Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ყირიმელი თათრები მკაცრად გააფრთხილა


ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

ვლადიმირ პუტინის ვიზიტმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, უკრაინის ხელისუფლების გარდა, ადგილობრივი ყირიმელი თათრებიც ძალიან აღაშფოთა. რუსეთის ლიდერმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები გააფრთხილა, რომ არც კი იფიქრონ სპეციალურ სტატუსზე. პუტინს არც უკრაინის ხელისუფლებაში „უცხო ქვეყნის მოქალაქეების“ ყოფნა დავიწყებია, რასაც კრემლის ლიდერმა „სამარცხვინო პრაქტიკა“ უწოდა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ტურიზმისა და განვითარების წასახალისებლად სამდღიანი ვიზიტით იმყოფება ანექსირებულ ყირიმში, სადაც რეგიონში მცხოვრებ უმცირესობებს, მათ შორის, თათრებს შეხვდა. 17 აგვისტოს სოფელ ოპოზენოვოეში დიდი ამალით მისულმა პუტინმა ყირიმელი თათრების დელეგატებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა „ინტერეთნიკური ურთიერთობის სიფაქიზეს“ და შემდეგ დასძინა, „ერთი რომელიმე ჯგუფისათვის განსაკუთრებული უფლებების მინიჭება უკიდურესად საშიშად მიმაჩნიაო“. ამასთან, ვლადიმირ პუტინის მესიჯი ფარულ მუქარასაც შეიცავდა. კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტმა ივარაუდა, რომ უფლებადამცველ აქტივისტებს რეგიონში უცხო ქვეყნები აფინანსებენ „ვითარების დესტაბილიზაციისათვის“, რასაც, პუტინის განცხადებით, მოსკოვი არ დაუშვებს.

„ყირიმელი თათრების პრობლემას იყენებენ როგორც მხოლოდ ინსტრუმენტს ამ პირადული ამბიციის მისაღწევად“.

ყირიმში მცხოვრებ თათრებს, რომლებიც ანექსირებული ნახევარკუნძულის მოსახლეობის ათ პროცენტზე მეტს შეადგენენ, ვლადიმირ პუტინის ამ სიტყვებმა კიდევ ერთხელ გაახსენა 1944 წლის სტალინური რეპრესიები და დეპორტაცია.საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს, დეპორტირებული ყირიმელი თათრები ყირიმში დაბრუნდნენ და დაიწყეს საკუთარი კულტურის აღორძინება უკრაინის სახელმწიფოს შემადგენლობაში. მათ ჰქონდათ საკუთარი წარმომადგენლობითი ორგანო, მეჯლისი და ტელეკომპანია ART,რომელმაც მაუწყებლობა შეწყვიტა 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და ნახევარკუნძულის რუსეთთან უკანონო მიერთების შემდეგ. მრავალი თათარი აქტივისტი ან მოკლეს, ან უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა, ხოლო თემის ორ გამორჩეულ ლიდერს, მათ შორის, უკრაინის პარლამენტის, „ვერხოვნა რადას“, წევრ მუსტაფა ჯემილიოვს ყირიმში ჩასვლა ეკრძალება.

დღევანდელი სირთულეების მიუხედავად, ვითარება უკრაინაშიც გამოსწორდება, იქაც დაიწყება პოზიტიური განვითარება და შეწყდება ის სამარცხვინო პრაქტიკა, რომელსაც დღეს ვხედავთ...
ვლადიმირ პუტინი

თუმცა რუსეთს, „მათრახის“ გარდა, არსენალში, როგორც ყოველთვის, „თაფლაკვერის“ პოლიტიკაც აქვს. ყირიმელი თათრების გულის მოსაგებად რუსეთმა, სხვა ეთნიკური უმცირესობების მსგავსად, თათრებსაც შესთავაზა რეაბილიტაციის კანონი, რაც მათ ენას ოფიციალურ სტატუსს ანიჭებს. ვლადიმირ პუტინმა ყირიმში შეხვედრის დროს ნახევარკუნძულზე ხანგრძლივი ბინადრობის მქონე თათრებს რუსეთის მოქალაქეობა შესთავაზა, ოღონდ გააფრთხილა, რომ არც კი „იფიქრონ განსაკუთრებულ სტატუსზე“. ამას გარდა, ყირიმში მყოფი პუტინი უკრაინის ხელისუფლების საკადრო პოლიტიკასაც შეეხო და თანამდებობებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაწინაურებას „სამარცხვინო პრაქტიკა“ უწოდა:

„დღევანდელი სირთულეების მიუხედავად, ვითარება უკრაინაშიც გამოსწორდება, იქაც დაიწყება პოზიტიური განვითარება და შეწყდება ის სამარცხვინო პრაქტიკა, რომელსაც დღეს ვხედავთ. კერძოდ, დიდი ევროპული სახელმწიფო საერთაშორისო მართვის ქვეშ არის მოქცეული და ქვეყნის ცენტრალური და რეგიონალური ხელისუფლების წამყვანი თანამდებობები უცხო ქვეყნების მოქალაქეებს უკავიათ. ვფიქრობ, ყველაფერი ეს დამამცირებელია უკრაინელი ხალხისათვის. ამას უკრაინელი ხალხი უეჭველად მისცემს შეფასებას. უკრაინა ფეხზე დადგება, დაიწყებს პოზიტიურ განვითარებას და რუსეთთან ერთად ააშენებს საკუთარ მომავალს“.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ „მთელი ცივილიზებული სამყაროსათვის გამოწვევა“ უწოდა რუსეთის პრეზიდენტის ჩასვლას ყირიმში. „ასეთი მოგზაურობა მოასწავებს შემდგომ მილიტარიზებას უკრაინის ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე და მის კიდევ უფრო მეტ იზოლაციას იწვევს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG