Accessibility links

ომში - მოუმზადებლად და შიშველი პატრიოტიზმით


ნანუკა კეკუა, ნინო კალანდარიშვილი

რა იმპულსი სჭირდება კონფლიქტის მოგვარებაზე ფიქრის დაწყებას, შემდეგ უკვე ამ ნაფიქრალის მეორე მხარემდე მიტანას? არის თუ არა ჩადენილის გადაფასება იმის წინაპირობა, რომ მეორე მხარე მოგისმენს? - ამ საკითხებზე საუბრობენ გადაცემა „გადაკვეთის წერტილის“ სტუმრები ნინო კალანდარიშვილი, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის თავმჯდომარე, და ნანუკა კეკუა, ქართულ-აფხაზური სამშვიდობო დიალოგის მონაწილე. გადაცემაში შემოგთავაზებთ ომში მონაწილე რესპონდენტის მონათხრობს - ის მოხალისედ მიდის სოხუმში ომში მონაწილეობის მისაღებად.

“არც სოხუმელი ვარ, არც აფხაზეთიდან ვარ, თბილისელი ვარ, მაგრამ მთელი ბავშვობა აფხაზეთში მაქვს გატარებული - განსაკუთრებით, ზაფხულობით. სულ იქ ვიყავი, იმიტომ რომ დეიდაჩემი ცხოვრობდა იქ, - ალალი დეიდა, დედაჩემის და, - ჩემი ნათესავები ცხოვრობდნენ იქ. პიონერთა ბანაკში დავდიოდი - „აგუძერა“ ერქვა. ფიზიკის დახურილი ინსტიტუტი იყო იქ და მანდ მუშაობდნენ ბიძაჩემი და დეიდაჩემი. მომაწყვეს იქ და სამი წლის განმავლობაში პიონერთა ბანაკში დავდიოდი. მერეც მთელი ცხოვრება ჩავდიოდი. ვიღაც დაიღუპებოდა, ვიღაცას ქორწილი ჰქონდა, ნათესავები იქ ცხოვრობდნენ და გვქონდა ეს მისვლა-მოსვლა. ბევრი აფხაზი მეზობელი გვყავდა. მრავალი წელი გავიდა და უკვე მათი სახელები აღარც მახსოვს. ზოგის სახელის თქმაც არ მინდა, შეგნებულად. მოდით, საიდუმლოდ დავტოვოთ ეს ამბავი. მოკლედ, ჩემი აფხაზეთთან ურთიერთობა ასეთი იყო. მაგრამ მერე დაიწყო ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. ახლაც ასე მიმაჩნია და მაშინაც ასე ვფიქრობდი და საქართველოში ბევრი ასე ფიქრობს. შეიძლება მაშინ ასე არ ფიქრობდნენ, მაგრამ ახლა ყველა ამ დასკვნამდე მივედით, რომ ამ ამბავში ჩვენ აბსოლუტურად ბოლომდე მართლები არ ვიყავით, ჩვენც გვქონდა ჩვენი შეცდომები და აფხაზებსაც ჰქონდათ თავისი შეცდომები. ამ შეცდომებმა მიგვიყვანა აქამდე. ასევე არასწორი ემოციები იყო და მთავარი ეს არასწორი ემოციები იყო და ამ ემოციებმა და შეცდომებმა გამოიწვია და დროც ისეთი იყო, რომ დიდი ქვეყანა იშლებოდა და, როგორც ჩანს, ამ ყველაფერმა ითამაშა თავისი როლი, რომ ჩვენ ძმები მტრებად ვიქეცით და ეს ომიც მოხდა.

მაშინ, დაახლოებით, 32 წლი ვიყავი. ახალგაზრდა კაცი, პატრიოტული ნოტებით. ეს დაიღუპა, ის დაიღუპა, მეგობარი, მეზობელი და გამიმძაფრდა განცდები.

დაზავების შემდეგ, - თუ არ ვცდები, აგვისტოში იყო, 1993 წლის აგვისტოში, - თითქოს დაიშალნენ და სექტემბერში ისევ იფეთქა ომმა, ხელახლა დაიწყო. ბავშვები დარჩნენ იქ, სკოლაშიც კი წავიდნენ და დიდი მსხვერპლი იყო ამ მხრიდან. არ ვიცი, შეიძლება იქითა მხრიდანაც იყო და ჩვენ რაღაცნაირად მოგვეჩვენა. პრინციპში, ეს სწორი არ იყო, რადგან ზავი დაიდო და მე ამაში დარწმუნებული ვარ და ეს ჩემი აზრია, რომ ამაში აფხაზები იყვნენ დამნაშავეები. არ ვიცი, ვინ წააქეზათ და ეს რატომ მოხდა, მაგრამ ბავშვები დარჩნენ იქ და სკოლა დაიწყო და ამ დროს ეს ყველაფერი არასწორი იყო. ხალხმა დაიჯერა, რომ ყველაფერი დასრულდა და თავის სახლებს დაუბრუნდნენ. იმ დროს შევარდნაძე იყო სოხუმში. სოხუმი ალყაში იყო, არავითარი მისასვლელი გზა არ იყო - არც მატარებლით, არც ტრასით, ვერასგზით. ერთადერთი - თვითმფრინავები დაფრინავდნენ, ისიც კანტიკუნტად, იმიტომ რომ აეროპორტი იბომბებოდა და ძალიან სახიფათო იყო. იყო მოწოდებები, რომ ყველანი იქ უნდა იმყოფებოდნენ, რომ ყველამ უნდა დაიცვას ახალბედა რესპუბლიკა - ეს გასაგებიცაა - და მე მეგობრებთან ერთად წასვლა გადავწყვიტე. ბავშვობის მეგობრებთან ერთად. როგორც იტყვიან, ომში უახლოეს ადამიანთან ერთა უნდა წახვიდე, იმიტომ რომ მათ შენს სიცოცხლეს ანდობ. უცხოსთან ერთად ომში არავინ მიდის. ჰოდა, ასე შევიკრიბეთ, რომ სოხუმში გავფრენილიყავით და აეროპორტში ვისხედით. სხვა გზა არ იყო, პილოტი გაფრენის გადაწყვეტილებას ვერ იღებდა, იმიტომ რომ სოხუმთან კავშირი ვერ მყარდებოდა. იქიდან დისპეტჩერს ჰქონდა ინფორმაცია, რომ აეროპორტი იბომბებოდა და მას გამოფრენის უფლებას არ აძლევდნენ. დილის 9 საათიდან სამი თვითმფრინავი ელოდებოდა გაფრენას და ბევრი ხალხი იცდიდა. პირველი თვითმფრინავი, რომელიც გაფრინდა, ეს „ტუ 154“ იყო. დატვირთული იყო მედიკამენტებით და საწვავით, იმიტომ რომ სოხუმს საწვავიც არსაიდან მიეწოდებოდა, პროდუქტი და ყველაფერი, რისი გაგზავნაც შეიძლებოდა, და ხალხიც იყო, იმდენი ხალხი იყო, ზოგი ფეხზე იდგა. საღამოს 6-ის ნახევრამდე არავინ იცოდა, გავფრინდებოდით თუ ვერა. ვფიქრობდით, სახლში წავსულიყავით და დილით ისევ დავბრუნებულიყავით, მაგრამ 6-ის ნახევარზე იქიდან ჩამოფრინდა თვითმფრინავი, ისიც სამოქალაქო. დღემდე მახსოვს ის ბიჭი, პილოტი. რუსი იყო. თვითმფრინავი რომ დასვა და გაასწორა, ილუმინატორი გამოაღო, ხელი დაგვიქნია და გაიღიმა. ისეთი სახე ჰქონდა, გეგონებოდა, ჯოჯოხეთს დააღწია თავი და მას ეს გამოუვიდა. თითქოს თვითმფრინავს კვამლი ასდიოდა. არ ვიცი, შეიძლება, უბრალოდ, შეგრძნება მქონდა ასეთი. და მან ბავშვები, ქალები და დაჭრილები ჩამოიყვანა. ამ დროს მოვიდა იმ თვითმფრინავის პილოტი, რომელსაც აქედან უნდა წავეყვანეთ, და გვითხრა, „გაფრენის უფლებას არ მაძლევს დისპეტჩერიო, მაგრამ იქიდან თუ გამოფრინდა, მაშინ მეც შევძლებ იქ ჩაფრენასო“, და თავის თავზე აიღო გაფრენა. ყველა მიაწყდა პირველ თვითმფრინავს. იქ მეორე და მესამეც იყო და როცა უკვე ეს პირველი გაივსო, მერე დანარჩენებშიც გადანაწილდნენ. პირველები ჩვენ გავფრინდით, მერე მეორე და მესამე - თანმიმდევრულად”.

პროგრამა „გადაკვეთის წერტილი“ მომზადებულია „ბერგჰოფის ფონდთან“ თანამშრომლობით. გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია „ბერგჰოფის ფონდი“ კონფლიქტოლოგიისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მუშაობს. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG