Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მხედრული მამაცობისთვის დაჯილდოებული, რუსეთში დევნილის სტატუსით - ერგნეთის 57-ე შეხვედრა


სამუშაო ჯგუფის 57-ე შეხვედრა ერგნეთში
სამუშაო ჯგუფის 57-ე შეხვედრა ერგნეთში

ერთი წლის წინ უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ყოფილი სამხედრო მოსამსახურე რომან შიტიკოვი, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის მიღებული აქვს მედალი „მხედრული მამაცობისთვის“, ნაპოვნია. ეს სენსაციური განცხადება „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შალვა ენუქიძემ გააკეთა. ერთი წლის განმავლობაში ოსური მხარე უარყოფდა შიტიკოვის დაკავების ფაქტს.

ყოფილი სამხედრო მოსამსახურე გასული წლის აპრილის თვეში ახალგორის მიმდებარე ტერიტორიიდან გაუჩინარდა, დღეს კი უკვე ცნობილი გახდა, რომ იგი თავს კარგად გრძნობს და იმყოფება რუსეთის ფედერაციაში, სადაც დევნილის სტატუსი მიიღო. გარდა ამისა, ენუქიძის ცნობით, მიღწეულია შეთანხმება, რომ დღესვე, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ცხინვალის ციხიდან 1 წლის წინ დაკავებულ გურამ გეგელაშვილს გაათავისუფლებენ. ამ დრომდე გაურკვეველი რჩება უგზო-უკვლოდ დაკარგული გრიგოლ ნალბანდოვის ასავალ-დასავალი და ღიად რჩება კიდევ ერთი დაკავებულის, ჯემალ მიდელაშვილის, გათავისუფლების საკითხი.

დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა შეთანხმებას ტირიფონის სარწყავი სისტემის ამოქმედებაზე მიაღწიეს. ოსური მხარის განცხადებით, მათ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არხის გაწმენდის სამუშაოები დასრულდა და ახლო მომავალში მასში წყალს გაუშვებენ. ტირიფონის სარწყავი სისტემა როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ, ისე გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს ასარწყავებს. გვალვების გამო ამჟამად არხში წყალი დაკლებულია და აუცილებელია ის ზონკარის წყალსაცავიდან შეივსოს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. ოსური დელეგაციის ხელმძღვანელის ხოხ გაგლოითის ინფორმაციით, ქართველი და ოსი სპეციალისტები გააგრძელებენ კომუნიკაციას არხში წყლის რეგულირების თობაზე.

დღევანდელ შეხვედრას წყალმომარაგების საკითხების სპეციალისტი გელა ზოზიაშვილიც ესწრებოდა. მისი შეფასებით, სარწყავ სისტემაში წყლის დონე დამაკმაყოფილებელი არ არის, ამიტომ ოსური მხრიდან მეტი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ არხი სრულად დაიტვირთოს.

დღევანდელ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხურვალეთის, წითელუბნისა და ორჭოსანის მიმართულებით "სასაზღვრო" ბანერების აღმართვისა და მავთულხლართების მონტაჟის პროცესი გააპროტესტა. ქართულმა დელეგაციამ საქართველოს დროშის გადაცემაც მოითხოვა, თუმცა, ოსური მხარის ინფორმაციით, ეს დროშა სისხლის სამართლის საქმეში ნივთმტკიცებად დევს. ცხინვალის პროკურატურამ საქმე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და სახელმწიფო სიმბოლიკის დაზიანების მუხლით აღძრა. სოფელ ხურვალეთში ვითარება სამი კვირის წინ დაიძაბა, მას შემდეგ, რაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელთან ახალი ბანერი აღმართეს. ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარ ნაკვეთებში გადაადგილება შეეზღუდა. რუსეთის მესაზღვრეების ქმედებას საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ქართველი ჟურნალისტების ერთმა ჯგუფმა ბანერი მოხსნა და მის ადგილას საქართველოს დროშა აღმართა. მოგვიანებით ოსურმა მხარემ დროშა ჩამოხსნა და ცხინვალში გადაიტანა, ხურვალეთის მინდვრებში კი შეიარაღებული ნიღბიანი პირები შეიყვანა. დღევანდელ შეხვედრაზე ხოხ გაგლოითიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მოსავლის აღებისას საფრთხე არ შეექმნება.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფი აგვისტოში აღარ შეიკრიბება და მუშაობას 23 სექტემბრიდან განაახლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG