Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არის პოლიტპატიმარი


ადამიანის უფლებათა სახლმა, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით, მოამზადა გზამკვლევი საქართველოში პოლიტიკური პატიმრების შესახებ, რომელშიც ევროპის საბჭოსა და „საერთაშორისო ამნისტიის“ ხედვის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკისა და რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშების საფუძველზე ჩამოყალიბებულია პოლიტპატიმრის სტატუსის განმსაზღვრელი კრიტერიუმები. გზამკვლევის ავტორები იმედოვნებენ, რომ პოლიტპატიმრის დეფინიციის დაზუსტებით მინიმუმამდე შემცირდება პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებისა და პოლიტდევნილთა რაოდენობა. ვის შეიძლება ეწოდოს პოლიტპატიმარი საქართველოში და რას შეცვლის „გზამკვლევი პოლიტიკური პატიმრის შესახებ“?

საქართველოს პარლამენტის მიერ 2012 წლის 6 დეკემბერს მიღებული დადგენილების მიხედვით, პოლიტპატიმრის და პოლიტდევნილის სტატუსი მიენიჭა 215 პირს, თუმცა, როგორც ადამიანის უფლებათა დამცავი ადგილობრივი ორგანიზაციები ამტკიცებდნენ, უკანასკნელი წლების განმავლობაში პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას გაცილებით მეტი ადამიანი დაექვემდებარა. პოლიტიკური დევნის მსხვერპლად მიიჩნევს თავს ცოტნე გამსახურდიაც, რომელიც, სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, სულ ახლახან პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდა:

„ევროსაბჭოს კრიტერიუმების მიხედვით, პოლიტპატიმრად განისაზღვრება არა მხოლოდ ის პირი, რომელიც დაკავებული იქნა მხოლოდ პოლიტიკური აქტივობის გამო, არამედ ისიც, ვისაც მიუყენეს შეთითხნილი ბრალდება. მე აუცილებლად გამოვაქვეყნებ ჩემს საქმეს და განახვებთ, როგორ გამისაღეს საპნის კვალი ხელზე დენთის კვალად, ანდა ექვს პოლიციელს როგორ გაახსენდა ექვსი თვის შემდეგ, რომ თურმე მე ვესროლე დავით ბაჯელიძეს, როცა წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში მსგავსი არაფერი ჰქონდათ ნათქვამი. არაფერს ვამბობ ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით შეთითხნილ საქმეზე, რომლის ბრალდებები ამას წინათ მომიხსნა პროკურატურამ, გაიწვია უკან, რადგანაც არანაირი მტკიცებულება, გარდა იმ ჩანაწერებისა, არ არსებობს“.

ცოტნე გამსახურდია
ცოტნე გამსახურდია
ცოტნე გამსახურდია იმედოვნებს, რომ იუსტიციის სამინისტროს ან პარლამენტის ფარგლებში შექმნილი მექანიზმებით ამ საქმეების გადახედვას შეძლებს, ხოლო პოლიტპატიმრის სტატუსის ლეგალიზება, რის მცდელობასაც წარმოადგენს გზამკვლევის შექმნა, გარკვეულ დახმარებას გაუწევს. ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ქეთი ხუციშვილის თქმით, პოლიტპატიმრის კრიტერიუმების ჩამოყალიბებისას ქართველი უფლებადამცავები დიდწილად საერთაშორისო გამოცდილებას დაეყრდნენ.

„2012 წელს ევროპის საბჭომ მიიღო რეზოლუცია, სადაც პოლიტპატიმრის საბოლოო დეფინიცია შეიმუშავა. ეს გზამკვლევი ეყრდნობა, რა თქმა უნდა, ევროპის საბჭოსა და „საერთაშორისო ამნისტიის“ დოკუმენტებს და დამატებით რეკომენდაციებსაც სთავაზობს საქართველოს, რათა სამართლებრივადაც მოხდეს პოლიტპატიმრის დეფინიციის ჩამოყალიბება და მიღება“, უთხრა ქეთი ხუციშვილმა რადიო თავისუფლებას.

ადამიანის უფლებათა სახლის მიერ შედგენილი გზამკვლევის მიხედვით, პოლიტიკურ პატიმრად შესაძლოა მიჩნეული იყოს პირი, რომელიც დააკავეს, დააპატიმრეს ან თავისუფლება აღუკვეთეს საქართველოს კონსტიტუციით ან ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ისეთი ფუნდამენტური უფლებების დარღვევით, როგორიცაა აღმსარებლობის, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებები; დააკავეს, დააპატიმრეს ან თავისუფლება აღუკვეთეს მხოლოდ პოლიტიკური მიზეზით და არა რაიმე დანაშაულის ჩადენის გამო. ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლის ალეკო ცქიტიშვილის თქმით, ასევე პოლიტპატიმრებად ჩაითვლებიან ის პირები, რომლებსაც თავისუფლება აღუკვეთეს ნათესავის ან ახლობლის პოლიტიკური აქტიურობის გამო, სამართალდამრღვევად ან დამნაშავედ ცნეს პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე და რომლის დაკავების ან თავისუფლების აღკვეთის ვადა ან მისი პირობები მკვეთრად არაპროპორციულია ჩადენილ დანაშაულთან; დააკავეს, დააპატიმრეს ან თავისუფლება აღუკვეთეს აშკარად არასამართლიანი სამართალწარმოების შედეგად და ეს, სავარაუდოდ, უკავშირდება ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივებს. და კიდევ:

„გვაქვს ასეთი კრიტერიუმი, როცა, პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, ადამიანი იმყოფება სხვა დაკავებულ, დაპატიმრებულ ან თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან შედარებით დისკრიმინაციულ პირობებში და დამძიმებულია მისი საპატიმრო მდგომარეობა სრულიად უსაფუძვლოდ“.

ქეთი ხუციშვილი (მარჯვნივ) და ალეკო ცქიტიშვილი
ქეთი ხუციშვილი (მარჯვნივ) და ალეკო ცქიტიშვილი
ალეკო ცქიტიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციების სხვა წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პოლიტპატიმრის დეფინიციაზე შეთანხმება, არამედ მისი ოფიციალურად გაფორმება, რასაც, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველის“ თავმჯდომარის ირინა ფუტკარაძის თქმით, მასშტაბური ადვოკატირების კამპანია დასჭირდება:

„ეს უნდა აღიარონ არა მარტო არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ადამიანის უფლებათა დამცველებმა, არამედ ხელისუფლებამაც, რათა ადვოკატებმა და უფლებადამცავებმა ოფიციალურად, სამართლებრივად იხელმძღვანელონ ამ კრიტერიუმებით და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სასამართლოსთვისაც იყოს გასათვალისწინებელი“.

მეტი ეფექტიანობისათვის, პოლიტიკური პატიმრის სტატუსის ფორმალიზების შემდეგ საჭიროა პრევენციისა თუ შეკავების ერთგვარი მექანიზმის შექმნა, - ასე ფიქრობს პოლიტოლოგი გოგი ხუციშვილი, რომლის თქმითაც, ამაზე უნდა იფიქროს როგორც სამოქალაქო საზოგადოებამ, ასევე ხელისუფლებამ:

„რა პრევენციული მექანიზმები შეიძლება იყოს შექმნილი იმისათვის, რომ რაღაც ეტაპზე (იქნება ეს გამოძიების თუ ჩვენებების შეგროვების ეტაპი), მოხდეს ვითარებაში გარკვევა ისე, რომ საქმე არ მივიდეს სასამართლომდე და უკვე იყოს ამტყდარი განგაში, რომ ამ საქმეში პოლიტიკური მოტივი მონაწილეობს“.

გზამკვლევის ავტორთა განმარტებით, მასში ჩამოყალიბებული კრიტერიუმები უნივერსალურია და ის მიესადაგება როგორც წინა ხელისუფლების პერიოდს, ასევე მოქმედ პრაქტიკასაც.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG