გასულ კვირაში ისევ გრძელდებოდა ვნებათაღელვა თბილისის მერიის მისამართით - გარემოსდამცველები სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის, შიმშილობის გზით აპროტესტებდნენ ხეების მოჭრას თბილისის ტერიტორიაზე. თუმცა პროტესტის მთავარ საბაბს მოცემულ სიტუაციაში წარმოადგენდა მრავალწლიანი ხეების მოჭრა ყაზბეგის № 22–ში, სადაც კომპანია “ორბი“ სასტუმროს აშენებას გეგმავს. შიმშილობა თავდაპირველად „პარტიზანული მებაღეობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნატა ფერაძემ, დაიწყო, ხოლო შემდეგ მას სხვა გარემოსდამცველებიც შეუერთდნენ. მას შემდეგ, რაც სასწრაფო დახმარების არაერთი მანქანის გამოძახება გახდა საჭირო, კვირის მიწურულს აქტივისტებმა შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა კვლავაც გრძელდება საპროტესტო აქციები დედაქალაქის მერიასთან. გარემოსდამცველები, რომლებსაც სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი დაუდგა გვერდში, ითხოვენ თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო სულხანიშვილისა, და მისი მოადგილის, ნუგზარ კახნიაურის, გადადგომას. თუმცა მერიის მოხელეები გადადგომას არ ჩქარობენ მანამდე, ვიდრე არ გამოქვეყნდება პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების შედეგები.გარემოსდამცველები უკიდურესად სკეპტიკურად უყურებენ დედაქალაქის მერის მიერ ხეების ჭრის პროცესზე გამოცხადებულ ათდღიან მორატორიუმს. როგორც ნატა ფერაძემ განმარტა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, კონკრეტული შედეგის მოლოდინი არ არსებობს:
„ათდღიანი მორატორიუმი ძალიან კარგია ომში, როცა ცოტა ხანი დაზარალებულებს საკვები უნდა მიაწოდო. ნარმანიამ აღიარა ამით, რომ, ფაქტობრივად, ეომება ქალაქს და ათი დღე ხეებს არ მოჭრის“.
დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მორატორიუმი 20 აგვისტოს გამოაცხადა, თუმცა დღემდე ვერ შედგა კონსტრუქციული დიალოგი მასა და გარემოსდამცველებს შორის, რომლთა მცდელობაც კრახით დასრულდა 24 აგვისტოს. გარემოსდამცველი აქტივისტების თქმით, ამ დღეს ისინი მერთან სასაუბროდ იყვნენ მიწვეული, თუმცა მათ იქ მერთან ერთად მრავლად დახვდნენ მერის მეხოტბე მხარდამჭერები. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეურაცხყოფილნი დარჩნენ, რადგანაც შეხვედრა წინასაარჩევნო PR ღონისძიებად ჩათვალეს და მასში მონაწილეობა არ ისურვეს. სწორედ ამ პროცესში გამოვიდა წყობიდან დავით ნარმანია და მან „მაიმუნი ვირიშვილი“ უწოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე მუშტის“ წარმომადგენელს, ირაკლი კუპრაძეს. საზოგადოების მწვავე რეაქციის კვალდაკვალ, დავით ნარმანიას ბოდიშის მოხდაც მოუწია, თუმცა ბოდიშის ადრესატი იყო არა ირაკლი კუპრაძე, არამედ საზოგადოება. „იყო საქმიანი შეხვედრა და გვსურდა კონსტრუქციული დიალოგით და საქმიანი წინადადებებით მიგვეღწია შეთანხმებისთვის, თუმცა ერთ-ერთმა აქტივისტმა სცადა შეხვედრის დესტრუქციულ რეჟიმში გადაყვანა. მე, როგორც თანამდებობის პირს, უნდა შემენარჩუნებინა სიმშვიდე და არ ავყოლოდი ემოციებს, ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო“, - წერია დავით ნარმანიას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
26 აგვისტოს დედაქალაქის მერი, 13 ოპოზიციონერი დეპუტატის მოთხოვნის საფუძველზე, საკრებულოში გამართულ რიგგარეშე სხდომაზე გამოცხადდა და წაიკითხა ვრცელი ანგარიში “გამწვანებული ტერიტორიების განკარგვისა და მოვლა-პატრონობის საკითხზე”. დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ, პირველად ქალაქის ისიტორიაში, გაკეთდა გარემოსდაცვითი სტრატეგია, აშენდა სკვერები. ამასთან, მისი თქმით, უკვე დაირგო 560 ათასი ხე და წელს კიდევ 79 ათასი ხის დარგვა იგეგმება. ამავე სხდომაზე გაირკვა, რომ ყაზბეგის 22-ში მოჭრილი ხეების გამო დავით ნარმანია არ ჩქარობს მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი პირების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და ისიც პროკურატურის დასკვნას ელოდება, თუმცა ითქვა, რომ იგეგმება ხსენებული სამსახურის სტრუქტურული რეორგანიზაცია.
დავით ნარმანიას ანგარიშის წაკითხვა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს სამოქალაქო საზოგადოების დარბაზში მყოფმა წარმომადგენლებმა, რომლებსაც შეკითხვების დასმა და საკუთარი აზრის გამოთქმა სურდათ. შედეგად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საკრებულოს შენობა დაატოვებინეს და ამ პროცესში, კიბეზე დაგორებისას, დაშავდა „მწვანე მუშტის“ წარმომადგენელი, ირაკლი კუპრაძე. 26 აგვისტოს ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო 27 აგვისტოს მომხდარის თაობაზე სამართალდამცველებმა გამოკითხეს.
26 აგვისტოს საკრებულოს სხდომის დარბაზი სხვებთან ერთად დაატოვებინეს ცოტნე გამსახურდიასაც:
„აღმაშფოთა ქალაქის მერის თავხედობამ და უტიფრობამ. მოჭრეს ჯანსაღი, ხასხასა, გირჩებიანი ასწლოვანი ფიჭვი და ის კი გვეუბნება, რომ არ სჯერა ამ ფაქტის და ელოდება გამოძიების დასრულებას. რისთვის არსებობს მერი, ქალაქის მერია და შესაბამისი სამსახურები, რაში ვუხდით მათ ფულს ჩვენი ჯიბიდან, თუ მან არაფერი იცის, რა ხდება ჩვენს ქალაქში და თუ უუნაროა, რომ მერიიდან 500-600 მეტრში შეამოწმოს, რა მოხდა. ასე რომ, ეს არ იყო ანგარიში, ჩვენ ვისმენდით რაღაც სადღეგრძელოს ბატონი დავითის მიერ გაკეთებულ კარგ საქმეებზე“.
პარალელურად, მერის იმპიჩმენტს ითხოვენ საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები, თუმცა იმპიჩმენტის მოლოდინი ბევრისთვის არარეალისტურად გამოიყურება, პროცედურის მოთხოვნების გათვალისწინებით. საქმე ის არის, რომ თბილისის მერისთვის უნდობლობის გამოცხადებისთვის საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ის, ანუ 34 დეპუტატის, მხარდაჭერაა საჭირო, უმრავლესობა კი ამ პროცესის მხარდაჭერას არ აპირებს. გადადგომას არც თავად დავით ნარმანია გეგმავს.
გასული კვირაში და, კერძოდ, 22 აგვისტოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია არშემდგარი ტერორისტული აქტის საქმის გახსნასთან დაკავშირებით. ითქვა, რომ ტერორისტების სამიზნეს წარმოადგენდა „რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთი“, რომელიც სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გადის. დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არიან. უშუალოდ ტერორისტული აქტის ჯგუფურად ორგანიზებაში ხუთი პირია დადანაშაულებული. გარდა ამისა, დაკავებულია კიდევ ორი პირი – მათგან ერთი დაკავებამდე საპატრულო პოლიციაში მუშაობდა და მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება ბრალად, მეორე კი დანაშაულის დამალვაშია ეჭვმიტანილი. სავარაუდო დამნაშავეთა დაკავებას წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი საგამოძიებო პროცესი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სავარაუდო დამნაშავეები 20 აგვისტოს მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ ჟინვალ-შატილის საავტომობილო გზის მახლობლად ტყეში მდებარე სამალავიდან გამოტანილი საბრძოლო მასალები ავტომანქანაში ჩაალაგეს. ჩამონათვალი საზოგადოებას 22 აგვისტოს საგანგებო ბრიფინგზე გააცნო სუსის წარმომადგენელმა, სავლე მოთიაშვილმა:
„4 ცალი 200-გრამიანი ტროტილის კოჭა, ორი სახის ცეცხლგამტარი ზონარი, 5 ცალი კაფსულა დეტონატორი, ერთი ცალი ე.წ. „უემკაზე“ მუხტი, ერთი ცალი რუსული წარმოების ე.წ. "ვეზედეს“ მუხტი თავისივე ამფეთქით, რუსული წარმოების ერთი ცალი ამფეთქი“.
რა თქმა უნდა, ამ პროცესებს ვაკვირდებით. ნებისმიერი ასეთი ტიპის აქტივობა, რა თქმა უნდა, არ უწყობს ხელს მშვიდობას და უსაფრთხოებას რეგიონში და ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად გავაგრძელოთ მშვიდობიანი გზებით კონფლიქტის დარეგულირების პროცესი...მიხეილ ჯანელიძე
გარდა ამისა, სუსის ინფორმაციით, გამომძიებლებმა მოგვიანებით იმავე სამალავიდან ამოიღეს რამდენიმე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა საბრძოლო მასალები, ხოლო ერთ-ერთი დაკავებულის ბინაში, პერსონალურ კომპიუტერში, აღმოჩენილ იქნა რუკა, სადაც აფეთქების სამიზნე ადგილებია აღნიშნული. არშემდგარი ტერორისტული აქტის საქმეზე დაკავებულ შვიდივე პირს 22 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
25 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნის - „კავკასია 2016“-ის - დაწყებამდე რუსეთის ხელისუფლებამ „გენერალური რეპეტიციის“ ჩატარება განიზრახა და შეიარაღებული ძალების სამხედრო მზადყოფნის შემოწმება დაიწყო. მოულოდნელი სამხედრო შემოწმება 25 აგვისტოს, გათენებისას, დაიწყო და ის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთსაც მოიცავს. პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილება ფართომასშტაბიანი სამხედრო შემოწმების დაწყების შესახებ მედიის წარმომადგენლებს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ამცნო. და, როგორც მისი ბრიფინგის შემდეგ იუწყებოდა რუსეთის მედია, რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოწმების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამხრეთი ოლქის მზადყოფნის შემოწმებას, რადგანაც სწორედ ეს ოლქი შეასრულებს მთავარ როლს მოსკოვის მიერ სექტემბრისთვის დაგეგმილ ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნაში „კავკასია 2016“. შესაბამისად, რუსი ექსპერტების ერთი ნაწილი შეიარაღებული ძალების მოულოდნელ შემოწმებას „კავკასია 2016“–ის გენერალურ რეპეტიციად განიხილავს. იმის გამო, რომ სამხრეთის სამხედრო ოლქი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსაც მოიცავს, პროცესებს შეშფოთებით აკვირდებიან თბილისიდანაც. კომენტარი გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ:
„რა თქმა უნდა, ამ პროცესებს ვაკვირდებით. ნებისმიერი ასეთი ტიპის აქტივობა, რა თქმა უნდა, არ უწყობს ხელს მშვიდობას და უსაფრთხოებას რეგიონში და ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად გავაგრძელოთ მშვიდობიანი გზებით კონფლიქტის დარეგულირების პროცესი, შევინარჩუნოთ სტაბილურობა და საერთაშორისო ფორმატებში შევძლოთ ამ საერთაშორისო კონფლიქტის დარეგულირება“.
რუსეთის სამხედრო გააქტიურება, რომელსაც ექსპერტების ნაწილი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის კუნთების დემონსტრირების მცდელობად მიიჩნევს, დროში დაემთხვა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადების მე-8 წლისთავს. სწორედ 8 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის -დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების დოკუმენტს, დუმის გადაწყვეტილების საფუძველზე, ხელი მოაწერა რუსეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა. მართალია, რუსეთი საქართველოსთვის კვლავაც საფრთხისა და დესტრუქციული ქმედებების უშრეტ წყაროს წარმოადგენს, მაგრამ ყველასათვის ნათელია, რომ კრახი განიცადა მოსკოვის მონდომებულმა მცდელობამ რაც შეიძლება მეტი თანამოაზრე მოეძებნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საკითხში. რუსეთმა, საერთო ჯამში, სხვადასხვა დროს მხოლოდ 5 თანამოაზრე მიიმხრო, თუმცა მოგვიანებით ორი ისევ დაკარგა - ვანუატუსა და ტუვალუს სახით. ამჟამად რუსეთის თანამოაზრეა მხოლოდ სამი ქვეყანა: ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ.