Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოჭრეს თუ არა საღი ხეები?


ნატა ფერაძე
ნატა ფერაძე

პარტიზანი მებაღეები, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და თბილისის მერია პროკურატურას მიმართავენ ყაზბეგის 22 ნომერში ხეების მოჭრის გამოძიების მოთხოვნით. 17 აგვისტოს სამშენებლო კომპანია „ორბი ჯგუფის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ათზე მეტი ხე მოიჭრა. გარემოს დამცველები, ისევე როგორც ქალაქის მერია, ეჭვს გამოთქვამენ, რომ ტერიტორიაზე, შესაძლოა, საღი ხეები მოჭრეს. კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ ხეები მოიჭრა კანონის სრული დაცვით, ლეგიტიმური დასკვნის საფუძველზე. თბილისის მერიასთან მეორე დღეა შიმშილობას განაგრძობს პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე. მისი თქმით, ის მანამდე გააგრძელებს შიმშილობას, სანამ თანამდებობიდან არ გადადგება მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე.

მოჭრეს თუ არა საღი ხეები
please wait

No media source currently available

0:00 0:05:37 0:00
გადმოწერა

პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე 2013 წლიდან დგას დედაქალაქის გამწვანების სადარაჯოზე. სამი წლის განმავლობაში ის და მისი თანამოაზრეები აქტიურად აპროტესტებენ ქალაქში სხვადასხვა ტიპის მშენებლობების შედეგად ხეების გაჩეხას, მონაწილეობენ როგორც საპროტესტო აქციებში, ისე მართავენ საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებებს, თუმცა პროტესტის უკიდურეს ზომას, შიმშილობას, ნატა ფერაძემ პირველად 2016 წლის 17 აგვისტოს მიმართა მას შემდეგ, რაც ყაზბეგის გამზირის 22 ნომერში, დეველოპერული კომპანია „ორბი ჯგუფის“ კუთვნილ ტერიტორიაზე, ხეები მოიჭრა. შიმშილობის გაგრძელებას ნატა ფერაძე იმ დრომდე აპირებს, სანამ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი და მისი მოადგილე თანამდებობიდან არ გადადგებიან. სწორედ ამ სამსახურმა გასცა ხეების მოჭრის ნებართვა მას შემდეგ, რაც „ორბი ჯგუფის“ მიერ დაქირავებულმა „ფორესთ კომპანიმ“ და მის მიერ დაქირავებულმა ექსპერტმა დაწერა დასკვნა, რომ ტერიტორიაზე 45 ხე დაავადებული იყო. ნატა ფერაძის მტკიცებით, ათზე მეტი ხე, რომლებიც ყაზბეგის 22 ნომერში მოიჭრა, არ იყო დაავადებული:

მოჭრილი ხეები
მოჭრილი ხეები

„იყო არაერთი საღი კედარი და ვერცხლისფერი ნაძვი მოჭრილი. ეს იყო ნამდვილად საღი და ნამდვილად არ იყო ამორტიზებული. ვერხვები, როგორც ყველა ვერხვი თბილისში, იყო სიბერეშესული, თუმცა ამ ვერხვებს განსაკუთრებული ამორტიზება არ ეტყობოდა. ძირითად პრობლემას მაინც საღი წიწვოვანი ხეების მოჭრა წარმოადგენდა“.

მეტყევე-ინჟინერი ალექსანდრე აფციაური რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ხეები გამხმარი, დაავადებული და ამორტიზებული იყო. სწორედ აფციაურმა დაწერა დასკვნა ყაზბეგის 22 ნომერში არსებული ხეების შესახებ, რის საფუძველზეც მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა 45 ხის მოჭრის ნებართვა გასცა. ალექსანდრე აფციაურის სიტყვებით, დასკვნა დაიწერა ხეების გარეგანი დათვალიერების შედეგად:

„როდესაც ჩვენ შეფასებას ვაკეთებთ, ჩვენ გარედან ვიზუალური ნიშნების მიხედვით ვახდენთ ამ შეფასებას. მე რა ვიცი ახლა შიგნით, მერქანში, რა ხდება. ეს რომ გავიგოთ, მაშინ ხე უნდა მოიჭრას. ყველა ვერცხლისფერი ნაძვი დავათვალიერე. ქერქზე ყველას სკდომა ჰქონდა და გამოდიოდა ფისი. ამ ხეების გადარჩენა შეიძლებოდა, ანუ შეიძლება ჩვენ შეწამვლა გაგვეკეთებინა, მაგრამ იმის გარანტიას, თუ რამდენ ხანს გაძლებდა ეს ხეები, ვერავინ მოგვცემს. გეუბნებით, დაავადებული ხე ქმნის იმ კერას, რომლითაც მას შეუძლია გარშემო დააავადოს ჯანმრთელი ხეები“.

ნონა ქურდოვანიძე
ნონა ქურდოვანიძე

ნამდვილად დაავადებული ხეები მოიჭრა ყაზბეგის 22 ნომერში თუ არა, ამის გამორკვევას პარტიზანი მებაღეები გამოძიებას აბარებენ. 18 აგვისტოს მათ განცხადებით მიმართეს პროკურატურას. პროკურატურას მიმართა განცხადებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც. ორგანიზაციის იურისტი, ნონა ქურდოვანიძე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი არსებობს, რადგან 17 აგვისტოს განხორციელებული ხეების ჭრა სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს:

„თუ დადასტურდება, რომ ხეები საღი იყო და მათ მოჭრაზე ნებართვა არ იყო გაცემული, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, რომ ვისაუბროთ გარკვეულ დანაშაულზე, თუმცა კვალიფიკაცია ამ ქმედებას საგამოძიებო ორგანომ უნდა მისცეს. შესაძლებელია, რომ ორი მიმართულება გამოიკვეთოს. ერთი მხრივ, ის, თუ რამდენად სწორად იყო დასკვნა დაწერილი, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ დადასტურდა, რომ დასკვნა სწორად იყო გაცემული, მაგრამ მოიჭრა საღი ხეები, ბუნებრივია, რომ ეს არის დანაშაულის შემცველი ქმედება“.

ეჭვს, რომ ყაზბეგის 22 ნომერში მოჭრილი ხეები, შესაძლოა, საღი ყოფილიყო, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას გამოთქვამს მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი. მან 17 აგვისტოს თავად დაათვალიერა მოჭრილი ხეები და ამბობს, რომ ვიზუალურად ისინი საღ მდგომარეობაში იყო. იმისათვის, რომ დადგინდეს ყაზბეგის ქუჩაზე მოიჭრა თუ არა საღი ხეები, ქალაქის მერის გადაწყვეტილებით, მერია მთავარ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს. აღსანიშნავია, რომ ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს კანონი არ ავალდებულებს გადაამოწმოს ექსპერტის მიერ დაწერილი დასკვნის სისწორე:

ეს არ ყოფილა ერთდღიანი და ორდღიანი პროცესი. საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს შესწავლა, კვლევა, რომ რაიმე შეცდომა არ დაგვეშვა და არ მოჭრილიყო ის ხე-მცენარეები, რომლებიც საღი იყო...
ირაკლი კვერღელიძე

„ამ ტერიტორიაზე, დასკვნის მიხედვით, 68 ხე დგას. 45 ხეზე არის დასკვნა, რომ ეს ხეები არის გამხმარი, დაავადებული და ამორტიზებული. დანარჩენ ხეებზე მოჭრის ნებართვა არ გაცემულა. მოკვლევა გვჭირდება, რათა გაირკვეს, რომელი ხეებია მოჭრილი - ის, რომელზეც დასკვნა არ არის გაცემული, თუ არსებობს რაიმე შეკითხვები თავად დასკვნის თაობაზე. ამ ეტაპზე აბსოლუტურად ზუსტ ინფორმაციას ვერ ვიძლევით და გვირჩევნია, რომ დასკვნას დაველოდოთ, თუმცა ვიზუალურად ჩანდა, რომ ხეები იყო მწვანე“.

ირაკლი კვერღელიძე, „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ კომპანიამ კანონით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით განახორციელა ხეების ჭრის პროცედურა. მისი მტკიცებით, მათ კუთვნილ ტერიტორიაზე ექსპერტის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე მოიჭრა მხოლოდ და მხოლოდ გამხმარი, დაავადებული და ამორტიზებული ხეები:

„ეს არ ყოფილა ერთდღიანი და ორდღიანი პროცესი. საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს შესწავლა, კვლევა, რომ რაიმე შეცდომა არ დაგვეშვა და არ მოჭრილიყო ის ხე-მცენარეები, რომლებიც საღი იყო. ჩვენ დასკვნის მიხედვით უზრუნველვყავით ყველა შესაბამისი პროცედურის განხორციელება, მივიღეთ შესაბამისი ნებართვა და მოვჭერით ის ხეები, რომლებიც ნებართვითა და საექსპერტო დასკვნის საფუძველზე ექვემდებარებოდა მოჭრას“.

რაც შეეხება პარტიზანი მებაღეების მოთხოვნას გადადგეს მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი, როგორც მან რადიო თავისუფლებასთან საუბრისას თქვა, მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას მერი მიიღებს, ხეების მოჭრაზე ნებართვა კი, მისი თქმით, გაიცა ნამდვილად კანონიერად, ლეგიტიმური დასკვნის საფუძველზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG