Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი რეისი - უვიზო რეჟიმში


თბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი

საქართველოს მოქალაქეებისათვის 28 მარტიდან უკვე ოფიციალურად ამოქმედდა შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი, რაც ნიშნავს, რომ ბიომეტრიული პასპორტის მქონე ყველა პირს შეეძლება უვიზოდ იმოგზაუროს ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ ქვეყანასა და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში. მოკლევადიანი მიმოსვლა კი გულისხმობს 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური 90 დღის ვადით სარგებლობას და შენგენის ტერიტორიაზე თავისუფალ გადაადგილებას. სავიზო რეჟიმი შენარჩუნდება ევროკავშირის 2 წევრ ქვეყანასთან - დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიასთან. 28 მარტს კი თბილისიდან უკვე შესრულდა პირველი რეისი ათენის მიმართულებით, რომლითაც ქვეყნის პრემიერმა საქართველოს მოქალაქეებთან ერთად პირველად იმგზავრა უვიზოდ ევროპაში.

პირველი რეისი - უვიზო რეჟიმში
please wait

No media source currently available

0:00 0:05:59 0:00
გადმოწერა

ნიკოლოზ მელქაძე საერთაშორისო განათლების ცენტრის სტიპენდიატი და ერთ-ერთი პირველი ქართველია, ვინც 28 მარტს, გათენებისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპაში, კერძოდ, გერმანიაში უვიზოდ გაფრინდა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში მან თქვა, რომ გავა დრო და ამ ამბავს აუცილებლად მოუყვება თავის შვილებს და შვილიშვილებს, იმ ფოტოებსა და ვიდეომასალასაც აჩვენებს, რომელიც სწორედ ამ დღეს გადაიღო. ევროპაში უვიზოდ მგზავრობის სიხარულს ვერც სხვა მგზავრები მალავდნენ - ზოგს შვილთან მიეჩქარებოდა, ზოგს საქმეზე, ზოგიც იმით იყო ბედნიერი, რომ მათ ოჯახის წევრებს წასვლა-წამოსვლის პრობლემა მოეხსნებათ:

ჩვენ ერთად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ევროკავშირთან დაახლოება უზრუნველყოფს არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მომავალი თაობების თავისუფლებას. კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართველ ხალხს თავისუფალ გადაადგილებას...
ირაკლი კობახიძე

„მეც ერთ-ერთი პირველი ქართველი ვიქნები, ვინც გერმანიაში შევა უვიზოდ, მართლა სასიამოვნო და ამაღელვებელი განცდაა. გრძნობ, რომ ისტორიული ამბის მონაწილე ხარ. მართლაც, დიდ წვალებასთან იყო ვიზის მიღება დაკავშირებული და ყველა ქართველს ვუსურვებ გამოეყენებინოს ეს სიკეთე, რასაც უვიზოდ მიმოსვლა ჰქვია“.

„უბედნიერესი ვარ, რადგან ჩემი შვილი ევროპაში ცხოვრობს და გადასვლა-გადმოსვლას სულ პრობლემები ახლდა თან. ახლა ეს ყველაფერი, იმედი მაქვს, მოიხსნება“.

„მე ბრიუსელში მივდივარ, იქ ვცხოვრობ. მიხარია, რომ სავიზო ლიბერალიზაციის პროცესი ასე კარგად დასრულდა. ახლა ჩემს მშობლებსაც აღარ ექნებათ ბარიერები გასავლელი, რომ ჩემთან ჩამოვიდნენ“.

„ეს გახლავთ ჩვეულებრივი პასპორტი, რომლითაც დღეს ევროპაში უვიზოდ მივემგზავრები“, - თქვა ათენში გაფრენის წინ საქართველოს პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა, და საქართველოს მოქალაქეებს ეს ისტორიული დღე მიულოცა:

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

„ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისათვის, უკეთ გაიცნონ ევროკავშირი, უკეთ შეიცნონ ის ღირებულებები,რაზეც იქაური ქვეყნები დგას. ეს არის შესაძლებლობა ჩვენი სტუდენტებისათვის ჩაერთონ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში. დღეს კი ჩვენ მივდივართ ევროპის უძველეს კულტურულ დედაქალაქში, ათენში, შემდეგ კი ევროპის ამჟამინდელ პოლიტიკურ დედაქალაქში, სადაც ვიზეიმებთ ამ ძალიან დიდ მიღწევას, რომელიც თანმიმდევრული და ძალიან ინტენსიური შრომის შედეგია“.

შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეც. მან განაცხადა, რომ ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა საქართველოს თითოეული მოქალაქის არა მხოლოდ პრივილეგია, არამედ პასუხისმგებლობაცაა:

„ჩვენი მოქალაქეები ჩვენი კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების ელჩები უნდა გახდნენ ევროპაში. ჩვენ ერთად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ევროკავშირთან დაახლოება უზრუნველყოფს არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მომავალი თაობების თავისუფლებას. კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართველ ხალხს თავისუფალ გადაადგილებას“.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისათვის, თუ ისინი საქართველოს პასპორტებით ისარგებლებენ.

უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზი, ნომრით 2 94 50 50. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის უფროსის, ინგა კიკვაძის, განმარტებით, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია უვიზო მიმოსვლის წესებსა და პროცედურებთან დაკავშირებით:

„რა დოკუმენტები უნდა იქონიონ თან, როგორია გასაჩივრების მექანიზმი, თუ მოქალაქე საზღვარზე არ შეუშვეს ან შევედით, მაგრამ ბიომეტრიული პასპორტი დავკარგეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ, ამ ინფორმაციის მიღება შეუძლია ყველას 24 საათის განმავლობაში ჩვენი ცხელი ხაზის მეშვეობით“.

ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენ შეიძლება წარმოვიდგონოთ როგორც ევროკავშირში გაწევრიანება, რაც გრძელვადიანი მიზანია, რადგან ევროკავშირში გაწევრიანება - მას მერეც კი, რაც კანდიდატის სტატუსს იღებს ქვეყანა - არასდროს მომხდარა სწრაფად, მაგრამ მთავარი აქ მაინც ის არის, რომ ფუნქციური ინტეგრაცია ხდება...
კახა გოგოლაშვილი

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე მომუშავე კონტროლიორებს კი, როგორც შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, ოფიციალურად დაევალათ ევროპაში მიმავალ მოქალაქეებს დეტალურად გაესაუბრონ და შეამოწმონ მათი სამგზავრო დოკუმენტები. როგორ გააკონტროლებს სახელმწიფო საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც უვიზო მიმოსვლის პირობებს დაარღვევენ? შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის, განცხადებით, სამინისტრო სპეციალური პროგრამის საშუალებით აწარმოებს საქართველოდან გასული პირების სტატისტიკას და მოქალაქის მიერ 90-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ უვიზო რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში მის მონაცემებს შს სამინისტრო ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს გადაუგზავნის.

შენგენის ზონაში ყოფნის წესის (კერძოდ, ვადების) დარღვევის შემთხვევაში პირს, დეპორტაციის გარდა, 3 000-ევროიანი ჯარიმაც ელის. 27 მარტს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს ყველა მოქალაქეს მოუწოდა წესების დაცვისაკენ და ისიც თქვა, რომ ვადების დარღვევის შემთხვევაში პირს 5 წლით აეკრძალება შენგენის ზონაში დაბრუნება.

პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ მოკლევადიანი თავისუფალი გადაადგილება არ არის საქართველოს საბოლოო მიზანი, თუმცა არის დიდი ნაბიჯი ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გრძელ გზაზე:

„ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენ შეიძლება წარმოვიდგონოთ როგორც ევროკავშირში გაწევრიანება, რაც გრძელვადიანი მიზანია, რადგან ევროკავშირში გაწევრიანება - მას მერეც კი, რაც კანდიდატის სტატუსს იღებს ქვეყანა - არასდროს მომხდარა სწრაფად, მაგრამ მთავარი აქ მაინც ის არის, რომ ფუნქციური ინტეგრაცია ხდება. ეს არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ევროკავშირის ორგანოებში გაწევრიანდე და ხმის უფლება გქონდეს. ინტეგრაციის მთავარი საფუძველი არის სწორედ თავისუფალი გადაადგილება სხვადასხვა ელემენტების, საქონლის, მომსახურების და, ცხადია, ადამიანების“.

რაც შეეხება უვიზოდ მოგზაურობისას საჭირო დოკუმენტაციის სიას, ის ასე გამოიყურება: საზღვრის გადაკვეთისას მოქალაქეს თან უნდა ჰქონდეს წასვლის და ჩამოსვლის ბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა, ნაღდი ფული ან ამონაწერი ბანკიდან და სასტუმროს ელექტრონული ჯავშანი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სტუმრად მეგობართან ან ოჯახის წევრთან მივემგზავრებით, მათი პირადობის მოწმობის ასლი და საკონტაქტო ინფორმაცია.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG