Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგრევს ყველაფერს, რასაც 1990-იან და 2000-იან წლებში მივაღწიეთ - სააკაშვილი ალიევის განცხადებაზე


მიხეილ სააკაშვილი და ილჰამ ალიევი, 2010 წლის 14 სექტემბრის ფოტო
მიხეილ სააკაშვილი და ილჰამ ალიევი, 2010 წლის 14 სექტემბრის ფოტო

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება ილჰამ ალიევის განცხადებას კავკასიაში დაგეგმილ ახალ სატრანზიტო დერეფანთან და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის პირდაპირი გადაზიდვების დაწყებასთან დაკავშირებით და აცხადებს:

„ილჰამ ალიევის განცხადება, რომ დღეს სატრანზიტო მარშრუტი საქართველოზე გადის და ხვალ სომხეთზე გაივლის, ანგრევს ყველაფერს, რასაც მივაღწიეთ 90-იან და 2000-იან წლებში, როგორც ქვეყანამ“.

კვირას, დილით ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში სააკაშვილი ასევე წერს, რომ „საქართველო შესულია უმძიმეს გეოპოლიტიკურ ჩიხში, რომელიც უახლოეს ხანში დასრულდება ან ჩვენი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, გაუქმებით, ან მაფიოზი ივანიშვილის მარწუხებიდან თავის დაძვრენითა და ქვეყნის სწრაფი განვითარების გზაზე ხელახლა გასვლით“.

ოთხშაბათს, 2026 წლის 21 იანვარს დავოსის ეკონომიკური ფორუმის კულუარებში სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში შევლილ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და ახალ სატრანზიტო დერეფნებზე.

ილჰამ ალიევი და ვაჰაგნ ხაჩატურიანი აცხადებენ, რომ ტვირთები სომხეთიდან აზერბაიჯანში და უკან, რაც ამჟამად საქართველოს ტერიტორიით გადაადგილდება, მომავალში პირდაპირ გადაიზიდება ორ ქვეყანას შორის. ამჟამად ასეთი ტვირთების მოცულობა ძალიან მცირეა - ორ ქვეყანას შორის 2025 წლამდე, ათწლეულების განმავლობაში, გადაზიდვები არ ყოფილა.

ლიდერებმა ასევე ისაუბრეს სამომავლოდ ტვირთების პირდაპირ ბრუნვაზე თურქეთიდან აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სომხეთს, სომხეთსა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის.

პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადა, რომ ახალი დერეფანი საქართველოზე გამავალ დერეფანს დაემატება.

ამჟამად რუსეთიდან სომხეთში მიმავალი ტვირთიც საქართველოს ტერიტორიას გაივლის.

„სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციაში“ მიაჩნიათ, რომ საქართველომ მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლოა, საერთო ტვირთბრუნვის გარკვეული წილი დაკარგოს:

„მოკლე ვადაში რასაც ველოდებით, სომხეთიდან ჩრდილოეთის [რუსეთის] მიმართულებით და პირიქით, [საქართველოსთვის] ტვირთების [ტრანზიტის] დანაკარგი იქნება საერთო ტვირთბრუნვის დაახლოებით 15-20%. ხოლო როდესაც „ზანგეზურის დერეფანიც“ ამოქმედდება, ეს 30-40%-მდე ტვირთნაკადს დააკარგვინებს საქართველოს, როგორც სატრანზიტო მაგისტრალს“, - განაცხადა BMG-სთან ირაკლი ნემსაძემ, ასოციაციის თავმჯდომარემ.

22 იანვარს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა დავოსში გაკეთებულ განცხადებებს და განაცხადა, რომ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას საფრთხე არ ემუქრება.

იმის არგუმენტად, რომ „ალტერნატიული დერეფანი არ ქმნის რეალურად საფრთხეს“, მან აღნიშნა, რომ „გასული ხუთი წლის განმავლობაში შვიდჯერ არის გაზრდილი ტვირთების მოცულობა შუა დერეფანში“. კობახიძეს ინფორმაციის წყარო არ დაუსახელებია.

„ასეთ პირობებში ჩვენი ერთადერთი ამოცანაა, ჩვენი ინფრასტრუქტურით დავეწიოთ ამ მზარდ ტვირთბრუნვას. ასეთი ზრდის პირობებში ალტერნატიული დერეფანი იქნება მხოლოდ და მხოლოდ შემავსებელი ჩვენი ტრანზიტული ფუნქციისთვის“, - განაცხადა მან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG