახე ცეცხლი. „სად გინდა გავაკეთოთ?“ - მკითხა ლადომ. არ ვიცი-მეთქი, ვუპასუხე. „კანცელარიასთან!“ - გამოაცხადა მარიამმა. მლაშე პურს კოკა-კოლა მოუხდა. წავიდა დეტალებზე მსჯელობა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე ვმსჯელობდით, თან გაუჩერებლივ ვხუმრობდით და ვიცინოდით. „აი. ახლა კარგად ვგრძნობ თავს“ - გამოაცხადა მარიამმა. ერთმანეთს გადავხედეთ. დარწმუნებული ვარ, ერთი გრძნობით ვიყავით შეპყრობილი. ამბოხი ხომ რეალობასთან ადაპტაციის ერთ-ერთი ფორმაა!

შემდეგ მე და მარიამი სალის და ნიკიტას დავადექით თავზე. მათ პატარა შვილს უკვე ეძინა. ნიკიტამ კოქტეილი მოგვიმზადა, რაც ჩემთვის დროული და საჭირო აღმოჩნდა. მარიამმა სალის მოუყვა, თუ რას ვაპირებდით და პერფორმანსის ვიდეოგადაღებაში დახმარება სთხოვა. ორივე აშკარა ენთუზიაზმით დაგვთანხმდა. ახლა მხოლოდ მანქანის შოვნაღა დაგვრჩა...

„მაგდა, როგორ ხარ?“ - ტელეფონით ვურეკავ.

„კარგად, ცოტა დავლიეთ.“

„მაგდა, ხვალ შენ და შენი მანქანა დაგვჭირდება საღამოსკენ. ხომ ხვდები, რისთვისაც? შეძლებ?“

„კი.“

„სანამ გავალთ, ამოდი ჩემთან ხუთზე, ყველაფერს მოგიყვები და მერე მიიღე გადაწყვეტილება. თუ რამეა, არა უშავს, მანქანას ვიქირავებთ, მოვასწრებ.“

„კი-მეთქი! რახან გეუბნები, რომ მოვდივარ, ესე იგი, მოვდივარ!“

„მადლობა!“

„რაის მადლობა!“

ღამეა... ნეტა, ვინმემ შემოიხედოს ჩემთან. შავი პრიალა ნაჭრისგან გრძელ კაბებს ვკერავ. სნიკერსი გაკვირვებული დადის ნაჭერზე, რომელსაც ვხაზავ და ვჭრი. სამზე რომ დავიძინო და შვიდზე ავდგე, ცოტა ძილი მაინც გამომივა.

ბავშვებთან ისევ გამომრჩა დარეკვა, ახლა კი შუაღამეა, სძინავთ.

17 მაისი, ოთხშაბათი

დილა კომპიუტერთან გავატარე. როგორც წარმომედგინა, ისე წარიმართა 17 მაისის აქცია: ერთად ყოფნით, ერთად დგომით გახარებული სახეები. მედიით აქა-იქ გაშუქებული პოსტერები. კარგი ამინდი, გაზაფხულის ნიავი და დიდი ლგბტ დროშა ზეიმის ემოციას იწვევდა ჩემშიც კი. გაღიმებული სახეები ეკრანზე და ფოტოებზე. პერიოდულად მაინც ვერ ვითმენდი და ვრეკავდი ან ვწერდი: „მშვიდობაა?“ „ახლა სად ხართ?“ „აქციის შემდეგ პირდაპირ ჩემთან მოდით, ფეხით არ იაროთ!“

პირველი საათისთვის „იმედზე“ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მივედი. როგორც გადაცემის პროდიუსერმა წინასწარვე გვითხრა, უნდა გვესაუბრა კამპანიაზე სახელწოდებით „ძალადობის წინააღმდეგ“, მაგრამ წამყვანებმა საუბარი სულ სხვა თემებისკენ წარმართეს. ძალაუფლების მქონეებისგან ტყუილი ჩვეულებრივი ამბავია. მივეჩვიე უკვე. რუსთაველზეც არავითარი ათიათასი ადამიანი არ შეკრებილა. სამი საათისთვის ტაქსით გავიარე და გზაც გახსნილი იყო და ტროტუარებზეც გამვლელების ჩვეულებრივი რაოდენობა დამხვდა.

საბავშვო სათამაშოების მაღაზიაში ვიყიდე ნიღბები, კოლმეურნეობაზე - საღებავი და მუყაო. არც იმ ტერიტორიაზე ხდებოდა რამე საინტერესო ან უჩვეულო. გავუარე ლადოს და წამოვედით ჩემთან. კაკო ისედაც ჩემთან იყო. მარიამიც მალე მოვიდა.

დანიშნულ დრომდე სამი საათი რჩებოდა. ლადო მუყაოს ცელს ამზადებდა. კაკო და მარიამი წარწერებს აკეთებდნენ. მაგდაც მოვიდა.

„ლიბერალის“ ჟურნალისტს, ბასტის დავურეკე, პერფორმანსის გადაღება ვთხოვე.

შვიდ საათზე გავედით სახლიდან. პერფორმანსის სცენარი იქვე, მანქანაში მგზავრობისას დავხვეწეთ. თავისუფლების მოედანს რომ მივუახლოვდით, დავურეკეთ ბასტის და სალის, რომლებიც უკვე ადგილზე იყვნენ. დავრწმუნდით, რომ პერიმეტრზე მშვიდობა იყო. მანქანაშივე მე, კაკომ და ლადომ გადავიცვით სიკვდილის შავი, გრძელი, კაპიუშონიანი კოსტიუმები და გავიკეთეთ თეთრი, მგონი მართლაც საშიში ნიღბები. მარიამმა გადაიცვა თეთრი მაისური, რომელსაც ეწერა: გეი, ტრანსგენდერი, ლესბოსელი, ბისექსუალი და გაიკეთა ნიღაბი, რომელსაც კეთილი და ოდნავ გაკვირვებული გამომეტყველება ჰქონდა.

მთავრობის კანცელარიასთან, მოედანზე, საკმაოდ ბევრი პოლიციელი დაგვხვდა.

სცენარის მიხედვით, მარიამი გაიქცა კანცელარიის მიმართულებით. მე, ანუ „მკვლელი ეკლესია“ და კაკო („მკვლელი მთავრობა“) მას გავეკიდეთ და დავეწიეთ. ორივე მხრიდან ხელები ჩავკიდეთ, გაქცევის შესაძლებლობას არ ვაძლევდით. „მკვლელი საზოგადოება“-ლადო ნელი ნაბიჯით მოგვიახლოვდა და „ცელით“ „თავი მოჰკვეთა“ მსხვერპლს. ანუ პატრიარქალურმა საზოგადოებამ თავისი ინსტრუმენტების - ეკლესიის და მთავრობის - ხელშეწყობით სიკვდილით დასაჯა ლგბტ თემის წარმომადგენელი, მისი პიროვნების ერთ-ერთი იდენტობის გამო.

ეს არის ის მწარე რეალობა, რომელშიც ის ხალხი ცხოვრობს, ვინც ბედავს და არ ემორჩილება პატრიარქალურ საზოგადოებაში მიღებული ქცევის ნორმებს. რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, თვითონ მოვიკლავ თავს თუ სხვა მომკლავს. ან რატომ უნდა ვცხოვრობდე სოციუმიდან გარიყულად და ვერ ვსარგებლობდე სიკეთეებით, რომლებსაც ყველანი ერთად ვქმნით?!

ესაა პერფორმანსის სიკეთე: ამდენ სათქმელს ორ წუთში ატევ, თან მაყურებლის გარანტირებულ ინტერესს იწვევ.

კანცელარიას მანქანითვე გავეცალეთ. გზაში ხმამაღლა ვიცინოდით. „გამოგვივიდა! რა მაგარია!“ ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებულად თბილი ემოცია დაგვეუფლა. ხუმრობა ხომ არაა, რომ ხუთმა ადამიანმა ერთმანეთს ვანდეთ, რაც კი გვაქვს ყველაზე მნიშვნელოვანი: საკუთარი სიცოცხლე. და ეს სიცოცხლე ყველამ ერთად ჩავიგდეთ საფრთხეში თანასწორობის იდეის გამო.

როგორც იქნა, შვილებს დავურეკე, დავამშვიდე, რომ საფრთხე აღარ მემუქრებოდა.

ამის შემდეგ მეგობრებთან ერთად ოპერასთან ერთ-ერთ ბარში დავლიეთ. თან პერფორმანსის ნახვებს ვაკვირდებოდით. ანგარიში ათასობით დაიწყო ვიდეოს დადების პირველივე საათებიდან. სახლში გვიან მოვედი.

18 მაისი, ხუთშაბათი

დღეს Human Rights Campaign-ის წარმომადგენლებმა „თანასწორობის მოძრაობის“ თანამშრომლებს ჩაგვიტარეს კამპანიების წარმოების მასტერკლასი. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა სქემა, რომელიც საზოგადოებას ჰომოფობიისა და ტრანსფობიის დაძლევაში ეხმარება. ადამიანი აკეთებს „კამინგ აუტს“, ანუ ახლობელთა წრეში ან, თუნდაც, საჯაროდ აცხადებს, რომ არის გეი, ან ტრანსგენდერი, ან ლესბოსელი. მის გარშემო მყოფნი ხვდებიან, რომ ის ჩვეულებრივი ადამიანია, რომ მათთვის მის ორიენტაციას ან გენდერულ იდენტობას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. მათი მხარდაჭერა ადამიანის უფლებების დაცვის უკეთეს შესაძლებლობას იძლევა, ეს კი უსაფრთხო გარემოს ქმნის. ეს ყველაფერი იწვევს იმას, რომ მეტი ლგბტ ადამიანი აღიარებს საკუთარ იდენტობას და საკუთარი ცხოვრებით იწყებს ცხოვრებას. ანუ ადამიანის ღირსების შესაფერისი და უსაფრთხო გარემო კი არ იწვევს ლგბტ თემის ზრდას, არამედ მათ საშუალებას აძლევს, მშვიდად და ბედნიერად იცხოვრონ.

ვიცი, რომ სქემა მუშაობს, მაგრამ მას, ვინც საქართველოში ხდება ხილვადი, როგორც ლგბტ თემის წარმომადგენელი, რთული რეალობა ელოდება, საკუთარი გამოცდილებით ვიცი. ეს არის უსახლკარობა, უმუშევრობა, ავადმყოფობა და ა.შ.

დღეს ოფისში მოვიდა 18 წლის გოგო, რომელიც ოჯახს თითქმის ერთი თვე ჩაკეტილი ჰყავდა სახლში - მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ მისი შეყვარებული გოგოა. სახელმწიფო თავშესაფარშია მეორე დღეა და სამუშაოს ეძებს. ოჯახში დაბრუნებას გამორიცხავს.

ამასობაში ჩვენი პერფორმანსი 75 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა.

საერთო ჯამში კარგი დღე იყო, თუმცა წინა დღეების სტრესი იწყებს მოქმედებას და გუნება მიფუჭდება. კარგია, რომ შვილი მოვიდა სტუმრად. ვუყვები მას მთელი კვირის თავგადასავლებს. შენნაირ დედაზე ნებისმიერი იოცნებებდაო, მეუბნება. ასე მიხსნის ხოლმე სიყვარულს. ვეხუტები და თავს უკეთ ვგრძნობ.

19 მაისი პარასკევი

გოგო, რომელიც მომწონს, ორი დღეა, არ გამოჩენილა. დანაკლისის შეგრძნება ყველა მიმდინარე მოვლენას უფერულს ხდის. არ ვიცი, რაზე ფიქრობს ან რას აკეთებს. არც ის მინდა, ზედმეტად შევაწუხო და არც ის, რომ უყურადღებო ან მის მიმართ გულგრილი ვეგონო. სამსახურიდან სახლში ადრე ვბრუნდები. ვცდილობ, შფოთვა საქმეს გადავაყოლო. ნაკლებად გამომდის. ჯობია დავწვე და კარგად გამოვიძინო. ხვალ ახალი დღეა. ყველაფერი კარგად იქნება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG