Accessibility links

თბილისში გაიმართა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა


თბილისში გაიმართა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა. სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ასამბლეის თავმჯდომარემ, პაოლო ალიმ. მისი შეფასებით, საქართველოს ეკუთვნის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა. პაოლო ალიმ აღნიშნა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა 15 წელია მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს და გზას ინტეგრაციისკენ. ასამბლეის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ნატო არის არა მხოლოდ თავდაცვის ალიანსი, არამედ კავშირი, რომლის წევრებს აქვთ დემოკრატიისა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის საერთო ფასეულობები და საქართველო ნამდვილად იზიარებს ამ ფასეულობებს. პაოლო ალის შეფასებითვე, თვალსაჩინოა დიდი ტრანსფორმაცია, რომელიც საქართველომ განიცადა ბოლო 15 წლის განმავლობაში. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის თქმით, ალიანსში ჩერნოგორიის გაწევრიანება მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსა და სხვა ასპირანტი ქვეყნებისთვის, რადგან ეს არის სიგნალი, რომ ნატოს კარი მართლაც ღიაა და მათ მიზნის მიღწევაში ხელს ვერ შეუშლის გარედან ზეწოლა. საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის განცხადებითვე, რუსეთი ყოველდღიურად ცდილობს მიიტაცოს საქართველოს სულ უფრო მეტი მიწა, რათა გააძლიეროს თავისი ზეგავლენა. პაოლო ალიმ აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი პრტიორიტეტია. ასამბლეის დღევანდელ სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტემიულერმა. ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო დეკლარაცია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG