Accessibility links

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები პრეზიდენტთან


პრეზიდენტისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შეხვედრა

ხუთ საათს გაგრძელდა დახურულ კარს მიღმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებისა და საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში. 28 შერჩეული კანდიდატიდან 14 თებერვალს პრეზიდენტს თავისი ხედვა 27-მა კანდიდატმა გააცნო. 28-ე კანდიდატი, ანა დოლიძე, საქართველოში არ იმყოფება. 9 დღე დარჩა საქართველოს პრეზიდენტს იმისათვის, რომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი წარუდგინოს. სწორედ 9 დღის შემდეგ, 23 თებერვალს, ეწურება უფლებამოსილების ვადა მოქმედ თავმჯდომარეს, კონსტანტინე კუბლაშვილს.

მრგვალი მაგიდის გარშემო გამართული შეხვედრა პრეზიდენტმა გახსნა. შვიდწუთიან მისასალმებელ სიტყვაში მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ უზენაესი სასამართლოს კანდიდატის შერჩევის პროცესში ჩაერთო არა მხოლოდ იურიდიული, არამედ ფართო საზოგადოებრივი, პოლიტიკური თუ აკადემიური წრეები. მისი სიტყვებით, ამგვარმა პროცესმა კიდევ უფრო გააღრმავა პრეზიდენტის ინსტიტუტისა და საზოგადოების თანამშრომლობის ფორმატი.

„ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დემოკრატიული პროცესი“, - ამ სიტყვებით გახსნა პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან შეხვედრა.

„ის პროცესი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ და რომლის მონაწილეც თქვენ ხართ, ჩემი აზრით, წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი საზოგადოების ჩართულობისა და დემოკრატიული გაძლიერების თვალსაზრისით. სასამართლო სისტემის მდგრადობა, სტაბილურობა, ნდობა საზოგადოებისა სასამართლო სისტემის მიმართ, რეალურად, სტაბილური პოლიტიკური სისტემის გარანტიაა. ნდობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ არის ის ფუნდამენტი, რომელზეც ვითარდება ჩვენი სახელმწიფოებრიობა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

თუ როგორი ვიქნები ჩემი ყოფილი კოლეგების მიმართ, ეს დამოკიდებულია მათ სამოსამართლეო საქმიანობაზე, ანუ შეძლეს თუ არა მათ პირნათლად მომსახურებოდნენ საზოგადოებას მართლმსაჯულების განხორციელებისას და ენდობა თუ არა მათ საზოგადოება...

შეგახსენებთ: მიუხედავად იმისა, რომ, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს პრეზიდენტი არჩევს და შემდეგ პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს, გიორგი მარგველაშვილმა ჯერ კიდევ იანვრის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ აპირებდა უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე შეერჩია როგორც საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის, ისე არასამთავრობო სექტორის თუ აკადემიური წრეების ჩართულობისა და კონსულტაციების შედეგად.

სწორედ ამ გზით შეირჩა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და ასევე ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი 40-მდე კანდიდატიდან 28 კანდიდატი, რომელთაგან ერთ-ერთს საქართველოს პრეზიდენტი 23 თებერვლამდე პარლამენტს წარუდგენს.

ერთ-ერთი კანდიდატი, რომელმაც 14 თებერვალს პრეზიდენტს თავისი ხედვა გააცნო, ყოფილი მოსამართლე ნინო გვენეტაძეა. ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად რამდენიმე უფლებადამცველმა ორგანიზაციამ დაასახელა. ნინო გვენეტაძე წინა ხელისუფლების დროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო, თუმცა რამდენიმე კოლეგასთან ერთად მან ღიად დაადანაშაულა უზენაესი სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი მოსამართლეებზე ზეწოლაში და სასამართლო სისტემა დატოვა. როგორ აპირებს ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ უფლებამოსილებათა გამოყენებას? ამ კითხვაზე ნინო გვენეტაძეს ასეთი პასუხი აქვს:

„რასაკვირველია, სასამართლო ხელისუფლებაში მიბრუნების შემთხვევაში, როგორც ბრძოლაგამოვლილი და მცოდნე იმისა, თუ რა ფასი აქვს მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის ბრძოლას, ისევ ამ ეგიდით გავაგრძელებ საქმიანობას. მე მაღალი ეთიკური სტანდარტებით შემიძლია ადამიანებთან ურთიერთობა, მაგრამ რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, თუ როგორი ვიქნები ჩემი ყოფილი კოლეგების მიმართ, ეს დამოკიდებულია მათ სამოსამართლეო საქმიანობაზე, ანუ შეძლეს თუ არა მათ პირნათლად მომსახურებოდნენ საზოგადოებას მართლმსაჯულების განხორციელებისას და ენდობა თუ არა მათ საზოგადოება“.

კიდევ ერთი კანდიდატი, რომლის მოსაზრებები და ხედვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე საქართველოს პრეზიდენტმა მოისმინა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან მურუსიძეა. „განვითარდება სასამართლო და ის გახდება დამოუკიდებელი“, - ასე ხედავს ის სასამართლო სისტემის მომავალს იმ შემთხვევაში, თუკი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს მის კანდიდატურას წარუდგენს:

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

„ჩვენი მთავარი პრობლემა არის ის, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ საქართველოში არ გვაქვს ისეთი სასამართლო, როგორიც საფრანგეთში ან დიდ ბრიტანეთშია... საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს ტრადიცია არ ჰქონია. ვფიქრობ, რომ ახლა სასამართლო დგას სწორ გზაზე და აუცილებელია, რომ ეს ტენდენცია გადაიქცეს ტრადიციად და ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში მივიღოთ დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალი, მაგრამ ჩემი მოსაზრებაა ასევე, რომ უნდა შენარჩუნდეს ის მიღწევები, რაც აქამდე იყო, მაგალითად, სასამართლო კორუფციის გარეშე. ამიტომ რა მიღწევებიც გვქონდა, უნდა შევინარჩუნოთ და ასევე უნდა გავაგრძელოთ წინსვლა“.

ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს დასახელდა ის კრიტერიუმები, რომლითაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები შეირჩეოდნენ. ეს კრიტერიუმებია პრინციპულობა, მენეჯერული თვისებები, პროფესიონალიზმი და პარტიული გავლენისგან თავისუფლება. სწორედ ეს უკანასკნელი კრიტერიუმი იქცა ერთგვარ განხეთქილების ვაშლად საპარლამენტო უმრავლესობაში. კრიტერიუმები პრეზიდენტმა არასამთავრობო სექტორსა და უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძესთან კონსულტაციების შედეგად შეაჯერა. დავით საგანელიძეს კი, თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ დეპუტატი და, ამავე დროს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი შემოსწყრა, რომელმაც განაცხადა, რომ დავით საგანელიძე უმრავლესობასთან კოორდინირებულად არ მუშაობდა და კრიტერიუმები ერთობლივად არ შეთანხმებულა. ამ საკითხს გამოეხმაურა 14 თებერვლის შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტი და განაცხადა, რომ კითხვები აღნიშნული თემის გარშემო იმ მომენტიდან უნდა გამქრალიყო, რაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა რეგისტრაცია მოხდა. განმარტებისათვის გეტყვით, რომ კონსტიტუცია არ კრძალავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი. ზაქარია ქუცნაშვილის კანდიდატურა პრეზიდენტს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ შესთავაზა. თუმცა მის გარდა, 28 კანდიდატს შორის კიდევ ერთი პოლიტიკური პარტიის, „თავისუფალი დემოკრატების“, წარმომადგენელი, შალვა შავგულიძე, ირიცხება. ის არის ერთადერთი კანდიდატი, რომელიც პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა.

კანონმდებლობის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი; თუ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას, პრეზიდენტს აღარ აქვს უფლება იგივე კანდიდატი განმეორებით წარადგინოს. ასეთ შემთხვევაში მან პარლამენტს ახალი კანდიდატურა უნდა შესთავაზოს.

XS
SM
MD
LG