Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანდარინის რეკორდული მოსავალი და პრობლემები


ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში მანდარინის ასეთი დიდი მოსავალი არ ყოფილა, რამაც წელს სარეალიზაციო ფასის შემცირება გამოიწვია. პრობლემატური აღმოჩნდა 100 ათას ტონაზე მეტი მანდარინის ერთდროულად გასაღებაც, რადგან პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი არასტანდარტული აღმოჩნდა. რა კეთდება ციტრუსის ხარისხის გასაუმჯობესებლად და სარეალიზაციო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად?

2013 წლის მიწურულს აღებული მანდარინის რეკორდულმა მოსავალმა ფერმერების ნაწილი მაინც უკმაყოფილო დატოვა. ზოგი დაბალ ფასს უჩიოდა, ზოგიც კი იმას, რომ ციტრუსის დიდი ნაწილის რეალიზება საერთოდ ვერ შეძლო. იყო მოსავლის გადაყრის შემთხვევებიც.

”ამოდენა მანდარინები ლპება, ბატონო, მთხოვნელი არ არის არავინ”.

”მყიდველი ხომ უნდა იყოს, მყიდველი არ გვყავს დღეს”.

”იყო შემსყიდველები მოსული, ამას წავიღებთ და ამას არაო, ამას ფერი არ აქვსო. რა სჭირს ახლა ამას?”
- ჩივიან ფერმერები.

ამ და კიდევ ბევრი სხვა ფერმერის უკმაყოფილების გასანეიტრალებლად მთავრობამ მანდარინის მოსავლის ჩაბარების სუბსიდირება მოახდინა, რისთვისაც ბიუჯეტიდან თითქმის 14 მილიონი ლარი დაიხარჯა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის განცხადების თანახმად, სუბსიდირება მანდარინის ჩაბარების პიკის გასვლის შემდეგაც გაგრძელდება:

”მოთხოვნის გაზრდის შედეგად, ფასი 5 თეთრით გაიზარდა. ამ ეტაპისთვის 40 თეთრი არის ღირებულება, რომელსაც გადამზიდავი იხდის და როგორც ადრე, ისევე ახლაც 15 თეთრს სახელმწიფო დააფინანსებს”.

მანდარინის გადამამუშავებელი საწარმო
მანდარინის გადამამუშავებელი საწარმო
ეს რაც შეეხება სტანდარტულ ნაყოფს, რომლის დიამეტრი 40-45 მილიმეტრია. ხოლო 40 მილიმეტრზე ნაკლები დიამეტრის მქონე არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების დასაფინანსებლად სახელმწიფომ ერთ კილოგრამზე დაახლოებით 10 თეთრი დახარჯა. ფერმერების ნაწილი მაინც უკმაყოფილო დარჩა, რადგან დიდი რაოდენობის არასტანდარტული მოსავლის გამო ზარალი განიცადა.

სულ სხვაგვარად წარიმართა ოზურგეთის სოფელ შრომის მკვიდრის ემზარ დიასამიძის ბიზნესი. მან სამი ტონა მოსავლიდან თითქმის ერთი ტონა სტანდარტულზე დიდი ზომის მანდარინი, ე.წ. სუპერი, კილოგრამი ერთ ლარად გაყიდა. ემზარი ამბობს, რომ ადრე ამ ზომის მანდარინი თითქმის არ ჰქონია. ამის მიზეზი კი ის ახალი ცოდნაა, რომლის მიხედვითაც ოზურგეთელმა ფერმერმა საკუთარი ბაღის ნახევარი დაამუშავა:

”სამი ტონა მოსავალი ავიღე. ეს იყო მთლიანი ფართობის ნახევარი. ნახევარი, დედაჩემმა, არ მოკიდო ხელიო, მე თვითონ დავამუშავებ ძველი წესითო. იქ მოვკრიფე 2.5 ტონა და მოსავლის ხარისხი იყო... გავყიდე, ალბათ, 700 კილოგრამი. დანარჩენი იყო ძალიან უხარისხო. სუპერი ავიღე 2 ყუთი, ალბათ”.

მანდარინის პლანტაცია ბათუმში
მანდარინის პლანტაცია ბათუმში
ემზარ დიასამიძეს მანდარინის პლანტაციის ახალი წესით მოვლა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის - ”ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის” - ექსპერტებმა შეასწავლეს. ეს პროექტი ბოლო ორი წლის განმავლობაში მანდარინის ბაღის მფლობელ 3 ათას ფერმერს ნარგავების გასხვლის, ნიადაგის დამუშავების, სასუქების შეტანისა და მოსავლის დაკრეფის იმ პრაქტიკას აცნობდა, რომელიც დამკვიდრებულია შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატში. ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული კალიფორნიის უნივერსიტეტის წარმომადგენელი სინდი ფეიკი, რომელმაც თქვა:

”ფერმერების ტრენინგების ორი წლის შემდეგ - სულ 3 ათასი ფერმერის მომზადება განვახორციელეთ - ვნახე 20 პლანტაცია აჭარა-გურიის რეგიონში, ვესაუბრე ფერმერებს, რომელთა ბაღები 2 წლის წინაც დავათვალიერე. თითქმის ყველა მეციტრუსემ გამოიყენა იმ რჩევების ნაწილი მაინც, რომელიც მე მივაწოდე. ყველა მათგანმა დამიდასტურა, რომ პლანტაციები გაცილებით უკეთესი ხარისხის გახდა. ამბობენ, რომ უკეთესია ნაყოფის ხარისხიც, ხოლო მოსავლის მოცულობა 55-დან 300 პროცენტამდე გაიზარდა”.

საექსპორტპო მანდარინი
საექსპორტპო მანდარინი
სინდი ფეიკის მიერ აღნიშნული მოსავლის მოცულობის ზრდა არ არის ერთადერთი შედეგი. მისი პროექტის ძალისხმევით გაიზარდა სტანდარტული და სტანდარტულზე მაღალი ხარისხის ნაყოფის ოდენობა, ასევე შეიცვალა მანდარინის შეფერილობა, არომატი და ის უფრო მისაღები გახდა საექსპორტო ბაზრებისთვის.

ასეთმა შედეგმა ბევრი მეციტრუსე დააინტერესა. ისინი ტრენინგგავლილი ფერმერების ირგვლივ იკრიბებიან და მანდარინის მოვლის თანამედროვე ტექნოლოგიას ეცნობიან. ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომის მკვიდრი ემზარ დიასამიძე ამბობს, რომ მიღებული შედეგით, მეზობელი მეციტრუსეების გარდა, ცვლილებების მოწინააღმდეგე დედამისიც კი დაინტერესდა:

”უკვე დედაჩემმა მომცა იმის საშუალება, რომ ბაღი გავაკეთო იმ წესით და იმ რიგით, როგორც ნახევარი მქონდა გაკეთებული. გარდა ამისა, სამეზობლო კუთხეც ჩავრთე ამ საქმეში და ყველა კმაყოფილია”.

საწყის ეტაპზე მანდარინის პლანტაციების მოვლის ახლებური მეთოდის მიმართ ფერმერების დიდი ნაწილი სიფრთხილეს იჩენდა, მაგრამ ახლა, როდესაც შედეგი აშკარაა, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის - ”ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის” - წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ საქართველოს 30 ათასამდე მეციტრუსის დიდი უმრავლესობა ახალ ტექნოლოგიას გაიზიარებს. სწორედ ამ ტექნოლოგიით მოყვანილი პროდუქციის მიმართ არის დიდი მოთხოვნა როგორც ევროპის ბაზარზე, ასევე ქართული მანდარინის ძირითად საექსპორტო ქვეყნებში, უკრაინაში და, ახლა უკვე, რუსეთში.
XS
SM
MD
LG