Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალაქის მერიამ მუსლიმ თემს ახალი მეჩეთის თაობაზე მოლაპარაკება შესთავაზა


ბათუმი
ბათუმი

ქალაქ ბათუმის მერიამ მოლაპარაკებების გზით მორიგება შესთავაზა მუსლიმ თემს, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვაზე უარის მიღებას.

ქალაქის მერიის წინააღმდეგ მუსლიმი თემის სარჩელი მოსამართლე ჯუმბერ ბეჯანიძემ 20 თებერვალს პირველ სასამართლო სხდომაზე განიხილა და სხდომა ერთი თვით გადადო სწორედ მას შემდეგ, რაც მერიის იურისტმა მოსარჩელე მხარეს დავის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა შესთავაზა. მოსამართლემ მხარეებს მორიგებისთვის 30 კალენდარული დღე მისცა. მუსლიმი თემის ინტერესებს სასამართლოში „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი ეთერ გვრიტიშვილი იცავს. მისი თქმით, მოსარჩელე მხარე დაინტერესებულია, რომ ბათუმში ახალი მეჩეთი აშენდეს და მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, საკითხი მოლაპარაკებისა თუ სასამართლოში დავის გზით გადაწყდება:

ასე გრძელდება 18 წელია. ზოგი ვერც მოესწრო, მოკვდა და დაისვენა, ჩვენ ახლა მაინც ვართ ცოცხლები, ყველა არ მოვკდებით... ხელისუფლება ჩვენია და ჩვენ მოველაპარაკებით, რომ ჩვენს ჭკუაზე დადგეს, იმიტომ რომ ჩვენი მოთხოვნა მართალი და კანონიერია. ქუჩაში ვლოცულობთ ასაკოვანი ხალხი...
ნაზიმ იაკობაძე

„მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებები დროულად წარიმართოს და ხელოვნურად არ გაჭიანურდეს პროცესი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ წარსულში არაერთხელ გვახსოვს დაპირება მუსლიმი თემის მიმართ, რომ მეჩეთთან დაკავშირებული პრობლემა დროულად მოგვარდებოდა, თუმცა დღემდე, სამწუხაროდ, შედეგებს ვერ ვხედავთ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პარალელურად აგრძელებს სასამართლო დავას, მაგრამ თუ ამ დავის გადაწყვეტა დროულად მოხდება მოლაპარაკებების საშუალებით და მეჩეთის პრობლემა მოგვარდება ამ გზით, რა თქმა უნდა, მუსლიმი თემი დავას აღარ გააგრძელებს“.

დავის გადაწყვეტას მუსლიმ მრევლთან უშუალო შეხვედრებით აპირებს ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ მოლაპარაკებები კონკრეტულ შედეგებს მოიტანს, რომლითაც, მისივე თქმით, ყველა მხარე კმაყოფილი იქნება:

„ჩვენ ვფიქრობთ, პროცესი დასრულდეს ყოველგვარი სასამართლოს საჭიროების გარეშე. მზად ვართ და დაწყებულიც გვაქვს დიალოგი. ამაზე წინასაარჩევნოდაც არაერთხელ განმიცხადებია, რომ გვაქვს ძალიან ინტენსიური კავშირი და დიალოგი ჩვენს მუსლიმ მრევლთან. ჩვენი ეს ნაბიჯი დღევანდელ სასამართლოზე გამიზნულია იმისთვის, რომ გარკვეული პერიოდით გვესარგებლა და მხარეები ერთმანეთს უშუალოდ დავლაპარაკებოდით. მე ხაზი მინდა გავუსვა, რომ აქამდე ოფიციალურად როგორც მერთან, ისე ახალ თვითმმართველობასთან ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა“.

ჩვენ, ადგილობრივ მცხოვრებლებს, მუსლიმ აჭარლებს, ადგილი არ მოგვცეს, რომ მეჩეთი აგვეშენებინა და, მეტიც, ადგილი ვიყიდეთ და ახლა ნებას არ გვაძლევენ. რაშია საქმე? რაში სჭირდებათ ჩვენზე ძალადობა? თუ ვერ უნდა შეგვითავსონ, მაშინ რას ფიქრობენ?...
იოსებ აბაშიძე

თავად მუსლიმი მრევლის ნაწილი ფიქრობს, რომ მოლაპარაკებებით დაარწმუნებს ხელისუფლებას ახალი მეჩეთის აშენების აუცილებლობაში, რასაც, მათივე თქმით, ადგილობრივი მუსლიმები, ათ წელზე მეტია, ითხოვენ იმ მიზეზით, რომ ბათუმში მოქმედი მეჩეთი „ორთაჯამე“, რომელიც 1886 წელსაა აგებული, მრევლს ვეღარ იტევს, სადღესასწაულო დღეებში კი მორწმუნეებს ქუჩაში, ღია ცის ქვეშ, უწევს ლოცვა, - ამბობს ნაზიმ იაკობაძე:

„ნებართვა გვინდა და მთავრობამ ერთი დაგვპირდა, ორი... სამი... და ასე გრძელდება 18 წელია. ზოგი ვერც მოესწრო, მოკვდა და დაისვენა, ჩვენ ახლა მაინც ვართ ცოცხლები, ყველა არ მოვკდებით... ხელისუფლება ჩვენია და ჩვენ მოველაპარაკებით, რომ ჩვენს ჭკუაზე დადგეს, იმიტომ რომ ჩვენი მოთხოვნა მართალი და კანონიერია. ქუჩაში ვლოცულობთ ასაკოვანი ხალხი“.

ახალი მეჩეთის ასაშენებლად მუსლიმმა მრევლმა ბათუმში, გენერალ აბაშიძის 49 ნომერში, 3 ათასი კვ/მ ფართობის მიწა შეიძინა და მას შემდეგ, რაც სამშენებლო ნებართვაზე უარი მიიღო, მუსლიმებმა ამავე ადგილას ხის მსუბუქი კონსტრუქცია ააგეს და სამლოცველოდ გამოაცხადეს, სადაც პერიოდულად ლოცვას აღავლენენ. იოსებ აბაშიძე ამბობს, რომ მორწმუნეებს სწორედ ამ ტერიტორიაზე სურთ მეჩეთის აშენება და ადგილის შეცვლის საკითხს არც კი განიხილავენ:

„ჩვენ, ადგილობრივ მცხოვრებლებს, მუსლიმ აჭარლებს, ადგილი არ მოგვცეს, რომ მეჩეთი აგვეშენებინა და, მეტიც, ადგილი ვიყიდეთ და ახლა ნებას არ გვაძლევენ. რაშია საქმე? რაში სჭირდებათ ჩვენზე ძალადობა? თუ ვერ უნდა შეგვითავსონ, მაშინ რას ფიქრობენ? ჩვენ არ გვინდა მათი აშენებული... ჩვენ ავაშენებთ... ნებართვა მოგვცენ“...

მეჩეთი ბათუმში
მეჩეთი ბათუმში

ბათუმში საკულტო ნაგებობის აშენებას ითხოვს ქართველ მუსლიმთა კავშირი. საამისოდ შეიქმნა ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდი, რომელიც, როგორც ფონდის წარმომადგენლები ამბობენ, მორწმუნეთა შემოწირულებით ფინანსდება. ბათუმის მერიამ გასული წლის 12 მაისს მშენებლობაზე უარი უთხრა იმ მოტივით, რომ ტერიტორია მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონაა, საკულტო ნაგებობა კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია, რომელიც განსაკუთრებულ ინფრასტრუქტურას მოითხოვს. ბათუმის უკვე ყოფილი მერი უარის მიზეზად ასახელებს აგრეთვე იმას, რომ მზად არ არის ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისთვის საჭირო კვლევები. ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძის აზრით, მერიის გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია:

„მერია მოგვეპყრო არასამართლიანად და დისკრიმინაციულად. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ბათუმში აშენდეს ახალი მეჩეთი იმ ტერიტორიაზე, რომელიც მუსლიმებმა შეიძინეს. ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ სამართლებრივი გზით. ჩვენ ბრძოლას მაქსიმალურად ბოლომდე მივიყვანთ. არ გვეზარება ჩვენ ბრძოლა. ამისთვის დროც გვაქვს და მოთმინებაც და, შესაბამისად, ვცდილობთ, რომ ყველა ის სწორი ფორმა, რომელიც სამართლიან ბრძოლას თან ახლავს, დავიცვათ და, შესაბამისად, მივაღწიოთ საბოლოო შედეგს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG