Accessibility links

მოსამართლეთა დანიშვნა უნდობლობის ფონზე


სასამართლოს სხდომათა დარბაზი

11 მაისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე კენჭს უყრიდნენ იმ მოსამართლეთა კანდიდატურებს, რომლებიც უვადოდ ან გამოსაცდელი 3-წლიანი ვადით ინიშნებიან სასამართლო სისტემაში. კონკურსში მონაწილე მოსამართლეების დიდ ნაწილს, მათი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, შეკითხვები და ეჭვები უკავშირდება და ამ პრობლემის შესახებ მუდმივად ლაპარაკობენ სამოქალაქო სექტორისა თუ პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები. მათი აზრით, ხელისუფლება მისდამი ლოიალურ მოსამართლეებს სწყალობს, ხოლო შერჩევის ბუნდოვანი წესები და კონკრეტული მოსამართლეების მიმართ არსებული უნდობლობა აძლიერებს უნდობლობას მთელი სასამართლო სისტემის მიმართ. სწორედ ეს იყო მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემა კონფერენციაზე, რომელიც 11 მაისს გამართა კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლთმსაჯულებისთვის“.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 11 მაისს გამართული კენჭისყრა პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა 84 ვაკანტური ადგილის შესავსებად არის გამიზნული. სწორედ ამ პროცესში, ხუთშაბათს გახდა ცნობილი, რომ, მაგალითად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძე, ხოლო სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის მოსამართლედ ასევე უვადოდ დაინიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ოთარ სიჭინავა . მათი გვარები, წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, არცთუ სახარბიელო კონტექსტში მოიხსენიებოდა. მაგალითად, ოთარ სიჭინავა ერთ-ერთი იყო იმ მოსამართლეთა შორის, რომლებსაც უკავშირებდნენ გიგი უგულავასა და ე. წ. კაბელების საქმის გაერთიანებული სარჩელის განხილვის გაჭიანურებას. 2016 წლის 1 სექტემბერს, მაშინ, როცა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, უნდა ყოფილიყო, მოსამართლე სიჭინავა „რუსთავი 2“–ის კამერამ თბილისში აღმოაჩინა – ის ეზოში ძაღლებს ასეირნებდა.

მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში 2017 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, უვადოდ დანიშვნამდე სამწლიანი გამოსაცდელი ვადისგან გათავისუფლდნენ საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების მოქმედი და ყოფილი წევრები, თუ მათ ამ ინსტანციებში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება აქვთ. ეს ნორმა არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების დიდ უკმაყოფილებას იწვევს, ისევე როგორც დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმები. ისინი ამბობენ, რომ მოსამართლეთა შერჩევის გაუგებარი კრიტერიუმები და დასახელებული ზოგიერთი კანდიდატურის არასახარბიელო რეპუტაცია ძალიან ბევრ ეჭვსა და შეკითხვას აჩენს და ამით კიდევ უფრო უარესდება საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ. ამის შესახებ ლაპარაკობს რადიო თავისუფლებასთან „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე - ანა ნაცვლიშვილი.

„სამწუხაროდ, როგორც პროცესი, ასევე შედეგები ამ პროცესის - კონკრეტული სახელებისა და გვარების მაგალითზე - ვერ ადასტურებს იმას, რომ შერჩევის პროცესისთვის პრიორიტეტი არის სწორედ კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი. ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ, რომ ახალი კანონის პირობებშიც კი შეირჩევიან ისეთი ადამიანები, რომელთა პროფესიონალიზმი, რომელთა პრინციპულობა, რომელთა შესაბამისობა მოსამართლის მაღალ სტატუსთან არის ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ, ობიექტური, ფაქტობრივი გარემოებების გამო, რომლებიც მრავლად არის ამ ადამიანების სახელთან დაკავშირებული“.

ეს არის, სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლების - „ქართული ოცნების“ - პოლიტიკური ნება და სურვილი, რომ მან უვადოდ დანიშნოს და სასამართლო ხელისუფლებაში შეინარჩუნოს სწორედ ის მოსამართლეები...

ეს კომენტარი ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა 11 მაისს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ კონფერენციაზე, სახელწოდებით „საქართველოს სასამართლო სისტემა - რეფორმების შედეგები და პერსპექტივები“, რომელიც გაიმართა ორგანიზებით კოალიციისა „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლთმსაჯულებისთვის“. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო გამოკვლევის ანგარიში და კონკრეტული რეკომენდაციები. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე პრობლემად მიიჩნევს უვადოდ დანიშნული მოსამართლეების საქმიანობის გაკონტროლებას იმ პირობებში, როდესაც დისციპლინური სამართალწარმოების მექანიზმი „არ მუშაობს ამ ქვეყანაში“.

მოსამართლეთა ხელისუფლების მიმართ ლოიალობის ნიშნით გამწესება პრობლემად მიაჩნიათ პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებსაც და ამის შესახებ ისინი კონფერენციის ფარგლებშიც ლაპარაკობდნენ. მაგალითად, ასეთია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის, შალვა შავგულიძის, შეფასებაც:

„ეს არის, სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლების - „ქართული ოცნების“ - პოლიტიკური ნება და სურვილი, რომ მან უვადოდ დანიშნოს და სასამართლო ხელისუფლებაში შეინარჩუნოს სწორედ ის მოსამართლეები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს გამოირჩეოდნენ არა კანონის და სამართლის, არამედ მმართველი პოლიტიკური ძალის მსახურებით“.

არავის აქვს უფლება ჩაერიოს სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებში და განსაჯოს კონკრეტული მოსამართლის დანიშვნა-არდანიშვნის სამართლიანობა - ასეთი კომენტარი გააკეთა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, რომელიც ასევე მონაწილეობდა ხსენებულ კონფერენციაში. მისი თქმით, შედეგების გაუმჯობესება რეფორმების გაგრძელებამ უნდა მოიტანოს:

„გავაგრძელოთ ამ რეფორმებზე მუშაობა. ეს ეხება როგორც მოსამართლეების დანიშვნისა და გათავისუფლების პროცედურებს, იუსტიციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ეს ეხება მოსამართლეთა შეფასების კრიტერიუმებს, (საქმეების) ელექტრონულ განაწილებას, რომელიც ახლა დაიწყება და პილოტურ რეჟიმშია ჩართული რუსთავის სასამართლო“.

კონფერენციაში, სახელწოდებით „საქართველოს სასამართლო სისტემა - რეფორმების შედეგები და პერსპექტივები“, მონაწილეობდა ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, თუმცა მან შეხვედრა ისე დატოვა, რომ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG