Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპაცია და ძეგლების დაცვა


სოხუმი
სოხუმი

საქართველოს საპატრიარქო შეშფოთებულია რუსი სამხედროების მიერ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ წებელდაში მდებარე მე-19 საუკუნის ეკლესიისა და პოლონელთა ისტორიული სასაფლაოს განადგურებით. 14 იანვარს გავრცელებული განცხადების თანახმად, საპატრიარქო მიმართავს საქართველოს მთავრობას, გამოძებნოს გზა, რათა იუნესკოს სპეციალისტების საშუალებით განხორციელდეს როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში არსებული ისტორიული ძეგლების მონიტორინგი.

ოკუპაცია და ძეგლების დაცვა
please wait

No media source currently available

0:00 0:06:37 0:00
გადმოწერა

საქართველოს პრეზიდენტის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ სოფელ წებელდაში კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლების, მათ შორის, შუა საუკუნეების ნაეკლესიარის განადგურების გამო შეშფოთება გამოხატა საქართველოს საპატრიარქომ, რომლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„ბოლო მონაცემებით დასტურდება, რომ წებელდეს ციხის კომპლექსში შემავალი მე-8-მე-9 საუკუნეებით დათარიღებული ნაეკლესიარი, მართლაც, დანგრეული იქნა და ასეთივე ბედი ეწია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აქ მცხოვრები პოლონელების სასაფლაოს. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ მშვიდობიან პირობებში მიწისაგან პირისა აღიგავა მე-20 საუკუნის შუა ხანების სასაფლაო და გვიანი შუა საუკუნეების ნასოფლარი, სამაროვანი და ეკლესიის ნანგრევები, რომელსაც ერთნაირად პატივს მივაგებდით როგორც ქართველები, ისე აფხაზები და იქ მცხოვრები სხვა ეროვნების წარმომადგენლები“.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურების ფაქტს ადასტურებენ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობაში. რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის, „ეხო კავკაზას“, სოხუმელი კორესპონდენტის, ელენა ზავოდსკაიას თქმით, სოფელ წებელდაში ჩასული იყო კულტურის მინისტრი ბატალ კობახია, რომლის თქმითაც, მასთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ არქეოლოგები, აფხაზეთისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები:

„დავათვალიერეთ ეს ობიექტი და შევადგინეთ აქტი. ადგილზე ნანახი იქნა ქვითკირის რამდენიმე ლოდი, რომლებიც გამოიყენება ადრეული შუა საუკუნეების სამშენებლო ტექნოლოგიებში. ნანახი იქნა მიწიდან ამოყრილი ნეშტები, ძვლების გროვა, რაც, სავარაუდოდ, სამარხი უნდა ყოფილიყო. პოლიგონზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა რუსეთის მეშვიდე სამხედრო ბაზა, რომელიც, 2011 წლის შეთანხმების მიხედვით, აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროსთან ერთად იყენებს წებელდის პოლიგონს. ჩვენთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობა, რომელიც ასევე შეწუხებულია მომხდარის გამო. მათ დააკისრეს დისციპლინური სასჯელი ოფიცერს, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ სამუშაოებს და უყურადღებობა გამოიჩინა“.

ბატალ კობახიას თქმით, რუსმა სამხედროებმა არაფერი იცოდნენ პოლიგონის მახლობლად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არსებობაზე. როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა განაცხადა, განადგურებული ობიექტი არც კი იყო შეტანილი კულტურის სამინისტროს ძეგლების რეესტრში. გასაგები მიზეზების გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ვერც საქართველოს მთავრობა იცავს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის, თქმით, ყველა მცდელობა მონიტორინგის პროცესში ჩართულიყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, უშედეგოდ დასრულდა.

„ახლა კიდევ ერთი მცდელობა არის და კიდევ ერთხელ საქართველოს საგარეო და კულტურის სამინისტროები ერთობლივად მიმართავენ ყველა პრობლემაზე (და არამარტო წებელდაზეა საუბარი). ცნობილია, რომ არაერთხელ მომხდარა მსგავსი ფაქტები და ამიტომ კიდევ ერთხელ ვითხოვთ, რომ განხორციელდეს მონიტორინგი, რათა აღირიცხოს ყველა საჭიროება, ყველა პრობლემა, შევიტყოთ, რა ზიანი მიადგა მემკვიდრეობას, თუმცა გარანტია იმისა, რომ ეს განხორციელდება, რა თქმა უნდა, არ არსებობს“, უთხრა ნიკოლოზ ანთიძემ რადიო თავისუფლებას.

თუმცა თბილისში მაინც იმედოვნებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოძებნის გზას და იუნესკოს სპეციალისტების საშუალებით შესაძლებელი იქნება ისტორიული ძეგლების მონიტორინგი როგორც აფხაზეთში, ისე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. და მართლაც, იუნესკოს ჰააგის კონვენციის მეორე ოქმით, საქართველოს შეუძლია ოკუპანტი მხარისაგან მოითხოვოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მაგრამ, როგორც „ლურჯი ფარის“ საქართველოს ეროვნული კომიტეტის ხელმძღვანელი მანანა თევზაძე ამბობს, საქართველოს შემთხვევაში ეს ინსტრუმენტი არ იძლევა პრაქტიკულ შესაძლებლობებს:

„ვინაიდან ეს არის გაეროს ინსტრუმენტი, რუსეთი კი არც ერთ რეზოლუციაში არ არის გაეროს მხრიდან აღიარებული ოკუპანტად. შესაბამისად, ეს ინსტრუმენტი არის თეორიული. ვერც ჩვენ და ვერც იუნესკო ვერ ვახორციელებთ მონიტორინგს. ფაქტია, რომ 1997 წლის შემდეგ, როცა ერთადერთხელ განხორციელდა ძეგლების მონიტორინგის მოკლევადიანი მისია აფხაზეთის ტერიტორიაზე, ამის შემდეგ ამ კუთხით ყველა ჩვენი მცდელობა წარუმატებელია“.

საქართველოს „ლურჯი ფარი“ მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ბუნებრივი კატასტროფებისა და შეიარაღებული კონფლიქტების საფრთხისაგან. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მანანა თევზაძის თქმით, სამხედრო წვრთნების გარდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ძეგლებს საფთხეს უქმნის ასევე ისეთი მასშტაბური რესტავრაციის სურვილი, როგორიც ჩატარდა 2009 წელს ილორში. საქმე ის არის, რომ, მანანა თევზაძის თქმით, 2010 წელს მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს რუსეთის კომიტეტმა, რუსეთის კულტურის სამინისტროს ქოლგის ქვეშ, აფხაზეთში აწარმოვა მონიტორინგის მისია, რომლის დასკვნაში პირდაპირ ეწერა, მოტირინგის შედეგები საფუძვლად უნდა დაედოს სარესტავრაციო სამუშაოების დაწყებასო.

„როგორც ჩანს, დროისა და ფინანსების ფაქტორია, თორემ ფაქტია, რომ ეს სურვილი გამოითქვა ღიად რუსეთის კულტურის სამინისტროს მიერ, რომ უნდა „მიხედონ“ ამ ძეგლებს. როგორ მიხედავენ, ეს უკვე ვიცით ჩვენ. მაშინაც გავაკეთეთ განცხადება და ვთქვით და ამაში გვეთანხმება ყველა სპეციალისტი, რომ წარმოუდგენელი იქნება ჩვენთან არსებული საარქივო ტექნიკური მასალისა და მთელი წინა ისტორიის ცოდნის გარეშე, მხოლოდ აფხაზურმა ან რუსულმა მხარემ აწარმოოს სარესტავრაციო სამუშაოები“, უთხრა მანანა თევზაძემ რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG