Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის ერთი წელი


დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი
30 დეკემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ერთწლიანი მუშაობა შეაფასა და იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე ილაპარაკა, რომელიც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წინაშე დგას. დავით უსუფაშვილის განცხადებით, გასულმა წელმა პარლამენტარებისათვის ახალი ხილის - კოჰაბიტაციის - ფონზე ჩაიარა, თუმცა მოსალოდნელზე ნაკლები დანაკარგებით.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პარლამენტის ერთწლიანი მუშაობის შეფასებისას აღნიშნავს, რომ საგარეო ასპარეზზე საქართველომ მაქსიმალურად დიდ შედეგს მიაღწია. იგულისხმება ვილნიუსის სამიტი, როგორც მწვანე შუქი საქართველოსათვის ევროპული ინტეგრაციის გზაზე:

„ეს საკითხი წლების განმავლობაში მწიფდებოდა, ეს იყო საქართველოს არჩევანი და შემთხვევითი არც ის ყოფილა, რომ ჩვენ, საქართველოს პარლამენტმა, სპეციალური კონფერენციაც ჩავატარეთ ევროპული ინტეგრაციის თემებზე. საგარეო პოლიტიკას რაც შეეხება, შევძელით ის, რომ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა მნიშვნელოვნად არ გაუარესებულა, თუმცა არც მნიშვნელოვანი წინსვლა ყოფილა. ის მიღწევები, რაც გვქონდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების თვალსაზრისით, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებია, მაგრამ არ არის საკმარისი, მით უმეტეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არსებული პრობლემები კვლავაც პრობლემებად რჩება“.

დავასახელებდი ფართომასშტაბიან ამნისტიას, რომლითაც გადაუდებელი პასუხი გავეცით წლების განმავლობაში გამეფებულ უსამართლობას. მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი საერთაშორისო პოლიტიკური პრიორიტეტების თაობაზე ჯერ კიდევ გაზაფხულზე და ეს სერიოზული პასუხი იყო კითხვაზე, „რა უნდა „ქართულ ოცნებას“ და ვინ ვართ ჩვენ...
დავით უსუფაშვილი
ყველა ეს საკითხი ისე უნდა გადაიჭრას, ამბობს უსუფაშვილი, რომ საქართველომ მოახერხოს საკმაოდ რთული გზის გავლა აგვისტო-სექტემბერში ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე, რაც, უსუფაშვილის თქმით, მისი პირადი უმთავრესი პრიორიტეტია. რაც შეეხება შიდა პოლიტიკას, უსუფაშვილის შეფასებით, გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკანომდებლო გადაწყვეტილება მიიღო:

„დავასახელებდი ფართომასშტაბიან ამნისტიას, რომლითაც გადაუდებელი პასუხი გავეცით წლების განმავლობაში გამეფებულ უსამართლობას. მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი საერთაშორისო პოლიტიკური პრიორიტეტების თაობაზე ჯერ კიდევ გაზაფხულზე და ეს სერიოზული პასუხი იყო კითხვაზე, „რა უნდა „ქართულ ოცნებას“ და ვინ ვართ ჩვენ. ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ჩვენი მოსახლეობის სოციალური ყოფის გაუმჯობესებისათვის - ერთი მხრივ, ეს შეეხება შრომის კოდექსის ცვლილებას და, მეორე მხრივ, საყოველთაო დაზღვევას, ასევე სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფო დახმარება და ა.შ.“.

იყო აგრეთვე სასამართლოს დამოუკიდებლობისაკენ მიმართული საკანონმდებლო ინიციატივები, დაიწყო თვითმმართველობის კოდექსის განხილვა. დავით უსუფაშვილმა ილაპარაკა ასევე საკონსტიტუციო კომისიის მომავალი საქმიანობის გეგმებზეც. მან თქვა, რომ კომისიამ 2014 წლის სექტემბრამდე პარლამენტს უნდა წარმოუდგინოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტი, მუშაობას კი ის იანვრის მეორე ნახევრიდან შეუდგება.
მედიისათვის საინტერესო იყო პარლამენტის თავმჯდომარის პასუხი რამდენიმე აქტუალურ საკითხზეც, მაგალითად, რა გახდა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრთა არჩევის დამაბრკოლებელი მიზეზი, რაზეც უსუფაშვილმა ასე უპასუხა:

პარლამენტთან მუშაობის სირთულეს ის გარემოება განაპირობებდა, რომ ამ ორგანოს საქმიანობა არ არის სათანადოდ გამჭვირვალე. რეგლამენტით დადგენილი წესების მიუხედავად, ინფორმაცია კანონით დადგენილ ვადებში არ ქვეყნდება...
თათული თოდუა
„უმრავლესობიდან კანდიდატის დასახელებისთვის, კანონის შესაბამისად, საჭიროა ექვსი ფრაქციის თავმჯდომარის ხელმოწერა ერთ დოკუმენტზე. თითო ფრაქციამ შესაძლოა სამი კანდიდატიც შეარჩია და შვიდიც, მაგრამ როცა საჭიროა ექვსი ფრაქციის აზრების თანხვედრა, საჭიროა ყველასთვის მისაღებ კანდიდატებზე შეთანხმება. ფაქტია, რომ ამ ეტაპზე უმრავლესობამ მხოლოდ ერთ კანდიდატზე მოახერხა შეთანხმება და ეს კომისიისადმი უნდობლობას არ ნიშნავს. ამასთან, კანონმა ისიც გაითვალისწინა, რომ თუ ვაკანსია დარჩა, მაშინ ახალი კონკურსი ტარდება“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა გვეუბნება, რომ საია მთელი წლის განმავლობაში აქტიურად აკვირდებოდა პარლამენტის მუშაობას. მისი თქმით, შინაარსობრივი საკითხების გარდა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პროცედურულ საკითხებზეც ამახვილებდა ყურადღებას - განსაკუთრებით, თუ ეს რეგლამენტის დარღვევას ან რაიმე პროცესის გაუმჭვირვალედ წარმართვას შეეხებოდა:

„პარლამენტთან მუშაობის სირთულეს ის გარემოება განაპირობებდა, რომ ამ ორგანოს საქმიანობა არ არის სათანადოდ გამჭვირვალე. რეგლამენტით დადგენილი წესების მიუხედავად, ინფორმაცია კანონით დადგენილ ვადებში არ ქვეყნდება, მაგალითად, იმის შესახებ, თუ როდის აპირებს კომიტეტი სხვადასხვა კანონპროექტების განხილვას. თუმცა დადებით ტენდენციად შეიძლება შეფასდეს ის ფაქტი, რომ კომიტეტებში კანონპროექტებს უფრო ხანგრძლივად და დეტალურად განიხილავენ, ვიდრე ადრე“.

კიდევე ერთი ტენდენცია, რომელსაც თათული თოდუა საყურადღებოდ მიიჩნევს, არის ის, რომ პარლამენტში მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს ან საერთოდ არ ხვდება წინააღმდეგობა ან ეს წინააღმდეგობა ძალიან სუსტია. ამის ერთ-ერთი მაგალითი, ამბობს თათული თოდუა, მოწმეთა დაკითხვის ახალი წესების ამოქმედების ორი წლით გადავადებაა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG