Accessibility links

საქართველოს კონსტიტუცია და ვენეციის კომისიის მხარდაჭერის იმედები


საქართველოს პარლამენტი

გრძელდება კამათი და დაპირისპირება საქართველოს კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტში 1 მაისს იქნა ინიცირებული. კვლავაც სადავო თემებს წარმოადგენს, მაგალითად, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმება, საპრეზიდენტო უფლებამოსილებათა შეზღუდვა, არჩევნების შედეგად გაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პოლიტიკური პარტიისთვის მიკუთვნება თუ საარჩევნო ბლოკების აკრძალვა. ბრძოლის რამდენიმე ფრონტი აქვთ გახსნილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული პროექტის მოწინააღმდეგეებს, რომელთა პოზიციასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პროგრესის წინააღმდეგ მიმართულ „სუბიექტურ პოლიტიკურ ინტერესებად“ აფასებს. საბოლოო სიტყვა უნდა თქვას ევროსაბჭოს ვენეციის კომისიამ, რომელიც კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებულ შენიშვნებს არაერთი წყაროსგან მიიღებს. მათ შორის იქნება მესამე სექტორიც.

პარტია „ევროპული საქართველო“ 2 მაისიდან კარდაკარ სიარულსა და, პლებისციტის გამართვის მოთხოვნით, ხალხის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. როგორც პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა 1 მაისს გამართულ ბრიფინგზე, ახალი კონსტიტუციის პროექტი მხოლოდ „ქართული ოცნების“ ინტერესებს მოერგო, არ იქნა მიღწეული აუცილებელი კონსენსუსი და ხალხს დაუკითხავად წაართვეს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის უფლება. „ევროპული საქართველო “ ძალების გაერთიანებისკენ მოუწოდებს პრეზიდენტსა და პოლიტიკურ პარტიებს.

თუმცა საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების ძირითად ნაწილს თავისი დამოუკიდებელი ფრონტი აქვს გახსნილი. სამოქალაქო მოძრაობამ „დაიცავი კონსტიტუცია“ 1 მაისს საზოგადოებას ახალი დეკლარაცია წარუდგინა და ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. კამპანიის მიზნები, რომლებსაც პოლიტიკოსებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც უერთდებიან, საზოგადოებას პოლიტიკური ორგანიზაციის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა, ნიკოლოზ მაჭუტაძემ, გააცნო. დასახელდა ძირითადი პრეტენზიებიც:

„დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი და საყოველთაო არჩევის წესის ცვლილება, მოქალაქეებისთვის სახელმწიფოს მეთაურის არჩევის უფლების წართმევა, პრეზიდენტის ინსტიტუტის უფლებამოსილების შემცირება და ამით ბალანსისა და შეკავების ისედაც დასუსტებული კონსტიტუციური პრინციპის საბოლოოდ მოსპობა; დაუშვებელია საარჩევნო ბლოკების შექმნის უფლების გაუქმება; დაუშვებელია ასეთ პირობებში 5 %-იანი საარჩევნო ბარიერის დატოვება, მისი არშემცირება; დაუშვებელია საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ე.წ. გადაუნაწილებელი მანდატების მხოლოდ ერთი, მმართველი პოლიტიკური ძალისთვის გადაცემა, ისევე როგორც მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება; დაუშვებელია ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება; დაუშვებელია პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის, უფლებამოსილებების ანულირება; დაუშვებელია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის წესის ცვლილება; დაუშვებელია ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის გაუქმება“.

ეს კამპანია სუბიექტურ პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება. პრეზიდენტმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო კამპანია კომისიის წინააღმდეგ,როდესაც საერთოდ დოკუმენტიც კი არ იყო შემუშავებული. პრეზიდენტს აქვს თავისი სუბიექტური პოლიტიკური მიზნები, ასევე ოპოზიციურ პარტიებს აქვთ თავიანთი სუბიექტური პოლიტიკური მიზნები...
ირაკლი კობახიძე

„ჩვენ ვართ პირნათელი საზოგადოების წინაშე. ჩვენ არადემოკრატიულ კონსტიტუციას ვცვლით დემოკრატიული კონსტიტუციით“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის სპიკერმა, ირაკლი კობახიძემ, 1 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც წინ უსწრებდა კონსტიტუციის ახალი პროექტის პარლამენტში ინიცირებას. კობახიძე, რომლის ხელმძღვანელობითაც 4 თვის განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, დარწმუნებულია, რომ ცვლილებები ევროპის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად შემუშავდა და მიღწეულია ორი ძირითადი ამოცანა: ფუნდამენტურ სამართლებრივ პრინციპებთან შესაბამისობა და ჯანსაღი საპარლამენტო დემოკრატიული და სტაბილური მმართველობის სისტემის ჩამოყალიბება.

მართალია, კონსტიტუციის პროექტზე მუშაობა დასრულებულია, მაგრამ, პარლამენტის სპიკერის განმარტებით, საყოველთაო სახალხო განხილვის კვალდაკვალ, გამორიცხული არ არის ცვლილებების შეტანა. პირდაპირ ითქვა, რომ, მაგალითად, თუკი პრეზიდენტი არ შეწყვეტს საკონსტიტუციო კომისიასა და პარლამენტთან დაპირისპირებას, „პოლიტიკურ კომპრომისს“ აზრი დაეკარგება და, შესაძლოა, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა არა 2023 წლიდან, არამედ 2018 წლიდანვე აიკრძალოს. რაც შეეხება ოპონენტების წინააღმდეგობას, ირაკლი კობახიძე ამ ყველაფერს პროგრესის წინაააღმდეგ მიმართულ კერძო ინტერესებად აღიქვამს:

„ეს კამპანია სუბიექტურ პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება. პრეზიდენტმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო კამპანია კომისიის წინააღმდეგ,როდესაც საერთოდ დოკუმენტიც კი არ იყო შემუშავებული. პრეზიდენტს აქვს თავისი სუბიექტური პოლიტიკური მიზნები, ასევე ოპოზიციურ პარტიებს აქვთ თავიანთი სუბიექტური პოლიტიკური მიზნები და, ბუნებრივია, მათ ინტერესებში არ შედის, რომ არადემოკრატიული კონსტიტუციის შეცვლა დემოკრატიული კონსტიტუციით წარმოადგინონ როგორც მიღწევა ამ ხელისუფლების... ეს არის მათი დღის წესრიგი, ნეგატიური დღის წესრიგი, ხოლო ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიტიური დღის წესრიგი“.

გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი კობახიძე
გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი კობახიძე

თუმცა, პრეზიდენტის, სახალხო დამცველისა და პოლიტიკური პარტიების გარდა, კონსტიტუციის ახალი პროექტის მისამართით სერიოზული შენიშვნები აქვს არასამთავრობო სექტორსაც. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საპარლამენტო მდივანმა ლიკა საჯაიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, მუშაობის პროცესში საკონსტიტუციო კომისიამ არ გაიზიარა არასამთავრობო სექტორის შენიშვნები და, მათ შორის, ყველაზე პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, რაც საარჩევნო სისტემას უკავშირდება. შედეგად, მისი განმარტებით, მაჟორიტარული წესის გაუქმების მიუხედავად, კვლავაც სერიოზულ პრობლემას ქმნის 5 %-იანი ბარიერის შენარჩუნება, გაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის მიკუთვნება და საარჩევნო ბლოკების აკრძალვა. ლიკა საჯაიას თქმით, პრობლემაა პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გაუქმება და მისი უფლებამოსილებების შეზღუდვაც. აქვეა სხვა შენიშვნებიც:

„ეს უკავშირდება, იგივე, მოსამართლეების გამოსაცდელი ვადით არჩევას, რაც კვლავაც დარჩა ჩვენს კონსტიტუციაში. ასევე ჩვენ ვფიქრობდით, რომ მოსამართლეთა არჩევა იუსტიციის საბჭოს მიერ უნდა ყოფილიყო უფრო მეტად გამჭვირვალე პროცესი და დასაბუთებული გადაწყვეტილებით, ღია კენჭისყრით უნდა ხდებოდეს მოსამართლეების დანიშვნა... ასევე არის საკითხები, რომლებიც უკავშირდება პარლამენტის მაკონტროლებელ როლს... ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქორწინებასთან დაკავშირებული ჩანაწერიც უკან გადადგმული ნაბიჯია“.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, ასევე სხვა წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები ამზადებენ თავიანთ შეფასებებსა და წინადადებებს, რომლებიც უახლოეს დღეებში გადაეგზავნება ევროსაბჭოს ვენეციის კომისიას როგორც ერთობლივი, ასევე ინდივიდუალური სახით. ვენეციის კომისიასთან აქტიურ კომუნიკაციას გეგმავენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც.

მართალია, პარლამენტის სპიკერმა, ირაკლი კობახიძემ, 1 მაისს ისევ გაიმეორა თავდაპირველი დაპირება, რომ ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასტურის გარეშე კონსტიტუციის ახალი პროექტიდან არც ერთი ნორმა არ დამტკიცდება, მაგრამ იქვე გამოითქვა მტკიცე იმედი, რომ პროექტი აუცილებლად მოიპოვებს ვენეციის კომისიის მხარდაჭერას. ასეთსავე იმედს გამოხატავდა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, ვენეციის კომისიის მდივან თომას მარკერტთან სტრასბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ, თუმცა, თავის მხრივ, ვენეციის კომისიის დარწმუნებისა და მხარდაჭერის მოპოვების იმედი აქვთ როგორც ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, ასევე არასამთავრობო სექტორს.

ვენეციის კომისიის დასკვნების გათვალისწინებით, საყოველთაო სახალხო განხილვის პროცესის შემდეგ, წინასწარი ინფორმაციით, ივნისში დაიწყება ახალი კონსტიტუციის პროექტის განხილვა და გაიმართება ორი მოსმენა პლენარულ სესიაზე, ხოლო მესამე მოსმენის შემდეგ ის საბოლოოდ დამტკიცდება ოქტომბერში ან ნოემბერში. პრეზიდენტს უფლება აქვს ვეტო დაადოს დამტკიცებულ ახალ კონსტიტუციას, თუმცა, დიდი ალბათობით, ამ ვეტოს დაძლევს საპარლამენტო უმრავლესობა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG