Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის ახალი ინიციატივის შესახებ


ამ დღეებში საქართველოში საკმაოდ სწრაფად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობა გლეხებს მიწის დაუმუშავებლობისთვის სპეციალური გადასახადით დაბეგრავს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეკონომიკის სამინისტროში ახალ პროექტს უკვე ამუშავებენ, თუმცა სანქცია 2016 წლამდე არ ამოქმედდება. კონკრეტულად რა სახის და რა მოცულობის გადასახადით დაიბეგრება მიწის მფლობელი, ეს ცნობილი არ არის. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ამჟამად პროექტი დამუშავების სტადიაშია და დეტალებზე ვერ ილაპარაკებენ.
დღეის მდგომარეობით, სასოფლო-სამეურნეო მიწაზე გადასახადი ქონების გადასახადის შემადგენელი ნაწილია, ადგილობრივი ბიუჯეტების წყაროა და მიწაზე ქონების გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებულია, 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით, ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა გუშინ განმარტა, რომ სპეციალური გადასახადით დაბეგვრა ამჯერადაც არ შეეხება წვრილ ფერმერებს, თუმცა შენარჩუნდება 5- ჰექტარიანი ზღვარი თუ გაიზრდება, ეს მინისტრს არ დაუზუსტებია.

ოფიციალური ინფორმაციით, დღეს საქართველოში დაახლოებით 750 000 ჰექტარამდე სახნავი მიწის ფართობია, საიდანაც 400 000 ჰექტარამდე მუშავდება.

არ არსებობს კვლევები, რომელიც დაადასტურებდა, რომ დაუმუშავებელ მიწაზე გადასახადის დაწესება აუცილებლად მოახდენს მიწების დამუშავების სტიმულირებას. ძნელი სათქმელია რამდენად შეიძლება აღმოჩნდეს მსგავსი „სადამსჯელო მექანიზმი“ უფრო კარგი არგუმენტი, ვიდრე მოგების მიღება ამ მიწაზე. ხოლო თუ მოგების მიღება შეუძლებელია სხვადასხვა მიზეზის გამო, რატომ დაიბეგროს ამისთვის ფერმერი დამატებითი გადასახადით და რა ეკონომიკურ ეფექტს ელოდება ამ გადაწყვეტილებისგან ხელისუფლება?

ეს კითხვა მით უფრო აქტუალურია, როცა დღეს სოფელში ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია ირიგაციის პრობლემა, სუბსიდირებული აგროდაზღვევის პროგრამაც დიდი წარმატებით არ ჩაშვებულა, აგროსესხების მიღების პრობლემა არსებობს და ა.შ.

ამის პარალელურად კი, ხელისუფლების იმავე საპრივატიზაციო და სავიზო პოლიტიკის გამო, ინვესტიციების შემოსვლა მიწის ბაზარზე შეჩერებულია.

ამას გარდა, პრობლემაა ისიც, რომ საქართველოში დარეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო მიწები ფრაგმენტულია, ანუ, საქართველოს პირველი ეროვნული სასოფლო-სამეურნეო აღწერის მასალების მიხედვით, საქართველოში მეურნეობათა 43.1% ფლობს ნახევარ ჰა-მდე მიწის ნაკვეთს, 0. 5 ჰა-დან 1 ჰა-მდე ნაკვეთებს ფლობს მეურნეობათა 32%, ანუ 75 პროცენტი 1 ჰექტარამდე მიწის მფლობელია. ამ მასშტაბის მიწის ფართობზე რაიმე პროგრესული ტექნოლოგიის დანერგვა, მექანიზაციის ან სხვა საშუალებების გამოყენება, შრომის ნაყოფიერების ამაღლების მიზნით, პრაქტიკულად გამორიცხულია.

დღემდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის პროცესი, რომელიც ხელისუფლებამ დაახლოებით ერთი წლის წინ წაახალისა, განსაკუთრებული ტემპით არ გამოირჩევა. 2014 წლის დეკემბრისთვის სასოფლო-სამეურნეო სტატუსი მიენიჭა 376 კოოპერატივს, რომელთაგან 99 კოოპერატივი მაღალმთიან რეგიონშია. კოოპერატივებში გაერთიანებულია 2 956 მეპაიე. კოოპერატივებისთვის უკვე გაცემულია მოტობლოკების კომპლექტი (169) და დამატებითი ხელის სათესი (117).

თუ სპეციალური გადასახადი მსხვილ ნაკვეთებს შეეხება, საინტერესოა ეს ხელს შეუწყობს მიწების გამსხვილების პროცესს თუ პირიქით?

ასევე, კვლევების თანახმად, საქართველოში მიწის ბაზრის მხოლოდ დაახლოებით 30%–ია აღრიცხული. დარეგისტრირებული მიწების შემთხვევაში, ბევრი „გადაფარვა“ და დასაზუსტებელი მიწის ნაკვეთია. ამ სიტუაციაში თუ გადასახადი დაწესდა, რა მოცულობის მიწებსაც უნდა ეხებოდეს ის, დაბეგვრის ობიექტები სწორედ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები იქნება და მიწის ფონდის უდიდესი ნაწილი მის ქვეშ ვერ მოექცევა.

აგრარულ სექტორში არსებული პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ მიწის დამუშავებაზე პასუხისმგებლობის დარეგისტრირებული მიწის მფლობელებზე გადატანა, ერთი შეხედვით, ეკონომიკურ გადაწყვეტილებაზე მეტად პოლიტიკურ პოზიციას ემსგავსება. შესაბამისად, ხელისუფლებას ყველა - როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური - ეფექტის დათვლა მოუწევს, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს.

XS
SM
MD
LG