Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის მოწოდება ”ცეცხლთან თამაშად” აღიქმება


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი
პრეზიდენტის დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებული მოწოდების ფონზე ლოგიკურად გაჩნდა შეკითხვა: ხომ არ არის ეს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ესოდენ მხარდაჭერილი კოაბიტაციის პროცესის ჩაშლის ნიშანი? თუკი ბოლოდროინდელ განცხადებებს გადავხედავთ, ადვილი მისახვედრია, რომ პრეზიდენტისა და ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებისთვის განსაკუთრებით მიუღებელია მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტები. დიდწილად სწორედ ამავე მიზეზის გამო, საპარლამენტო ცხოვრებას ჯერაც არ დაბრუნებია საპარლამენტო უმცირესობა. რამდენად სახიფათო იქნება ქვეყნისთვის, თუკი ძველ და ახალ მმართველ პოლიტიკურ ძალებს შორის თანაცხოვრების პროცესი ჩაიშლება?

დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებული მოწოდება, რომელმაც საკმაოდ უარყოფითი რეზონანსი გამოიწვია, საქართველოს პრეზიდენტმა 20 დეკემბერს, გვიან საღამოს, მედიის რამდენიმე წარმომადგენელთან შეხვედრის დროს გააკეთა:

”მე მინდა მოვუწოდო შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებას შევარდნაძის დროს გაგდებული კორუმპირებული ჩინოვნიკებისას. იგივე პროკურატურას... დააბრუნეს ქრთამისთვის გაგდებული ჩინოვნიკები”.

თუკი კონტექსტს გადავხედავთ, ”უკანონო” ბრძანებაში მიხეილ სააკაშვილი გულისხმობს უმოქმედობასთან დაკავშირებულ ბრძანებას, რასაც პოლიციელები ზემდგომებისგან იღებენ. ასეთ მაგალითად პრეზიდენტს მოჰყავს ქუთაისის 19 დეკემბრის ინციდენტი, როცა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მწვავე აგრესია გამოავლინეს პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმცირესობის მისამართით. მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საპირისპიროს ამტკიცებს, პრეზიდენტი ამბობს, რომ უწყებას გაცემული ჰქონდა დავალება პოლიციელებს არ ემოქმედათ და ისინი არ ჩარეულიყვნენ წესრიგის დამყარების პროცესში.
როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს უკანონო ბრძანებების არშესრულებისკენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, ეს ყველაფერი ძალიან ღრმა კრიზისზე მეტყველებს ...
დავით უსუფაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ ადრესატი არ იყო, პრეზიდენტის დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებულ მოწოდებას 21 დეკემბერს თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი შეშფოთებულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით.
”საქართველოს შეიარაღებული ძალები არის და იქნება ქვეყნის და არა რომელიმე პარტიის სამსახურში და დაუშვებლად მიიჩნევს პოლიტიკოსების მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთებას”, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დაუმორჩილებლობისკენ მოწოდებას საკმაოდ უსიამოვნო მოვლენების მანიშნებლად მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. 21 დეკემბერს, პარლამენტის სხდომაზე, მან მოუწოდა უმცირესობის წარმომადგენლებს დაუბრუნდნენ საპარლამენტო ცხოვრებას. პარლამენტის თავმჯდომარე ოპონენტებს წინდახედულებას ურჩევს და საერთო სახელმწიფოებრივ ინტერესებსაც შეახსენებს:

”როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს უკანონო ბრძანებების არშესრულებისკენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, ეს ყველაფერი ძალიან ღრმა კრიზისზე მეტყველებს. მე მინდა მივმართო მასაც, მის პოლიტიკურ გუნდსაც, გაიაზრონ ის რეალობა, რაც ქვეყანაშია და სათანადოდ დაგეგმონ თავიანთი პოლიტიკური ნაბიჯები თუ განცხადებები. ეს არის ცეცხლთან თამაში, რომელიც არანაირად არ წაადგება ჩვენს სახელმწიფოს და საერთო ინტერესებს, ჩვენი ხალხის ინტერესებს”.

როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდა, პრეზიდენტ სააკაშვილს არ უთქვამს, რომ თანაცხოვრების, ანუ კოაბიტაციის, მცდელობა დასრულებულია, მაგრამ ამ და ბოლო პერიოდში ოპონენტების შესახებ გაკეთებული სხვა არაერთი უარყოფითი შინაარსის განცხადების ფონზე, ბევრს გაუჩნდა მოლოდინი, რომ კოაბიტაციის პროცესი შესაძლოა ჩაიშალოს.
როგორ შეიძლება ლაპარაკი კოაბიტაციაზე და, ამავე დროს, დაუმორჩილებლობისკენ მოწოდებაზე?! როგორ შეიძლება თქვა, რომ საქართველოში არჩევნების შედეგად მოვიდა ის ძალა, რომელიც ანგრევს ქვეყანას ...
გიორგი ხუციშვილი

ამ განცხადებების ფონზე ანალიტიკოსებისთვისაც ადვილი მისახვედრია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძირითადად ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტები აღაშფოთებს. ნაწილი იმასაც მიიჩნევს, რომ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება, თუკი არ გათავისუფლდება წინა ხელისუფლების ყოფილი მინისტრი, ამჟამად „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გვარამია, რომელსაც, დაცვის მხარის ინფორმაციით, 21 დეკემბერს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით წაუყენეს. ესენია: 194-ე მუხლი (ფულის გათეთრება), 210-ე მუხლი (ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება), 338-ე მუხლი (ქრთამის აღება) და 362-ე მუხლი (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება). ოპონენტებისთვის მიუღებელია პროკურატურის განმარტება, რომ გვარამიას დანაშაულებრივი ქმედება „რუსთავი 2“-ის მუშაობას არ უკავშირდება. აქვე ვთქვათ, რომ, სხვა პირებთან ერთად, 21 დეკემბერს ბრალი ასევე წაუყენეს ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილ მინისტრს, ალექსანდრე ხეთაგურს. ადვოკატის ინფორმაციით, ხეთაგურს ბრალი 194-ე და 338-ე მუხლებით წაუყენეს.

ყოფილ ხელისუფლებას ყველაზე მეტად სწორედ თანაგუნდელების დაკავება რომ აღაშფოთებს, ცხადია კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელის გიორგი ხუციშვილისთვისაც. მართალია, ის ხელისუფლებას ამ პროცესში მეტ გამჭვირვალობასა და სიზუსტეს ურჩევს, მაგრამ კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს სამართლიანობის აღდგენის პროცესის შეჩერებას, ოპონენტების მხრიდან გამოხატული უკმაყოფილების გამო. გიორგი ხუციშვილის შეფასებით, ყოფილი მმართველი ძალა თავის ამპლუაშია და ხელისუფლების ოპონირების რეჟიმშიც ძველებურად ცდილობს სიტუაციის ჩიხში შეყვანის დროსაც კი შეინარჩუნოს კონსტრუქციულობის იმიჯი. კონფლიქტოლოგი დარწმუნებულია, რომ ამჯერად „ნაციონალური მოძრაობა“ სახიფათო ნაბიჯს დგამს - კოაბიტაციის პროცესის ჩიხში შეყვანას ცდილობს და ამაზე არაერთი ქმედება მეტყველებს:

”როგორ შეიძლება ლაპარაკი კოაბიტაციაზე და, ამავე დროს, დაუმორჩილებლობისკენ მოწოდებაზე?! როგორ შეიძლება თქვა, რომ საქართველოში არჩევნების შედეგად მოვიდა ის ძალა, რომელიც ანგრევს ქვეყანას... ანუ გამოდის, რომ ეს არის დესტრუქციული ძალა, ეს არის მტერი და, აბა, რა კოაბიტაციაზე შეიძლება ლაპარაკი ასეთ პირობებში?!”

სიტუაციის დაძაბვის მოსალოდნელობასთან მიმართებით, გიორგი ხუციშვილი პასუხისმგებლობას ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტრუქციულ და აგრესიულ ქმედებებს მიაწერს, მაშინ როცა, განსხვავებული აზრის მიხედვით, თუკი სიტუაცია დაიძაბა, ეს ძირითადად ხელისუფლების ბრალი იქნება. ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილის აზრით, იმისათვის, რომ სიტუაცია უმართავ პროცესებში არ გადაიზარდოს, მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ როგორც აგრესიული რიტორიკისგან, ასევე აგრესიული ქმედებებისგანაც. თუმცა, ანალიტიკოსის აზრით, საჭიროა კოაბიტაციის პროცესის სტრატეგია და ის არა ყოფილმა, არამედ ამჟამინდელმა მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა შეიმუშაოს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG