Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი მეფეების მეტსახელები


ერეკლე II-ის ძეგლი თელავში
ერეკლე II-ის ძეგლი თელავში

საქართველოს ისტორიაში დაახლოებით ოცამდე მეფეა, რომელსაც ხალხმა თუ მემატიანემ მეტსახელი შეარქვა. ამ მეტსახელებიდან ზოგი მეფის ფიზიკურ მონაცემებს გამოხატავდა, ზოგი დამსახურებას და ასე შემდეგ. მცირე, რეგვენი, დიდი, პატარა, ზაქიჭამია... - ეს ქართველი მეფეების მეტსახელებია და ყოველი მათგანის წარმოშობას თავისი ისტორია აქვს.

თსუ-ს პროფესორი, ისტორიკოსი ბონდო კუპატაძე ამბობს, რომ მემატიანეს ახასიათებდა შეფასებითი დამოკიდებულება. წოდება „დიდი“ ისტორიამ საქართველოში ექვს მეფეს მიანიჭა: ბაგრატ III-ს, დავით III ტაოს მეფეს, ბაგრატ V-ს, ალექსანდრე I-ს, სვიმონ ქართლის მეფესა და იმერეთის მეფეს, სოლომონს.

„სიტყვა რეგვენი ძველ ქართულში სულაც არ იყო უარყოფითი მნიშვნელობის მატარებელი, - მხნეს, ვაჟკაცს ნიშნავდა. ბაგრატ II-მ ბრძოლაში ახალგაზრდული სიმხნევე აჩვენა, თუმცა უკვე მოხუცი იყო. ამიტომაც შეერქვა ეს თიკუნი...
ბონდო კუპატაძე

გვყავდა ასევე ქართლის მეფე ფარსმან ქველი. სიტყვა „ქველი“ დღეს უფრო ქველმოქმედთან ასოცირდება, ადრე კი სხვა მნიშვნელობაც ჰქონდა. ლეგენდარულ ეპითეტს „უშიში, ვითარცა უხორცო“ - მემატიანე სწორედ ფარსმანთან მიმართებაში იყენებს. მასავით ქველს უწოდებდნენ ფარსმანის სპასპეტს ფარნავაზსაც. ფარსმანი და ფარნავაზი გამორჩეული მეომრები იყვნენ: „მას ბრძოლასა შინა მოკლა ფარსმან მეფემან ჩვიდმეტი ბუმბერაზი სპარსთა, ხოლო სპასპეტმან მისმან ფარნავაზ მოკლა ოცდასამი“.

ისტორიამ შემოგვინახა რევის მეტსახელი - მართალი. ის თუმცა წარმართი იყო, მაგრამ „მოწყალე და შემწე ყოველთა ჭირვეულთა“. რევმა არმაზის კერპისთვის ბავშვების მსხვერპლად შეწირვა აკრძალა და ზვარაკი ცხვარ-ძროხით ჩაანაცვლა. როგორც მემატიანე ამბობს, „ამისთჳს-ცა ეწოდა მას რევ მართალი. და მეფობდა ესე რევ კეთილად, და მოკუდა რევ“.

მეფეს, რომელსაც ჩვენ ვახტანგ გორგასლის სახელით ვიცნობთ, სინამდვილეში სპარსული სახელი ვარან ხოსრო თანგი ერქვა. ქართველებმა მისი სახელი შეამოკლეს და ვახტანგად აქციეს. გორგასალი კი (ასევე სპარსულად) მგლისთავას ნიშნავს. მის მუზარადზე მგელი იყო გამოსახული და სპარსელები ომში ერთმანეთს გასძახოდნენ, მგლისთავას ერიდეო. ვახტანგს ერიდებოდნენ, რადგან გარდა იმისა, რომ კარგი მეომარი იყო, ფიზიკური მონაცემებითაც გამოირჩეოდა. მისი სიმაღლე ორ მეტრს აჭარბებდა. ბონდო კუპატაძის თქმით, გასათვალისწინებელია, რომ იმ ეპოქაში ადამიანის საშუალო სიმაღლე დღევანდელზე ბევრად ნაკლები იყო.

მეტსახელი ჰქონდა ვახტანგის შვილს, მეფე არჩილსაც - მას ხან დაჩის, ხანაც დაჩი უჯარმელს უწოდებდნენ. სოფელი უჯარმა მაშინ მეფეების რეზიდენციას წარმოადგენდა.

ვახტანგ გორგასლის ძეგლი
ვახტანგ გორგასლის ძეგლი

ზუსტად რა სიმაღლის იყო ერეკლე მეორე, არ ვიცით, ამის თაობაზე ცნობები არ შემონახულა, თუმცა ხალხმა მას „პატარა კახი“ სწორედ ტანმორჩილობის გამო შეარქვა. იმავე მიზეზით ეწოდა „გოჩია“ გიორგი მეოთხეს. ბონდო კუპატაძე ამბობს, გიორგი გოჩია არაფრით გამორჩეული მეფე იყო და ხალხმა ამ მეტსახელში ტანმომცროობასთან ერთად, ალბათ, ესეც იგულისხმაო.

„მოღვაწეობის ადგილთან არის დაკავშირებული კიდევ ერთი თიკუნი, ალასტანელი. გიორგი ალასტანელი სწორედ ამ სახელით დარჩა ისტორიაში. ალასტანი ჯავახეთში მდებარეობს“, ამბობს ბონდო კუპატაძე:

წამებულის სახელით მოიხსენიებიან არჩილი, დემეტრე, ქეთევანი და ლუარსაბი. მათგან დემეტრე თავდადებულადაც იწოდება და ის ერთადერთი მეფეა, რომელსაც ეს სახელი აქვს. ქართლის ცხოვრების მიხედვით, დემეტრეს „უწესო ქორწინების“ გამო სასულიერო პირები მუდმივად ამუნათებდნენ, მაგრამ როცა ახალგაზრდა მეფემ მთიულეთში დამალვის ნაცვლად ყაენთან წასლვა გადაწყვიტა, აბრაამ კათოლიკოსმა ასეთი რამ თქვა: „ჩუენ ყოველნი, ეპისკოპოსნი, ვიტჳრთვთ ცოდვათა შენთა“.

დავით აღმაშენებლის ძეგლი ქუთაისში
დავით აღმაშენებლის ძეგლი ქუთაისში

კიდევ უფრო მოულოდნელი იყო დემეტრეს საქციელი უშუალოდ სიკვდილის წინ. მან საკუთარი შვილი, დავითი, ხუტლუბუღას ჩააბარა, სწორედ იმას, რომელმაც დემეტრეს სიკვდილით დასჯას შეუწყო ხელი. ისტორიკოსი წერს, ხუტლუბუღამ ამას ვერ გაუძლო და ტირილი წასკდაო. აღსანიშნავია, რომ დემეტრესთვის თავის მოკვეთის შემდეგ იგივე მოვლენა განმეორდა, რაც ქრისტეს ჯვარცმისას: მზე დაბნელდა, „იყო ჟამი მეათე და მწუხრამდე შეიმოსა ბნელი“.

ასევე მხოლოდ დავითს ეწოდება ქართველი მეფეებიდან აღმაშენებელი. უფრო მეტიც, მისი სახელი („დავითიანი“ ) შერჩა დროშასაც, ხოლო მეფეს, რომელმაც „ვითარცა აღმაშენებელმან აღაშენა ქვეყანა“, ბრწყინვალე შეარქვეს - გიორგი V ბრწყინვალე.

ბონდო კუპატაძე მოგვითხრობა ასევე ტაშირ-ძორაგეტის მეფეზე, დავით ანჰოღინზე (უმიწაწყლო). მისი თქმით, დავით პირველს საკუთარი სამკვიდრო არ ჰქონდა, ტახტი უკანონოდ დაიკავა და უმიწაწყლოც ამიტომ ეწოდა.

გვყავდა ასევე ბაგრატ IV უსინათლო (თვალები დასთხარეს) და ბაგრატ II რეგვენი.

ბონდო კუპატაძე
ბონდო კუპატაძე

ბონდო კუპატაძე ამბობს: „სიტყვა რეგვენი ძველ ქართულში სულაც არ იყო უარყოფითი მნიშვნელობის მატარებელი, - მხნეს, ვაჟკაცს ნიშნავდა. ბაგრატ II-მ ბრძოლაში ახალგაზრდული სიმხნევე აჩვენა, თუმცა უკვე მოხუცი იყო. ამიტომაც შეერქვა ეს თიკუნი“.

ქართლ-კახეთის ბოლო მეფეს კი, გიორგი XII-ს, ხუმრობით ზაქიჭამიასაც ეძახდნენ. მას ძალიან უყვრდა მოლხენა და, განსაკუთრებით, ზაქის ხორცი.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG