Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე


2017 წლის 9 ოქტომბერი: ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ბუქარესტში ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას
2017 წლის 9 ოქტომბერი: ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ბუქარესტში ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას

„სტაბილურობა და უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში“ - ამ სახელწოდების რეზოლუცია, რომელიც საქართველოსაც შეეხება, 9 ოქტომბერს დაამტკიცეს ბუქარესტში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ 63-ე სესიაზე. ტექსტში ხაზგასმულია რუსეთის ზეგავლენის გაძლიერება შავი ზღვის რეგიონში, მზარდი საფრთხეები და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვალდებულება იზრუნოს თავისი სანდო პარტნიორების უსაფრთხოებაზე. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფარგლებში კვლავაც დაისვა შეკითხვები უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ. დაინტერესებულ პირებს თავად ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უპასუხა.

სამეზობლოში დამოუკიდებელი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების ხელყოფით რუსეთი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ შავი ზღვის რეგიონს, არამედ ევროატლანტიკურ სტაბილურობასა და მშვიდობიან თანამშრომლობას - ასეთია მთავარი აქცენტი, რომელიც 9 ოქტომბერს დამტკიცებული რეზოლუციის ტექსტშია დასმული. ამ საკითხის გარშემო ნატოს წევრი ქვეყნების დეპუტატებმა 6-9 ოქტომბერს, საპარლამენტო ასამბლეის 63-ე სესიის ფარგლებში, ბუქარესტში იმსჯელეს ასევე საკომიტეტო მოსმენების ფორმატშიც და გაკეთდა არაერთი შესაბამისი კომენტარიც.

ორშაბათს დამტკიცებული რეზოლუციით ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ალიანსის წევრ სახელმწიფოთა მთავრობებსა და პარლამენტებს მიმართონ ყველანაირ პოლიტიკურ და დიპლომატიურ ზომებს შავი ზღვის რეგიონში დაძაბულობის განმუხტვისთვის.

როგორც თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რეზოლუციის ტექსტში საქართველოსთვის პრინციპული მნიშვნელობის არაერთი საკითხია ასახული. საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს რადიო თავისუფლება ბუქარესტში დაუკავშირდა:

„ამ რეზოლუციაში კიდევ ერთხელ აღინიშნა ის შეშფოთება, რაც უკავშირდება რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას, ასევე მოწოდებულია ამავე კონტექსტში, რომ რუსეთმა გაიყვანოს თავისი ჯარი. ამასთანავე, აღიარებულია ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია... ამ შემთხვევაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და არა მარტო საქართველოს საკითხი, არამედ ზოგადად ინტერესი რომ იზრდება შავი ზღვის უსაფრთხოებასთან მიმართებით, ესეც უკვე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენი პერსპექტივებისთვის“.

ყურადღება კონცენტრირებულია რეფორმებზე როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში... ამ რეფორმათა შედეგები განსაზღვრავს, თუ როდის გახდებიან ეს ქვეყნები ნატოს წევრები და როგორი იქნება დამოკიდებულება ალიანსში მათი გაწევრიანების მიმართ...
იენს სტოლტენბერგი

ირაკლი სესიაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების შესახებ. საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ხაზგასმით აღნიშნავს იმასაც, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აშკარად უკეთესობისკენ არის შეცვლილი ნატოს წევრი ქვეყნების დამოკიდებულება და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მაისში ასამბლეის გასვლით სხდომას საქართველომ უმასპინძლა, თუმცა საჯაროდ ამ მხრივ ახალი არაფერი თქმულა 9 ოქტომბერს, როცა საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოდიოდა ნატოს გენერალური მდივანი. ესტონელი დეპუტატის შეკითხვის პასუხად იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ყველაფერი ასპირანტი ქვეყნების მიერ ნაჩვენებ პროგრესზე იქნება დამოკიდებული:

“ყურადღება კონცენტრირებულია რეფორმებზე როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში... ამ რეფორმათა შედეგები განსაზღვრავს, თუ როდის გახდებიან ეს ქვეყნები ნატოს წევრები და როგორი იქნება დამოკიდებულება ალიანსში მათი გაწევრიანების მიმართ. ეს იმიტომ, რომ სწორედ ეს რეფორმები აძლიერებს როგორც უკრაინას, ასევე საქართველოს... ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან ბევრი რამ არის „არაფერსა“ და სრულფასოვან წევრობას შორის... ვფიქრობთ, რომ ამ ქვეყნებთან ჩვენი ყოვლისმომცველი თანამშრომლობა ხაზს უსვამს ძლიერ პარტნიორობას, რომელიც ძალიან ღირებულია როგორც ნატოსთვის, ასევე უკრაინისა და საქართველოსთვის... და ჩვენ მომავალშიც კიდევ უფრო გავაძლიერებთ პარტნიორობას მეტი პრაქტიკული თანამშრომლობითა და მეტი პოლიტიკური მხარდაჭერით”.

მართალია, ამ რეზოლუციას პოლიტიკური ხასიათი აქვს, სავალდებულო ხასიათი არა აქვს, მაგრამ რუსეთს ბევრი სავალდებულო ხასიათის ხელშეკრულებაც ჰქონდა, რომელიც დარღვეული აქვს...
გიორგი მუჩაიძე

ირაკლი სესიაშვილის თქმით კი, რეფორმეზე საუბარი ზოგად სახეს ატარებს და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 63-ე სესიის ფარგლებში საუბარი არ ყოფილა საქართველოს მისამართით შემუშავებულ კონკრეტულ რეკომენდაციებსა თუ შენიშვნებზე. მისი თქმით, საქართველო ნატოს თითქმის ყველა პრაქტიკულ სტანდარტს აკმაყოფილებს და გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭება-არმინიჭება მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია.

მიუხედავად იმისა, რომ 9 ოქტომბერს დამტკიცებული რეზოლუცია არასავალდებულო ხასიათისაა, მსგავსი დოკუმენტების დიდ წონაზე ლაპარაკობს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, გავლენიანი საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში დამტკიცებულ დოკუმენტებს გარკვეულწილად რუსეთის გაძლიერებული აგრესიის შეჩერებაც შეუძლია:

„მართალია, ამ რეზოლუციას პოლიტიკური ხასიათი აქვს, სავალდებულო ხასიათი არა აქვს, მაგრამ რუსეთს ბევრი სავალდებულო ხასიათის ხელშეკრულებაც ჰქონდა, რომელიც დარღვეული აქვს... მთავარია, როგორი გამოხმაურება და რეზონანსი იქნება და ამისთვის არის სწორედ საჭირო ამ თემების წამოწევა საერთაშორისო ფორუმებზე და ჩვეულებრივი ურთიერთობების არგაგრძელება რუსეთთან... და როცა ასეთი გამოხმაურება იქნება და ასეთი მხარდაჭერაა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ზეწოლისა და ჩართულობის სახით, რუსეთის მხრიდან შემდგომი აგრესიული ქმედებების პრევენცია ხდება მსგავსი რეზოლუციებითა და დეკლარაციებით“.

რაც შეეხება თავად ნატოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების სტრატეგიას, რომელზე ლაპარაკიც უკვე დიდი ხანია გრძელდება, საქართველომ არაერთხელ გამოხატა სრული მზადყოფნა ამ სტრატეგიის ფარგლებში აქტიური როლის შესრულებისთვის. დიალოგი მიმდინარეობს ბრიუსელსა და თბილისს შორის, თუმცა ჯერჯერობით არ დაკონკრეტებულა როლი, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG