Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემია ლიტერატურათმცოდნეებისათვის


„კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის“ მიერ დაფუძნებული პრემიები ლიტერატურათმცოდნეობის დარგში მოღვაწე ავტორებისათვის წელს უკვე მესამედ გაიცა. გრიგოლ კიკნაძისა და გივი გაჩეჩილაძის სახელობის პრემიები - ნომინაციებში: „საუკეთესო სამეცნიერო სტატია“, „საუკეთესო მონოგრაფია“, „საუკეთესო სამეცნიერო თარგმანი“ და საპატიო პრემია „ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში გაწეული ღვაწლისათვის“ - ავტორებს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გადაეცემათ. თუ პრემიის დაარსების პირველ წელს, ნომინანტების სიმცირის გამო, მხოლოდ ერთი გამარჯვებული გამოვლინდა, წელს საკონკურსო ნაშრომები დაგროვდა და ჟიურიმ მათგან საუკეთესოები შეარჩია.

„რა არის ლიტერატურა? რატომ გაჩნდა და რა ფუნქცია აქვს მას ადამიანის, საზოგადოების ცხოვრებაში? როგორ ხდება, რომ სიტყვაკაზმული მწერლობა დღემდე არსებობს, სხვადასხვა ჟანრის, სხვადასხვა ფორმის სახით? რატომ მიუწევს ადამიანს გული ამგვარი ტექსტებისაკენ? ეს ყველაფერი ძალიან ღრმა პროცესებს, საიდუმლოებებს უკავშირდება, რომლებზეც საუკუნეების განმავლობაში ფიქრობდნენ არა მხოლოდ ლიტერატურათმცოდნეები, არამედ ფილოსოფოსებიც“, - ამბობს მთარგმნელი და კრიტიკოსი ლევან ბრეგაძე, რომელიც ლიტერატურათმცოდნეობის არსზე გველაპარაკება. ამ საკითხზე ლაპარაკი კი „კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის“ მიერ დაარსებულ პრემიაზე საუბარს მოვაყოლეთ, პრემიაზე, რომელიც 2010 წლიდან სწორედ ამ დარგის წარმომადგენლებისათვის გაიცემა.

ნომინაციაში „საუკეთესო სამეცნიერო სტატია“ გრიგოლ კიკნაძის პრემია გადაეცა ზაზა აბზიანიძეს ლიტერატურული პორტრეტისათვის „უცნობი ყაზბეგი“. საუკეთესო სამეცნიერო მონოგრაფიისათვის პრემია გაიყვეს მანანა კვაჭანტირაძემ, წიგნისათვის „ვექტორები“, და თამარ ლომიძემ, წიგნისათვის „ქართული რომანტიზმის პოეტიკა“...
გაგა ლომიძე

ასოციაცია, როგორც მისი ამჟამინდელი პრეზიდენტი გაგა ლომიძე გვიამბობს, 2008 წელს ჩამოყალიბდა და ის ამავე სახელწოდების საერთაშორისო ასოციაციის წევრია. დაარსების დღიდან სხვადასხვა საინტერესო პროექტი განახორციელა, მათ შორის იყო „ვეფხისტყაოსნის“ ქართულ-უკრაინული გამოცემა, სლოვენიელებთან ერთად გამოცემული ქართული პროზის კრებული, ვებსაიტი www.translationlab.ge, რომელიც ქართველი მწერლების ერთგვარ მონაცემთა ბაზას წარმოადგენს, და 2010 წელს დაარსებული პრემიაც ლიტერატურათმცოდნეობის სფეროში, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა. ასოციაცია პროფესორ გრიგოლ კიკნაძისა და ამავე დარგში შესრულებული საუკეთესო სამეცნიერო თარგმანისათვის პროფესორ გივი გაჩეჩილაძის სახელობის სამეცნიერო პრემიებს საქართველოს უნივერსიტეტებში, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და სხვა დაწესებულებებში მომუშავე მეცნიერებს ანიჭებს.

გრიგოლ კიკნაძის სახელობის პრემია 2010 წელს საუკეთესო სამეცნიერო მონოგრაფიისათვის თეიმურაზ დოიაშვილმა მიიღო. 2013 წელს საუკეთესო მონოგრაფიის ნომინაციაში გამარჯვება მოიპოვა ირმა რატიანმა. ამავე წელს პრემიას დაემატა კიდევ ერთი ნომინაცია, - საუკეთესო სამეცნიერო სტატიისათვის, - რომელშიც მაია ჯალიაშვილმა გაიმარჯვა.

უცხო ენიდან ქართულად შესრულებული საუკეთესო სამეცნიერო თარგმანის ნომინაციაში პრემია გადაეცა ლევან ბრეგაძეს, ხოლო ქართულიდან უცხო ენაზე შესრულებული საუკეთესო სამეცნიერო თარგმანისათვის - ირინე მოდებაძესა და ბულგარელ მეცნიერს იორდან ლუცკანოვს. გივი გაჩეჩილაძის სახელობის საპატიო პრემია „სამეცნიერო თარგმანის დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“ ბაჩანა ბრეგვაძემ მიიღო.

გაგა ლომიძე გვეუბნება, რომ ნაშრომებს 7 ადამიანისგან შემდგარი ანონიმური ჟიური აფასებს, ჟიურის წევრთა ვინაობა ბოლომდე გასაიდუმლოებულია. რაც შეეხება წლევანდელ პრემიებს:

„ნომინაციაში „საუკეთესო სამეცნიერო სტატია“ გრიგოლ კიკნაძის პრემია გადაეცა ზაზა აბზიანიძეს ლიტერატურული პორტრეტისათვის „უცნობი ყაზბეგი“. საუკეთესო სამეცნიერო მონოგრაფიისათვის პრემია გაიყვეს მანანა კვაჭანტირაძემ, წიგნისათვის „ვექტორები“, და თამარ ლომიძემ, წიგნისათვის „ქართული რომანტიზმის პოეტიკა“. გივი გაჩეჩილაძის პრემია ნომინაციაში საუკეთესო სამეცნიერო თარგმანი უცხო ენიდან ქართულად გადაეცა ნინო გაგოშაშვილს, როლან ბარტის მონოგრაფიის „S/Z-ის“ თარგმანისათვის.“

გაგა ლომიძე
გაგა ლომიძე

გრიგოლ კიკნაძის პრემია ქართულ ლიტერატურათმცოდნე-ობისათვის გაწეული ღვაწლისთვის კი ემზარ კვიტაიშვილს გადაეცა. გაგა ლომიძე მიიჩნევს, რომ საბჭოთა პერიოდის დროინდელი ცენზურის შემდეგ დღეს ლიტერატურათმცოდნეობაშიც ბევრ რამეს სჭირდება ხელახალი გააზრება. 60-70-იანი წლების შემდეგ ლიტერატურათმცოდნეობაში ახალი სახელმძღვანელოც კი არ დასტამბულა. დღეს უკვე ლიტერატურის ინსტიტუტისა და ასოციაციის მიერ ერთობლივად მომზადებული კრებული არსებობს. კეთდება ქრესტომათია, რომელიც მე-20 და 21-ე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი თეორიული სკოლების წარმომადგენლების თარგმანებს აერთიანებს:

„ეს არა მხოლოდ ლიტერატორებისთვის ან მწერლებისთვისაა, არამედ ყველასთვის - მათ შორის, თეატრისა თუ კინოს რეჟისორებისათვის, მსახიობებისთვის. წარმოუდგენელია, რომ დღეს ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს როლან ბარტი არ ჰქონდეთ წაკითხული. ამ ხარვეზების შევსებას ვცდილობთ, როცა ასეთ კრებულებს გამოვცემთ, თუმცა, ამის პარალელურად, ცხადია, ჩვენ გვყავს გრიგოლ კიკნაძე, რომლის ნაშრომებიც დღესაც აქტუალურია თავისი ხედვის მასშტაბით, თუნდაც ვახტანგ კოტეტიშვილი და სხვები“.

პრემიის დაარსება სწორედ ლიტერატურათმცოდნეობის სფეროში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიაჩნია ლიტერატურის კრიტიკოსს, მთარგმნელს, ლევან ბრეგაძეს. „კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის“ მიერ დაწესებული გივი გაჩეჩილაძის სახელობის პრემია უცხო ენიდან ქართულად შესრულებული საუკეთესო სამეცნიერო თარგმანის ნომინაციაში 2013 წელს სწორედ ლევან ბრეგაძეს გადაეცა. ძალიან გვაკლდა მსგავსი ყურადღებაო, უთხრა მან რადიო თავისუფლებას. მით უმეტეს, რომ, მისი შეფასებით, დღეს ქართული ლიტერატურათმცოდნეობა არაფრით ჩამორჩება მსოფლიოში ამავე სფეროში მიმდინარე პროცესებს. ამას ყოველწლიურად ჩატარებული საერთაშორისო სიმპოზიუმებიც ადასტურებს, სადაც ქართველი მეცნიერებიც მონაწილეობენ ხოლმე, მოგვიანებით კი ნაშრომები კრებულადაც გამოიცემა.

„კემბრიჯში გამოიცა ჩვენი ერთი კრებული. სიმპოზიუმის მასალების ინგლისური თარგმანებია. ეს იყო 2011 წელს და ერთიც წელს გამოვა“.

ლევან ბრეგაძე
ლევან ბრეგაძე

ლევან ბრეგაძე იხსენებს, რომ კონკურსი პირველად გამოცხადდა, პრემიაზე წარდგენილი ნაწარმოებების რიცხვი იყო ძალიან ცოტა, თუმცა მას შემდეგ სურათი შეიცვალა:

„სულ თავიდან, პირველ წელს, ერთადერთი პრემია გაიცა ლიტერატურულ სტატიაში, რომელიც თემურ დოიაშვილს ეკუთვნოდა, მას შემდეგ კი უკვე კონკურსია. რამდენიმე წიგნია ხოლმე წარმოდგენილი და იქიდან ირჩევს ჟიური, რომელიც ბოლომდე საიდუმლოდ რჩება და დღესაც არ ვიცით, ვინ მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება“.

თავად ლევან ბრეგაძე ძალიან ამაყობს, რომ ორი წლის წინ პირველად სწორედ ის გახდა გივი გაჩეჩილაძის პრემიის ლაურეატი პოლონური წარმოშობის ფილოსოფოსის რომან ინგარდენის ლიტმცოდნეობითი ნაშრომის თარგმანისათვის გერმანული ენიდან. ამ თარგმანის წაკითხვა დაინტერესებულ ადამიანებს ლიტერატურის ინტიტუტის მიერ გამოცემული ლიტერატურის თეორიის ქრესტომათიის მესამე ტომში შეუძლიათ.

წლევანდელი ლაურეატის, ზაზა აბზიანიძის, ესე - ლიტერატურული პორტრეტი „უცნობი ყაზბეგი“ - ერთი წლის წინ გამოქვეყნდა ჟურნალ „ახალ საუნჯეში“, შემდეგ კი ყაზბეგის იუბილესადმი მიძღვნილ კრებულშიც შევიდა. ეს წიგნი ახლა ზაზა აბზიანიძის წიგნის თაროზე დევს. როცა ხასიათზე არ ვარ, ავხედავ ხოლმე და ხასიათი გამომიკეთდებაო, გვეუბნება. ყაზბეგის ლიტერატურული პორტრეტის დაწერა ერთი წლის წინ ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა ირმა რატიანმა სთხოვა. ცხრა თვე დასჭირდა წერის დასაწყებად, თუმცა ბოლოს, სახლიდან გაუსვლელად, ერთ თვეში დაწერა და, როგორც თავად ზაზა აბზიანიძე ამბობს, თვისებრივად ახალი ტიპის ლიტერატურული პორტრეტი გამოვიდა, რაც მალევე დაადასტურა ანონიმურმა ჟიურიმ, რომელმაც გრიგოლ კიკნაძის პრემია წელს სწორედ ზაზა აბზიანიძეს მიაკუთვნა. ყაზბეგზე, როგორც მწერალსა და როგორც პიროვნებაზე, მას დიდხანს და საინტერესოდ შეუძლია ილაპარაკოს. კითხვაზე, როგორ ყაზბეგს დავინახავთ ამ ლიტერატურული პორტრეტიდან, ზაზა აბზიანიძემ ასე გვიპასუხა:

ზაზა აბზიანიძე
ზაზა აბზიანიძე

„მე მგონია, რომ „უცნობ ყაზბეგში“ არის ისეთი ყაზბეგი, როგორიც იყო სინამდვილეში. მოგვწონს მისი ბიოგრაფია თუ არა, რაღაც არის მის ბიოგრაფიაში შოკისმომგვრელი თუ არა, მაგრამ ასე იყო სინამდვილეში. სწორედ ამ ბიოგრაფიამ შობა ის არაჩვეულებრივი პროზა, რაც ალექსანდრე ყაზბეგმა დაგვიტოვა“.

ვერსად მე-19 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში ვერ ნახავთ ისე მწარედ და რეალისტურად შეფასებულ სურათს რუსული აგრესიისას და რუსული ჩექმით გაჭყლეტილი კავკასიური თავმოყვარეობისას, როგორც ეს ყაზბეგის ნაწარმოებებშია აღწერილიო, ამბობს ზაზა აბზიანიძე. თუმცა მაშინ, საბჭოთა პერიოდში, ყაზბეგს სკოლებში ასე არ ასწავლიდნენ. მაშინ სხვა აქცენტები იყო მნიშვნელოვანი. „უცნობი ყაზბეგი“ კი ამ ავტორის სულ სხვა სახით ჩვენების მცდელობაა:

„ყაზბეგი იყო დაწყევლილი ბედის მქონე კაცი სიცოცხლეშივე, თავისი ბიოგრაფიით და თავისი მწერლური ბედითაც - ძალიან პარადოქსული პიროვნება, რთული აღსაქმელად. მის ნაწარმოებებსა და ბიოგრაფიულ პორტრეტს შორის ისეთი სხვაობა იყო, რომ ბევრმა ვერც კი იწამა ის, რომ ეს ადამიანი, ეს უცნაური და მათთვის მიუღებელი პიროვნება წერდა იმ შესანიშნავ, პოეტურ და რომანტიკულ რომანებსა და მოთხრობებს“, - ამბობს ზაზა აბზიანიძე. თავად პრემიას მისთვის, როგორც ლაურეატისთვის, ავტორის წახალისებაზე უფრო მნიშვნელოვანი მისია აქვს: ამა თუ იმ ახალ ნაშრომზე მკითხველისა და კოლეგების ყურადღების კონცენტრაცია.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG