Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

The Cubical - ბლუზი პანკ-როკის აქცენტით


დღევანდელი სიუჟეტის პირველ ნაწილში ლივერპულში აღმოვჩნდებით. მართალია, ეს ქალაქი ლამის ჯგუფ "ბიტლზის" სინონიმადაა ქცეული, მაგრამ ამჯერად ყველაზე ცნობილ ოთხეულს გვერდს ავუვლი და ერთ საინტერესო მუსიკალურ პროექტს შევეხები, რომელიც მდინარე მერსის ნაპირებზე არცთუ დიდი ხნის წინ დაიბადა.

ეს ლივერპულური კვინტეტის, The Cubical-ის, სიმღერა გახლდათ, თანამედროვე ბრიტანულ ანდეგრაუნდ სცენაზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პერსპექტიული ბენდის კომპოზიცია. თუ "ბიტლზი" ამერიკული როკენროლის ფესვებიდან აღმოცენდა და ის ლივერპულურ ყაიდაზე მოაქცია, შეიძლება თამამად ითქვას, რომ The Cubical-ის მასაზრდოებელი წყარო ამერიკული ხალხური მუსიკა - ბლუზი და მისი ბრიტანული როკვერსიაა. ბენდის სასახელოდ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არ გამოიკეტა სახელოვანი წინაპრების - პიტერ გრინის, ერიკ კლაპტონის, ჯონ მეიოლისა და სხვათა - შექმნილ მუსიკალურ ესთეტიკაში. კვინტეტმა კარგად შეისწავლა ტრადიციები, ნისლიანი ალბიონის სცენაზე გასულ საუკუნეში მიმდინარე პროცესები და თითქმის ყველა ჟანრიდან ისესხა ცალკეული ელემენტები, ყველაზე მეტად კი პანკ-როკი გაითავისა და ბლუზური აქცენტი მოარგო. ამგვარ სინთეზს კრიტიკოსები მეტად ბუნდოვანი ტერმინით - ე.წ. "გარაჟ-ბლუზად" - მოიხსენიებენ ხოლმე, თუმცა, მკაცრ დეფინიციებს რომ თავი დავანებოთ, თანამედროვე ბლუზ-როკის მეტად საინტერესო სახეობაა.

ჯგუფი 2010 წელს ორმა მეგობარმა - ვოკალისტმა და გიტარისტმა დენ უილსონმა და მულტიინსტრუმენტალისტმა ალექს გევაგენმა - დააარსა. შემდეგ კიდევ რამდენიმე მუსიკოსი დაიმატეს: გიტარისტი ჯონი გრინი, დრამერი მარკ პერსი და ბასისტი კრეიგ ბელი. 7-წლიანი არსებობის მანძილზე კვინტეტმა 2 სინგლისა და სამი სტუდიური ალბომის გამოცემა მოახერხა. მათგან ყველაზე საინტერესო მესამე პროექტი, "Arise Conglomerate", გამოდგა, რომელმაც ბრიტანული და მსოფლიოს ცნობილი მუსიკალური გამოცემების ყურადღება და მრავალმხრივი შეფასებები დაიმსახურა. კრიტიკოსების ნაწილმა ლივერპულელების მუსიკაში ტომ უეითსის გავლენა დაინახა, ზოგმა Captain Beefheart-ისა და ჰაულინ ვულფის შემოქმედებასთან გაავლო პარალელი. იყვნენ ისეთებიც, ფრენკ ზაპაც რომ გაიხსენეს. ასეა თუ ისე, ამგვარი არაერთგვაროვანი ასოციაციები The Cubical-ის მუსიკის მრავალმხრივობაზე მიუთითებდა და, შესაბამისად, მხოლოდ პოზიტიურ ჭრილში იქნა განხილული. მოკლედ, წარმატებას მოჰყვა საკონცერტო ტურნე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრალიასა და ევროპაში. 2013 წელს კი გასტროლები კიდევ ერთი ალბომით დაგვირგვინდა, ამჯერად - ოსლოში გამართული კონცერტის ჩანაწერით.

19 მაისს ლივერპულური კვინტეტის ახალი, რიგით მეოთხე, სტუდიური პროექტი -"Blood Moon" - გამოვა. 40-წუთიანი მასალა ერთი წლის განმავლობაში ჰოლანდიურ ლეიბლზე - Kroese Records-ში - იწერებოდა. ალბობში სულ ცხრა ბლუზი შევიდა, რომლებიც The Cubical-ის ლიდერების, დენ უილსონისა და ალექს გევაგენის, საავტორო თხზულებებია, ხასიათის კუთხით კი, კრებული მრავალფეროვანია. მაგალითად, გიტარის აგრესიული, უხეში, მძიმე ჟღერადობით გამორჩეულ "Blood Moon"-ს ნელი და გემრიელი ბლუზები In Your Eyes და The Darkest Corners ენაცვლება. ამჯერად კი შემოგთავაზებთ სიმღერას "I Believe It When I Love You", რომელიც, ჩემი აზრით, ყველაზე უკეთ ქმნის წარმოდგენას ახალი ალბომის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG