Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ლიდერთა განვითარების აკადემია გაიხსნა


ლიდერთა განვითარების აკადემიის გახსნა
ლიდერთა განვითარების აკადემიის გახსნა

ეკონომიკური კვლევის ცენტრმა, სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა პროგრამას, რომელიც საქართველოში ლიდერთა განვითარების აკადემიის დაარსებას გულისხმობს. აკადემიის პირველი კურსი მიეძღვნა საჯარო პოლიტიკის როლს კერძო სექტორის განვითარებაში. ლიდერთა განვითარების აკადემიის ფარგლებში, კონკურსის გზით, 30 მონაწილე შეირჩა.

ლიდერთა განვითარების კურსს საქართველოში სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის დირექტორი ფრენსის ფუკუიამა უხელმძღვანელებს. ამის თაობაზე მან თავადაც ისაუბრა სასტუმრო „რუმსში“ ეკონომიკური კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, სადაც დილით აკადემიის გახსნის ცერემონიაც გაიმართა:

„აქ იმისთვის ვარ, რომ ვასწავლო პროგრამა, სახელწოდებით „ლიდერთა განვითარების აკადემია“. ის გულისხმობს სასწავლო კურსს საჯარო მოხელეებისთვის, პოლიტიკური რეფორმის გატარებას კერძო სექტორის წასახალისებლად. მოხარული ვარ, რომ კვლავ დავბრუნდი საქართველოში, რადგან ვფიქრობ, ეს ის ქვეყანაა, რომელმაც დემოკრატიისა და მთავრობის მშენებლობა უფრო ქმედითი გახადა, ვიდრე ბევრმა სხვამ ამ რეგიონში“.

სტენფორდის უნივერსიტეტმა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა საქართველოში დააარსა ლიდერთა აკადემია, რომელიც ითვალისწინებს ისეთი ტრენინგების ჩატარებას, რომელიც აუცილებელია აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნესსექტორის და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებისთვის...
ნინო ევგენიძე

„ლიდერთა განვითარების აკადემიის“ ფარგლებში, კონკურსის გზით, საქართველოდან და მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნებიდან 30 მონაწილე შეირჩა. ისინი ბიზნესის, სამოქალაქო და საჯარო სფეროებში დასაქმებული ხელმძღვანელი პირები არიან.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორის ნინო ევგენიძის თქმით, პროგრამა მონაწილეებს საშუალებას მისცემს გაიღრმაონ ცოდნა და გამოცდილება, იმისათვის რომ უკეთ ჩაერთონ ქვეყნის მართვაში:

„სტენფორდის უნივერსიტეტმა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა საქართველოში დააარსა ლიდერთა აკადემია, რომელიც ითვალისწინებს ისეთი ტრენინგების ჩატარებას, რომელიც აუცილებელია აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნესსექტორის და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებისთვის, რაც ითვალისწინებს უკეთეს სახელმწიფო პოლიტიკას, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას და იმ დემოკრატიულ ცვლილებებს, რომელიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის და განვითარებისთვის“.

პროგრამის 30 მონაწილეს შორისაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაურიც. მისი თქმით, აკადემია იქნება ადგილი, სადაც საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო გამოცდილების მაგალითებზე დაყრდნობით, უკეთესი გამოსავლის მოძიებაზე იმსჯელებენ:

„მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს შეიძლება გარკვეული მიღწევები ჰქონდეს პროფესიულ ცხოვრებაში, მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანის უნარები გაუმჯობესდეს კონკრეტული მიმართულებით. ამიტომ დამაინტერესა აკადემიამ. ამასთან, აქ არიან მსოფლიოში ცნობილი ტრენერები და პროფესორები, რომლებიც სწორედ იმით არიან ცნობილები, რომ სახელმწიფო მართვასთან დაკავშირებით აქვთ სწორი ხედვები“.

სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, ილიას უნივერსიტეტში საჯარო ლექციაც გაიმართა. ლექციის თემა იყო „პუტინის რუსეთი: მიმდინარე მოვლენები და რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევები“. როგორც ილიას უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ განმარტა, საქმე შეეხება როგორც რუსეთის საშინაო განვითარებას, ასევე მას, როგორც გამოწვევას რეგიონალური უსაფრთხოებისათვის:

გიგა ზედანია
გიგა ზედანია

„ყველაზე საინტერესო იქნება, თუ რა გავლენას ახდენს რუსეთში დამძიმებული შიდა მდგომარეობა მის ქცევაზე საერთაშორისო ასპარეზზე. ცხადია, რომ აქ მოიაზრება საქართველოს და უკრაინის შემთხვევაც, ასევე რუსეთის როლი ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებში და ჩვენ გვაინტერესებს გამორჩეული სპეციალისტების ცოდნა და აზრი, თუ რას უნდა ველოდეთ მომავალში რუსეთისაგან, რომელიც რჩება ჩვენს ყველაზე საშიშ მეზობლად“.

სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ერთობლივი ღონისძიებები 22 იანვრის ჩათვლით გაიმართება. მათ შორის, ლიდერთა ფორუმის ფარგლებში, იქნება ღამის დებატებიც.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG