Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუზეუმი - ძეგლის ნაცვლად


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი ბოლნისის სამუზეუმო-საგანმანათლებლო სივრცის პროექტირებაზე. როგორც სამინისტროში განმარტეს, ახალი მუზეუმი იქმნება საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე აღმოჩენილი მასალებისა და ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოლექციების ბაზაზე. ამასთან, როგორც ირკვევა, კონკურსში გამარჯვებული პროექტის დოკუმენტაციის შექმნისთვის საჭირო თანხას გაიღებს კომპანია „RMG Gold“, რომელიც ასევე სრულად დააფინანსებს მუზეუმის შენობის მშენებლობას. რატომ ამჯობინა კულტურის სამინისტრომ მუზეუმის აშენება ძეგლის შენარჩუნებას?

ბოლნისში ახალი სამუზეუმო -საგანმანათლებლო სივრცე შეიქმნება, ბოლნისის მოსწავლე ახალგაზრდობის შენობის რეკონსტრუქციის, ახალი ნაგებობების მიშენებისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის შედეგად. კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის თქმით, კონკურსის ძირითადი მიზანია მოეწყოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სამუზეუმო კომპლექსი, რომელიც შეიქმნება საყდრისში აღმოჩენილი მასალებისა და ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოლექციების ბაზაზე.

„აღნიშნული მსოფლიო მნიშვნელობის კოლექციები საჭიროებს საერთაშორისო სამუზეუმო სტანდარტების შესაბამისად დაცვას, კვლევას, ახლებურად გაანალიზებას და ფართო აუდიტორიისათვის თანამედროვე მოთხოვნილებათა შესაბამისად წარდგენას“, განაცხადა მიხეილ გიორგაძემ სამინისტროში გამართული პრესკონფერენციის დროს.

„კონცეფცია მომზადებულია ეროვნული მუზეუმის მიერ. ტექნიკური დავალების მომზადებაში მონაწილეობა მიიღო ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ. სამინისტრო აცხადებს ამ კონკურსს. 1 სექტემბრამდე არის პირველადი განაცხადების შემოტანის ვადა და გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ დეტალური, სრულყოფილი არქიტექტურული პროექტისთვის მაქსიმუმ ექვის თვე მიეცემათ აპლიკანტებს“.

კონკურსის პირობების თანახმად, მუზეუმს ექნება მუდმივი საექსპოზიციო სივრცე 450 კვადრატული მეტრი საერთო ფართობით, რომელიც დაიყოფა რამდენიმე თემატურ ნაწილად. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იქნება უძველესი მეტალურგია (ბრინჯაოს ხანა) - საყდრისი, ბალიჭი-ძეძვები, საყდრისის მაღაროს 3D რეკონსტრუქცია. როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ბოლნისში შეიქმნება დიდი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი:

„სადაც საყდრისს თავისი ადგილი ექნება და საკმაოდ ვრცელიც. თუმცა, საყდრისის გარდა, ბოლნისში სხვაც ბევრი არქეოლოგიური და ისტორიული ძეგლია. მოხდება მოდელირება იმისა, თუ როგორი იყო საყდრისის ე.წ. შახტები, ანუ დამთვალიერებელი სრულ ინფორმაციას მიიღებს საყდრისზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველაფერი ეს არა მარტო სანახავად იქნება, არამედ კვლევებისთვისაც, ანუ გაგრძელდება კვლევა, მუზეუმში შესულ მასალებზე დაყრდნობით“.

თუმცა საქართველოს მთავრობა, კულტურის სამინისტრო და სამინისტროს მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის წევრები ხანგრძლივი დროის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ საყდრისის მაღარო არ წარმოადგენდა მნიშვნელოვან კულტურულ მემკვიდრეობას. რადიო თავისუფლების არქივში შემონახულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და კომისიის წევრის, გეოლოგია-მინერალოგიის დოქტორის,ომარ ქუცნაშვილის, განმარტებები.

ირაკლი ღარიბაშვილი: „კომისიამ დადო დასკვნა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ ეს საბადო არ წარმოადგენს განსაკუთრებულ ადგილს. ის, რომ ოქროს საბადო იყო, არ არის დადასტურებული“.

ომარ ქუცნაშვილი: „რა თქმა უნდა, იმ დროს არ მოიპოვებოდა ოქრო, რადგანაც მაშინ კი არა, სულ რაღაც ორი საუკუნეა, რაც კვარციტებიდან ოქროს მოპოვება დაიწყო სპეციალური მეთოდებით - გამოტუტვით. ცხადია, 5 ათასი წლის წინ ამ ტექნოლოგიას არავინ ფლობდა. ამიტომ არც გეოლოგიური კუთხით დასტურდება და არც მეტალურგიული კუთხით. კვარციტებში მხოლოდ მიკროსკოპით შეიძლება დაინახო და ასე თვითნაბადი სახით არც არავის უნახავს, არც ყოფილა და არც არის“.

იმ შახტებში შესვლა ტურისტებისთვის შეუძლებელი იქნებოდა. თუ საბჭოთა შახტებს გულისხმობენ, მაშინ გეტყვით, რომ ეს შახტები არაფრისმეტყველია, ხოლო იმ პრეისტორიულ შახტებში ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა შეღწევა. გარდა ამისა, მიმდინარეობდა ნგრევის შეუქცევადი პროცესი...
ნიკოლოზ ანთიძე

თუმცა, ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მაინც გადაწყვიტა საყდრისის მაღაროში ნანახი არტეფაქტების მუზეუმში გადატანა და მაღაროს 3D რეკონსტრუქცია, რაც არალოგიკურად ეჩვენება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს, სულხან სალაძეს, რომელიც საყდრისის საბადოს მოსპობის გამო სასამართლოში ედავება საქართველოს მთავრობას.

„რაში გვჭირდება ამ ტიპის მოდელირება, თუკი საყდრისის მაღარო არ იყო მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობა? და თუ მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობა იყო, რატომ არიან თანამდებობებზე ის პირები (კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში), რომლებიც გვიმტკიცებდნენ, რომ იქ არანაირი არტეფაქტების აღმოჩენა არ შეიძლება და რაიმე კულტურული ღირებულება ამ ობიექტს არ გააჩნია. არადა, მიმდინარე წლის მაისში აბსოლუტურად სტერილურ ველზე ჩვენ მიერ ჩაყვანილმა არქეოლოგებმა სამი ქვის პრეისტორიული ურო იპოვეს“, უთხრა სულხან სალაძემ რადიო თავისუფლებას.

სულხან სალაძის მსგავსად, კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს ხელოვნებათმცოდნე მარინე მიზანდარი, რომელიც საყდრისის მაღაროს მადნის მომპოვებელი კომპანიის ხელყოფისაგან კულტურის მინისტრის მოადგილედ მუშაობის დროსაც იცავდა:

„რა შედარებაა! მთავარი არტეფაქტი მაღაროს სახით აღარ არსებობს! აფეთქებული და დანგრეულია! ეს მუზეუმი იქვე, ადგილზე უნდა შექმნილიყო, სადაც ადამიანს ექნებოდა საშუალება ჩასულიყო იმ გვირაბებში და ეზიარებოდა იმ მისტიკას, რომელიც იმ პრეისტორიულ მაღაროში სუფევდა. შთაბეჭდილებას ტოვებდა სწორედ ეს საოცარი გვირაბები, სადაც თვალსაჩინო იყოადამიანის ნამუშევარი. კარგად მოჩანდა, სად იყო დამუშავებული და დაუმუშავებელი ქანები, სად იყო ადამიანის ხელით გაკეთებული გვირაბები. ეს ყველაფერი წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენდა“.

აქ უნდა აშენებულიყო ცოცხალი მუზეუმი, სადაც (მაღაროს უძველეს გვირაბებში) შევიდოდნენ ტურისტები... აქ უნდა აშენებულიყო სასტუმროები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი... უნდა აშენებულიყო ახალგაზრდა არქეოლოგებისთვის სკოლა, გასართობი ადგილიც კი, საგანმანათლებლო ცენტრი...
სოფო კილასონია

მარინე მიზანდარის კრიტიკის პასუხად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, რომ ადგილზე მუზეუმის მოწყობა ვერ მოხერხდება რამდენიმე მიზეზის გამო:

„იმ შახტებში შესვლა ტურისტებისთვის შეუძლებელი იქნებოდა. თუ საბჭოთა შახტებს გულისხმობენ, მაშინ გეტყვით, რომ ეს შახტები არაფრისმეტყველია, ხოლო იმ პრეისტორიულ შახტებში ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა შეღწევა. გარდა ამისა, მიმდინარეობდა ნგრევის შეუქცევადი პროცესი და მისი შენარჩუნებაც შეუძლებელი იქნებოდა. გარდა ამისა, საქართველოში ასევე გვაქვს არანაკლები მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლები, რომლების შესწავლის შემდეგ მოხდა მათი დემონტაჟი და სამუზეუმო სივრცეში განთავსება. ერთი სიტყვით, ადგილზე ამ ობიექტის შენარჩუნება ფიზიკურად შეუძლებელი იყო. მე იქ ბევრჯერ ვარ ნამყოფი და წარმოუდგენელია ასეთ ვიწრო შტოლნებში (50-70 სმ) რამე სახის ტურიზმი განვითარებულიყო. საერთოდ, რაზეა საუბარი!“

საწინააღდმეგოს ამტკიცებს არქეოლოგებისა და ხელოვნებათმცოდნეების ნაწილი. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, როცა, კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მადნის მომპოვებელმა კომპანიამ განაახლა აფეთქებები საყდრისი-ყაჩაღიანის უბანზე, ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მთავრობა ხელიდან უშვებს შესაძლებლობას კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა ჩააყენოს ქვეყნისა და საზოგადოების ეკონომიკური განვითარების სამსახურში:

„აქ უნდა აშენებულიყო ცოცხალი მუზეუმი, სადაც (მაღაროს უძველეს გვირაბებში) შევიდოდნენ ტურისტები... აქ უნდა აშენებულიყო სასტუმროები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი... უნდა აშენებულიყო ახალგაზრდა არქეოლოგებისთვის სკოლა, გასართობი ადგილიც კი, საგანმანათლებლო ცენტრი. შესაბამისად, იქ მდებარე რამდენიმე სოფლის მოსახლეობა დასაქმდებოდა ხანგრძლივად და ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობენ, აღმოჩნდებოდნენ კულტურულ და არა ეკოლოგიური კატასტროფის სივრცეში. არც სახელმწიფოს და არც კომპანიას არ აქვს სქემა და გეგმა მიღებული, წარმოების დასრულების შემდეგ თუ როგორ დააკონსერვებენ მავნე გარემოს, უზარმაზარ გადახსნილ ტერიტორიას, სავსეს მომწავლელი ქიმიური ნივთიერებებით“.

კულტურის სამინისტრომ და საქართველოს მთავრობამ მიიღეს სულ სხვა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საყდრისის მაღაროს არტეფაქტები განთავსდება ბოლნისის რაიონულ ცენტრში აშენებულ სამუზეუმო-საგანმანათლებლო სივრცეში. გარდა ამისა, ამ სივრცის ძირითადი ფუნქციები იქნება: არტეფაქტების კვლევა და კონსერვაცია; გამოფენები (როგორც მუდმივმოქმედი, ასევე დროებითი); საზოგადოებრივი განათლება; რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარება... თუმცა, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი სულხან სალაძე ამბობს, მუზეუმის მშენებლობა და გახსნა არაფერს ცვლის სამართლებრივ დავაში, რომელიც წლებია გრძელდება კულტურის სამინისტროსა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას შორის.

„ეს მუზეუმი და იქ განთავსებული არტეფაქტები არ ათავისუფლებს არავის იმ პასუხისმგებლობისგან, რაც კანონის დარღვევით საყდრისში მოხდა. ეს უნდა იქცესლუსტრაციად, რათა მსგავსი რამ არ განმეორდეს კულტურული მემკვიდრეობის სხვა რომელიმე ძეგლზე“, უთხრა სულხან სალაძემ რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG