Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მრავალფეროვანი ქართული სამოსი


ქართული სამოსის გამოფენა
ქართული სამოსის გამოფენა

18 მაისს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოიფინა საცავში დაცული ქართული ეროვნული სამოსი, რომელიც მეთვრამეტე-მეოცე საუკუნის ნიმუშებს წარმოადგენს. მათ შორის გამოიფინა რამდენიმე მემორიალური ტანსაცმელი და აქსესუარი. 18 მაისს აღინიშნა საქართველოში ქართული ეროვნული სამოსის დღეც. როგორ იმოსებოდნენ გასულ საუკუნეებში საქართველოში, რა გავლენა ჰქონდა სამოსის ფორმირებაზე საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ მდგომარეობას?

მრავალფეროვანი ქართული სამოსი
please wait

No media source currently available

0:00 0:09:29 0:00
გადმოწერა

„გავიარეთ რა ტყე, ჩვენ შევხვდით სამ ქალს, რომლებიც დამფრთხალნი გაიქცნენ. მათ ეცვათ მოკლე კაბა და შარვალი, ხოლო ქვედა ნაწილი დაფარული ჰქონდათ საბურველით, რომლის ტარებაშიც ისინი დიდ ხელოვნებას ამჟღავნებდნენ“, - ეს არის ამონარიდი ინგლისელი მკვლევრისა და მოგზაურის, ფილიპ გროვეს, ჩანაწერიდან, სადაც ის 1874 წელს რაჭაში მოგზაურობის შესახებ წერს. აი, რას წერს კიდევ ერთი მოგზაური 1888 წელს ქართული სამოსის შესახებ:

„...ჩვენ მოგვეცა შემთხვევა გვეხილა იქაური ლამაზი ქალის მოხდენილი სადღესასწაულო ტანსაცმელი. ოქროს სირმით გრძელი შავი ხიფთნის ქვემოდან ეფექტურად მოჩანს წითელი შარვალი, წელზე შემოჭერილი ლამაზი ქამრით. ხიფთანის მკერდი მორთულია წითლად, ქამარზე მიმაგრებულია თეთრი, წითელკვადრატებიანი, გრძელი და ფართო წინსაფარი. თავსამკაული რაღაც დოლბანდის მსგავსია, საიდანაც უკან ეშვება წითელფოჩებიანი თეთრი თავსაბურავი“.

ქართული სამოსი
ქართული სამოსი

როგორც ჩანს, ქართული ტრადიციული და, ამასთანავე, მეტად მრავალფეროვანი სამოსი განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენდა უცხოელ მოგზაურთათვის.

საქართველოში სამოსის ისტორიის დასაწყისად ხელოვნებათმცოდნეები მეექვსე საუკუნეს მიიჩნევენ. ჯვრის მონასტერზე გამოსახული რელიეფი - მამაკაცის შესამოსელი, რომელსაც ცრუსახელოიანი სათავადო კაბა ეწოდება - ეს არის პირველი და უძველესი ვიზუალური ინფორმაცია ქართული სამოსის თაობაზე. რაც შეეხება რეალურ სამოსს, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, ის თარიღდება მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებით. სწორედ ეს სამოსი გამოიფინა 18 მაისს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, სადაც დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ენახა მეგრული, სვანური, ხევსურული, თუშური, მთიულური, ქართლ-კახური, იმერული სამოსი, აქსესუარები თუ სხვა ატრიბუტები. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო რამდენიმე მემორიალური ხასიათის სამოსიც, მათ შორის, თეიმურაზ მეორის, ქართლ-კახეთის მეფის, სამეფო კაბა; ასევე, გურიის მთავრის შვილის, ნინო გურიელის, სამოსის კომპლექტი, რომელიც მეთვრამეტე საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება. გულიკო კვანტიძე, გამოფენის მთავარი კურატორი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას გამოფენის რამდენიმე ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას:

ქართული სამოსის გამოფენა
ქართული სამოსის გამოფენა

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ის, რომ ჩვენი ფონდის მასალებით გავაცოცხლეთ აფხაზი ქალის ჩაცმულობა, ლაზი ქალისა და ინგილო ქალის ჩაცმულობები. ამ გამოფენის მთავარი არსი არის მეთვრამეტე-მეოცე საუკუნეების საქართველოს ეპოქის გაცოცხლება. რა თქმა უნდა, ძირითადი აქცენტი გაკეთდა ქართულ ეროვნულ სამოსზე, მაგრამ იმისათვის, რომ დამთვალიერებელს ზოგადად ეპოქაზე მეტი წარმოდგენა შეჰქმნოდა, ჩვენ გამოვფინეთ იმდროინდელი საყოფაცხოვრებო ნივთებიც“.

რესტავრატორმა ეკა ტყეშელაშვილმა ნინო გურიელის კაბის რესტავრაციაზე იმუშავა. იქიდან გამომდინარე, რომ კაბა ნატურალური აბრეშუმის ნაზი ქსოვილისგან არის შეკერილი, დროთა განმავლობაში ის საკმაოდ დაზიანდა. განსაკუთრებით დაზიანებული იყო სარტყელი და გულისპირი. ეკა ტყეშელაშვილი კაბის ქსოვილის განსაკუთრებულობასა და, ზოგადად, უზადო ნაკეთობაზე ლაპარაკობს:

„ქსოვილზე არის თავისი ბუნებრივი მცენარეული სახეები და ასევე იფიქრებთ, რომ ეს მანები ოქრომკედით არის შესრულებული. არადა, თავად ქსოვილია ასე მოქსოვილი და არა შემდეგ ხელით ნაქარგი. თავად კაბა თვლებით და კილიტებით არის შემოსილი და ხავერდია გამოყენებული და ოქროსა და ვერცხლის ძაფებით არის გარშემო მოქარგული“.

ქართული სამოსის გამოფენა
ქართული სამოსის გამოფენა

რა თქმა უნდა, რომ საუკუნეების განმავლობაში ქართულმა ტრადიციულმა სამოსმა არაერთი სახეცვლილება განიცადა. ეს სახეცვლილება ძირითადად გამოწვეული იყო ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური თუ კულტურული მდგომარეობით. ქართულ სამოსზე მნიშვნელოვან ასახვას პოვებდა საქართველოს ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან. სწორედ ამაზე ლაპარაკობს რადიო თავისუფლებასთან იზოლდა მელიქიშვილი, ხელოვნებათმცოდნე:

„იმის მიხედვით, თუ რომელ პერიოდში, რომელი ქვეყნის დამპყრობლის გავლენის ქვეშ ვექცეოდით ჩვენ, ამან გარკვეულწილად პატარ-პატარა ცვლილებები შეიტანა ჩვენს კოსტიუმში. დასავლეთ საქართველოში, მაგალითად, განსაკუთრებით ქალის შესამოსელში, ძალიან კარგად ჩანს ოსმალური ელემენტების გავლენა. სამცხე-ჯავახეთში ასევე ძალიან კარგად ჩანს მუსულმანური სამყაროს გავლენა, ისევე როგორც გვიან, მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნის მიჯნაზე, კარგად ჩანს ისტორიულ ჰერეთში მუსულმანური სამყაროს გავლენა. აღმოსავლეთ საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ირანის ქვეშ ვიყავით საკმაოდ დიდხანს, აქ ნაკლებ არის ასახული ირანული სამყაროს გავლენა“.

ქართული სამოსის გამოფენა
ქართული სამოსის გამოფენა

იზოლდა მელიქიშვილის სიტყვებით, მსოფლიო ხალხებისაგან ყველაზე გამორჩეული, თვითმყოფადი ქართული სამოსი, ეს ხევსურული სამოსია:

„ზოგადად ხევსურულ სამოსს შუმერულ, აქადურ, მიდიურ სამყაროსაც უკავშირებენ, რადგან ხევსურული სამოსის ფორმა, ფერადოვნება, თავად დეტალების მოქარგვა, რომელიც ხევსური ქალისა და კაცის ტალავარს ჰქონდა, ამ ძველ სამყაროსთან გარკვეულ კავშირში არის, მაგრამ, სხვა თვალსაზრისით, უკვე მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში ხევსურული სამოსი აბსოლუტურად გამორჩეული არის შესრულების ტექნიკითაც, ფერთა გამითაც და, რა თქმა უნდა, თავისი ფორმითაც“.

ქართული ჩასაცმელის შესახებ წყაროები მეტად მწირია. შეიძლება ითქვას, რომ ადრეული შუა საუკუნეების წერილობითი წყარო, სადაც მეტ-ნაკლებად სრულყოფილი ინფორმაცია იქნებოდა ტანისამოსის შესახებ, არ მოიპოვება. ადრეული პერიოდის ქართული ჩასაცმელის შესასწავლად ხელოვნებათმცოდნეებს მხოლოდ ეკლესიებში შემონახული მხატვრობა, ბარელიეფები და მინიატურები აქვთ, რომლის საფუძველზეც შეიძლება ძირითადი სტილის და ჩაცმის მორთულობის განსაზღვრა. სამოსის შესახებ ინფორმაციას ინახავს გვიანი პერიოდის ქართველ ავტორთა, მათ შორის ვახუშტი ბატონიშვილის, იოანე ბატონიშვილის, პაპუნა ორბელიანის ნაშრომები. საინტერესო ცნობებს შეიცავს ქართული ტრადიციული სამოსის შესახებ ასევე „მზითვის წიგნები“. იქ ტანსაცმლის სახეობათა, ქსოვილებისა და სამკაულების ჩამონათვალია მოცემული. სწორედ ამ წყაროებში მოიხსენიებიან მეთვრამეტე საუკუნის მიწურულიდან მკერვალნიც, ჩოხების მკერავები, იგივე დერციკები:

„დერციკებს ჰყავდათ შეგირდები და როდესაც მათ შეასწავლიდნენ ხელობას, მერე ხდებოდა მათი „კურთხევა“ ოსტატებად. ფოტოებიც კი არის შემორჩენილი, სადაც სხედან მკერავები და დიდი მაკრატლები აქვთ ქამარში გარჭობილი. მათ მიერ „ნაკურთხი“ შეგირდი კი ფეხზე დგას და ხელში ყვავილების თაიგული უჭირავს“.

აღსანიშნავია ისიც, რომ ადამიანების სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ქართული ტრადიციული სამოსი სხვადასხვა სახით გვხვდება. ამის საილუსტრაციოდ იზოლდა მელიქიშვილს ივანე ჯავახიშვილის ჩანაწერი მოჰყავს:

ქართული სამოსის გამოფენა
ქართული სამოსის გამოფენა

„ერთი ხელი სანამუსო სამოსი ყველა გლეხის ოჯახში ინახებოდაო. ანუ სამოსი გაყოფილია ორ ნაწილად: ე. წ. სახმარი სამოსი, ანუ ყოველდღიური, და სანამუსო, ანუ გარეთ გასასვლელი. ეს რაც შეეხება დაბალ სოციალურ ფენას. ნორმალური ჩოხა და ახალუხი ყველა გლეხის ოჯახშიც კი უნდა ყოფილიყო“.

ქართული ეროვნული სამოსის ჩანაცვლება ევროპული კოსტიუმით მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევრიდან დაიწყო. რუსეთსა და ევროპასთან დამყარებულმა სავაჭრო-ეკონომიკურმა კავშირებმა სხვა მოთხოვნები გაუღვივა ქართულ საზოგადოებას, რაც თავდაპირველად ჩაცმასა და სახლის ევროპულად მოწყობაში გამოიხატა. ტფილისის ე. წ. ევროპულ ნაწილში, პასკევიჩ-ერევანსკის სახელობის მოედანსა და გოლოვინის პროსპექტზე, გაჩნდა რუსული და ევროპული ტანსაცმლის მაღაზიები და სალონები. მაღაზიის მფლობელები ხან დროებით და ხან მუდმივად იწვევდნენ ევროპული სამოსის ხელოსნებს. ტფილისში უპირატესობა ენიჭებოდა ფრანგულ მოდას და, შესაბამისად, ფრანგულ საქონელს. უხვად იყო დახლებზე ძვირად ღირებული და ხარისხიანი ქსოვილები. მეცხრამეტე საუკუნეში კაცებმა ჩაიცვეს ფრაკი, სერთუკი, სმოკინგი, თეთრი პერანგი და წელში გამოყვანილი შარვალი. აქსესუართაგან კი აუცილებელი იყო ხელთათმანი, ქოლგა, ხელჯოხი. რაც შეეხება ქალებს, მათ ევროპულად შემოსვა ფეხსაცმლიდან დაიწყეს. გაიხადეს ე. წ. ჭვინტიანი, აღმოსავლური ყაიდის ქოში და მის ნაცვლად ჩაიცვეს ე. წ. ჩულქი, შტიბლეტი. ქართული კაბა განიერი კრინოლინით ჩანაცვლდა. მართალია, მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში ევროპული სამოსი უბრალო მოქალაქეებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც ქართული ტრადიციული სამოსით იმოსებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG