Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლარსში 6-მეტრიანი თოვლიც რომ მოვიდეს, სომხეთში თხევადი გაზი მაინც შემოვა - ეკონომიკის მინისტრი

სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა რადიო თავისუფლებას უპასუხა საქართველოს ნაცვლად რუსეთიდან LNG-ის იმპორტისთვის აზერბაიჯანის ტერიტორიის გამოყენებაზე
სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა რადიო თავისუფლებას უპასუხა საქართველოს ნაცვლად რუსეთიდან LNG-ის იმპორტისთვის აზერბაიჯანის ტერიტორიის გამოყენებაზე

სომხეთისა და აზერბაიჯანის შეთანხმების შედეგად, ერევანში აცხადებენ, რომ თხევად გაზს (LNG), - რაც რუსეთიდან სომხეთში საქართველოს გავლით შედიოდა, - ამიერიდან აზერბაიჯანის რკინიგზის გამოყენებითაც ჩაიტანენ სომხეთში.

შეთანხმებაზე ინფორმაცია თავდაპირველად სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, გევორქ პაპოიანმა სამშაბათს, 27 იანვარს გაავრცელა. ოთხშაბათს, 28 იანვარს კი რადიო თავისუფლებას განუცხადა:

„[ზემო] ლარსში 6 მეტრის თოვლის შემთხვევაშიც კი, თხევადი გაზი და ბიტუმი სომხეთში შეუფერხებლად შევა“.

მინისტრის თქმით, სომეხ ბიზნესმენებს უკვე შეუძლიათ ახალი გზით სარგებლობა.

LNG-ის დეფიციტი სომხეთში

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, 2026 წლის იანვრის მეორე ნახევარში სომხეთის ბაზარზე თხევადი გაზის სერიოზული დეფიციტი წარმოიშვა.

თხევადი გაზი სომხეთში სატრანსპორტო საშუალებებში ფართოდ გამოიყენება.

დეფიციტის მიზეზად სახელდება, ერთი მხრივ, ლარსის გზის „ჩაკეტვა“, ასევე ირანში მომხდარი საპროტესტო აქციები.

დეფიციტის პარალელურად თხევად გაზი გაძვირდა - ფასი 190 დრამიდან 300 დრამამდე (დაახლოებით 1.36 ლარიდან 2.14 ლარამდე) გაიზარდა, რამაც მომხმარებელთა უკმაყოფილება გამოიწვია.

ახლა, როდესაც აზერბაიჯანულ მხარესთან შეთანხმება მიღწეულია, მინისტრი პაპოიანი ამბობს, რომ ლარსის გზის ჩაკეტვის მიუხედავად, თხევადი გაზი სომხეთში ჩააღწევს - აზერბაიჯანის გავლით.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ფასების ცვლილება საწვავის აზერბაიჯანის გავლით იმპორტის შემდეგ, მინისტრმა უპასუხა:

„მიზანი ყოველთვის არის საქონლის მაქსიმალური უწყვეტობის უზრუნველყოფა და, ბუნებრივია, ტრანსპორტირების ხარჯების შემცირება და, შესაბამისად, თვითღირებულების შემცირება“.

„დამატებითი მარშრუტი კარგია“ - იმპორტიორი

კომპანია „მეგა ტრეიდი“, - საწვავის იმპორტიორი კომპანია, რომელიც სომხეთის მმართველი პარტიის დეპუტატის, ხაჩატურ სუკიასიანის ოჯახის საკუთრებაშია, - ჯერჯერობით ვერ ახერხებს იმის თქმას, თუ რამდენად მომგებიანია ახალი შესაძლებლობა ბიზნესისთვის.

„მეგა ტრეიდი“ ამჟამად რუსეთიდან სომხეთში თხევად გაზის იმპორტს საქართველოს გავლით ახორციელებს.

კარინ ჰაიირიანი, „მეგა ტრეიდის“ დირექტორი
კარინ ჰაიირიანი, „მეგა ტრეიდის“ დირექტორი

კომპანიის დირექტორმა, კარენ ჰაირიიანმა, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მათ ჯერ კიდევ სჭირდებათ თხევადი გაზის აზერბაიჯანის რკინიგზის მეშვეობით იმპორტის შესაძლებლობების შესწავლა.

„ეს დამოკიდებული იქნება ტარიფზე, ტრანსპორტირების ღირებულებაზე, ამ მარშრუტის დატვირთვაზე, ბევრი ეკონომიკური ფაქტორია“, - თქვა მან.

მან ასევე განაცხადა: „რა თქმა უნდა, დამატებითი მარშრუტი მხოლოდ დადებით ეფექტს მოიტანს“.

„მეწარმეები ფასებს დააკვირდებიან, ეკონომიკურ მოგებას შეაფასებენ. თუ ერთის ნაცვლად ორი ალტერნატიული მარშრუტია, ეს ყოველთვის კარგია“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

  • 2025 წლის ივლისში გამოცემა OC Media იუწყებოდა, რომ LNG-ის ფასი სომხეთში მაშინაც გაიზარდა;
  • ეს, მედიის ცნობით, მოხდა მას შემდეგ, რაც საქართველომ რუსეთიდან სომხეთში LNG-ს ტრანზიტი „შეაჩერა“;
  • მინისტრი პაპოიანი წერდა, რომ საზღვარზე არსებული ვითარება მალე დარეგულირდებოდა და ფასი დაიწევდა.

ახალი რეალობა

2025 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა გააუქმა სომხეთში ტვირთების ტრანზიტის აკრძალვა.

მას შემდეგ აზერბაიჯანმა გაატარა რუსეთიდან და ყაზახეთიდან სომხეთში მიმავალი სხვადასხვა საქონელი, მათ შორის, მარცვლეული.

  • 2026 წლის 21 იანვარს დავოსის ეკონომიკური ფორუმის კულუარებში სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში შევლილ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და ახალ სატრანზიტო დერეფნებზე.
  • ილჰამ ალიევი და ვაჰაგნ ხაჩატურიანი აცხადებენ, რომ ტვირთები სომხეთიდან აზერბაიჯანში და უკან, რაც ამჟამად საქართველოს ტერიტორიით გადაადგილდება, მომავალში პირდაპირ გადაიზიდება ორ ქვეყანას შორის. ამჟამად ასეთი ტვირთების მოცულობა ძალიან მცირეა - ორ ქვეყანას შორის 2025 წლამდე, ათწლეულების განმავლობაში, გადაზიდვები არ ყოფილა.
  • ლიდერებმა ასევე ისაუბრეს სამომავლოდ ტვირთების პირდაპირ ბრუნვაზე თურქეთიდან აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სომხეთს, სომხეთსა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის.
  • ამ დრომდე რუსეთიდან სომხეთში მიმავალი ტვირთიც მუდმივად საქართველოს ტერიტორიას გაივლიდა.
  • საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ საქართველომ მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლოა, საერთო ტვირთბრუნვის გარკვეული წილი დაკარგოს.
  • 22 იანვარს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა დავოსში გაკეთებულ განცხადებებს და განაცხადა, რომ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას საფრთხე არ ემუქრება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG