Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი წიგნი რომანტიზმზე


წელს ერთდროულად ორი წიგნი გამოვიდა რომანტიზმზე: ლიტერატურის ინსტიტუტმა ზაზა აბზიანიძის საერთო რედაქციით მომზადებული კრებული დაბეჭდა - "ქართული რომანტიზმი - ნაციონალური და ინტერნაციონალური საზღვრები", გამომცემლობა „მერიდიანმა“ კი კონსტანტინე ბრეგაძის "გერმანული რომანტიზმი - ჰერმენევტიკული ცდანი" გამოსცა.

სხვათა შორის, ბოლო პერიოდში ქართულენოვანი კრიტიკა და ლიტერატურათმცოდნეობა ნაკლებ ყურადღებას აქცევდა ქართველ რომანტიკოსთა შემოქმედებას. თუკი თამარ ლომიძის ძალიან მნიშვნელოვანი სტატიების ციკლს არ ჩავთვლით (სხვათა შორის, 13-ვე ეს სტატია შესულია წიგნის ბიბლიოგრაფიაში), უკანასკნელმა ოცმა წელიწადმა ქართული რომანტიზმის კვლევაში განსაკუთრებული სიახლეების გარეშე ჩაიარა. კიდევ დავასახელებდი იუზა ევგენიძის წიგნს გრიგოლ ორბელიანზე და აწ გარდაცვლილი შესანიშნავი ფილოსოფოსის, კახა კაციტაძის რამდენიმე სტატიას, რომლებიც ძირითადად ქართული რომანტიზმის ფილოსოფიურ საფუძვლებს შეეხებოდა. კახა კაციტაძის სტატია, კახა ჯამბურიასთან თანაავტორობით დაწერილი, ამ კრებულშიც შევიდა. "ქართული რომანტიზმის ისტორიულ-კულტურული კონტექსტი" ის საკითხია, რომლითაც იხსნება კრებული და ეს თემა თავიდანვე განსაზღვრავს ქართველი პოეტების ადგილს მსოფლიო კონტექსტში. ჩემი სტუმარი, კონსტანტინე ბრეგაძე, შეეცადა დაეზუსტებინა ეს საკითხი:

"შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ქართული რომანტიზმი არ იყო სტიქიური მოვლენა - რაღაც ეპიზოდური ან სტიქიური მოვლენა, რომელიც მხოლოდ რუსეთის გავლით შემოვიდა. აქ კიდევ სხვა კონტექსტებია და ამ წიგნში უკვე მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი იკვეთება და განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა იმ თავს, სადაც არის საუბარი იმ მსოფლმხედველობრივ წინაპირობებზე, რის საფუძველზეც ქართული რომანტიზმი წარმოიშვა. და აქ არის მნიშვნელოვანი კახა კაციტაძის, აწ გარდაცვლილი ფილოსოფოსის წერილი ქართული რომანტიზმის ფილოსოფიურ საფუძვლებზე. და ის გამოყოფს და ასაბუთებს, რომ ქართულ რომანტიზმს გარკვეული ამოსავალი ჰქონდა - ცხადია, ისეთი ღრმა თეორიული საფუძვლები არა, როგორც გერმანულს, მაგრამ გარკვეული თეორიული წანამძღვრები, სოლომონ დოდაშვილის და მისი ფილოსოფიური ნაშრომების სახით, ჰქონდა ქართულ რომანტიზმს. და იგი ხაზს უსვამს, რომ ქართული რომანტიზმის თეორიული საფუძვლები და წინაპირობები გერმანულ რომანტიზმშია საძიებელი."
გავიხსენოთ რომანტიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი და თეორეტიკოსი, ფრიდრიჰ ფონ ჰარდენბერგი, რომელიც ცნობილია ნოვალისის სახელით... სწორედ მან შემოიტანა სააზროვნო სივრცეში ნეოლოგიზმი ...

კრებულში გერმანული რომანტიზმის შესახებ სტატია შორენა შამანაძეს ეკუთვნის. აქვეა თემურ კობახიძის, გიორგი ეკიზაშვილის, თამარ კოშორიძის, მერი ტიტვინიძის და თამარ ციციშვილის სტატიები ინგლისური, ფრანგული, იტალიური, ესპანური და სხვ. ქვეყნების რომანტიკულ მიმდინარეობებზე. ასევევ გაგა ლომიძის, ქეთევან ელაშვილის, მაია ჯალიაშვილის, მერაბ ღაღანიძისა და ქეთო ნინიძის სტატიები, ზაზა აბზიანიძის ლიტერატურული პორტრეტები.

წიგნში ბევრს მსჯელობენ თავად რომანტიზმის ცნების შესახებ, ზოგიერთი ავტორი მის ეტიმოლოგიას უღრმავდება, სხვები კი მეტაფორებითაც აღნიშნავენ მას. მაგალითად, გაგა ლომიძე თავის სტატიაში "ევროპიდან საქართველოში" სეზონური მეტაფორებით ახასიათებს მას: "რომანტიზმის ხანა შეგვიძლია შევადაროთ გაზაფხულს, ახალგაზრდობას, ენერგიას და ინტენსიურ წვას, მოჭარბებულ სიმხურვალეს, დაფერფლვას...". ძალზე საინტერესოდ აფასებს და რომანტიზმის ცნების საფუძვლებს უღრმავდება კონსტანტინე ბრეგაძე თავის წიგნში, რომელმაც ჩემთან საუბარში ასე აღწერა ეს საფუძვლები:

"გავიხსენოთ რომანტიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი და თეორეტიკოსი, ფრიდრიჰ ფონ ჰარდენბერგი, რომელიც ცნობილია ნოვალისის სახელით... სწორედ მან შემოიტანა სააზროვნო სივრცეში ნეოლოგიზმი „გარომანტიულება“, „გარომანტიულების“ თეზისი, პოსტულატი. საერთოდ, რომანტიზმი, ჩემი აზრით, სწორედ ამ კონტექსტში უნდა იქნეს გააზრებული, ანუ „გარომანტიულების“ თეზისის კონტექსტში. რა არის ეს „გარომანტიულება“ ნოვალისის მიხედვით? ეს არის სამყაროს ისეთი ხედვის შემუშავება, როდესაც ადამიანი, თავისი შინაგანი შემეცნებითი ძალმოსილებიდან გამომდინარე, იწყებს გარღვევას, ე.წ. ტრანსცენდირებას. თავისი თავის და სამყაროს გადალახვის პროცესი გულისხმობს ემპირიული სინამდვილის დაძლევას, საკუთარი ემპირიული სუბიექტურობის დაძლევას და უფრო მაღალი თვალსაზრისის მოპოვებას საკუთარ თავზე და სამყაროზე."

მისი წიგნი ნაწილობრივ ამ დაძლევის გზებსა და მცდელობებსაც იკვლევს, იგი ძირითადად ადრეულ გერმანულ რომანტიზმზე, ე.წ. იენის სკოლის წარმომადგენლებზეა - ნოვალისზე, შლეგელზე, შლაიერმახერზე - და იქვე მონიშნავს ავტორი მათ ნაშრომებსაც, წიგნებს, რომელთა შესწავლის გარეშეც შეუძლებელია გერმანულ და ზოგადად მსოფლიო რომანტიზმზე საუბარი. ამ ავტორების გარდა, კონსტანტინე ბრეგაძე ეხება გოეთეს შემოქმედებასაც, ასევე კანტის ტრანსცენდენტალური ფილოსოფიის მიმართების საკითხს რომანტიზმთან.

მის ნაშრომში, მაგალითად, ვკითხულობთ, რომ რომანტიზმი ლიტერატურის ისტორიაში პირველი ლიტერატურული მიმდინარეობაა, "რომელიც თავის თავს თეორიულ-ფილოსოფიურ განაზრებებსა და წანამძღვრებზე აფუძნებდა", ასევე სწორედ რომანტიზმმა დააფუძნა პირველად კონცეპტუალური მწერლობის ფენომენი, კონცეპტუალური ლიტერატურის პრეცედენტი.
1. სამყაროს დაყოფა მოვლენათა და მიღმურ სამყაროებად. 2. ამ ორი სამყაროს რადიკალური დაპირისპირება. 3. აქცენტირება სუბიექტზე. 4. ყოფიერების პრინციპად სწრაფვის გაგება. 5. ადამიანის განსაკუთრებულად, კერძოდ, ცნობიერად მსწრაფველ არსებად გააზრება ...

დღესაც ბევრი რამით შეიძლება აქტუალური იყოს რომანტიზმი თანამედროვე მკითხველისთვის. ამ თვალსაზრისით კონსტანტინე ბრეგაძემ გაიხსენა ეკოლოგიური მოძრაობისა და რომანტიზმის ურთიერთმიმართების საკითხი:
"და ეს "რომანტიული" ბევრგან შეგვიძლია მოვიძიოთ, იგი ყველგან არის. თუნდაც დღევანდელი ეკოლოგიური მოძრაობა სწორედ რომანტიზმიდან იღებს სათავეს, იმიტომ რომ ბუნების ეს ხედვა, რომელიც, სხვათა შორის, გერმანულ და ქართულ რომანტიზმში თანხვდება ერთმანეთს, ანუ ბუნება განიხილება როგორც ფრაგმენტი, ღვთაებრიობის გამოვლინება ემპირიულ სინამდვილეში, რომანტიულია. მისი ძირები სწორედ იქ არის საგულვებელი, ანუ გერმანულ რომანტიზმში, იმდენად, რამდენადაც, სწორედ გერმანულმა რომანტიზმმა შეიმუშავა ბუნების ეს გაგება როგორც შესაქმისეული ფენომენისა."

დასავლეთში გამოსულ სპეციალურ ლიტერატურასაც რომ გადაავლოთ თვალი, აუარება კვლევას იპოვით, რომელიც რომანტიზმისა და ეკოლოგიური პრობლემების ურთიერთმიმართებას, ვორდსვორტის, ბლეიკის, თოროს, ემერსონისა და სხვათა შემოქმედებას ეძღვნება. არსებობს ასეთი ცნებაც - ეკოლოგიური ლიტერატურული კრიტიკა.

დაბოლოს, მინდა ისევ ქართული რომანტიზმის ფილოსოფიურ საფუძვლებს დავუბრუნდე და დასკვნის სახით წარმოგიდგინოთ ის რამდენიმე საკითხი, რის გამოც ქართული რომანტიზმი თამამად შეგვიძლია ევროპული რომანტიზმის კონტექსტში მოვიაზროთ. ციტატა აღებულია კახა კაციტაძისა და კახა ჯამბურიას სტატიიდან:

"1. სამყაროს დაყოფა მოვლენათა და მიღმურ სამყაროებად. 2. ამ ორი სამყაროს რადიკალური დაპირისპირება. 3. აქცენტირება სუბიექტზე. 4. ყოფიერების პრინციპად სწრაფვის გაგება. 5. ადამიანის განსაკუთრებულად, კერძოდ, ცნობიერად მსწრაფველ არსებად გააზრება. 6. ადამიანის გაგება როგორც ზეგრძნობადი მიღმური სინამდვილისაკენ მსწრაფველი არსებისა. 7. ცნობიერი სწრაფვის გენეზისის რომანტიული გაგება (რომელიც, თავის მხრივ, ფიხტედან მოდის)".

ზემოთ დასახელებულ წიგნებში ეს და ბევრი სხვა საკითხია განხილული, შეხვდებით თამამ ჰიპოთეზებსაც, კარგად ნაცნობ დებულებებს თუ პარალელებს, ახლებურ გააზრებებს, რაც საშუალებას მისცემს თანამედროვე და მომავლის მკითხველებს და მკვლევარებს ახლიდან წაიკითხონ ზოგისთვის სრულიად უცნობი, სხვებისთვის კი უკვე მობეზრებული კლასიკური ტექსტები.
XS
SM
MD
LG