Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქიმიის დარგში ნობელის პრემია ამერიკელ მკვლევარებს ერგოთ


რობერტ ლეფკოვიცი, ბრაიან კობილკა
რობერტ ლეფკოვიცი, ბრაიან კობილკა
ქიმიის დარგში 2012 წლის ნობელის პრემია მიენიჭა ორ ამერიკელ მკვლევარს იმ ცილების შესწავლისთვის, რომლებიც სხეულის უჯრედს საშუალებას აძლევს, გარე სიგნალებს უპასუხოს. ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილება შვედეთის სამეფო აკადემიის წარმომადგენელმა, სტეფან ნორმარკმა გამოაცხადა:

„შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიამ გადაწყვიტა, ქიმიის დარგში 2012 წელს ნობელის პრემიით დააჯილდოოს პროფესორი რობერტ ლეფკოვიცი, ჰოვარდ ჰაგესის სამედიცინო ინსტიტუტისა და დიუკის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის წარმომადგენელი, ჩრდილოეთ კაროლინიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ასევე, პროფესორი ბრაიან კობილკა, სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის წარმომადგენელი, კალიფორნიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან. აკადემია პრიზს გასცემს „G-პროტეინის წყვილი რეცეპტორების შესწავლისთვის“.

ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ახალი ლაურეატები არიან შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიამ რობერტ ლეფკოვიცი და ბრაიან კობილკა. ეს ყველაზე პრესტიჟული პრიზი მათ წილად ხვდათ ინოვაციური აღმოჩენებისთვის“ „G-პროტეინის წყვილი რეცეპტორების შესწავლისთვის“.

ლეფკოვიცი, რომელიც 69 წლისაა, მერილენდში, ჰოვარდ ჰაგესის სამედიცინო უნივერსიტეტში მუშაობს. 57 წლის კობილკა კი კალიფორნიაში სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პროფესორია. მათ მიერ აღმოჩენილი რეცეპტორები ის ცილებია, რომლებიც უჯრედის კედლებამდე აღწევს. მედიკამენტების ნახევარი ეფექტს აღწევს სწორედ ასეთი რეცეპტორების გავლით. შესაბამისად, აღნიშნული კვლევა მეცნიერებს დაეხმარება, უკეთესი პრეპარატები შეიმუშაონ, - აღნიშნა ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორმა სვენ ლიდინმა:

„მილიარდობით ცალკეული უჯრედი ქმნის ჩვენს სხეულს. დიდი ხნის მანძილზე გვჯეროდა, რომ ადრენალინი არ აღწევდა იმ უჯრედებში, რომლებზეც ის გავლენას ახდენდა, თუმცა უჯრედის გარეთ ადრენალინის დონის მატება უჯრედის შიგნიდან საპასუხო სიგნალს იწვევს.“

ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატების დასახელება ორშაბათს (8 ოქტომბერს) დაიწყო მედიცინის დარგის წარმომადგენლებით, ღეროვანი უჯრედების პიონერებით - ბრიტანელი ჯონ გუდრონითა და იაპონელი სინია იამანაკათი. 9 ოქტომბერს ფიზიკის დარგში პრემია გადაეცა ფრანგ სერჟ აროშსა და ამერიკელ დევიდ უაინლენდს კვანტურ ოპტიკაში მიღწეული წარმატებისთვის. ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გამოვლინდება 11 ოქტომბერს, მშვიდობის დარგში პრემიის მფლობელი კი 12 ოქტომბერს დასახელდება.

შვედი მეწარმის, ალფრედ ნობელის მიერ დაარსებული პრესტიჟული პრემიის მფლობელები პირველად 1901 წელს გამოვლინდნენ. ის გაიცემა მედიცინის, ფიზიკის, ქიმიის, ლიტერატურის, ეკონომიკისა და მშვიდობის დარგებში. ჯილდოები 10 დეკემბერს გადაეცემათ ლაურეატებს. 1896 წლის სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა ალფრედ ნობელი.
XS
SM
MD
LG