Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 31 ივლისი


„პანკისელი გამტაცებლის აღსარება“ - ამ სათაურით „ყველა სიახლეში“ ქვეყნდება ინტერვიუ მევლუდ (შოთა) ჭიჭიაშვილთან, რომელმაც, ადამიანის გატაცების ბრალდებით, 10 წლიანი სასჯელი მოიხადა. ჭიჭიაშვილი „ყველა სიახლეს“ ეუბნება: „დიახ, ესპანელი ბიზნესმენები მე გავიტაცე და ამისთვის სასჯელიც მოვიხადე. მაშინ დუმილის უფლებას ვიყენებდი და ვერაფერი მათქმევინეს. მათთვის ზედმეტად ხმა არავის გაუცია. გავიტაცე ასირიელი ხოშაბაევი და ებრაელი ბიზნესმენი მანაშეროვი. თუმცა, ჩემი საქმე რომ ნახოთ, მასში უამრავი ფაქტია მოყვანილი, რაც არ ჩამიდენია - მაგალითად, ბანკის ინკასატორებზე თავდასხმა, ვიღაც ქალის გატაცება. მერე ყველაფერი, თუკი რაიმე მომხდარა, მე მომაწერეს“, - ამავე ინტერვიუში მევლუდ (შოთა) ჭიჭიაშვილი ამბობს: „ჩემთვის სახელი და ღირსება იყო ყველაფერი. რაც შეეხება იმ ინგლისელს, პიტერ შოუს, რომლის გატაცების დაბრალების მცდელობაც იყო, მასზე საერთოდ არაფერი მსმენია - ეს ამბავი რომ მოხდა, უკვე მოსკოვში ვიყავი“, - ჭიჭიაშვილი ინტერვიუში პეტრე ცისკარიშვილისა და მისი შეყვარებულის გატაცებისა და 2001 წლის მუხროვანის ამბოხის დეტალებსაც იხსენებს.

„რეზონანსი“ დღევანდელ ნომერში თავდაცვის სამინისტროში საკადრო საკითხზე წერს სტატიაში, სათაურით „კადრების პრობლემა თუ მახე თავდაცვის მინისტრისთვის?/კულუარებში უკვე დაიწყო საუბარი, რომ ეს ალასანიას წინააღმდეგ დაგეგმილი კამპანიის ნაწილია“. არასამთავრობო ორგანიზაცია „თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ სამოქალაქო საბჭოს გამგეობის წევრ თეონა აქუბარდიას „რეზონანსისთვის“ უთქვამს: „თავდაცვის სამინისტროში კადრების პრობლემა იყო იმ კუთხით, რომ პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა დათხოვნა და მიღება და ეს ძველი ხელისუფლების დროს წლების განმავლობაში გრძელდებოდა. როდესაც საუბარია თავდაცვის უწყებაში არაკვალიფიციური კადრების არსებობაზე, აქ პრობლემა არის ორგვარი: ერთი, შეიარაღებულ ძალებში როდესაც კომისია უკანონოდ დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეებს უკან აბრუნებდა, საუბარი იყო იმაზე, რომ მარტისთვის 4 ათასი განაცხადიდან 1500 დააბრუნეს და ეს დაბრუნება რა კრიტერიუმებით მოხდა, ამაზე წარმოდგენა სამოქალაქო სექტორში არავის არ ჰქონდა“.

„ალიას“ ავტორი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა „სააკაშვილის დაპატიმრება საბოლოოდ მაშინ გადაწყვიტა, როცა სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეოფირები ნახა. როგორც „ალიას“ ინკოგნიტო წყარო უყვება, ამ სიბინძურის ნახვის შემდეგ პრემიერ-მინისტრი ადგილზე ვერ ჩერდებოდა, ძალიან ნერვიულობდა, მასთან ერთად კიდევ ექვსი დაახლოებული პიროვნება იმყოფებოდა. ისინი ცდილობდნენ დაემშვიდებინათ, მაგრამ ამაოდ... ბოლოს ძალიან გაღიზიანებულს წამოუძახია: კაცი არ ვიყო, თუ ამის გამო მიხეილ სააკაშვილი არ „გავჭედო“, თუ ასე არ მოვიქეცი, ქართველი ხალხი სახეში შემაფურთხებსო“.

„ახალ თაობას“ ეუბნება სოციოლოგ-ანალიტიკოსი ვალერიან გორგილაძე: „თუკი სისტემური დანაშაული, რომელსაც აღიარებს „ოცნება“, იურიდიულ ტერმინებში არ იქნება შეფასებული, მაშინ სამართლიანობის აღდგენის პროცესი პრაქტიკულად ვერ განხორციელდება. რატომ არ ახდენს ამის ინიცირებას „ქართული ოცნება“, ეს არის მთავარი საკითხი“.

„24 საათი“ წერს, რომ „გუშინ მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ახალი ინიციატივით გამოვიდა, რომელიც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროდან იურიდიული დახმარების სამსახურის გამოყოფას ითვალისწინებს. როგორც წულუკიანი განმარტავს, იურიდიული სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით ცალკე იფუნქციონირებს. თეა წულუკიანი ამბობს, რომ იურიდიულ სამსახურს ეყოლება სამეთვალყურეო საბჭო 9 წევრის შემადგენლობით და მის დაკომპლექტებაში ადვოკატთა ასოციაცია და სახალხო დამცველი მიიღებენ მონაწილეობას“.

„საქართველოს რესპუბლიკაში“ სამართლის დოქტორ ბიძინა სავანელის წერილი ქვეყნდება, სათაურით - „ვინ არის ერის მტერი?“. ავტორი წერს: „პრინციპული სხვაობა არ არსებობს იმ ქართველსა, რომელიც ერთი უცხო ქვეყნის მსტოვარი იყო და არის და იმ ქართველს შორის, რომელიც მეორე ან მესამე უცხო ქვეყნის მსტოვარი იყო და არის, დამოუკიდებლად იმისა - იგი ხელისუფლებაშია თუ ოპოზიციაში. მსტოვარი მსტოვარია!“.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG