Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებული პოლიციელების საქმეზე სასამართლო სამშაბათს იმსჯელებს


პოლიციის გენერლის თამაზ თამაზაშვილის საქმეზე დაკავებული ყოფილი პოლიციელებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლო 28 მაისს განიხილავს. 25 მაისს დაკავებულ 6 პირს გამოძიება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში, განზრახ უკანონო დაკავებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. ”ნაციონალური მოძრაობა” დამსახურებული სამართალდამცველების დასჯის კამპანიაზე ლაპარაკობს, არასამთავრობო სექტორი კი მიიჩნევს, რომ პროკურატურამ პროცესში მეტი სიცხადე უნდა შეიტანოს.

პოლიციელების დაკავება 2011 წლის 11 ოქტომბერს თბილისში, კოსტავას გამზირზე მომხდარ ფაქტს უკავშირდება. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულმა პირებმა ”ჩხრეკისა და დაკავების კანონიერი საფუძვლების არარსებობის მიუხედავად, ფალსიფიცირებული მტკიცებულების საფუძველზე, პირადი ღირსების შეურაცხყოფით” იმ დღეს უკანონოდ დააკავეს პოლიციის გენერალი თამაზ თამაზაშვილი. გავიხსენოთ, რომ თამაზ თამაზაშვილს, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი გახლავთ, იარაღის უკანონოდ შენახვა ედებოდა ბრალად. ის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მალევე, კერძოდ, 2012 წლის ნოემბერში, როგორც უკანონო პატიმარი, საპატიმროდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

ექვსი ყოფილი პოლიციელის - გოჩა ბაღათრიშვილის, გოჩა ჩიტაიას, ზაზა ჭაიას, გრიგოლ კვინიკაძის, ვლადიმერ გამრეკლიშვილისა და გივი გრავჩენკოს დაკავების შესახებ საზოგადოებას მთავარმა პროკურატურამ 25 მაისს, გვიან ღამით გამართული საგანგებო ბრიფინგის საშუალებით ამცნო. პოლიციელების დაკავებას წინ უსწრებდა მათი პროტესტი და ზეწოლის ბრალდება მთავარი პროკურატურის მისამართით. როგორც ისინი 25 მაისს, შუადღისას გამართულ საპროტესტო აქციაზე აცხადებდნენ, მთავარმა პროკურატურამ მათ ულტიმატუმი წაუყენა, რომ თუკი რომელიმე ყოფილი პოლიციელი საკუთარ თავზე არ აიღებდა თამაზ თამაზაშვილის უკანონოდ დაკავების ბრალდებას, მაშინ ისინი ყველანი, ანუ ათზე მეტი ყოფილი სამართალდამცველი აღმოჩნდებოდა გისოსებს მიღმა. ზეწოლის ბრალდება იმ დღესვე კატეგორიულად უარყო მთავარმა პროკურატურამ და განმარტა, რომ ყოფილი პოლიციელები უწყებაში მხოლოდ დასაკითხად იყვნენ დაბარებული, თუმცა შემდეგ მოხდა ისე, რომ ექს-პოლიციელები სწორედ იმ დღის ბოლოს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

ქვეყანაში არის ტრაგედია, როდესაც იმ ადამიანებს, რომლებიც წლების მანძილზე ზრუნავდნენ თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოებაზე, ქუჩის უსაფრთხოებაზე, იბრძოდნენ კანონიერი ქურდების წინააღმდეგ, დღეს არიან მოთავსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მაშინ როცა ყაჩაღები, მძარცველები და მკვლელები არიან გამოშვებული გარეთ...
დავით საყვარელიძე
ამ ფაქტს დამსახურებული პოლიციელების მასობრივი დევნის ტენდენციის ნაწილად მიიჩნევს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დავით საყვარელიძე, რომელმაც 27 მაისს საგანგებო ბრიფინგი გამართა ”ნაციონალური მოძრაობის” ოფისში.

”ქვეყანაში არის ტრაგედია, როდესაც იმ ადამიანებს, რომლებიც წლების მანძილზე ზრუნავდნენ თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოებაზე, ქუჩის უსაფრთხოებაზე, იბრძოდნენ კანონიერი ქურდების წინააღმდეგ, დღეს არიან მოთავსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მაშინ როცა ყაჩაღები, მძარცველები და მკვლელები არიან გამოშვებული გარეთ სხვადასხვა პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური გმირობის სარჩულით”, - განაცხადა საყვარელიძემ.

ვიდრე სასამართლო თავის სიტყვას იტყვის, კონკრეტული სამართლებრივი შეფასებებისგან თავს იკავებს არასამთავრობო სექტორი, მიუხედავად იმისა, რომ თამაზ თამაზაშვილის, როგორც სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირის, საქმე არაერთხელ მოხვდა საპარლამენტო არჩევნებამდე მათ მიერ მომზადებულ ანგარიშებში. კონკრეტული შეფასებებისგან ასევე თავი შეიკავა, მაგრამ 27 მაისს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას საზოგადოების ერთი ნაწილის მიერ გამოხატულ ეჭვებს გამოეხმაურა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური. ხომ არ უკავშირდება შინაგან საქმეთა მინისტრთან ნათესაობას ის ფაქტი, რომ თამაზ თამაზაშვილის საქმემ პრიორიტეტული მნიშვნელობა შეიძინა და გამოძიებაც ასეთი ხმაურის თანხლებით მიმდინარეობს? - ასეთი შეკითხვები ბოლო დღეებში სოციალურ ქსელშიც დაისვა და ყურადღება იმ ფაქტზეც გამახვილდა, რომ ექს-პოლიციელების დაკავების გამო მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გვიან ღამით გაიმართა. ეკა გიგაური თვლის, რომ მსგავსი შეკითხვებისა და ეჭვების თავიდან ასაცილებლად მთავარ პროკურატურას საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება მართებს:

”პროკურატურამ თქვა, რომ დაახლოებით 20 ათასამდე საჩივარია შესული. ამ 20 ათასი საჩივრიდან ნაწილზე ხომ დაიწყო გამოძიება და ეს არის მნიშვნელოვანი ზუსტად, რომ, აი, ასეთი კითხვები რომ არ დასმულიყო, მათ უნდა ესაუბრათ გარკვეულ კრიტერიუმებზე. არ არის დასახელებული კრიტერიუმები, თუ რა ტიპის საქმეების გამოძიებაა დღეს პრიორიტეტი პროკურატურისთვის. ეს ჩვენ არ ვიცით. შესაბამისად, კარგი იქნებოდა, რომ პრიორიტეტებზე მათ ესაუბრათ”.

დაკავებული პოლიციელების საქმის განხილვის მოთხოვნით მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს 27 მაისს, საღამოს 5 საათისთვის მიმართა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სხდომა 28 მაისს, დილის 10 საათისთვის დაინიშნა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG