17 მარტი, კვირა
გუშინ სემინარზე სტუდენტმა მითხრა, ქართველი მუსლიმი საქართველოს მოქალაქე არ არისო. დაახლოებით ერთი კვირის წინ სხვა სტუდენტმა, ანალოგიური სემინარის დროს განაცხადა, თუ ადამიანი გეია, ის ქართველი ვეღარ იქნებაო. პოლიტიკურ იდეოლოგიებს ვასწავლი 17-18 წლის ახალგაზრდებს და მესმის, რომ ასეთი ტიპის, თუ კიდევ უფრო მძიმე განცხადებებისთვის, ყოველთვის მზად უნდა ვიყო. მაგრამ ყოველი ასეთი შემთხვევის დროს ისეთი განცდა მეუფლება ხოლმე, თითქოს რაღაცა ჩამწყდა, დაინგრა ჩემში, მინდება უამრავი რაღაცის თქმა, ახსნა, კითხვების დასმა და არ ვიცი, საიდან დავიწყო.
ამ საგნის სწავლების ერთადერთი მიზანი სტუდენტებისთვის თვალსაწიერის გაფართოების საშუალების მიცემაა. არაფერი არ არის იმაზე დამთრგუნველი, როდესაც ხედავ მეორეკურსელ ახალგაზრდას, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, რომ უკვე, ასეთ ასაკში, მიაგნო ჭეშმარიტებას და მისი გონება ჩაკეტილია ნებისმიერი ალტერნატიული შეხედულებისთვის. რამდენიმე წელია, ამ სემინარებს ვატარებ და მიუხედავად პირადად ჩემი სკეპტიკური დამოკიდებულებისა არაერთი პოლიტიკური იდეოლოგიის მიმართ, ერთადერთი, რასაც ვისურვებ, არის ის, რომ არც ერთმა ჩემმა სტუდენტმა არ დატოვოს უნივერსიტეტი ფაშისტური მსოფლმხედველობისადმი თუნდაც მცირედი სენტიმენტებით.
ხვალიდან პარლამენტის სასესიო კვირა იწყება და დღეს უნდა მოვასწრო იმ საკანონმდებლო ინიციატივების გაცნობა, რომლებიც საკომიტეტო მოსმენებზე შემოვა სამშაბათს და ხუთშაბათს. ქუთაისის სამუშაო განრიგი პრაქტიკულად გამორიცხავს ამ საქმისთვის დროის გამოძებნის შესაძლებლობას. თუმცა, როგორც კი ვხსნი ნოუტბუკს, ვიწყებ ელფოსტასა და ფეისბუკზე მიღებული წერილების შემოწმებასა და პასუხების გაგზავნას. უკანასკნელ თვეებში იმდენი საკომუნიკაციო არხი გავხსენი ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რომ თითოეულ მათგანზე ჩემი აქტიურობის ხარისხობრივი მაჩვენებელი აშკარად გაუარესდა :)
ელგზავნილებზე პასუხების გასაცემად დაახლოებით საათნახევარი დამჭირდა და მივაღწიე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებამდე. როგორც მოსალოდნელიც იყო - საინტერესო არაფერი. მიყვარს ასეთი სასესიო კვირები, როცა არსებულ, კარგ შემთხვევაში სასაცილო, ხოლო ცუდ შემთხვევაში ქვეყნისთვის საზიანო ინიციატივებს, ახალი აღარ ემატება.
18 მარტი, ორშაბათი
დღეს, 15 საათზე, შინაგან საქმეთა მინისტრი მოდის პარლამენტში ოპოზიციასთან შესახვედრად. ერთი საათით ადრე ტრადიციული შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი ფრაქციის ოთახში, რათა თემები და კითხვები გავიაროთ და შევაჯეროთ. უმცირესობის უმრავლესობა, ცხადია, დაიგვიანებს :). საქართველოში დაგვიანება მიღებული პრაქტიკაა, ხოლო პოლიტიკოსი თუ ხარ, უკვე ვალდებულება ხდება :).
სანამ სერგო გამომივლიდა და ქუთაისისკენ დავიძვრებოდით, გადავწყვიტე სტუდენტებს შევხმიანებოდი. მაინც არ ამომდის თავიდან იმ სტუდენტის ნათქვამი. ერთიან „მეილინგ-ლისტებზე“ (ამ ტერმინის ქართული შესატყვისი არ ვიცი) გადავუგზავნე ილია ჭავჭავაძის 1877 წელს გამოქვეყნებული წერილი „ოსმალოს საქართველო“, სადაც ის ამბობს, რომ ქართველი არ ერჩის ადამიანის სინდისს. ასევე გადავუგზავნე გიორგი კანდელაკის მიერ მოწოდებული იმ მუსლიმი ქართველების სურათები, რომლებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუშაობაში მე-19 საუკუნის ბოლოს, ან საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობას შესწირეს სიცოცხლე. ერთ-ერთ სურათზე, რომელიც გიორგიმ მოიძია, და რომელზეც 1920 წელს ბრიტანელების მიერ საქართველოს დამოუკიდებელი რეპუბლიკისთვის ბათუმის გადმობარებაა ასახული, ქართველებს ხელში უჭირავთ გაშლილი ბანერი წარწერით: „გაუმარჯოს გაერთიანებულ საქრისტიანო და სამუსლიმანო საქართველოს!“ უნიკალური ფოტოა.
ქუთაისისკენ მიმავალ გზაზე ლევან ვასაძის მიერ გამოქვეყნებული წერილის კითხვა დავიწყე და ისევ ის სტუდენტი გამახსენდა. „ერი და სახელმწიფო“ - ასე ჰქვია ამ წერილს, რომელიც ათასგვარ ზედაპირულ ანალიზთან და პრიმიტიულ მოსაზრებებთან ერთად, თავიდან ბოლომდე გაჟღენთილია ფაშისტური სულისკვეთებით. თურმე ენა და რელიგია ვერ განსაზღვრავს ერის რაობას, რადგან სხვადასხვა ენებზე მოლაპარაკე და განსხვავებული კონფესიების მქონე ხალხებისგან შემდგარი ერებიც არსებობს სამყაროში. ამიტომ, რადგან სხვა გზა არ დაგვრჩენია, დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას უნდა მივმართოთ იმის გასარკვევად, ვინმე არის ჩვენი ერის ნაწილი თუ არა. თუმცა, წასაკითხად ნამდვილად სახალისო იყო. თუ აქამდე მეგონა, რომ რუსეთის მოტრფიალე ქართველებს მხოლოდ დოსტოევსკიზე ემართებოდათ ეპილეფსიური გულყრები, ახლა დავრწმუნდი, რომ ტოლსტოის ქრისტიანულ-აგრარულ-კოლექტივისტური შეხედულებებიც არანაკლებ დაფასებულია ამ ქვეყანაში.
ვასაძის „მაინ კამპფიდან“ პირდაპირ შინაგან საქმეთა მინისტრის შეხვედრაზე აღმოვჩნდი. ბ-ნმა ღარიბაშვილმა არ დაარღვია უმრავლესობის რამდენიმეთვიანი ტრადიცია და ყველა „ჩამჭრელ“ კითხვას უპასუხა შემხვედრი შეკითხვებით: „აბა, თქვენ რომ სისხლს სწოვდით ხალხს, კარგი იყო?“ სტილში. რამდენიმე კითხვაზე გაცემული პასუხები მომეწონა, მათ შორის ის, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში მსჯავრდებული პირები, რომლებიც პარლამენტმა პოლიტპატიმრის სტატუსით გამოუშვა ციხიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავს.
საღამო და, პრინციპში, ნახევარი ღამე, ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენების მასალების გაცნობასა და ფეისბუკზე აქტიურობაში გავატარე. ვასაძის წერილის ამონარიდებმა სამუდამო ადგილი დაიმკვიდრეს ჩემს გულსა და სტატუსებში :).
19 მარტი, სამშაბათი
ეკონომიკის კომიტეტში შემოვიდა ახალი ინიციატივა, რომლის კანონად ქცევის შემთხვევაში ყველა აბრაზე სავალდებულო გახდება არსებული წარწერის ქართული ვერსიის დატანა. კანონპროექტის ავტორი და მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ეს ქართული ენის დაცვისა და პოპულარიზაციისთვის არის საჭირო. თუ სახელმწიფოს გარეშე შეუძლებელია, შევინარჩუნოთ ქართული ენა, მაშინ როგორ მოვახერხეთ ეს უკანასკნელი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, როცა არათუ სახელმწიფო, ერთი დამოუკიდებელი სამთავროც კი არ გვქონდა? ინიციატივას მარტო შევეწინააღმდეგე, ვთქვი, რომ კერძო საკუთრებაზე ვინ რა ენაზე გააკეთებს წარწერას, ეს მხოლოდ მისი საქმეა. ასევე, ავხსენი, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში მცირე და საშუალო მეწარმეებს მოუწევთ დამატებითი ხარჯების გაწევა, მათ კი ისედაც უჭირთ და ამიტომ არ ღირს ამ ინიციატივის მხარდაჭერა. შედეგად, კიდევ ერთხელ მომეწება „უჯიშო ლიბერასტის“ საპატიო იარლიყი :).
ჯანდაცვის კომიტეტზე ამავე სფეროს მინისტრი გვესტუმრა და მოგვიყვა მთავრობის გეგმების შესახებ ჯანდაცვის, პენსიებისა და დასაქმების საკითხებთან მიმართებით. გეგმები, როგორც ყოველთვის კეთილხმოვანია და ბ-ნი სერგიენკოც უდავოდ დიდი თეორიული ცოდნის მატარებელი ჩანს. თუმცა, ამ ყველაფრისგან კარგი არაფერი გამოვა: შრომის ბაზრის ახალი რეგულაციები კიდევ უფრო გააუარესებს უმუშევრობის მხრივ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, ხოლო ჯანდაცვის სისტემის დაგეგმილი რეფორმა, რომელიც სახელმწიფოს როლის უკიდურესად გაზრდას და კონკურენციის ელემენტის პრაქტიკულად გამორიცხვას გულისხმობს, საბოლოო ჯამში გამოიწვევს ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუარესებას, ფასების ზრდას და სახელმწიფოსთვის ისეთი ვალდებულებების დაკისრებას, რომელთა გასტუმრებამაც საბიუჯეტო და ეკონომიკურ კრიზისებამდე მიიყვანა საბერძნეთი, პორტუგალია, ესპანეთი და ევროპის სხვა ქვეყნები.
თავდაცვის კომიტეტზე სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადის ერთ წლამდე შემცირების ინიციატივა შემოიტანეს. ეს სავალდებულო სამსახური, ცხადია, სრულად გასაუქმებელია და რაც მალე მოხდება ეს, მით უკეთესი. მაგრამ უცნაურია, როდესაც კითხვაზე - „ამ კანონის მიღების შემთხვევაში, დღევანდელი მდგომარეობით რამდენი ჯარისკაცი დარჩება ჯარში?“ - პასუხი არ აქვთ არც თავდაცვის სამინისტროს და არც თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენლებს. ამას თუ არ აქცევენ ყურადღებას და არ ითვლიან, აბა რას ითვლიან?
საღამოს პრეზიდენტი ჩამოვიდა წყალტუბოში. ხუთშაბათს ყბადაღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს უნდა ეყაროს კენჭი და ერთიან პოზიციაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ. განხილვას ვერ ვესწრები, რადგან ქუთაისში მიწევს დაბრუნება - ეკა კვესიტაძესთან მაქვს ჩართვა გადაცემაში. ეკასაც იგივე თემა აინტერესებს და გადაცემის სხვა სტუმრები მარჩიელობენ იმასთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ უმცირესობაში. მგონი ვერ დავაჯერე, რომ ჩვენს ინდიფერენტულობას ამ საკონსტიტუციო ცვლილებასთან მიმართებით საზღვარი არ აქვს. შინაარსს ვგულისხმობ, თორემ ფორმაზე (დავუჭიროთ თუ არა მხარი), ცხადია, ვკამათობთ.
ვბრუნდები წყალტუბოში, თუმცა განხილვაში ჩართვას ვერ ვასწრებ, რადგან გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ. ბ-ნ გოგი ოჩიაურს ჰქონდა კარგი იდეა, რომ ჩაგვეწერა ასეთი შიდა განხილვები, 20-30 წლის შემდეგ საქართველოს ისტორიის მკვლევრებს გამოადგებათო. მაგრამ რად გინდა, არ ვაკეთებთ...
20 მარტი, ოთხშაბათი
წყალტუბოში ვცხოვრობ, პატარა სასტუმროში. გარშემო უამრავი მშენებლობაა დაწყებული და შუა გზაზე გაჩერებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ საბჭოთა დროს აქ დღეში ორი მატარებელი ჩამოდიოდა მოსკოვიდან და ჩამოჰყავდა საბჭოთა ნომენკლატურა „ბალნეოლოგიური სიამტკბილობის“ მისაღებად. ზოგიერთი ძველი სანატორიუმის ზომები და მარმარილოს სვეტები ნათლად აჩვენებს, ერთი მხრივ, რა მასშტაბის ტურიზმზე იყო ეს ყველაფერი გათვლილი, ხოლო, მეორე მხრივ, ასევე თვალნათლად წარმოაჩენს საბჭოთა დაგეგმილი ეკონომიკის უკიდურეს ირაციონალიზმს. დღეს თითქმის ყველა მშენებლობა შეჩერებულია, ამბობენ, ინვესტორები ქვეყნის დასტაბილურებას ელოდებიანო.
ერთი დაკვირვება: წყალტუბოს სასტუმროებში საქართველოში ყველაზე ზრდილობიანი და კეთილგანწყობილი პერსონალია. მათთან ყოველ გასაუბრებაზე „მიმინოდან“ ხაჩიკიანის პერსონაჟის ფრაზა მახსენდება ხოლმე: „ზდრავსტვუიტე, გასპადინ ხაჩიკიან!..“ :). ავი ენები ამბობენ, რომ დასაწყისში მხოლოდ კობა სუბელიანს სცნობდნენ სახეზე და, შესაბამისად, გამორჩეული მოწიწებაც მხოლოდ მისკენ იყო მიმართული. ამავე მიზეზით, ჩვენი სასტუმროს საუკეთესო ნომერიც სწორედ მას ხვდა წილად :).
10 საათზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის სხდომაზე ვარ. სახელმწიფო მინისტრი საუბრობს ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის შესაძლო ცვლილებაზე, რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნაზე, მოლაპარაკებებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებების მხარეებად აღიარებაზე, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე და სხვა. მთავარია, დინამიკა შევქმნათ და პროცესი არ იყოს სტატიკურიო. პრაქტიკულად არაფერში ვეთანხმები. საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთებზე თურმე იმიტომ უნდა გვქონდეს განსხვავებული მიდგომა საზღვრის დამრღვევ პირებთან მიმართებით, რომ მათი ქმედება არის „გულწრფელი“ და კანონს ისინი გაუცნობიერებლად არღვევენ. ვკითხე, ავტომობილით მოძრაობისას შემთხვევით რომ გამომრჩეს სიჩქარის შეზღუდვის მანიშნებელი და „გულწრფელად“ და „გაუცნობიერებლად“ დავარღვიო საგზაო მოძრაობის წესი, უნდა დამაჯარიმოს თუ არა პატრულმა-მეთქი? მიპასუხა, მაგაზე ადმინისტრაციული ჯარიმაა და იმავე ტიპის ჯარიმას საზღვრის დარღვევაზეც ვტოვებთო. მგონი, ვერ მიხვდა ჩემი კითხვის არსს. ან არ მიხვდა.
12 საათზე ფრაქციის ოთახში ვიკრიბებით და სესიასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს გავდივართ. ცხარე კამათი, ხმაური, ყვირილი და უხვი თამბაქოს კვამლი. რამდენიმე წელია, მოწევას თავი დავანებე (სიგარეტს ვგულისხმობ) და ახლა, ირიბი გზით ვივსებ ორგანიზმში შექმნილ ნიკოტინისა და კუპრის დეფიციტს.
13 საათზე სესია დაიწყო. მხოლოდ ნაწილს დავესწარი. საღამოს წყალტუბოში დავბრუნდი და ისევ ელფოსტას ჩავუჯექი.
23 საათსა და 17 წუთზე Viber-ზე მომდის კობა სუბელიანის შემდეგი შინაარსის გზავნილი: „იოგურტზე, პეპსი-კოლაზე და რულეტზე დაგპატიჟებ“.
21 მარტი, ხუთშაბათი
ღამის 2 საათზე სასტუმროს კარზე გაავებული ბრახუნით მაღვიძებს დეპუტატთა ჯგუფი, ცხადია ყველა უმცირესობიდან, მთხოვენ შევუერთდე მათ დისკუსიას J. ვთანხმდები და საკუთარ თავზე ძალადობით უარს ვამბობ გამოძინების პერსპექტივაზე. საინტერესო და სასიამოვნო ღამეს ვატარებ.
დილით ადრე ვიღვიძებ და მივდივარ სახელგანთქმული სამკურნალო წყლის აბაზანების სანახავად. სასტუმროდან გამოსვლისას მახსენდება ეკონომიკის კომიტეტში შემოსული კანონი და ვაკვირდები სხვადასხვა აბრებს. თუ ეს კანონი გავიდა, რის ალბათობაც საკმაოდ მაღალია, მარტო წყალტუბოს ამ პატარა მოედანზე ოთხ-ხუთ მცირე მეწარმეს მოუწევს დამატებითი ხარჯების გაწევა, რათა აბრებზე დაიტანონ ქართული წარწერები. რატომ უნდა ავალდებულებდეს მათ სახელმწიფო, ეს ფული, ნაცვლად საკუთარი შვილებისა, ახალ აბრებზე დახარჯონ, გაუგებარია!
წევრი არ ვარ, მაგრამ შევდივარ განათლების კომიტეტის სხდომაზე. სერგოს ინიციატივები გამოდის, ე.წ. „სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის“ მეტი ავტონომიის მოპოვებას ცდილობს. თუმცა, დიდი ალბათობით, ვერ გაიტანს, რადგან მთავრობას სრულიად საპირისპირო გეზი აქვს არჩეული - ამ უნივერსიტეტებს არამომგებიანი იურიდიული პირიდან საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაქმნას უპირებენ. სერგოს კანონპროექტზე მთავრობის დასკვნას ვკითხულობ და ვხვდები, რომ შაშკინი არსად გამქრალა, აქ არის, ჩვენს გვერდით.
ეკონომიკის კომიტეტზე წყალტუბოში გადაღებულ აბრების სურათებს ვაჩვენებ და ვუხსნი, რომ ამ აბრების მფლობელებს არ ულხინთ და მათთვის დამატებითი ხარჯების დაკისრება გაუმართლებელია. ჩემი მცდელობა კვლავ უშედეგოა, კომიტეტის ზოგადი განწყობაა: „ქართულად დაწერაზე უარის თქმა როგორ შეიძლება?!“ ვხვდები, რომ დავმარცხდი, პროაქტიურად თანხმობას ვაცხადებ აზარტული თამაშების აკრძალვის თაობაზე სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე (ცხადია, ხელის შეშლის მიზნით) და მივდივარ ჯანდაცვის კომიტეტზე, რომელიც დამთავრებული მხვდება.
დღეს საკონსტიტუციო ცვლილებები გამოდის სესიაზე პირველი მოსმენით. მთელ დღეს ურთულეს მოლაპრაკებებში ვატარებთ. მოვახერხე რამდენიმე ისტორიული, „კულისებსმიღმა“ ფოტოს გადაღება. საბოლოო ჯამში ვთანხმდებით, კიდევ ერთხელ ვბრუნდებით სასესიო დარბაზში და სარეიტინგო კენჭისყრის შემდეგ ხმას ვაძლევთ ცვლილებებს. მოლაპარაკებების დეტალებს აქ არ გავამხელ და მემუარებისთვის შევინახავ :).
22 მარტი, პარასკევი
ღამის 2 საათზე მაღვიძებს იგივე დეპუტატების ჯგუფი იგივე შემოთავაზებით. კვლავ ვთანხმდები და მიჩნდება განცდა, რომ ჩემდაუნებურად ერთგვარ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. დილის 5 საათამდე ვბჭობთ.
სესიაზე უამრავი საკითხია გამოტანილი. ვცდილობ, ყველას გავეცნო, რადგან ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც ჩემს კომიტეტებზე არ შემოსულა. ვკითხულობ კანონპროექტებს და ვხვდები - დეპუტატების ერთ ნაწილს ღრმად სწამს, რომ ადამიანები ისე დაიწყებენ ცხოვრებას, როგორც მათ კანონმდებელნი უკარნახებენ. მეტიც, ამ განცდისგან ერთგვარ სიამოვნებასაც იღებენ - შემიძლია მთელი ქვეყნის მოსახლეობა ვატარო ჩემს ჭკუაზე! რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო მიმზიდველი? მით უმეტეს, როცა დარწმუნებული ხარ, რომ შენს ჭკუაზე სიარული ყველაზე სწორი მიმართულებით სიარულია, შენი ზნეობრივი ნორმები და წარმოდგენები საზოგადოებრივ მორალზე ყველამ უნდა გაიზიაროს და შეისისხლხორცოს, დღეს შენი დროა, რადგან უმრავლესობაში ხარ და ძალაუფლება ჩაგივარდა ხელში. ოთხი წლით საშუალება მოგეცა მწყემსო ხალხი და როგორ შეიძლება, ამაზე უარი თქვა? ასეთ ტიპაჟს დაუმატეთ გრაფომანია, გამოხატული კანონპროექტების წერაში და... ნელ-ნელა ვემშვიდობებით თავისუფლებას.
საღამოს თბილისში ვბრუნდები, ხვალ მთელი დღე სემინარები მაქვს და ღამე უნდა მოვემზადო. გზაში სერგოსთან ვსაუბრობ ჩავლილ საპარლამენტო კვირაზე. ემოციები სხვადასხვაგვარია, როგორც ყოველთვის.
23 მარტი, შაბათი
სასესიო კვირის შემდეგ სტუდენტებთან ურთიერთობა ერთმნიშვნელოვნად სიამოვნებაა. განსხვავებით პარლამენტისგან, ამ სემინარებზე ვსწავლობ, ვკითხულობ და ვგრძნობ5 როგორ იღვიძებს ჩემი გონება, რომელიც უაზრო და, ხშირ შემთხვევაში, მავნე კანონპროექტების კითხვისგან მცოცავი დაჩლუნგების საფრთხის ქვეშაა :).
მაგრამ ვიღვიძებ მწვავე კონიუნქტივიტით და უნივერსიტეტის ნაცვლად ექიმთან მივდივარ. გაწითლებულ თვალს უნდა მივხედო, რადგან ვიზუალური „კეთილმოწყობა“ ჩემი სამუშაოს აღწერილობის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა :). პარალელურად, გონებაში ვემზადები ამ დღიურის აუდიოვერსიის ჩასაწერად. არ ვარ დარწმუნებული, რომ საინტერესო გამოვიდა. სამწუხაროდ, მეტი დრო არ მქონდა. თან... არ არის მაინცდამაინც საინტერესო პარლამენტარის ცხოვრების რეჟიმი.
P.S.: ლევან ღვინჯილიას კომენტარი ვიხილე ქართული აბრების კანონპროექტთან დაკავშირებით. არაკომპეტენტური ადამიანის დაწერილიაო; პროფესიონალებს არ ეკითხებიანო. ქართულად ეს ასე ითარგმნება - „აღმიდგინეთ ენის პალატა!“